reportiori.ge - რა მოხდა ციხეში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:49
პრეს-დაიჯესტი
რა მოხდა ციხეში
ავტორი:
14 იანვარი, 2015. 15:57


 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, შიმშილობა დაიწყო. ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გოგი გახარიას გადადგომას ითხოვს.


„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე გოგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, დავიწყე შიმშილობის აქცია. არ დავუშვებ ამ ქვეყანაში ადვოკატების დევნას. ამოვწურე ყველანარი დიალოგის შესაძლებლობა ოლიგარქის ხელისუფლებასთან. ესენი არიან სააკაშვილის რეჟიმის ღირსეული მემკვიდრეები!" - ამბობს ხატიაშვილი.


რა ბრალდებას უყენებს ხატიაშვილი სასჯელაღსრულებას? რა ვადით აპირებენ ადვოკატები პროტესტის გაგრძელებას და რას აცხადებს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე?


„ალია" ზაზა ხატიაშვილს ესაუბრა:


- სასჯელაღსრულების სისტემის მხრიდან, ადვოკატებთან მიმართებაში გამოვლინდა ახალი პრეცედენტი. ადვოკატს, რომელსაც სისხლის სამართლის საქმეზე გაფორმებული აქვს ორდერი, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კონკრეტული საქმე იმ წელს არ დასრულდება, აიძულებენ, გამოწეროს სხვა, ახალი ორდერი. ახალი ორდერის გაფორმება არის მთლიანად ახალი ხელშეკრულების გაფორმება, ანუ კლიენტი რჩება დაცვის გარეშე, რის შედეგადაც კლიენტს აპირისპირებენ ადვოკატთან. ადვოკატი წინასწარ ვერ განსაზღვრავს, ეს საქმე, 3 წელი გაიწელება, 4 თუ ნაკლები. სანამ სისხლის სამართლის საქმე მიდის, ადვოკატს ორდერში უწერია, რომ სისტემა ვალდებულია, ადვოკატი შეუშვან კლიენტთან. სანამ შიმშილობასთან დაკავშირებით მივიღებდი გადაწყვეტილებას, გავაკეთე განცხადება, რომ 2015 წლის 6 იანვარს ადვოკატები თინათინ ნაკაშიძე და გოჩა გაგოშიძე ონკოლოგიურ კლინიკაში მივიდნენ თავისი კლიენტის, ტარიელ ფოცხვერიას მოსანახულებლად. საბადრაგო სამსახურმა ტელეფონზე კონსულტაციების შემდეგ ადვოკატები არ შეუშვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან იმ მოტივით, რომ დაცვის ორდერი გამოწერილი იყო 2014 წელს და ვადა ჰქონდა გასული. მე ვთქვი, რომ გავყვებოდი ადვოკატებს და თავად ვნახავდი, შეუშვებდნენ თუ არა მათ. ამით მივანიშნე, რომ არ დავუშვებდი ადვოკატების არშეშვების პრეცედენტებს. ავხსენი კიდეც, ეს რატომ არ შეიძლებოდა, მაგრამ ვერც მაშინ გავაგებინე. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვიშიმშილო, ან თითო დღე თითო ადვოკატმა იშიმშილოს, რომ ადვოკატების უფლებების დარღვევა არ მოხდეს. ასეთ პრეცედენტები, მაშინაც კი არ მომხდარა, როცა სააკაშვილის რეჟიმი ქვეყანას ანგრევდა.

 

- სასჯელაღსრულების მინისტრის პირველ მოადგილეს, კახა კახიშვილს ვესაუბრეო, განაცხადეთ. რაზე ესაუბრეთ და რას დაგპირდათ?

 

- კახა კახიშვილი ჩემი მეგობარია და ამიტომ ვესაუბრე ამ პატივცემულ ადამიანს. დავურეკე და ვუთხარი, რა მდგომარეობაც იყო. ის დამპირდა, რომ სიტუაციას გაარკვევდა. ერთი საათის განმავლობაში არ შემხმიანებია. შემდეგ ის მირეკავდა, მაგრამ აწი სამინისტრომ 10 ბოდიშიც რომ მოიხადოს, სანამ გახარიას არ გააგდებენ, არ შევწყვეტთ შიმშილობას. საათ-ნახევრის განმავლობაში იქ ვიყავი და ვხედავდი, როგორ იტანჯებოდნენ ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატები. ეს იყო მთლიანად ადვოკატთა კორპუსის დაცინვა და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება შიმშილობის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი, ამ ხელისუფლებას ხომ დარჩა ორი წელი ხელისუფლებაში ყოფნის, ჰოდა, ამ ორი წლის განმავლობაში ვიშიმშილებთ, თითოეული ადვოკატი. გავაკეთებ ადვოკატების მობილიზებას და ეს გახარია უნდა გააგდონ კინწისკვრით. სასჯელაღსრულების სისტემიდან წამოვიდა ეს მოთხოვნა და იმიტომ.

 

- გახარიას თანამდებობიდან გადაყენება რამდენად შეცვლის მდგომარეობას? იქნებ უარესი დაინიშნოს?

 

- შეცვლის იმდენად, რომ შემდეგ ვინც მოვა, მიხვდება, რომ ადვოკატებთან მიმართებაში თუ სწორად არ იმოქმედებს, მასაც იგივე დაემართება. მე ამით მთელ ადვოკატთა კორპუსს გადავარჩენ, იმიტომ, რომ ადვოკატებს ვეღარ დაავალდებულებენ, ორდერი გამოიწერონ.

 

რა გაარკვია საჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზაზა ხატიაშვილთან საუბრის შემდეგ?

 

კომენტარისთვის „ალია" კახა კახიშვილს დაუკავშირდა:


- ხატიაშვილმა დამირეკა, გავერკვიე სიტუაციაში და შემდეგ, როცა ვურეკავდი, ტელეფონი გამორთული ჰქონდა. თუმცა, მოგვიანებით ველაპარაკე. ის შიმშილობს. ვუთხარი, თუ შედეგები გაინტერესებს, მოდი და ვილაპარაკოთ-მეთქი, მაგრამ არა, უნდა ვიშიმშილოო.


- რა ხდება რეალურად ამ საკითხთან დაკავშირებით, რა გაარკვიეთ?

 

- ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა და წარმოადგინა ორდერი, რომელიც გამოწერილი იყო 2014 წლის 31 ივნისს, სადაც ეწერა, რომ ამა და ამ ადვოკატს დაევალა მსჯავრდადებულ ტ.ფ.-ს დაცვა სისხლის სამართლის საქმეზე. რომელ საქმეზე, რა ვადით, როგორ, ამის თაობაზე, ორდერში არაფერი ეწერა. როცა ადვოკატი ამ ორდერით მივიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, განუმარტეს, რომ ორდერში არ იყო მითითებული მოქმედების ვადა. გამოდის, რომ იმ ორდერით, რაც იყო წარმოდგენილი, მოქმედების ვადა 2134 წლამდე ჰქონდა. თურმე, 1996 წელს გამოწერილი ორდერი რომ ჰქონდეს ადვოკატს, ამ ორდერითაც უნდა შევუშვათ ადვოკატი მსჯავრდადებულის მოსანახულებლად. არსებობს ადვოკატთა ასოციაციის  აღმასრულებელი საბჭოს სხდომის გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ ადვოკატთა ასოციაციამ მოიწვია აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, სადაც გადაწყვიტეს, რომ ორდერის შედგენისას, უნდა იყოს მითითებული, იურიდიული ფირმის/ბიუროს დასახელება, რაც ამ ორდერში შესრულებულია. უნდა იყოს მითითებული ორდერის გაცემის თარიღი, რაც ასევე, მითითებულია ამ ორდერში. ასევე მითითებულია დოკუმენტის დასახელება, ადვოკატის სახელი გვარი, ნომერი... დავალების შინაარსი უნდა მოიცავდეს საპროცესო მოქმედებას და მისი შესრულების ადგილს ან ორგანოს - ბუნდოვნადაა მითითებული და წერია, „სისხლის სამართლის საქმეზე". არ წერია, რა საქმეა, რომელი საქმეა, რა საპროცესო მოქმედებაზეა სუბარი და ა.შ. რისთვის შედის ადვოკატი იმ მსჯავრდადებულთან, რომლის მიმართაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკვე ძალაშია შესული, ასევე, აპელაციის გადაწყვეტილებაც ძალაშია შესული. ყველაზე მთავარი, თავად ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ, გადაწყვიტა, რომ ორდერში უნდა იყოს მითითებული, ორდერის გამცემი პირის ხელმოწერა და ორდერის საპროცესო ვადა. ანუ, რა ვადითაა გაცემული ორდერი. მე მგონი,  ლოგიკურია, რომ მითითებული  ყოფილიყო ამ ორდერშიც მოქმედების ვადა. ვინაიდან, აღნიშნულ ორდერში არ იყო მითითებული მოქმედების ვადა, გაცემული ორდერი ეწინააღმდეგებოდა თავად ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ასოციაცია თავადვე ითხოვდა ადვოკატებისგან ორდერის სრულყოფილად შევსებას. ორდერში იყო ხარვეზი, რის გამოც დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიუთითა და სთხოვა ადვოკატს, რომ იქნებ შეეცვალა ორდერი, რაზეც თავიდანვე, ადვოკატების მხრიდან იყო თანხმობა, რომ შეცვლიდნენ, თუმცა, შემდეგ რატომ გადაიტანეს საკითხი სხვა ჭრილში, ეს გაუგებარია. თუ მართლა შედეგზეა საუბარი და მართლა ვინმეს ეწურებოდა ვადა, ჰქონდა საშუალება, შეეცვალა ორდერი, მით უმეტეს, რომ ამის თაობაზე გააფრთხილეს წინა კვირას. თუ სურდა მსჯავრდადებულის დაცვა ადვოკატს, გამოიწერდა ადვოკატი იმ ორდერს, მით უმეტეს, რომ ამას ადვოკატი აკეთებს თავად,  შეეცვალა ეს ორდერი იმის შესაბამისად, როგორც მისივე ორგანიზაციაში დაადგინეს. ორდერის შედგენის რეკვიზიტები სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა კი არ დაუდგინა ადვოკატებს, თავად ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა სხდომამ დაადგინა და ამ გადაწყვეტილების აღსრულება მოსთხოვა შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. არასდროს, არც ერთ ადვოკატს არ შექმნია მსგავსი შემთხვევა, რატომღაც, მხოლოდ მსჯავრდადებულ ტ.ფ.-ს შემთხვევაში გახდა ეს პრობლემური, პრინციპული სახის შეუთანხმებლობა.


- სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გახარიას გადაყენებას მოითხოვენ პრინციპულად. რას ფიქრობთ სამინისტროში, გადაიხედება გახარიას საკითხი?

 

- ამ ეტაპზე, გახარიას გადაყენების საფუძვლებს ვერ ვხედავ. ვიმეორებ, ამ კონკრეტულ ვითარებაში და არა ზოგადად.


- ადვოკატები ორი წლის განმავლობაში აპირებენ შიმშილობას. რა გეგმები გაქვთ მოშიმშილეებთან მიმართებაში?

 

- ზაზა ჩემი მეგობარია, მქონდა მასთან კომუნიკაცია, შევთავაზე ამოსულიყო, ან მე ჩავიდოდი მასთან, რომ ეს საკითხი განგვეხილა, როგორც იურისტებს. პასუხად მივიღე - არა. ის მხოლოდ და მხოლოდ შიმშილობას აპირებს. ასეთ ვითარებაში, შეუძლებელი ხდება, გადავაფიქრებინო, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება.

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016