reportiori.ge - გია ხუხაშვილი: ის, რაც გააკეთა ფრანგულმა პრესამ, ეს მოდურ ტრენდად არ უნდა იქცეს, ეს არის ძალიან სახიფათო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:01
პრეს-დაიჯესტი
გია ხუხაშვილი: ის, რაც გააკეთა ფრანგულმა პრესამ, ეს მოდურ ტრენდად არ უნდა იქცეს, ეს არის ძალიან სახიფათო!
ავტორი:
14 იანვარი, 2015. 15:54

 

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ საქართველოში ტერორიზმის საფრთხე ნაკლებად არსებობს. „საქართველო ამ საფრთხის წინაშე ნაკლებად დგას, ყოველ შემთხვევაში ამის მიზეზები არ არსებობს. თუ რაღაც უგუნურებაში არ გავეხვიეთ და პლაცდარმად არ ვიქეცით, როგორც ზოგიერთ არაადეკვატურ პოლიტიკოსს აქვს გეგმაში, ასეთი რამე არ იქნება. ქვეყანას რეალურ საფრთხეს შეუქმნის უცხო ქვეყნის სამხედრო და საწვრთნელი ბაზების არსებობა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ტერორისტების ყურადღება მივიპყროთ".

 

ვის გულისხმობს ხუხაშვილი არაადეკვატურ პოლიტიკოსებში? ვის ინტერესებშია საქართველოში ტერორისტების გადმონაცვლება?

 

„ალიას" გია ხუხაშვილი ესაუბრა:

 

- ბატონო გია, კონკრეტულად ვის გულისხმობთ იმ პოლიტიკოსებში, რომლებიც საფრთხის ხელოვნურად პროვოცირებას ცდილობენ?

 

- ტერორიზმის საფრთხე იქნება იქ, სადაც არის პოტენციური ტერორისტების ბაზირების შესაძლებლობა. როცა საუბარია ხოლმე იმაზე, რომ შეიქმნას ქვეყანაში მსგავსი პროექტები, ყოველთვის ჩნდება რისკი, რომ გაიზარდოს საფრთხე, საკუთრივ ამ ხალხის მხრიდან, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ბანაკში იმყოფებიან ეს ადამიანები. როგორც წესი, ბანაკები იცვლება. მე ვგულისხმობ, რომ შიდა ფაქტორები საქართველოში, იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე ან პოლიტიკურ ნიადაგზე ტერორისტული აქტები განხორციელდეს, არ არსებობს. ასეთი საფრთხე მომდინარეობს გარედან.


ერთი პერიოდი საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში შექმნილიყო ბაზა. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ეგიდით იქნებოდა ეს ბაზა, რადგან უახლეს ისტორიაში არსებობს პრეცედენტები, როცა პროდასავლური ძალები სტიმულს აძლევდნენ გარკვეულ დაჯგუფებებს, რომლებიც შემდგომში მათვე უპირისპირდებოდნენ. ასეთი ტიპის ბოევიკების მომზადების, გაწვრთნის შესაძლებლობა რომ გაჩენილიყო საქართველოში, ბუნებრივია, გაზრდიდა ჩვენს ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხეს, ამიტომ კარგია, რომ, ჩვენდა საბედნიეროდ, ეს პროექტი ჩაიშალა. ასეთი ტიპის რისკები შეიძლება კიდევ გაჩნდეს. ვიღაცას ვიღაცასთან უნდა თავისი ერთგულების მტკიცება, ვიღაცას სხვა დივიდენდების მიღება უნდა და არა მხოლოდ პოლიტიკურის. პოლიტიკოსები ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებენ ფუნდამენტურ სახელმწიფო ინტერესებს, როგორიცაა სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესები. უფრო საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე დგამენ ხოლმე ნაბიჯებს.


- ვის გულისხმობთ, რატომ არ აკონკრეტებთ?

 

- ვინც მაშინ ამბობდა, ბოევიკების წვრთნა შემდგარიყო, ეს შეგნებულად არ კეთდებოდა იმიტომ, რომ ტერორისტული საფრთხე გაჩენილიყო, მაგრამ ამას შეიძლება შედეგად მოჰყოლოდა ტერორისტული საფრთხის გაჩენა საქართველოში. აი, ამას ვგულისხმობ. ეს იყო განპირობებული ძალიან ვიწრო პოლიტიკური ინტერესით. ინიციატივაზე ფიქრის დროს საერთოდ არ იყო გათვალისწინებული ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები. ვინ იყო ამის ინიციატორი? თავდაცვის მაშინდელი მინისტრი. სამწუხაროდ, ქართველ პოლიტიკოსებს ეს სენი სჭირთ, რომ საკუთარ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებენ.


- რა მიზანი აქვთ, რას იგებენ ამით?


- აქ არის მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესი, რომ ვიღაცას ასიამოვნონ, როგორც მინიმუმ. ბუნებრივია, იგივე შეერთებული შტატებისთვის ასეთი ტიპის პლაცდარმების გაჩენა შეიძლებოდა საინტერესო ყოფილიყო იმ ეტაპზე. ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე სხვა იზრუნებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. თუ მათ გაუჩნდებოდათ შანსი ასეთი ბაზის გაჩენის, რატომაც არა? სხვათა შორის, მერე აშშ-ს პრესაში ბევრჯერ იყო შეხსენება ამ ვალდებულების შესახებ, რომელიც საქართველომ აიღო. ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ჩაიფარცხა.


- თქვენ საუბრობთ „არაადეკვატურ პოლიტიკოსთა გეგმაზე", რა გეგმაა ეს?


- მე არ გამოვრიცხავ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდანაც მსგავს გეგმას, რადგან მათი ფეხის მოკიდება საქართველოში ძნელია და ძირითადად საგარეო ფრონტზე იბრძვიან მხარდაჭერის მოსაპოვებლად არ გამოვრიცხავ, რომ პოტენციურად ხელისუფლებაში მოსვლის წინაპირობად იქცეს რაც შეიძლება მეტი რისკის გაჩენა საქართველოში. მათ ინტიერესებში შედის არასტაბილური ვითარება.  არ ვფიქრობ, რომ მორალური და ზნეობრივი ბარიერები შეუშლის მათ ხელს ასეთი ტიპის ქმედებების სტიმულირებაში. ტერორიზმი დასაგმობია, მაგრამ, მეორე მხრივ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დღევანდელ სამყაროში დაუშვებელია. ეს ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც, არის დანაშაული და  უპასუხოდ არ დარჩება.


- როცა საუბრობთ ერთგვარ რისკებზე, ხელისუფლება რას აკეთებს ამის პრევენციისთვის?


- ხელისუფლება მუდმივად უნდა ადევნებდეს თვალყურს , რომ არ მოხდეს რელიგიური კონფლიქტები, რაც ხდება ყველა ქვეყანაში. მთავარია, ტემპერატურა არ მივიდეს პიკამდე. კონფლიქტები რელიგიურ თემაზე ცივილიზებულ ქვეყნებშიც ხდება. უნდა იმუშაოს პრევენციაზე და არ უნდა მისცეს საშუალება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომელთაც ლიბერალური ფასეულობა და სიტყვის თავისუფლება ძალიან ცუდად ესმით. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ყველაზე ფაქიზი გრძნობების შეურაცხყოფას და, კი ბატონო, დაცული უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ, მეორე მხრივ, არ უნდა იყოს მოდაში შეურაცხყოფა. ის, რაც გააკეთა ფრანგულმა პრესამ, ეს მოდურ ტრენდად არ უნდა იქცეს, ეს არის ძალიან სახიფათო. საფრანგეთში მომხდარი მარში კი შეიძლება ვინმემ ისე გაიგოს, რომ ეს კარიკატურების ხატვა კარგი ყოფილა და ამან მიიღოს ტოტალური ხასიათი. საქართველოში ფსევდოლიბერალებსაც შეიძლება გაუჩნდეთ არაჯანსაღი სურვილები, რაც სტიმულს მისცემს, ტერორიზმის საფრთხემ ვირტუალური სამყაროდან რეალობაში გადმოინაცვლოს.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016