reportiori.ge - საქართველოს ტრანსფორმაცია – ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:01
ინტერვიუ
საქართველოს ტრანსფორმაცია – ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან
ავტორი:
14 იანვარი, 2015. 15:49

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ LEADERS Magazine-სთან: 

 

 

- რამდენად მტკიცეა თქვენი გადაწყვეტილება, გარდაქმნათ საქართველო დემოკრატიულ დასავლურ სახელმწიფოდ? გთხოვთ, დაასახელოთ ძირითადი ინიციატივები ამ მხრივ.

 

 

- მე გავიზარდე საბჭოთა კავშირის პირქუშ ეპოქაში და კარგად მახსოვს ეს ურთულესი პერიოდი.

 

 

შემდეგ გავემგზავრე ევროპაში, რათა პარიზში გამეგრძელებინა განათლების მიღება პოლიტოლოგიის სფეროში, რადგანაც პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სასიკეთო ცვლილებებში წვლილის შეტანა შემეძლო. დიდი პატივია, როცა შენს ქვეყანას ემსახურები და ხალხისა და სახელმწიფოსთვის სიკეთე მოგაქვს.

 

 

პარიზში სწავლის პერიოდში უფრო ახლოს გავეცანი ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს.

 

 

დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა მართლაც ევროპულ სახელმწიფოდ ვაქციოთ. ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანამ  ტრანსფორმაციის რთული პერიოდი გამოიარა. ჩვენ გადავიტანეთ სამოქალაქო ომი და 2008 წლის ომი რუსეთთან. საქართველო დღესაც ებრძვის ბოლო ათი წლის განმავლობაში მომხდარი ადამიანის უფლებების დარღვევების შედეგებს.

 

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ გადამწყვეტი ზომები, რათა გაგვერღვია ელიტარული კორუფციის, დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულებისათვის სასარგებლო ეკონომიკის მოჯადოებული წრე. ჩვენ დავამკვიდრეთ ნამდვილი დემოკრატია, რომლის  პირობებშიც  მმართველობა  არის  უფრო  ღია,  ანგარიშვალდებული  და  განუხრელად  იცავს  კანონის  უზენაესობას.

 

 

ჩვენ უზუნველვყავით ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთობის ის ფორმა, რომელშიც დაფასებულია შრომა და მეწარმეობა. ჩვენ ასევე ვეხმარებით მოსახლეობის გაჭირვებულ ფენებს.

 

 

ჩვენს ხალხს სურს რეალური დემოკრატია და განვითარება. ასე რომ, დადგა ჩვენი ქვეყნის ევროპულ სახელმწიფოდ ტრანსფორმაციის დრო.

 

 

- ხალხი მზად არის ასეთი ცვლილებებისთვის? რა კრიტერიუმებით აფასებთ ამ ცვლილებების გავლენას, მათ შედეგებს?

 

 

- ხალხი ცვლილებებს ითხოვს. ისინი მზად იყვნენ, დემოკრატიული გზით შეეცვალათ ხელისუფლება. დღეს საქართველო მომწიფებული დემოკრატიის ქვეყანაა და ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც იყო თუნდაც ორი წლის წინ.

 

 

მე არ ვამბობ, რომ უკვე მივაღწიეთ დემოკრატიის სასურველ დონეს. დასახული მიზნების მისაღწევად წინ დაუღალავი და მუდმივი შრომა გველის, მაგრამ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვიცით, რისი მიღწევაც გვსურს.

 

 

- რას იტყვით საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ?

 

 

- ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები დემოკრატიული ინსტიტუტების განსამტკიცებლად. ჩვენ გვინდა ნამდვილი დემოკრატიის დამყარება და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის -  ამას ჩვენ საქმით ვადასტურებთ.

 

 

ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რითაც დავამკვიდრეთ ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები. პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში, ხოლო პარლამენტი დღეს მართლაც კანონმდებელია.

 

 

დღეს სასამართლო სისტემა აბსოლუტურად დამოუკიდებელია ხელისუფლების მხრიდან ჩარევისაგან. დემოკრატიის დამყარება შეუძლებელია რეალურად დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის გარეშე.  ჩვენ ვერ მოვიზიდავთ ინვესტორებს, თუ არ გვექნება მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო.

 

 

ჩვენვახორციელებთ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმას. გარდა ამისა, მივიღეთ უმნიშვნელოვანესი ანტიდისკრიმინაციული კანონი, გავატარეთ პოლიციის რეფორმა, რადგანაც წინა წლებში პოლიცია უაღრესად პოლიტიზებული იყო.

 

 

ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად. ჩვენ ვახორციელებთ მძლავრ ინვესტიციებს  სოფლის მეურნეობაში, რომელიც  ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მამოძრავებელი ძალა გახდება.

 

 

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატება, რომელსაც დღეისათვის ჩვენ მივაღწიეთ, ეს არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. ეს ხელშეკრულება მართლაც დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს ქართველ ხალხს.

 

 

- არის თუ არა ქვეყანაში მნიშვნელოვანი შესაძლებლობები იმისათვის, რომ უცხოური ინვესტიციები განხორციელდეს? ნათელია თუ არა მსოფლიოსთვის,  რას  სთავაზობს  მას  საქართველო?

 

 

- საქართველოს აქვს უნიკალური სტრატეგიული მდებარეობა და ჩემი სურვილია, მან დაიბრუნოს ის ისტორიული როლი, რომელსაც ეს დერეფანი ასრულებდა წარსულში. ჩვენ განვიხილავთ ახალი აბრეშუმის გზის შექმნის შესაძლებლობას. ჩინეთის პრეზიდენტმა საჯაროდ გამოთქვა დაინტერესება ამ კონცეფციით. საქართველოს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ევროპისა და აზიის დაკავშირების საქმეში. საქართველოს, როგორც ამ რეგიონებს შორის ვაჭრობის ხელშემწყობის, როლი უაღრესად მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში.

 

 

რაც შეეხება ბიზნესშესაძლებლობებს, სოფლის მეურნეობის სექტორი, ჩვენს ქვეყანაში არსებული უდიდესი რესურსის წყალობით, არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და მიმზიდველი დარგი საქართველოში.

 

 

ჰიდროელექტროენერგეტიკა არის კიდევ ერთი სექტორი, რომელიც ძალიან პერსპექტიულია. საქართველო იყენებს თავისი ჰიდროენერგორესურსების მხოლოდ 18-20 პროცენტს. ჩვენს ქვეყანაში არის 26 ათასი მდინარე. ასე რომ, არსებობს განახლებადი ენერგიის წარმოების უზარმაზარი პოტენციალი არა მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისათვის, არამედ თურქეთში მისი ექსპორტისთვისაც.  ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ამჟამად მშენებარე მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს. ეს კი მოგვცემს ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალებას თურქეთში და შემდეგ, თურქეთის გავლით, ევროპაში.

 

 

ტურიზმიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სექტორია, რადგანაც საქართველოში გვაქვს როგორც მაღალმთიანი, ისე ტროპიკული და კონტინენტური ზონები.  ჩვენ გვაქვს უმშვენიერესი მთები, სათხილამურო კურორტები, რომლებიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ასევე დიდია მოთხოვნა 3-5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე.

 

 

რაც შეეხება მრეწველობასა და ტრანსპორტს, ჩვენ დავინტერესდით ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით, რომელიც შეძლებს დიდი გემების მიღებას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს აბრეშუმის გზის აღდგენის საქმეში, რადგანაც მარშრუტები ჩინეთიდან გაივლის საქართველოზე და ამ დერეფანზე. ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, რათა დავტვირთოთ გემები, რომლებიც გავლენ რუმინეთის, ევროპის მიმართულებით. ამ პროცესს სულ რაღაც 17 დღე დასჭირდება და ეს იქნება უმოკლესი მარშრუტი ჩინეთსა და ევროპას შორის.

 

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ სულ ახლახან დავიწყეთ მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთის ხელისუფლებასთან. ეს პორტი შეამოკლებს მარშრუტს, დაზოგავს ფულსა და დროს, მოუტანს ამ დერეფანს უფრო დიდი ოდენობის ენერგორესურსებს და გაზრდის დაინტერესებას.

 

 

მინდა ასევე შევეხო ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობის საკითხს. ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ დამოკიდებულება ჩვენი მეზობლების მიმართ, რუსეთის ჩათვლით. ურთიერთობაში  ჩვენ ავირჩიეთ პრაგმატული, რაციონალური და კონსტრუქციული სტრატეგიები, რადგანაც ჩვენი სურვილია დაძაბულობის დეესკალაცია და ახალი კონფლიქტების პრევენცია, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს უცხოელი ინვესტორების მოზიდვის კუთხით. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ვართ სანდო და პროგნოზირებადი ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს თანამიმდევრული, სტაბილურობისა და მშვიდობის ქომაგი  ლიდერები. თუ საქართველოში არ იქნება მშვიდობა, ის ვერც მთლიანად კავკასიის რეგიონში დამყარდება, და ეს, თავის მხრივ, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მსოფლიოს.

 

 

სულ ახლახან ვიყავი აზერბაიჯანში, სადაც დავათვალიერე შაჰ-დენიზის გაზსადენის პროექტის მეორე ფაზის პირველი სეგმენტი. ეს პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 45 მილიარდი დოლარია, ევროპასა და თურქეთს უზრუნველყოფს 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზით. ამ პროექტიდან საქართველოც ნახავს სარგებელს. ჩვენ ვართ ამ პროექტში ჩართული ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რაც სტაბილური გარემოს შენარჩუნების სერიოზული სტიმულია. საქართველო სანდო სატრანზიტო ქვეყანაა. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი იყო ჩვენი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც ჩართული არიან ევროპული ქვეყნები, კომპანია BP და სხვები.

 

 

- როგორ აფასებთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებს?

 

 

- აშშ არის საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი, იმის მიუხედავად, თუ რომელი პარტია არის ქვეყნის სათავეში. ჩვენ გვაერთიანებს თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებების ერთგულება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აშშ-ის ლიდერებთან კონგრესსა და ადმინისტრაციაში, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დაახლოებას ევროკავშირსა და დასავლეთთან.

 

 

მე შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან. ეს ურთიერთობა ჩვენ შორის რამდენიმე შეხვედრისა და საუბრის შედეგად ჩამოყალიბდა. მე ვხედავ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უზარმაზარ პოტენციალს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროებში.

 

 

- რამდენად ოპტიმისტურად უყურებთ იმ გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლას, რომლებიც თქვენი რეგიონიდან მომდინარეობს?

 

 

- ყველაფერი დამოკიდებულია რეგიონის ლიდერებზე. თუ ჩვენ ყველა მხარს დავუჭერთ მშვიდობას და ძალისხმევას არ დავიშურებთ პრობლემების გადაჭრისა და დაძაბულობის შემცირებისათვის, მაშინ წარმატებას მივაღწევთ.

 

 

ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია მხარდაჭერისა და ძალისხმევის კონსოლიდაცია. ერთობლივი რეაგირების გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ. ასე რომ, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ და ვიცი, რომ საქართველო შეასრულებს მნიშვნელოვან როლს გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლის საქმეში.

 

 

- მნიშვნელოვანია თუ არა თქვენთვის, რომ გაიზარდოს ინფორმირებულობა იმ  მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომლის შეასრულებაც შეუძლია საქართველოს?

 

 

- რასაკვირველია. მე პირადად ვარ ჩართული ამ საქმეში. ჩემი სურვილია, დავარწმუნო ყველა ევროპელი ლიდერი, რომ საქართველო უნიკალური ადგილია, სადაც დიდი შესაძლებლობები არსებობს.

 

 

ახლახან ვიზიტით ვიმყოფებოდი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, სადაც  განვიხილეთ ჩვენი ბუნებრივი რესურსების საკითხი. ერთ სულ მოსახლეზე წყლის რესურსების კოეფიციენტის მიხედვით, საქართველო მეორე ადგილზეა მსოფლიოში. არავინ იცის, რა მოხდება 10 წელიწადში, მაგრამ ერთი რამ  კი ცხადია,  - მომავალში ნავთობის რესურსები შემცირდება. შესაბამისად, ენერგორესურსების წარმოება უნდა ჩავანაცვლოთ ჰიდროელექტროენერგიით.

 

 

- რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი კლიმატური ცვლილების გავლენის შემცირების საქმეში?

 

 

- მსოფლიოში საკმარისი ყურადღება არ ეთმობა კლიმატურ ცვლილებებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც  ბევრი კატასტროფის პრევენცია შესაძლებელია.

 

 

საქართველოს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრობლემის გადაჭრაში, რისთვისაც აწარმოებს განახლებად ენერგორესურსებს როგორც ადგილობრივი მოხმარებისათვის, ისე მთელი რეგიონისთვის.

 

 

- თქვენ ხართ დემოკრატიული გზით მოსული ყველაზე ახალგაზრდა  ლიდერი მსოფლიოში. პოლიტიკით ალბათ ადრეულ ასაკში დაინტერესდით?


- მე ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული პოლიტიკით და ყოველთვის მინდოდა, დავმდგარიყავი ჩემი ქვეყნის სამსახურში. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ პრემიერ-მინისტრი გავხდებოდი. მქონდა კერძო სექტორში საინტერესო გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა, ბევრ ნიჭიერ ადამიანთან ვთანამშრომლობდი, ამ პოსტზე ჩემი წინამორბედის ჩათვლით.

 

 

ჩემთვის ასევე პატივი იყო, როდესაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავინიშნე.

 

 

დღევანდელ თანამდებობაზე მე განსაკუთრებული ხედვა მაქვს, რადგანაც ვიცი, რისი მიღება უნდა კერძო სექტორს მთავრობისაგან. მე ვიცი ბიზნესის ენა, ასევე კარგად ვიცი, რა სჭირდებათ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს. როდესაც სორბონაში ვსწავლობდი, რესტორანში მიმტანად და ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობდი.

 

 

ქვეყნის მართვისას უკიდურესად მნიშვნელოვანია იყო გულწრფელი და შენი საქმის ერთგული. უნდა დაივიწყო პირადი ინტერესები. უნდა გახსოვდეს ერთი რამ: ისე უნდა ემსახურო ქვეყანას, როგორც შენს ოჯახს, და მოექცე შენს ხალხს ისე, როგორც შენი ოჯახის წევრებს.

 

 

ასევე მნიშვნელოვანია იყო კარგი მსმენელი. მე ბევრი ადამიანისგან ვიღებ რჩევებს, უცხოელი ლიდერების ჩათვლით.

 

 

ჩემი წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა ასეთი კარგი გუნდის გარეშე. მე და ჩემი გუნდი ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ძალისხმევის კოორდინირება, დავფიქრდეთ მომავალზე და ჩამოვაყალიბოთ ერთიანი ხედვა, თუ რა მიმართულებით უნდა წავიყვანოთ ქვეყანა.

 

 

- იტოვებთ იმის დროს, რომ დააფასოთ მიღწეული წარმატებები, თუ ყოველთვის ხვალინდელ დღეზე ფიქრობთ?

 

 

- მიღწეული წარმატებები უნდა შევაფასო არა მე, არამედ ქართველმა ხალხმა, რადგან ეს წარმატებები მას ეკუთვნის. მე კარგად ვიცი საბოლოო მიზანი, რომლისკენაც ვისწრაფით. და  მხოლოდ მას შემდეგ,  რაც მივაღწევთ საბოლოო მიზანს, თავს ნებას მივცემ, დავფიქრდე წარსულზე და დავაფასო ჩვენი შედეგები. ამ ეტაპზე კი ამის ფუფუნება არა მაქვს, შესვენების უფლებას თავს ვერ მივცემ, წინ ხომ ამდენი სამუშაო გვაქვს.

 

 

ჩვენ დღესაც ვაანალიზებთ ჩვენს მოქმედებას და შესაბამისი შესწორებებიც შეგვაქვს. აქა-იქ შეცდომებიც იყო, მაგრამ ჩვენ მაინც წინ მივიწევთ. ჩვენ არ ვჩერდებით. ეს არის განვითარების პროცესის არსი.

 

 

ჩვენ ახლა გვირაბში ვართ, მაგრამ სინათლეს უკვე ვხედავთ. ჩემი ოცნებაა, დავანახო ხალხს ეს სინათლე.

 

 

როდესაც ემსახურები შენს ქვეყანასა და ხალხს, სულ სხვანაირი მოტივაცია და ენერგია გეძლევა.

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016