სათაური ხომ გახსოვთ, დეტალები ყვირიან!
სწორედ დეტალების ყვირილით გაიგებთ 9 წლის მანძილზე როგორი ხელისუფლება ჰყავდა საქართველოს. ისინი ისე მძლავრად და ისეთი სასოწარკვეთით ყვირიან, რომ წესით, მათი ხმის გაგონება სტრასბურგშიც არ უნდა გაუჭირდეთ, თუკი ყურს დაუგდებენ.
ყურადღებით! ვიწყებთ ეჭვმიტანილი ნაციონალური მოძრაობის დეტალური სიტყვიერი პორტრეტის შექმნას. ცხვირი ჰგავს?! ჰგავს, ოღონდ ცოტა დაუგრძელეთ! ყველგან ჩაყოფა უნდა შეძლოს. ბაგეებზე და ნიკაპზე რას იტყვით?! კი ორივე ჰგავს, ოღონდ ცოტა დამცინავი იერი მოუმატეთ. შუბლი? შუბლი თუ ჰგავს?! შუბლიც ჰგავს, ოღონდ ძარღვი მოაცილეთ, შუბლის ძარღვი გაწყვეტილი ჰქონდათ.
ქართველებს ერთი ასეთი გამოთქმაც გვაქვს, სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო... საკუთარ თავზე მაქვს ამ ანდაზის ჭეშმარიტება გამოცდილი. ჩემი ქვეყნიდან შორს მოკალათებული უსამართლობა, ვერ ვიტყვი რომ საერთოდ არ მაწუხებდა, მაგრამ, გაცილებით ნაკლებად, ვიდრე საკუთარი. ამიტომაც ვერავის მოვთხოვ, მე თუ მეტირება, შენც ცრემლები გადმოყარე მეთქი. არა ბატონებო, ამას არ გთხოვთ, მითუმეტეს რომ თანაგრძნობის მათხოვრობაც არაა მთლად ღირსეული საქციელი. მე მხოლოდ ელემენტარული თხოვნა მაქვს. როცა ჩემს ქვეყანაში მონატრებულმა სიახლის ქარმა დაუბერა და წისქვილების შენება დავიწყეთ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ამდენი დანაშაულის ჩამდენ უზნეო ადამიანებს, პოლიტიკური შეფერილობის კედლებს ნუ აუშენებთ, ისინი სულ სხვაგან და სულ სხვა შეფერილობის გისოსებიან კედლებს იმსახურებენ.
დეტალები კი იმდენი ყვირის ერთდროულად, რომ, ვეღარც კი ვარკვევ, რომელს ჩავავლო ყურში ხელი და რომელი მოვათრიო ფურცელთან. ყველა მათგანი იმდენად უღირსია, იმდენად უზნეო, რომ სწორედ მოთრევას იმსახურებს.
პირველი ასეთი დეტალი ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლის პრაქტიკულად პირველივე დღეებში აყვირდა, მაგრამ მაშინ იმდენად ძლიერი იყო ხალხში ახალი ხელისუფლების რწმენა, რომ იმ ყვირილს პრაქტიკულად ყველამ წაუყრუა.
ახალგაზრდა, იმედად მოსულმა პრეზიდენტმა ჯერ ქვეყნიდან პირველი ოფიციალური გასვლისთვის ჩვეულებრივი სარეისო თვითმფრინავით ისარგებლა, ხალხთან ერთად იმგზავრა, შინაურსაც და გარეულსაც გააგებინა, ნახეთ როგორი უბრალო ადამიანი ვარო, დაბრუნდა მერე უკან და პირველი რაც დასამახსოვრებელი გააკეთა, ახალგაზრდა ჟურნალისტის დათო ბოლქვაძის მკვლელი გამოუშვა ციხიდან.
არ ვიცი სხვებს როგორ, მაგრამ მე გონებაში სამუდამოდ ჩამებეჭდა იმ მხეცურად მოკლული ბიჭის დედა, წარმოსადეგი და სანდომიანი ქალბატონი, როგორი სასოწარკვეთილი ხვეწნა-მუდარით მიმართავდა სააკაშვილს, ნუ იზამთ ამას ბატონო პრეზიდენტო, ნუ გამოუშვებთ ჩემი ბიჭის მკვლელს ციხიდან, დამპირდით ბატონო პრეზიდენტო, რომ ამას არ გააკეთებთ... დაპირდა კიდევაც ყველას თვალწინ, საჯაროდ... ისე დაპირდა სახეზე ერთი ნაკვთიც არ შერხევია.
ვეღარ ვიხსენებ, რამდენი დღე იყო გასული ამ დაპირებიდან?! სამი?! ოთხი?! იქნებ ხუთი?! მართლა ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ისაა, რომ გამოუშვა. პირველივე სიტყვა გატეხა პრეზიდენტმა და ციხიდან გამოუშვა ადამიანი, რომელმაც უამრავი ხალხის თვალწინ საკუთარი ხელით დახვრიტა ახალგაზრდა კაცი, საზოგადოებრივი ტელევიზიის ოპერატორი, ხელში კამერითა და სახეზე ღიმილით რომ იდგა და გაოცებული უცქერდა სიტუაციის აბსურდულობას.
იმ მკვლელისგან დავალებული იყო პრეზიდენტი. ვარდების რევოლუციის დროს თავისი რეგიონიდან ხალხი გამოაყოლა სააკაშვილს, დაქირავებულები იკარუსებით ჩამოიყვანა თბილისში და თვითონ რომ შევარდნაძეს გაცოფებული უყვიროდა, გადადექი, გადადექიო, ის ხალხი ამ დროს ზურგს უმაგრებდა. ჰოდა, გამოუშვებდა, აბა რას იზამდა. როცა ძალაუფლებაზეა საუბარი, სააკაშვილისთვის დედის ვედრება და მსგავსი სენტიმენტალური სისულელეები სიზმარზე ადვილად დასავიწყებელი გახლდათ.
აი ეს იყო პრეზიდენტის პირველი სიცრუე. არა, სიცრუე არ ვარგა, თვალთმაქცობა სჯობია. აი ეს იყო პრეზიდენტის პირველი თვალთმაქცობა. არა, არც ეს მომწონს, ორივე ძალიან ლმობიერია. ჩემი აზრით, რაც პრეზიდენტმა ჩაიდინა, საზიზღრობა იყო. პრეზიდენტის პირველი საზიზღრობა. ხომ გაგიგონიათ, დაწყებაა ძნელი, თორემ მერე და მერე ყველაფერი ადვილდებაო. ჩვენი პრეზიდენტისთვის, პირიქით, დაწყება არასოდეს ყოფილა ძნელი, მას ყოველთვის დამთავრება უჭირდა. როცა თანდათან ნათელი გახდა, რომ პრეზიდენტს მჟავე ჰალსტუხების ღეჭვისგან სიბრძნის კბილები ჰქონდა მოკვეთილი, ბუნებრივია ხალხის პროტესტმაც იმატა, შესაბამისად მისმა საზიზღრობებმაც იმატა და ბოლოს ისეთი ნიაღვარი დაგვატყდა თავს, რომ, ახლა ყველაფრის გახსენება უბრალოდ შეუძლებელი ხდება.
ამიტომ, მე მხოლოდ იმ დეტალებს ავაყვირებ თუ ავახმაურებ, რომლებიც საკუთარმა გონებამ ამომიტივტივა. დარწმუნებული ვარ, რომ სტატიის გამომზეურების შემდეგ ბევრი უცნობი თუ ნაცნობი შემეხმიანება და მისაყვედურებს, ეს და ეს საზიზღრობა რატომ გამოგრჩაო. გპირდებით ყველას, რასაც გამახსენებთ, უეჭველად ჩავინიშნავ და მერე სათანადო ადგილს მივუჩენ. სად?! ამასაც მალე შეიტყობთ, რამდენიმე გვერდის იქით.
მორიგი მიტინგი დაინიშნა რიყეზე, რუსთაველის პროსპექტიდან ხალხი ზღვარგადასული სისასტიკით ერთხელ უკვე დარბეული და გამოძევებული იყო. რიყეზე კი, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ზამთარი იდგა, ცივი დღეებითა და კიდევ უფრო ცივი ღამეებით ითოშებოდა თბილისი. ნაციონალებმა ზუსტად ამით ისარგებლეს, ღამით სახანძრო მანქანები მიაყენეს მომავალი მიტინგის ადგილს და გედების ტბად გადააქციეს იქაურობა. დილით მიტინგზე მისულ ათასობით ადამიანს ის გედების ტბა გაყინული დახვდათ.გედების ნაცვლად პინგვინებად გადაიქცა ყველა, ბაჯბაჯითა და მოკლე-მოკლე ნაბიჯებით მიიწევდნენ ტრიბუნისკენ. გზადაგზა ეცემოდნენ, წამოდგებოდნენ და ისევ ეცემოდნენ. განსაკუთრებით ხანდაზმულებსა და ქალბატონებს უჭირდათ. ერთი კასპიდან ჩამოსული ახალგაზრდა კი იმდენად უხერხულად დაეცა, რომ, კეფა დაარტყა ქვასავით ყინულს და კარგა ხნით გონება დაკარგა.
კიდევ ერთი მიტინგი. მთელი საქართველო თბილისისკენ დაიძრა. გაზაფხულია, ან შემოდგომა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, გედების გაყინულ ტბაზე იმპროვიზირებულ ბალეტს ვეღარ გაახერხებდნენ ნაციონალები, რამე სხვა უნდა მოეფიქრებინათ. მოიფიქრეს კიდევაც, გედების ტბაზე უკეთესი. ჯერ მატარებლებზე ბილეთების გაყიდვა აკრძალეს. ხალხი ხედავდა რომ ვაგონები ცარიელი იყო, მოლარეები კი ურცხვად ირწმუნებოდნენ ბილეთები აღარ გვაქვსო. მაშინვე მანქანებს, მინიბუსებსა და ავტობუსებს მიაწყდნენ. უზარმაზარი კოლონა დაიძრა თბილისისკენ,მაგრამ, ბელადმა ბრძანა, კოლონამ თბილისამდე არ უნდა ჩამოაღწიოსო. ადგნენ და კილომეტრნახევარი სიგრძის ნახევრად ჩაბნელებულ გვირაბში ერთმანეთზე თავებით მიდუღებული მოზრდილი ლურსმნები დაყარეს, თანაც გვირაბის შუაწელში, რაც შეიძლება დიდი ხნით რომ ჩახერგილიყო გზა და რაც შეიძლება დიდი პანიკა რომ გამოეწვიათ.
არც ბავშვებზე ფიქრობდნენ, არც უცხოეთიდან მომავალ სატრანზიტო ტრანსპორტზე და არც იმ ხალხზე, მიტინგზე დასწრება აზრადაც რომ არ მოსვლიათ და თავიანთ საქმეებზე რომ მიეჩქარებოდათ. ყველა გაწირეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს რკინის ღობესთან შემდეგი მიტინგი ახალგაზრდებმა მოაწყვეს. ისინი პოლიციის ერთ-ერთ, დღემდე გაუგებარ ოპერაციას აპროტესტებდნენ, მათი რამდენიმე თანატოლი მანქანაში რომ ჩაცხრილეს, იმას. რკინის ღობეს სისხლისფერი საღებავი მიასხეს და თან მერაბიშვილის გასაგონად ყვიროდნენ, მკველელებო! სისხლის მსმელებო!
გამოლაგდნენ ამ დროს აივანზე მერაბიშვილის დაგეშილი ,,მაგარი ბიჭები", ეგრეთწოდებული ,,ვაზდუშკა" თოფი გამოიტანეს და როგორც ტირში ჩამწკრივებულ ბაჭიებს, ისეთივე გამეტებით ესროდნენ თანატოლებს. ყოველ მიზანში მოხვედრილი ტყვიას კი საერთო ოვაციებით ხვდებოდნენ.
ისევ ახალგაზრდობის პროტესტი. ისევ ტრადიციული მკვლელებო და სისხლის მსმელებო. თოფის ნაცვლად ამჯერად წყლით სავსე რეზინის საწოვარები ყუმბარებივით დააყარეს ხალხს ზემოდან და თან სიცილით იხოცებოდნენ.
საღამოს კი ერთ-ერთი წარჩინებული, ნაციონალი ტელეეკრანიდან ასეთ კომენტარს აკეთებს, დიდი ამბავი, ზაფხულია, ძალიან ცხელა და ხალხს გასაგრილებლად გადმოასხეს წყალიო...
საპარლამენტო არჩევნებში, ,,ქართული ოცნების" კოალიციიდან, ზაზა გოქსაძე თერჯოლის რაიონის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. იგი სააკაშვილის ნათესავი გახლდათ და აბა მიშა ასეთ ღალატს როგორ აპატიებდა, მაშინვე ბრძანება გასცა, არ მაინტერესებს როგორ, მაგრამ, არჩევნები არ უნდა მოიგოსო. 2000 ჯარისკაცი მოხსნეს დისლოკაციის ადგილიდან, სამხედრო მანქანებში ჩასხეს და ერთი დღით თერჯოლაში გადაიყვანეს, ნაციონალების კანდიდატის სასარგებლოდ ჩააყრევინეს ბიულეტენები და საღამოს უკანვე დააბრუნეს. აი ამ მარტივი და უმტკივნეულო ოპერაციის შედეგად ზაზა გოქსაძის ნაცვლად ერთ-ერთი წარჩინებული ნაციონალი ამაყად დააბიჯებს პარლამენტის დერეფნებში.
რადგან არჩევნებს შევეხე, სააკაშვილის კიდევ ერთ უტიფრობასაც გაგახსენებთ ბარემ, საკმაოდ რომანტიული სახელი თავადვე რომ დაარქვა, „ღიმილიანი საქართველო". ვისაც კი საქართველოში კბილები ჰქონდა სამკურნალო, ყველას უფასო მკურნალობას დაპირდა ხმების სანაცვლოდ. ხალხმა იფიქრა, არიქა, ავშენდითო და მიაწყდა კლინიკებს. კბილები დაძრობით ყველას დააძვრეს, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ არჩევნებამდე ჩასმას ვეღარ მოასწრებდნენ. ამასობაში არჩევნებიც წააგეს და სააკაშვილს ხალხის კბილები კი არა, საკუთარი დედა აღარ ახსოვდა. კიდევ ერთხელ დატოვა ხალხი პირში ჩალა კი არა, ამჯერად პროტეზგამოვლებული.
არ ვიცი როგორ მოვიძიო, თორემ იმ სატელევიზიო კადრსაც სიამოვნებით შევთავაზებდი ევროპელ მეგობრებს, „ღიმილიანი საქართველოს" ერთ-ერთი მონაწილე თავისი უიღბლობის საილუსტრაციოდ უკბილო ნუნებს რომ გვიჩვენებდა და თვალცრემლიანი ამბობდა: ნახეთ, რა მიყო მაგ მამაძაღლმა სააკაშვილმაო...
მორიგ სისაძაგლეს ერთგვარი ტესტის სახით შემოგთავაზებთ. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ბიჭების მემორიალთან, ხელისუფლებისაგან პრაქტიკულად შიმშილით სიკვდილისათვის განწირული ომის ვეტერანები მშვიდობიან, მწოლიარე საპროტესტო აქციას მართავენ.
ამ დროს იქ, ტრადიციულად, უზარმაზარი ესკორტით მიხეილ სააკაშვილი გამოივლის და იკითხავს, ესენი ვინ არიან და რა უნდათო. ასე და ასეო, უპასუხეს, ომის ვეტერანები არიან, ხეიბრები, სიცოცხლის უფლებას ითხოვენო.
ძალიან უბრალო კითხვა მაქვს, როგორ მოიქცეოდა ამის გამგონე ქვეყნის მთავარსარდალი? ოთხ სავარაუდო პასუხსაც აქვე შემოგთავაზებთ:
1. პრეზიდენტი კორტეჟს შეაჩერებდა, მივიდოდა ომის ვეტერანებთან, მათ პრობლემებს მოისმენდა და შესაძლებლობების ფარგლებში იმ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდა.
2. პრეზიდენტი დროის სიმცირის გამო ვერ გაჩერდებოდა, მაგრამ დაავალებდა თანაშემწეს, რომ ყველაფერი გაერკვია და იმავე საღამოს მის მაგიდაზე დაედო დეტალურად ჩამოწერილი პრობლემების ნუსხა.
3. პრეზიდენტი მანქანიდანვე დაავალებდა თავდაცვის მინისტრს, მისულიყო ომის ვეტერანებთან და ყველაფერი ადგილზე გაერკვია.
4. პრეზიდენტი რეაქციის გარეშე ჩაუვლიდა ომის ვეტერანების საპროტესტო აქციას.
მე სავარაუდო პასუხების ოთხი ვარიანტი შემოგთავაზეთ. ოთხივეს აქვს არსებობის უფლება და მეტ-ნაკლებად ოთხივე მისაღებია, მაგრამ, სააკაშვილი, აბა როდის მოქცეულა ადამიანურად,ახლა რომ მოქცეულიყო.
ზუსტი პასუხის გაცემას ალბათ იაცეკ სარიუშ - ვოლსკი მოახერხებდა, მეგობრებს ხომ უკეთ ესმით ერთმანეთის, მაგრამ ბატონ ვოლსკიმდე ხელი არ მიგვიწვდება და იძულებული ვარ მე თავად გითხრათ, რა მოხდა სინამდვილეში.
მოგვიანებით, თვითმხილველებმა ჩუმად გამოიტანეს ამბავი, პრეზიდენტი ტრადიციულად გაცოფებულა, ამას მე როგორ მიბედავენო, ერთ საათში უკან გამოვივლი და არცერთი აქ არ დამხვდესო...
მორჩა, აგორდა კიდევ ერთი ცოდვის ტირილი. სპეცნაზი მიუსიეს სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ კაცებს. ინვალიდის ეტლები თავზე გადაამსხვრიეს და ისე გამოყარეს გმირთა მოედნიდან. ტელეეკრანზე ფრაგმენტულად გვანახეს ეს საშინელება და სული გაგეყინებოდა ამ რაინდი ხალხის გაოგნებული სახეების ცქერისას.
ასე სასტიკად მოექცა ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს იმავე ქვეყნის დემოკრატიის შუქურად წოდებული „მამაცი" მთავარსარდალი.
მახსენდება, 7 ნოემბრის მიტინგის არგაგონილი სისასტიკით დარბევის შემდეგ ერთმა დარბაისელმა ოზურგეთელმა ქალბატონმა ღია წერილით მიმართა პრეზიდენტს: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ რომ რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილი ხალხი ასე სასტიკად და შეუბრალებლად დაარბიეთ, ჩათვალეთ, რომ მეც შემომივარდით და საკუთარ სახლში გამლახეთო. ამ ნათქვამით იმ ქალბატონმა უნებლიედ ამხილა სააკაშვილის მთავარი ჩანაფიქრი - რუსთაველის გამზირზე, გმირთა მემორიალთან, რიყეზე, ტელე-იმედში და ტელე-იმედთან, პოლიციის სამმართველოსთან, თუ სხვაგან და სხვაგან, ღიად თუ ფარულად არნახული სისასტიკით ხალხის დარბევით, საქართველოს მთელ მოსახლეობას თავი მართლაც ნაცემად უნდა ეგრძნო და ყველას უკლებლივ შიშის ვირუსი უნდა შეყროდა.
26 მაისის ღამე კი ამ ჩანაფიქრის სისხლიანი დაგვირგვინება იყო. იმ ღამით ხომ ნამდვილი სასაკლაო მოუწყვეს ხალხს. ადამიანები დახოცეს, მერე რომელიღაც შენობის სახურავზე შემოყარეს და როგორც სჩვეოდათ, ურცხვად და თვხედურად ელექტრო სადენს დააბრალეს მათი სიკვდილი. ცხედრების ამოცნობა ოჯახის წევრებსაც კი გაუჭირდათ, იმდენად იყვნენ ცემისაგან დამახინჯებულები.
ბოდიშს გიხდით, სიტყვა გამექცა, მე ხომ დაგპირდით, რომ საყოველთაოდ გახმაურებულ ფაქტებზე არ ვილაპარაკებ-მეთქი, ამიტომ აქ შევჩერდები და 26 მაისის ღამის საშინელებებზე მეტს აღარაფერს ვიტყვი.
ზოგადად წეღანაც გითხარით, მე მესმის თქვენი, (ჩვენს ევროპელ მეგობრებს მივმართავ) რთულია, მსგავსი, სადიზმისკენ გადახრილი ინფორმაციების მოსმენაც და მითუმეტეს მათი დაჯერება. ამგვარი სიმართლის დაჯერება გაცილებით უჭირს ადამიანს, ვიდრე ღიმილითა და პატარ-პატარა საჩუქრებთან ერთად მიწოდებული სიცრუის, მაგრამ პრობლემა ხომ მისი დაჯერებით ან არ დაჯერებით არ ქრება.
სოლჟენიცინის „გულაგის არქიპელაგში" ერთი ასეთი პასაჟია, კუნძულ „სოლოვკიდან", სადაც პირველი საკონცენტრაციო ბანაკი ჰქონდათ კომუნისტებს გახსნილი, ერთი ინგლისური ენის მცოდნე პატიმარი გაექცათ. იგი ენის ცოდნას მანამდე მალავდა, სანამ იმ კუნძულს ხის მორების გასატანად ინგლისური გემი არ მოადგა. გემის დატვირთვის დროს გამოელაპარაკა მეზღვაურებს, სიტუაცია აუხსნა და დახმარება სთხოვა. ოთხი დღე პორტიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ დატვირთულ გემს ჩეკისტები. დაკარგულ პატიმარს ეძებდნენ. დღეში რამდენჯერმე შეესეოდნენ გემს გასაჩხრეკად. ყველაფერი გადააბრუნეს, კუთხე-კუნჭული არ დაუტოვებიათ შეუმოწმებელი, მაგრამ გაქცეულის კვალს ვერსად მიაგნეს. მეზღვაურებმა ეშმაკობით აჯობეს ჩეკისტებს, როგორც კი ისინი გემს შეესეოდნენ, პატიმარს ღუზასთან ერთად წყლის ქვეშ უშვებდნენ და ჩალის ღეროს უდებდნენ პირში რომ არ დამხრჩვალიყო.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარმა ევროპაში უვნებლად გააღწია. ინგლისში მან დაწვრილებით მოყვა ყველაფერი, რაც საკონცენტრაციო ბანაკში ხდებოდა, მაგრამ მისი მონათხრობი ევროპამ არ დაიჯერა. ფსიქიურად დაავადებულად ჩათვალეს და ყველაფერი მის ავადმყოფურ ფანტაზიას დააბრალეს. ადამიანების მიმართ მსგავსი არაადამიანური მოპყრობა უბრალოდ შეუძლებლად მიიჩნიეს.
ჰოდა, ეჭვი გამკრავს ხანდახან, დღესაც იგივე მოვლენასთან ხომ არ გვაქვს საქმე?!
მაღალი, ენერგიული, რესპექტაბელური ახალგაზრდა პრეზიდენტი, მუდმივად სიახლეებისა და რეფორმების მაძიებელი, დღედაღამ რუსეთის მაგინებელი და გულუხვი მასპინძელი.
რიგი იდგა საქართველოში ჩამოსვლაზე, უფასო კომფორტზე ხომ ერთეულები ამბობენ უარს, თორემ უმრავლესობა სიამოვნებით ეტანება. ბრწყინვალე საცხოვრისი, ბრწყინვალე კვება, ეგზოტიკური საღამოები,კომფორტული იახტები, ნაკრძალებში ნადირობები, ძვირფასი საჩუქრები, შთამბეჭდავი სიურპრიზები... ევროპაში ჩადის და იქაც ხომ ასეთი გულუხვი პრეზიდენტია, აქეთ მობრძანდით ბატონებო, ფრანგული კონიაკი გელოდებათ, კუბური სიგარაც დააგემოვნეთ...
ჰოდა, ყოველივე ამის და კიდევ მრავალი სხვა სიკეთის შემომთავაზებელ ადამიანზე რომ მოულოდნელად გეტყვიან, ეგ კაცი თქვენთან თვალთმაქცობს, თორემ, სინამდვილეში ჯალათიაო, როგორი დასაჯერებელია?! ევროპისთვის ამაზე შთამბეჭდავ სიურპრიზს თავად მიშაც კი ვერ მოიფიქრებდა.
მეც გეთანხმებით ბატონებო, რომ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სიმართლეს ვერსად გაექცევით, ადრე თუ გვიან, უეჭველად წამოგვეწევა და კალთებს ჩამოგვახევს. თქვენ კი, გირჩევთ, მხოლოდ ჩემს ქადაგებას კი არა, ხალხის მოზღვავებულ ზიზღსაც დაუგდოთ ყური, იმ ზიზღს, სააკაშვილმა და მისმა დაგეშილმა ჯალათებმა რომ დაიმსახურეს. უბრალო ლოგიკაა ბატონებო, ზიზღი ხომ უმიზეზოდ არ ჩნდება, მას ზუსტად ისევე სჭირდება დამსახურება, როგორც სიყვარულს.
ხომ ყველას გახსოვთ, ის მარად დაუვიწყარი კადრი, გორში რომ მტვერში ფორთხავდა მამაცი ქვეყნის ქვეშაფსია პრეზიდენტი. იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის შვილების სიმამაცეზე ლეგენდები დადიოდა აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში. ამასაც მოინელებდა კაცი, ბოლოსდაბოლოს ერთიანად ყველა მამაცი ხომ ვერ იქნება, მაგრამ განდიდების მანიითაც რომ ყოფილა ჩვენი ქვეშაფსია შეპყრობილი, ამისთვისაც გვეთქვა მადლობა?! მისთვის ნებისმიერი პარამეტრით სამარცხვინო ოთხდღიან ომზე საკუთარი „მამაცობისა" და მტერზე „გამარჯვების"უკვდავსაყოფად ფილმი გადააღებინა ამ მართლაც ავადმყოფმა ადამიანმა. ქვეყანა შაგრენის ტყავივით უპატარავდებოდა, ხალხი შიმშილით ეხოცებოდა, თავად კი საკუთარი ხუშტურის დასანაყრებლად ხან შერონ სტოუნთან ერთობოდა, ხან რუს ჟურნალისტ ქალბატონებთან, ხან ვიღაც ცნობილ მასაჟისტს უხდიდა მილიონებს, ხან სტინგსა თუ ბოჩელს.ეს ფილმიც იგივე მასშტაბის უნდა ყოფილიყო, ჰოლივუდელი რეჟისორითა და ჰოლივუდის გადამღები ჯგუფით. მთავარსარდლის როლზე რომელიმე ოდნავ მბჟუტავ ვარსკვლავს ხომ ვერ მოიწვევდნენ, ვინმე ისეთი უნდა შეერჩიათ, ისეთივე კაშკაშა, როგორც თავად პრეზიდენტი. აკი დაარქვეს კიდევაც შუქურა, თანაც დემოკრატიის. შუქურა, რომელიც მხოლოდ მოჩვენებითობის დღესასწაულებზე კაშკაშებდა, საკუთარი ხალხისთვის კი მუდმივად ჩამქრალი იყო.
ენდი გარსია შეარჩიეს ბოლოს, ოღონდ გორში, მტვერში ფორთხვის კადრები ფილმში აღარ შეუტანიათ, ასე თქვეს, ენდი გარსიამ არ იკადრაო...
ხუმრობა იქით იყოს და ვინმემ დაადგინა, რამდენი დაჯდა ეს სისულელე?! შეიძლებოდა ერთი ნახევრად შეშლილი კაცის ახირებისთვის ყველას მხარი აება?! ახლა რომ პრინციპულობის ზეიმებს გვიდგამენ ნაციონალები, მაშინ რატომ იყვნენ პირში ლაგამამოდებულები და ლოქოსავით გაყუჩებულები?!
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რამ ახლა მომხდარიყო, ხო, ხო, ხო, რა ამბავს ატეხავდნენ და როგორი განგაშის ზარებს დაარისხებდნენ, თანაც სამართლიანად. მაშინ კი საკუთარ სიზმრებშიც ვერ გაბედეს გაპროტესტება.
როგორც ჩანს პრინციპულობამდე მიღწევას გარკვეული დრო სჭირდება, დაახლოებით 9 წელიწადი.
ამასობაში იმ ცხრა წლიდან ერთ დეტალს კიდევ შემოგთავაზებთ. მისთვის, დარწმუნებული ვარ, აქამდე არავის მიუქცევია ყურადღება, არადა იმდენად მსუყეა ის დალოცვილი, იმდენად მეტყველი და მრავლისმთქმელი, რომ გადავწყვიტე, უკომენტაროდ შემოგთავაზოთ.
მე ნაციონალთა ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე მაღალჩინოსანთა ზედმეტ სახელებს ჩამოგითვლით, დასკვნები კი თქვენთვის მომინდვია.
ქილერა! რობოტა! მასტერა! გრძელთითა! დიდმუშტა! ბოროტა! ავხელა! არ წამოგცდეთ ახლა ასეთებს არ ვიცნობდითო. არ იცნობდით კი არა, მაგრადაც გენატრებათ, მაგრამ, ვერაფერს იზამთ, ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ ვერ შედიან.
კიდევ მრავალი, არანაკლებ თვალისმომჭრელი დეტალის გახსენება შეიძლებოდა, მაგრამ რაც უკვე გავიხსენეთ, მგონი მათი ყვირილიც საკმარისია ნაციონალური ნიღბის დასამსხვრევად. მოზაიკის კენჭებს გვანან ეს პატარ-პატარა, მაგრამ მძლავრად მყვირალი დეტალები და სწორედ ისინი ქმნიან ნაციონალური სადიზმის მთლიან მოზაიკას.
ხალხის აბუჩად აგდება, საკუთრების ხელყოფა, ბიზნესის დატერორება, ელიტური კორუფცია, უაღრესი ცინიზმი, წარმატებული ხალხის ჩარეცხვა, მეცნიერებისა და მეცნიერთა განადგურება, ღირსების ხელყოფა, მუდმივი დაუცველობის განცდა და განცდა იმისა , რომ შენ მტვერი ხარ, არარაობა ხარ, როცა მოისურვებენ, მაშინ გაგსრესენ და გაგანადგურებენ.
ხალხი ვერ ეგუებოდა ამას და სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც ოთხ დღეში ჩააბარა რუსეთს ქვეყანა, 9 წლიანი ომი ჰქონდა საკუთარ ხელისუფლებასთან. უამრავი ადამიანი შეეწირა ამ ომს, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა და რა თქმა უნდა ხალხმა გაიმარჯვა, მაგრამ, გამარჯვებამდე, ღმერთმა იცის, რამდენი ადამიანი შეიწირა ნაციონალების გამოცხადებული ტერორის ქრონიკამ. რამდენი ახალგაზრდა ჩაცხრილეს, რამდენი ურჩი უბრალოდ გააქრეს, რამდენს გული გაუხეთქეს, რამდენს წამებაში ამოხადეს სული, რამდენი სულიერად გაანადგურეს და ცხოვრებაზე ხელი საერთოდ ჩააქნევინეს, რამდენი გააუპატიურეს და რამდენი აიძულეს თავი ჩამოეხრჩო.
საბედნიეროდ, ბევრი მათგანი ცოცხალია და სამართლის აღსრულებას მოუთმენლად ელოდება. დაიმახსოვრეთ, მალე მოვა ის დრო, როცა თუნდაც მხოლოდ სულხან მოლაშვილის პირად პატიმრობაში აყვანა და მისი არაადამიანური წამება დაასრულებს სააკაშვილს. ამ ბოლო წინადადების სიმართლესაც მე ავიღებდი საკუთარ თავზე, მაგრამ არ მსურს, ევროსასამართლოს შევეცილო.
სკეპტიკოსებს მივმართავთ, იქნებ მოლაშვილის წამებასთან ევროსასამართლოს დასკვნებს მაინც გაეცნოთ ბატონებო და მერე სააკაშვილს ოდნავ ცალყბად მაინც გაუღიმოთ.
სხვათაშორის, ნაციონალების ბოლომდე გათავხედებაზე ისიც მეტყველებს, რომ ციხეებში ადამიანების წამების სცენებს კამერით იღებდნენ. რატომ, ეს არავინ იცის. ვარაუდობენ, რომ ნაციონალების რომელიღაც ლიდერს ყვარებია თურმე ამ კადრების ცქერა. მე ამის მტკიცება ნამდვილად არ შემიძლია და არც ვაპირებ. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, მართლაც რამდენად იყვნენ გათავხედებულები, რომ, საკუთარი დანაშაულის მტკიცებულებებს თავისივე ხელით ქმნიდნენ. ეტყობა სიცოცხლის ბოლომდე აპირებდნენ ხელისუფლებაში დარჩენას და ვიღასი უნდა შეშინებოდათ?!
მაგრამ, როგორც კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და წინასწარი შედეგები გამოცხადდა, აი მაშინ კი, იცოცხლე, მართლაც რომ მოცოცხეს ქვეყნიდან ნაციონალთა მთავარმა ინკვიზიტორებმა, ადეიშვილმა, კეზერაშვილმა, ახალაიებმა, ქარდავამ, კოდუამ, იმ ავადსახსენებელმა მასტერამ და ვინ იცის კიდევ რამდენმა მსხვილმა თუ საშუალო ჯალათმა შეაფარა ბებერ ევროპას თავი. ქურდს ქუდი ეწვისო, თორემ სად გარბოდნენ და რატომ გარბოდნენ? და რატომ მიყვა მათ კვალს რამდენიმე თვის მერე მათი ბელადი სააკაშვილიც?!
მოკლედ, საინტერესოა ეს ყველაფერი. საინტერესო და საკვირველი.