reportiori.ge - დანაკარგები ქართულ პოლიტიკასა და ტელესივრცეში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:51
პრეს-დაიჯესტი
დანაკარგები ქართულ პოლიტიკასა და ტელესივრცეში
ავტორი:
14 იანვარი, 2015. 01:28



„ეს არ არის ღამე - ეს არის შუქი, ეს არ არის არარაობა - ეს გახლავთ მარადისობა, ეს არ არის დასასრული - ეს გახლავთ დასაწყისი. განა ეს სიმართლე არ არის?! ისეთი კუბოები, როგორიც ესაა, საბუთია უკვდავებისა", - ეს სიტყვები ვიქტორ ჰიუგომ ბალზაკის დაკრძალვაზე წარმოთქვა... ძნელია, არ დაეთანხმო. ხშირად შესაძლოა, კონკრეტული პერსონები საზოგადოების არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მათი სახელი კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ. აი, რა კონტექსტში, ეს უკვე თითოეული ჩვენგანის სუბიექტურ აღქმაზეა დამოკიდებული.


მოკლედ, ამ სტატიით მინდა, თვალი გადავავლოთ 2014 წლის ტრაგიკული მოვლენების ქრონიკას... დავიწყოთ, ბოლო შემთხვევით, როდესაც უკრაინაში ქართველი მეომარი, ალექსანდრე გრიგოლაშვილი გარდაიცვალა. 32  წლის ახალგაზრდა სამშობლოში გასულ კვირას ჩამოასვენეს. გრიგოლაშვილი უკრაინაში რამდენიმე თვე იმყოფებოდა, ის აიდარის სადაზვერვო ქვედანაყოფს მეთაურობდა. უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები იყო რიგით მეოთხე ომი, რომელშიც გრიგოლაშვილი მონაწილეობდა. მანამდე ის, თანამებრძოლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა. ალექსანდრე გრიგოლაშვილი ქუთაისში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებოდნენ პოლიტიკოსებიც და უკრაინიდან ჩამოსული მისი მეგობრებიც.


„სულით პატრიოტი იყო და უკრაინელ სამხედროებთან ერთად იბრძოდა. იმ დღეს, როცა შეტაკება მოხდა, ალეკომ სცადა მისი მეგობრის გადარჩენა, თუმცა მტრის ტყვიამ ორივე შეიწირა. ყველა უკრაინელი მეგობარი სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს", - განაცხადა გარდაცვლილი გრიგოლაშვილის ერთ-ერთმა მეგობარმა.


გრიგოლაშვილის კუბოს ერთდროულად გადააფარეს როგორც საქართველოს, ისე უკრაინის სახელმწიფო დროშები. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ის იყო გმირი, რომელიც საერთო მტერს - პუტინის რუსეთს ებრძოდა.


გმირის სტატუსით არა, მაგრამ უკანასკნელ გზაზე დამსახურებული პატივით გააცილეს საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. სახელმწიფოს ყოფილი მეთაური 2014 წლის 7 ივლისს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მკითხველს შევახსენებ, რომ საქართველოში შევარდნაძე 1992 წლის მარტში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი ჩამოგდებისა და ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ დაბრუნდა. დაბრუნებიდან ცოტა ხანში შევარდნაძემ ძალაუფლების ლეგიტიმაცია არჩევნების ჩატარების გზით მოახერხა და ოფიციალურად გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 1995 წელს მან საქართველოს ახალ კონსტიტუციას მოაწერა ხელი და უკვე ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მისი პრეზიდენტობის პერიოდთან  რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება და ქმედებაა დაკავშირებული. მაგალითად, მის სახელს უკავშირებენ როგორც ქვეყნის დსთ-ში შესვლას. ასევე ნატო-ში გაწევრიანების სურვილის ოფიციალურ გაცხადებას; როგორც დემოკრატიზაციისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში კომუნისტური ნომენკლატურის დაბრუნებას; როგორც ძალაფლების ცენტრალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე აჭარაში ასლან აბაშიძის გაძლიერებას; როგორც ახალგაზრდა რეფორმატორებისთვის ხელის შეწყობას, ასევე მათ წინააღმდეგ ბრძოლას.


შევარდნაძის სახელს უკავშირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების საქართველოს ტერიტორიაზე გაყვანა, ასევე 1999 წლის სტამბულის ისტორიული შეთანხმება საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ.


პრეზიდენტ შევარდნაძეს სამჯერ მოუწყვეს ტერაქტი - 1992 წლის 3 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში, 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის იმდროინდელი შენობის (იმელის) ეზოში და 1998 წლის 9 თებერვალს რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე.


2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ თბილისში მასობრივი გამოსვლები დაიწყო, შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა ჯარის გამოყენებაზე უარი თქვა. საქართველოს მეორე პრეზიდენტი 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.


გასულ წელს დანაკლისის გარეშე არც მედიასივრცისთვის ჩაუვლია... 2014 წლის 15 ივლისს თავისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. თუმცა ოჯახი თვითმკვლელობას გმორიცხავს. გარდაცვლილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი დღემდე მიიჩნევს, რომ მისი ძმის მოკვლის მოტივი შეიძლება „რუსთავი 2"-ის საქმეში მისი აქტიურობა ყოფილიყო. მისი თქმით, ეროსი აპირებდა, ბოლომდე ებრძოლა საკუთარი ინტერესებისთვის.

„ვფიქრობ, ამ ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ვინმე დააპირებდა, რომ „რუსთავი 2-ის მფლობელობა მისი სურვილისამებრ დაედგინა, ეროსი ნამდვილად იქნებოდა ამ პროცესის ხელშემშლელი", - აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილის ძმამ.


მეორე ვერსიით კი, კიწმარიშვილის გარდაცვალება ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, რასაც ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნებში მარცხიც დაემატა. ითქვა, რომ ყოველივე ამის გამო, კიწმარიშვილი დეპრესიაში იმყოფებოდა და შესაძლოა, თვითმკვლელობის გადაწყვეტილებაც ამით აიხსნებოდეს.


ასეა თუ ისე, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და პროკურატურას პასუხი არ გაუცია მთავარი კითხვისთვის - მოკლეს თუ თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა.


გასულ წელს გარდაიცვალა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი - გოგი გეგეშიძე. ბიზნესმენი 51 წლის ასაკში გულის შეტევით 3 მარტს დაიღუპა. გოგი გეგეშიძე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი 2009-2012 წლებში იყო. „რუსთავი 2"-ში გეგეშიძე 9 %-იან წილს ფლობდა, რომელსაც ამჟამად მისი მეუღლე განკარგავს.


2014 წელს ლონდონში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი ნახეს ცნობილი ქართველი რეფორმატორი კახა ბენდუქიძე. ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან გულის ოპერაცია გაიკეთა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც სწორედ გულის უკმარისობა გახდა.


კახა ბენდუქიძე საქართველოს მთავრობაში პირველად 2004 წელს გამოჩნდა, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრემიერ-მინისტრ ჟვანიას მოწვევით საქართველოში დაბრუნდა და ეკონომიკურ რეფორმებს ჩაუდგა სათავეში.


ამ პერიოდში საქართველოში ერთდროულად 70-მდე რეფორმა გატარდა. დროის ასე მცირე მონაკვეთში ერთდროულად ამდენი გარდაქმნა, არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მომხდარა. სწორედ ამიტომ მსოფლიო ბანკმა საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად აღიარა.


ამავე წელს ავსტრიის დედაქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი რეზო ადამია. მას სიმსივნის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს და მკურნალობის კურსს ვენაში გადიოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც უცხოელმა სპეციალისტებმა შეძლეს უკურნებელი სენის დამარცხება.


მკითხველს შევახსენებ, რომ ადამია 1995-2002 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. რამდენიმე წლის განმავლობაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტის თავმდომარის პოსტი ეკავა. 2001 წელს ის „მოქალაქეთა კავშირის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო 2002 წლის 21 ივნისს გაეროში საქართველოს ელჩად დაინიშნა.


2014 წელს დანაკარგის გარეშე არც სპორტის, კულტურისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩაუვლია.


ამ წლის 25 ივლისს ლეგენდარული ქართველი ველომოგზაური და მსოფლიო რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა 75 წლის ასაკში გარდაიცვალა... ჯუმბერ ლეჟავა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბუნების დაცვის ელჩი იყო, 2009 წელს მსოფლიოს წლის ადამიანად დაასახელეს, იყო თბილისისა და რუსთავის საპატიო მოქალაქე, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, ასევე, ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო ნიკოლაძის მედლებით.


მას 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით 23 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „სპორტის რაინდის" წოდება მიანიჭა.


ჯუმბერ ლეჟავამ 1993 წლიდან 2002 წლის ჩათვლით მსოფლიოს შვიდივე კონტინენტის 240 ქვეყანაში ველოსიპედით იმოგზაურა და გახდა პირველი, ვინც ეს მოახერხა - 3333 დღის განმავლობაში უწყვეტად გაიარა 285 ათასი კილომეტრი.  გარდა ამისა, მას არაერთი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებლი იატაკიდან მკლავებზე აზიდვაში.


2014 წლის დასაწყისში უკანასკნელ გზაზე გააცილეს ცნობილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძეც. ის 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2006 წლიდან ჯუმბერ ლომინაძეს გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტრს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი - საქართველოს კოსმოსურ სააგენტოს. 1997-2003 წლებში ჯუმბერ ლომინაძეს საქტართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.


თეატრალურ სამყაროს გამოაკლდნენ ცნობილი მსახიობები - ლიანა ასათიანი და გურამ ფირცხალავა. ასევე რეჟისორი ლილი იოსელიანი, პირველი ქართველი პროფესიონალი ქალი რეჟისორი...




მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016