სოსო გ. ერთ-ერთი იყო იმ იშვიათთაგან, რომელიც დუმბაძის მურტალოსავით საქართველოში არ „მუშაობდა" და სათარეშოდ უკრაინა და რუსეთი ჰქონდა.
ქართულმა პოლიციამ ეს იცოდა და ანგარიშსაც უწევდა - ახლობლის გასვენებაზე ან ქორწილში ჩამოსული სოსო სამშობლოში თავისუფლად მოძრაობდა, მაგრამ ორ დღეში ქვეყანა ყველა ვარიანტში უნდა დაეტოვებინა, თუმცა...
პატიმარი #0578 სოსო გ.-ს მიერ მოყოლილ ისტორიას გაზეთ „ვერსიასთან" იხსენებს.
„ერთ დღეს, ერეკლე კოდუამ დამირეკა - რომ მითხრა, კოდუა ვარო, ჯერ აზრზე ვერ მოვედი, ვინ იყო, მერე ხუმრობა მეგონა და ბოლოს, როცა „სკაიპით" დამელაპარაკა, დავრწმუნდი. უკრაინაში ერთი ბინიდან რაღაც დოკუმენტაციის გამოტანა მთხოვა. მოვიფიქრებ-მეთქი, ვუთხარი და ის დოკუმენტაცია საღამოს შინ მედო. გადავათვალიერე, რაღაც მარშრუტები და გზების სქემები იყო, მნიშვნელოვანი არაფერი და მეორე დღეს ვუთხარი, გამოვიტან, ოღონდ საქართველოში ერთი კვირით ჩამომიშვით-მეთქი. თანხმობა მითხრა და სამ დღეში, ცოლ-შვილთან ერთად, თბილისში ვიყავი, ერეკლეს დოკუმენტები მივეცი და ერთ კვირაში მთელი სანათესაო მოვინახულე. მაშ შემდეგ „ნაციონალების" ხელისუფლებას კიდევ რამდენიმე სამსახური გავუწიე, ძირითადად დოკუმენტაციის მოპარვას ეხებოდა, ერთხელ - უკრაინაში და დანარჩენ შემთხვევაში - რუსეთში... ბავშვობის მეგობარი მომიკვდა ავარიით და საქართველოში უნდა ჩამოვსულიყავი. კოდუას დავურეკე და მითხრა, არ არის პრობლემა, ბარემ, ჩემი მეგობარი ჩანთას გამოგატანს და ჩამომიტანე, ვიპ-გამოსასვლელით გამოხვალ, იქ დაგხვდებიო. დავთანხმდი და იმ მეგობარსაც ჩანთა წინა დღეს მოვატანინე. საღამოს უმტკივნეულოდ გავხსენი ჩანთის კოდი და... შენთვის არ არის საინტერესო, იქ რა იდო, მაგრამ მე ერეკლეს დავურეკე და ვუთხარი, ამის წამომღები არ ვარ-მეთქი. ჯერ გაუკვირდა, გახსენიო, მერე კი სიცილით მითხრა, კარგი, დაიკიდე, დაურეკე უკან წაიღოსო და მეორე დღეს კოდუას ჩანთის გარეშე გამოვფრინდი. თბილისის აეროპორტში დამაკავეს, ჩხრეკა ჩამიტარეს და სუბუტექსის აბები „მიპოვეს". ოპერაციას პირადად კოდუა ხელმძღვანელობდა. ხმა არ ამომიღია, არც მიმინიშნებია ვინმესთვის, რომ კოდუას ახლოს ვიცნობდი, მშვიდად გავყევი მოდულში და იქ მოვიდა ერეკლეც. მითხრა, რომ ხელისუფლებამ ჩემი დასჯა დაუმორჩილებლობის გამო გადაწყვიტა, მე არავინ მკითხავდა, რა იყო წასაღებ-წამოსაღები, უნდა გამეკეთებინა, რასაც მეუბნებოდნენ და ამიტომ, ციხეში მიშვებდნენ. თავიდან ყველაფერი ხუმრობა მეგონა, მერე კი, როცა მოსამართლემ 20 წელი გამომიცხადა, მივხვდი, რომ უბრალოდ, გამიმეტეს და ახლაც მგონია, კოდუამ გამიმეტა და არა ხელისუფლებამ", - დაასრულა მონოლოგი პატიმარმა.
(წყარო: "ვერსია")