"სააკაშვილის, ადეიშვილის, ჟვანიასა და ოქრუაშვილის საიდუმლო შეხვედრები გოგირდის აბანოში ჩვენი პოლიტიკური მსოფლმხედველობა ცა და დედამიწასავითაა: მას რუსეთი მოსწონს, მე კი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი სულხან-საბას, ილიას და სხვა დიდი ქართველების გზა, ანუ ევროატლანტიკური სივრცეა... ამ თემაზე, როგორც იტყვიან, მსუბუქად სხვა დროსაც გვიკამათია, მაგრამ ამჯერად საქმე ცოტა სხვანაირადაა.
მოკლედ, ამბის ქრონოლოგია ასეთია: ამას წინათ, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკს, კონსტანტინე ფორჩხიძეს ერთ-ერთ ინტერვიუში ვკითხე, რომ პროამერიკელი ირაკლი ალასანია "გარკვეულმა ტიპებმა" უშიშროების მორუსეთუმო მინისტრის მოადგილედ როგორ დანიშნეს-მეთქი. ფორჩხიძემ განმარტა, ამერიკელებს პრორუსული განწყობების განეიტრალება უნდოდათო...
რამდენიმე დღის წინ, "ფეისბუქში" "წერილი" მივიღე: "...გარკვეული ტიპი არ ვარ მე... კარგა ხანია, "გუუგლ"-ში არ ამიკრეფია ჩემი გვარი და შენ მცირეტირაჟიან, ერთი მოექსპერტო ელემენტის გაზეთს, აბა, სად წავიკითხავდი? ჩვეულებრივი ჟურნალისტური ეთიკაა, ჩემს ნამოქმედარზე - ირაკლი ალასანიას დანიშვნა - ჩემთვის გეკითხა. გაშვებულმა პოლკოვნიკმა მაგისი რა იცის? ისე, ვანიჩკა, მარტო შენ გაზეთს კი არ უნდა კითხულობდე... მაგრამ, თქვენ და თქვენნაირებს დასავლური ღირებულებები მხოლოდ თქვენსავე სასარგებლოდ გჭირდებათ და გახსენდებათ. მე ვიცი, რითია ირაკლის მიმართ თქვენი სიყვარული განპირობებული... კიდევ ბევრი რამ ვიცი, მოთხოვნის უფლებაც მაქვს და ვალდებულიც ხარ, საპასუხო, გამოსარკვევი ინტერვიუ ჩემთანაც ჩაწერო..." რა პრობლემაა-მეთქი, მივწერე და შეხვედრა დავთქვით... მაშ ასე, 2014 წლის 29 ნოემბერი, 12 საათი, "ქორთიარდ მარიოტი"... საუბარი 5 საათს გრძელდება... მწვანე ჩაის სენდვიჩი და ყავა ცვლის... საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი მეუბნება, რომ "გარდასულ დღეებზე" ასე დეტალურად არასოდეს არავისთან ულაპარაკია. ეს, პრაქტიკულად, გენერალ ვალერი ხაბურძანიას მემუარებია, თუმცა საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ექსჩინოსანი გულწრფელია თუ არა (სხვათა შორის, ხაბურძანია მოგონებების სარკასტულად დაწერას თავადაც აპირებს. ისე, თანამოსაუბრისთვის სარკაზმი არც მე დამიკლია!)... და კიდევ ერთი: შეიძლება, ვინმემ იკითხოს, "ქართული სიტყვა", რომლის სარედაქციო პოლიტიკაც მკვეთრად პროდასავლურია, რუსეთისმოყვარულ ხაბურძანიას ტრიბუნას რატომ უთმობსო. პასუხი მარტივია: ჩვენ დემოკრატები ვართ! აი, სწორედ ესაა დასავლეთის ყველაზე დიდი ხიბლი! მაშ ასე, ვიწყებთ!
სტენოგრაფიული ჩანაწერი ¹5
უშიშროების ყოფილი მინისტრის ხუთსაათიანი საუბრის ჩანაწერის მეოთხე ნაწილიდან უკვე იცით, რომ ვალერი ხაბურძანიას გარშემო შავი ღრუბლებია შეკრული. სწორედ ამ დროს, ირაკლი ოქრუაშვილი ხვდება და ეუბნება, რომ მიშას კი არა, ბურჯანაძე-ჟვანიას არ "ევასება"...
ვალერი ხაბურძანია: - გამახსენდა, საპარლამენტო მდივანი რომ ვიყავი, ზურასთან კონფლიქტი მომივიდა, რომელიც მალევე მოგვარდა... მოკლედ, ხმა მომივიდა, რომ ბურჯანაძე-ჟვანია მოხსნას მიპირებს და ღამის სამ საათზე, პარლამენტში, ირაკლი ალასანია მიდის. გადაწყდა: ალასანია უშიშროების მინისტრად დაინიშნება, მე კი, უშიშროების საბჭოს მდივნად გადამიყვანენ.
- ასეთი როტაცია ხელისუფლებაში ჩვეულებრივი მოვლენაა!
- ახლა, ჩემს წინააღმდეგ მესამე მსოფლიო ომსაც გაამართლებ!.. ამ დროს უშიშროების მდივნის მოვალეობას ჯემალ გახოკიძე ასრულებს, რომელიც მირეკავს და მეუბნება, პრეზიდენტმა ალასანია გენერლობაზე წარადგინაო. სხვათა შორის, ჩემთან რომ მოვიდა, ირაკლი უფროსი ლეიტენანტი იყო და კაპიტნობა, მაიორობა და 2003 წლის 30 ნოემბერს ვიცე-პოლკოვნიკობა, ყველა ვადამდე, მე მივეცი.
- თუკი მაშინ ალასანიაზე ასე ზრუნავდით, დღეს რატომ ვეღარ იტანთ?
- ბიჭო, ფორჩხიძისა არ იყოს, ხომ შეეძლო, ჩემზე ერთი დადებითი სიტყვა ეთქვა? ამდენი ხანი ხელისუფლებაში იყო, 24 საათი მლანძღავდნენ და ერთხელ არ უთქვამს, პანკისის ამბებში ვალერი ხაბურძანიაც მონაწილეობდა და 23 ნოემბერს პარლამენტის კარის გაღებასაც ტყუილად აბრალებთო.
- ესე იგი, ალასანიას მიმართ, უბრალოდ, პირადული წყენა გაქვთ!
- არც მისი პოლიტიკური აქტიურობა მომწონს.
- ეგ თქვენი პრობლემაა!
- ქვეყნის პრობლემაა - ვთვლი, რომ საქართველოში სირიელი და სხვა ბოევიკების საწრთვნელი ბაზა არ უნდა იყოს.
- ჯერ ერთი, ალასანიას მსგავსი განცხადება არასოდეს გაუკეთებია. მეორეც, ჯობია, საქართველოში რუსი ოკუპანტების ყოფნა გააპროტესტოთ!
- ასეთი განცხადება იყო და საქართველოში ამერიკელებიც არიან!
- ეს ყოფნა რუსების ყოფნისგან იმით განსხვავდება, რომ ამერიკელები საქართველოს ოკუპაციას არ ცდილობენ, თან ამერიკელების დახმარებით ნატო-ში შევალთ და ევროკავშირის წევრიც გავხდებით!
- მანამდე არაფერი მეტკინოს, ვიდრე შენ ნატო-ში შეხვალ!
- ბატონო ვალერი, მე კი არა, ნატო-სა და ევროკავშირში ჩვენ, ყველანი შევალთ!
- რატომ გგონია, რომ ქართველ გლეხებსაც ეს უნდათ?
- კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ! გლეხმა იცის, რომ ევროკავშირთან გაფორმებულ-რატიფიცირებული ასოცირების ხელშეკრულება სწორედ მის ცხოვრებას გააუმჯობესებს!
- ეს მიამიტობაა, ეფექტი ნოლია და იგივეა, გაკოტრებულ ფირმას ხელშეკრულება რომ დაუდო, შენგან პროდუქციას ყოველგვარი ბაჟის გარეშე ვიყიდიო... ისე, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეკონომიკური ბრძოლაა, თორემ პოლიტიკური პროცესების ასე გაგრძელება არავის უნდოდა. უკრაინა ყველას ისე აინტერესებს, როგორც ბაზარი და ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეკონომიკურად ფეხზე წამომდგარი რუსეთის შიში გაჩნდა!
- უჰ, რუსეთი ფეხზე ძალიან წამოდგა - რუბლს პულსიც აღარ ესინჯება!
- ეს ცუდია, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერია. აშშ-ს მიზანში ჯერ რუსეთი ჰყავს, მერე - ჩინეთი და ყველაფერი ეს, თუ ასე გაგრძელდა, ახალი მსოფლიო ომით დამთავრდება და რამდენიმე ქალაქი - მოსკოვი, პეკინი, ვაშინგტონი, ლონდონი და პარიზი განადგურდება.
- მოსკოველებს რას ვერჩი, მაგრამ კრემლის, როგორც გიენების ბუდის განადგურება ნამდვილად მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა იქნება!
- კარგი, ახლა, კარგი... ხელს ნუ მიშლი, თორემ აღარ მახსოვს, სად ვიყავი.
- სად იყავით და, - ირაკლი ალასანიაზე "ჭორაობდით"...
- არ ვჭორაობდი! ჭორაობა არ მახასიათებს და ეგ შეგნებულად ცრუ მონაჭორის გავრცელებაა.
- ისე, ვაჟა გამახსენდა, ცუდას რად უნდა მტერობაო...
- მოკლედ, ირაკლის დავუძახე და ვუთხარი, ვიცი, წუხელ სადაც იყავი-მეთქი... ჰო, ჯერ იმას გეტყვი, გახოკიძემ რომ დამირეკა, პრეზიდენტმა მითხრა, ალასანიას გენერლობა უნდა მივანიჭოთო... არადა, გენერლობაზე მე უნდა წარმედგინა.
- მერე, წარგედგინათ - ახალგაზრდა კაცისთვის კარიერულ კიბეზე ხელი რომ წაგეკრათ, რა დაგიშავდებოდათ?
- რას ლაპარაკობთ, ვანიჩკა! ისეთი კაცი ვარ, რომ კანონს არ ვარღვევდი. სხვათა შორის, "ნაციონალები" რომ მოვიდნენ, ამბობდნენ, ხაბურძანიას არაფერი ჰკითხოთ, თორემ დაიწყებს, კონსტიტუცია და კანონიო...
- რა ვიცი, "ობშიაკს" ვაგროვებდითო და ეს კანონიერი იყო?
- მაგას ყველა აგროვებდა, მათ შორის სააკაშვილიც, არც ალასანია ცხოვრობდა 220 ლარზე, ასე რომ... ვიცე-პოლკოვნიკობის მინიჭებიდან ორი კვირაა გასული და მეუბნებიან, გენერლობაზე წარადგინაო. ვიცე-პოლკოვნიკსა და გენერალს შორის პოლკოვნიკის წოდებაა. მსოფლიო სამხედრო ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა კაცს წოდება საფეხურგამოტოვებით მიენიჭა და ეს მფრინავი გაგარინი იყო, რომელიც უფროსი ლეიტენანტი გაფრინდა და მაიორი ჩამოფრინდა. მოკლედ, ბატონ ჯემალს ვუთხარი, რომ ნინოს დაერეკა. ნახევარ საათში დამირეკა. მაშინ ნინოზე აღრენილი ვიყავი, ის კი, - ჩემზე.
- სამაგიეროდ, დღეს "გევასებათ"...
- პოლიტიკაა და თუ ინტერესები დაემთხვა, ასეა. მე და ნინო ერთი პერიოდის სტუდენტები ვართ და ეგ რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ერთადერთი მინისტრი ვიყავი, რომელიც დავდიოდი და მოხსენებებს "ვუკეთებდი".
- თქვენი და ბურჯანაძის რუსული "კანალები" ერთი და იგივეა?
- სამწუხაროდ, ნინოს არანაირი რუსული "კანალი" არ აქვს.
- აბა, "პაკლონაია გარაზე", პუტინის გვერდით, მე ვიდექი?
- ეს თავისი პოლიტიკური იმიჯისთვის გააკეთა, თორემ პუტინის გვერდით თავის დროზე მიშაც იდგა და ისიც თქვა, პუტინს თვალებში ჩავხედე და ამნაირი ჰუმანური ადამიანი მეორე არ დადისო.
- მიშაც, ჩემი აზრით, რუსული პროექტი იყო...
- მაშინ რუსული პროექტი ვინ არ არის?
- ვინ და, - ირაკლი ალასანია!
- ალასანია უფრო მეტადამერიკელია, ვიდრე ამერიკელები მისგან მოითხოვენ!
- ალასანიამ იცის, რომ საქართველოს ერთადერთი ხსნა ევრო-ატლანტიკური სივრცეა და "უფრო მეტად ამერიკელიც" ამიტომაა!
- არ შეიძლება, რომის პაპზე მეტი კათოლიკე იყო... ამ კაცს ხელისუფლებისკენ ლტოლვა აქვს.
- სხვათა შორის, ალასანია ხელისუფლებაში იყო და, ლტოლვა რომ ჰქონოდა, ხელისუფლებას არ დაუპირისპირდებოდა!
- კარგი, რა?! 7 ნოემბერს სად იყო?
- გეტყვით: 7 ნოემბრის შემდეგ, ლევან მიქელაძესთან ერთად, გადადგომას ეს ბიჭებიც აპირებდნენ, მაგრამ მიქელაძემ უთხრა, საბოტაჟი იქნებაო...
- ვანიჩკა, ეს ზღაპარია.
- გეგონოთ!
- მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ალასანიას ვერასოდეს იტანდა და ვერც ახლა იტანს, რადგან ორივე ამერიკული ლობის წარმომადგენელია და ერთმანეთს ბლოკავდნენ. რევოლუციის მერე, სააკაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა და ერთი თვე უმუშევარი იყო, მაგრამ მერე, ჩვენი დამღუპველი მეთიუ ბრაიზა მიშასთან მივიდა და ეუბნება, მიშა, ამ კაცის დაკარგვა არ შეიძლება, ამერიკელები აფხაზეთის საკითხის გააქტიურებას ვაპირებთ და ირაკლის აქეთ წავიყვანთო. მიშამ იფიქრა, ეს მკვდარი თემაა და მოვიცილებო.
- ის, რომ ირაკლი ალასანიას ამერიკელები მფარველობენ, კომპრომატი ტყუილად გგონიათ!
- ჯერ ერთი, არც ერთი ქვეყნის აგენტი არ უნდა იყო!
- ბატონო ვალერი, რა ხუმარა ხართ!.. მერწმუნეთ, კრემლის გავლენის ქვეშ ყოფნა ნამდვილად ცუდია!
- მოიცა, რა, მამამისი საბჭოთა-რუსული "კა-გე-ბე"-ს ოფიცერი არ იყო.
- მამამისი რუსებისგან გონებაარეულმა აფხაზებმა წამებით მოკლეს!
- ეს დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკებ!
- რაღა უნდა ილაპარაკოთ, ფაქტი სახეზეა: მამია ალასანია წამებით მოკლეს!.. ერთი სიტყვით, ალასანიაზე პიროვნულად ხართ განაწყენებული...
- შენ არ განაწყენდებოდი, კაცო?!
- თუკი ადამიანი ქვეყნისთვის კარგს აკეთებს, რატომ უნდა გავნაწყენდე?
- ვინ გითხრა, რომ ქვეყნისთვის კარგია? - 8 წელიწადი ხელისუფლებაში იყო და რა გააკეთა?
- იმაზე მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა, რაც აგვისტოს ომის დღეებში, გაერო-ში ჩურკინს დამართა?
- ჩურკინს კარგად დაუახლოვდა, ეს საგარეო ვიზუალი იყო, ჩურკინი მოსკოვში რომ ჩავიდა, თქვა, ერთადერთი ადექვატური ალასანიააო და ლავროვთან შეხვედრა მოუწყო.
- ჯერ ერთი, არავინ იცის, ჩურკინმა რა თქვა, მეორეც, ალასანია და ლავროვი ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ!
- იცის ზოგიერთმა. მოიცა, ერთი... ჩემი მინისტრობის დროს, მამამისის გადმოსვენების საკითხი დადგა და რუსებს დახმარება ვთხოვე. "ეფ-ეს-ბე"-ს დირექტორის პირველ მოადგილეს, პრონიჩევს ვაცილებდი, აეროპორტში ალასანია მოვიდა და გვერდით გაიყვანა. ესეც არ იყო ლამაზი... სხვათა შორის, პატრუშევი პირველად რომ ჩამოვიდა, შეხვედრაზე ალასანიასაც დავუძახე, რაღაცას ვლაპარაკობდით, ეს ბიჭი წამოხტა და პატრუშევისკენ გაიწია!
- კარგადაც უქნია - მტრებს ასე უნდა ველაპარაკოთ!
- ეს, ძმაო, სახელმწიფო სამსახურია, იმ დროს დსთ-ში ვართ და ირაკლისაც ვუთხარი, ემოციას თუ ვერ იკავებ და ვიღაცების მიმართ პირადი ანგარიში გაქვს, ჩაჯექი თვითმფრინავში, წადი და ააფეთქე-მეთქი. ასეთი ბავშვობა სახელმწიფო სამსახურში როგორ შეიძლება!
- აღიარეთ, რომ ალასანია, კაცურად, პატრუშევთან სწორად მოიქცა!
- ქუთაისელ კაცს კაცურს ნუ მასწავლი! ეს "შავი ბაზარი" და "ჩაცუცქობია" მიშამ, როგორც ამბობენ, დაამთავრა! რა "კაცურზეა" ლაპარაკი?
- ირაკლის ადგილას თქვენ რომ ყოფილიყავით, მამის მკვლელს ფიანდაზს გაუშლიდით?
- მამამისი აფხაზებმა მოკლეს.
- ხომ შევთანხმდით, რომ აფხაზებს გონება რუსებმა აურიეს?
- არა!
- აბა, ჰო, აფხაზებმა ომი სულ თავიანთი სურვილით დაგვიწყეს!
- იმაზე ნუ გადამიყვან, ელცინმა რა თქვა... რა, ახლა გინდა, მთელი ჩემი ცხოვრება მოგიყვე და ყველაფერი ეს უფასოდ წერო?
- უფასოდ რატომ უნდა ვწერო? - თუ გინდათ, თქვენზე წიგნს დავწერ და კარგ ჰონორარსაც გადამიხდით, "მოსულა"?
- წიგნის ორგანიზაციულ საკითხებში, რა თქმა უნდა, გადავიხდი, მაგრამ მინდა, ეს წიგნი სატირული იყოს, რადგან ყველაფერი, რაც ხდებოდა, სატირაა...
მოკლედ, კაცმა ძირი გამომითხარა - ბურჯანაძე და ჟვანია ჩემს ადგილას მის დანიშვნას აპირებენ. შე მამაცხონებულო, ამ სამინისტროში მე მიგიყვანე და...
- თუ იცოდით, რომ "მამაცხონებული" იყო, სამინისტროში რატომ მიიყვანეთ?
- პირველი მოადგილე არ მყავდა და როცა ამერიკელებთან ურთიერთობა დავიწყე, მივხვდი, მჭირდებოდა კაცი, რომელიც ამერიკელებთან ურთიერთობას დააბალანსებდა. ამ დროს ალასანია უშიშროების საბჭოში ჩემს ადგილას ახალი დანიშნული იყო და ვიცოდი, რომ ამერიკელები ავთო იოსელიანის შემცვლელად, ანუ დაზვერვის შეფად ამზადებდნენ... ისე, გინდა, მოგიყვე, როგორი „ამერიკელი" ვიყავი და ამერიკელები როგორ მენდობოდნენ?
- კაცო, თუ ამერიკელი იყავით, ეს ოკუპანტი რუსები რაღამ შეგაყვარათ?
- სხვები არავინ მიყვარს! მხოლოდ ჩემი ცოლი, შვილები და მეგობრები და სამშობლო მიყვარს! რუსეთში რაღაცები მომწონს, რაღაცები - არა. მოკლედ, თემას დავუბრუნდეთ, თემას: 1998 წელს ამერიკელებმა ძალიან "გაახურეს" და შევარდნაძეს და საჯაიას ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა მოთხოვეს.
- მერე?
- ამ დროს უშიშროების საბჭოში ახალი გადასული ვიყავი. საჯაია ერთი კვირით ჰონკონგში წავიდა, სადაც ინგლისელების მიერ შექმნილი ყველაზე წარმატებული ანტიკორუფციული სამსახური არსებობდა. სხვათა შორის, ჰონკონგი ინგლისის საოკუპაციო ზონა იყო, მაგრამ ეს „კეთილ" ოკუპაციად ითვლებოდა.
- ცინიზმი იქით იყოს და, რუსი ოკუპანტი მაინც განსაკუთრებული მოვლენაა - 85 წლის მოხუცებსაც აუპატიურებს!
- ვინ გააუპატიურეს?
- ეს ინფორმაცია თავის დროზე თქვენმა მეგობარმა მარიკა ვერულაშვილმა გაავრცელა...
- მარიკას ვკითხე, ეს რამ გათქმევინა-მეთქი და აბა, რა მექნაო. ხომ იცი, მაშინ სლოგანებს ხელმძღვანელობა "არიგებდა".
- შეიძლება, მაგრამ იმედია, არ უარყოფთ, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსებმა საშინელებები ჩაიდინეს!
- ალბათ, ომში ასეა, მაგრამ ჩადი გორში და იკითხე, რუსებმა რა გააკეთეს.
- უკვე ჩავედი, ვიკითხე და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ გორში რუსის ტყვიას არაერთი ადამიანი შეეწირა.
- ომია, კაცო, და აბა, როგორ იქნება? იქითაც ბევრნი დაიღუპნენ!
- რუსები შემოგვესივნენ! თქვენს სახლში რომ შემოვვარდე, ვარდებს მესვრით?
- ნუ იცით უტრირება. პოლიტიკაში ასე ლაპარაკი როგორ შეიძლება?.. იყო ორმხრივი სროლები, მერე, ჩვენებმა ესროლეს სამშვიდობო ჯარებს!
- ბატონო ვალერი, ერთი ქართული ანდაზა გამახსენდა, შეაყარე კედელს ცერცვიო... გიორგი ანწუხელიძე გმირია თუ არა?
- გმირია! ეს ბიჭი მიცვალებულ გმირად თქვენ გახადეთ, ვინც მხარს საომარ რიტორიკას უჭერთ, თორემ ცოცხალი გმირი იქნებოდა!
- მხარს საომარ რიტორიკას კი არ ვუჭერთ, ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ და ვამბობთ, რომ კრემლი ცუდი და ოკუპანტია!
- რუსეთი ჩვენთვის დღეს მტერია!
- ალილუია!
- რუსეთისთვის ჩვენც მტერი ვართ!
- ეს საიდანღა მოიტანეთ?.. ისე, რუსეთს ბაბაია ხომ არ დავუძახოთ?
- არა... ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს.
- და ეს "საერთო ინტერესი" რა არის?
- ის, რომ კავკასიაში მშვიდობა იყოს და მართლმადიდებლური სარწმუნოება არ გათახსირდეს!
- ვალერი ბატონო, მოსკოვში ცხოვრობთ და გაიგებდით, ამას წინათ, ორმა რუსმა ლგბტ პირმა ხელი მოაწერა - ესეც თქვენი ერთმორწმუნე და გაურყვნელი რუსეთი!
- კაი, კაცო, ტყუილია, ამ "უკრინფორ"-ს ნუ უსმენ.
- "უკრინფო"-ს კი არ ვუსმენ, "ნეფე-პატარძლის" ინტერვიუ წავიკითხე!
- მერე, რა?! რუსეთი დიდი ქრისტიანული სახელმწიფოა.
- და ამ "დიდ ქრისტიანულ სახელმწიფოს" მილიტარისტული მიზნები აქვს!
- რუსეთი იმპერიაა, ეს მისი არსებობის ფორმაა და უნდა, რომ სატელიტი სახელმწიფოები ჰყავდეს!
- ჩვენ კი არ გვინდა, კრემლის ვასალები ვიყოთ და ძალაა?!
- ვასალი ვასალია, ეგ პოლიტიკური ბოთეს მიდგომაა...
- ჩვენ ბოთეები ვართ და თქვენ - არა, ხო? სულხან საბასაც ბოთედ თვლით?
- სულხან საბა ევროპიდან დაბრუნდა და თქვა, ხალხო, ჩვენს თავს მივხედოთო... საერთოდ, პროზელიტიზმის, ანუ მოსყიდვის, გადაბირების წინააღმდეგი ვარ, ეს ათასი ჯურის სექტას და თუნდაც ტრადიციულ რელიგიას ეხება საქართველოში. სულხან საბაც პროზელიტიზმის მსხვერპლი იყო.
მოკლედ, ირაკლის ვუთხარი, ვიცი, რომ მინისტრობა შემოგთავაზეს-მეთქი...
- ბატონო ვალერი, დავაკვირდი და, ირაკლი ალასანიას "განადგურებას" ცდილობთ, სააკაშვილზე კი, მხოლოდ იმას ამბობთ, გიჟიაო. ისე, მიშა თვითონაც ადასტურებს, რომ აღვირი არ აქვს...
- მერე, რა დასკვნა გამოიტანე?
- ის დასკვნა გამოვიტანე, რომ ხალხი ტყუილად არ ამბობდა, ხაბურძანია სააკაშვილთან იყო შეკრულიო, თან არც მეუბნებით, "ვარდოსნებმა" გენპროკურორის მოადგილის პოსტი რატომ და როგორ მოგცეს...
- ისევ უზნაძე და განწყობის თეორია. აი, ახლა მიშას ამბებთან მივდივარ... რევოლუციის დროს, მიხეილ სააკაშვილს სერიოზულ ფიგურად არ ვთვლიდით და მასზე კონტროლიც კი არ მიდიოდა. შიდა საუბრებიდან ვიცოდით, რომ მიშასთვის მაქსიმუმი იყო, პარლამენტში 14 ადამიანი შეეყვანა. მას პატარა ფული ბადრი პატარკაციშვილმა მისცა... სხვათა შორის, მიტინგები რომ დაიწყო, "ნაცმოძრაობის" ოფისში "სასიკებს" ხარშავდნენ და მომიტინგეებს ურიგებდნენ. "სასისკების უფროსი" გივია თარგამაძე იყო. ჰოდა, ერთხელ, გივია დათვრა, "სასისკების" ფული შეჭამა, მომიტინგეებს ვეღარ მიუტანა და კარგა მაგრად "გაბერტყეს"...
მცირე არალირიკული გადახვევა - უშიშროების ყოფილმა მინისტრმა რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, ყველაფერ ამას იმიტომ გიყვები, რომ ჩემი სიმართლე დაიჯეროო. ჩავეკითხე, რატომ გადაწყვიტეთ, რომ გული მაინცდამაინც ჩემთვის გადაგეშალათ-მეთქი. სიტყვა-სიტყვით ასე მიპასუხა: "ჯერ ერთი ამ ტიპის პოლემიკაში ფორჩხიძის ინტერვიუებით თქვენ შემოდით, ამასთან ისეთი ტიპი ხარ და ისეთ ხალხთან გაქვს საქმე, რომ სწორედ აქ მჭირდება ჩემი სიმართლის მიტანა, თუნდაც ჩარკვიანების ოჯახთან..."
ვალერი ხაბურძანია: - ...საახალწლო მზადებაა და ჟვანია ამბობს, ევროპული ახალი წელი უნდა გვქონდეს - გლინტვეინი და ჰაი-ჰუიო. მივუგე, ზურა, ძალიან რთული სიტუაციაა და უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები უნდა მივიღოთ-მეთქი. სხვათა შორის, მანამდე კრწანისში, რაღაც ლეიბები ნახეს - თითქოს მიშას კლავდნენ. მივქარე და ამ ამბავს მეც ავყევი. სინამდვილეში, ბავშვები "შტაბობანას" თამაშობდნენ და ლეიბით ნაძვზე შტაბი გააკეთეს. შს მინისტრი ბარამიძე იყო, პანიკა და პიარი სჭირდებოდათ, მთხოვეს, იქნებ, შენც რამე თქვაო და ვთქვი, მიშას აქ ყოფნა არ შეიძლება, საშიში სიტუაციაა და დაცვა უნდა გაძლიერდეს-მეთქი.
- მაშასადამე, კონიუნქტურაზე წახვედით?
- დიახ... იმას აღარ მოგიყვები, როგორ ვყავდი ამერიკული აპარატით ირაკლის მოსმენაზე ჩართული...
- ბავშვობაში, ჩემი არ იყოს, თქვენც, როგორც ჩანს, ბევრ ზღაპარს კითხულობდით...
- ეგ კარგია, მთავარია, არ მოყვე, რა ზღაპარს... კაცო, ნამდვილ ამბავს გიყვები... მოკლედ, საახალწლო ღონისძიებაა ჩასატარებელი და ჩემი სპეცრაზმის ამერიკული ბრიგადა გამოიყვანეს, არადა, ამერიკელები ამის უფლებას არ გვაძლევდნენ... ვანიჩკა, იცი, კიდევ რაზე გავბრაზდი? - ირაკლის ჰქონდა განწყობა, რომ თითქოს მკვლელები მივუგზავნე.
- ვაიმე, მართლა მიუგზავნეთ?
- ზღაპარია... ალასანიაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ იმასთანაა დაკავშირებული, თუ რატომ ვიქცეოდი მე რაღაცნაირად.
- დღეს "რაღაცნაირად" რატომღა იქცევით?
- რუსეთთან დაკავშირებით?.. მაგასაც გავყვეთ... მოკლედ, ირაკლის თავი დავანებოთ და გადავიდეთ მიშაზე, რომელიც მოვიდა, თათბირი ჩაატარა და გვითხრა, აი, უშიშროების მინისტრად მოგიყვანეთ კაცი, რომელიც ძალიან ბოროტი არსებააო. ეს "არსება" ადეიშვილი იყო. ადეიშვილს ვთხოვე, მანქანით გამიშვი-მეთქი.
- შინ ფეხით რომ მისულიყავით, მეზობლების გაგიტყდათ, არა?
- არა. პირველ დღეს წავედი უკვე ფეხით, უბრალოდ, რევოლუციამდე, "ნისან-პატრული" შევუკვეთეთ, რომელიც რევოლუციის მერე ჩამოვიდა, ნაჯდომი არ ვიყავი და მინდოდა, სიმბოლურად მემგზავრა. სხვათა შორის, სალაპარაკო გახდა, რომ წიგნის თაროები წავიღე.
- მოიპარეთ?
- არა, ჩემი ფულით მქონდა ნაყიდი...
- კორუმპირებული ფულით?
- კი ბატონო, შენ მასე დაუძახე, მაგრამ, ვანიჩკა, წეღანაც გითხარი, ენა როგორ გიბრუნდება, რომ ჩემს კორუფციას იმ კორუფციასთან ახსენებ, რომელსაც ექვსი ნოლი უწერია... კიდევ ერთი დეტალი უნდა აგიხსნა: პანკისში სიტუაცია რომ გართულდა, ამერიკელებმა ირაკლის ოჯახს დაცვა გაუკეთეს - ვიდეოთვალი დაუყენეს, ესა, ისა... ეს რომ გავიგე, რეზიდენტს ვეხუმრე, ჩეჩნები ჩემს მიმართ ასე კარგად არიან განწყობილნი, რომ ტუალეტთან დინამიტი დამიდეს და რა ხდება-მეთქი. მიპასუხა, თქვენთან დაკავშირებით განსაკუთრებული გეგმა გვაქვს და დამავიწყდა, მომეხსენებინაო. მერე, ჩემთანაც რაღაცები გააკეთეს - ვიდეოთვალი დააყენეს. პროკურატურიდან რომ წამოვედი, ვანო მერაბიშვილმა დამირეკა, ვიდეოკამერები გქონიაო. მოხსნეს და წაიღეს... მინისტრობიდან რომ გადამაყენეს, მეორე დღესვე გენპროკურორის მოადგილედ დავინიშნე.
- იცოდით, რომ ამ თანამდებობაზე გნიშნავდნენ?
- ვიცოდი...
- ვინ გითხრათ?
- ჯერ ახალი წლის თემას დავუბრუნდეთ... მომივიდა ინფორმაცია, რომ სპეცრაზმმა რუსთაველის პროსპექტზე რაღაც აღმოაჩინა. ვიკითხე, რაც აღმოაჩინეს, სად არის-მეთქი. ჟვანიასთან წაიღესო. მივხვდი, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა ხელიდან მიმდის... თავი დავადე და ჟვანიასთან წავედი. რას ვხედავ: სპეცრაზმის უფროსი შალვა ჯანაშვილი, ირაკლი ალასანია და ზურაბ ჟვანია სურათებს ათვალიერებენ. ჟვანია მეუბნება, ვალერი, რაღაც აღმოვაჩინეთ, მაგრამ შენ აღარ შეგაწუხეთ და ვარჩევთ, როგორ გავაპიაროთო. სინამდვილეში, ქილა აღმოაჩინეს, რომელშიც "ბოლტები" ასაფეთქებელი ნივთიერების გარეშე იყო მოთავსებული. ვუთხარი, ეს ამბავი რომ გააპიაროთ, მთელი საახალწლო ღონისძიება ჩაიშლება-მეთქი. ზურამ, თუ ასეა, არ უნდა ვთქვათო...
ამ დროს ირაკლი ოქრუაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორია და მთხოვა, მიშამ მითხრა, თუ თავს გამოიჩენ, გენპროკურორად დაგნიშნავო და ჯგუფი მომეცი, უნდა დავტრიალდეო. ირაკლისთან ვმეგობრობდი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც" ერთად ვიყავით... აფხაზეთის 6-7-კაციანი სპეცრაზმი მივეცი, რომლითაც ბორდელები დაარბია...
მოკლედ, ოქრუაშვილმა მითხრა, ჟვანია ვერ გიტანსო. ეგ ვიცი, მაგრამ თქვენ რას აკეთებთ-მეთქი. მპასუხობს: გუშინ მე, მიშა, ჟვანია, მერაბიშვილი და ადეიშვილი აბანოში ვიყავითო.
- სად ვიყავითო?
- გოგირდის აბანოში, რა მოხდა მერე?
- არაფერი...
- ჰოდა, ჟვანიამ აიჩემა, ხაბურძანიას ახალ მინისტრთა კაბინეტში ვერ დავტოვებთო...
- აბანოში თქვენც ხართ ნამყოფი?
- მაგათთან ერთად - არა. საერთოდ, "ნაციონალები" მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს სწორედ გოგირდის აბანოში იღებდნენ...
როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა მითხრა, მიშას ჟვანიასთვის წინააღმდეგობა გაუწევია, თუ ხაბურძანია არა, მაშინ ახალ კაბინეტში არც დავით კირვალიძე უნდა იყოსო. ბოლოს, შეთანხმებულან, რომ ძველი მთავრობიდან არავინ დაეტოვებინათ და ოქრუაშვილმა მითხრა, არ ვიცი, შენი საკითხი როგორ გადაწყდებაო. ირაკლის მივუგე, რაღაც შესაძლებლობა და გამოცდილება მაქვს, თუ გინდათ, დამტოვეთ, თუ არა და, კარგად იყავით-მეთქი.
- ესე იგი, მიშას თქვენს მიმართ ცუდი განწყობა არ ჰქონდა?
- არც - კარგი, შიდა ომი მიდის და მიშა ჟვანია-ბურჯანაძის წინააღმდეგ მიყენებს, თან ჯერ გადაწყვეტილი არაა, რომ მიშა პრეზიდენტი გახდება. ნინო ახლა იძახის, კენჭი არ მაყრევინესო, მაგრამ რომც ეყარა, მიშას ვერ მოუგებდა, რადგან ხალხის განწყობა ასეთი იყო.
მეორე დღეს ვანო მერაბიშვილმა დამიძახა, რომელიც უკვე უშიშროების საბჭოს მდივანია. რუსების ნაჩუქარი, ახალთახალი "ვალი" მქონდა, რომელიც იმ დროს თითქმის საიდუმლო იარაღი იყო.
- რუსებმა "თითქმის საიდუმლო იარაღი" რა დამსახურებისთვის გაჩუქეს?
- იმიტომ მაჩუქეს, რომ პანკისში იმ ყარაჩაელი ტერორისტების დაჭერაში ვეხმარებოდი, რომლებმაც მოსკოვსა და ვოლგადონსკში საცხოვრებელი სახლები ააფეთქეს.
- ეს იარაღი ახლაც გაქვთ?
- არა... მაცადე... სხვათა შორის, ყველა იარაღი გაფორმებული მქონდა. ჰოდა, ვანოს ვუთხარი, აი, ამ "ვალს" შენს დაცვას ვჩუქნი, "ჰეკლერ კოხს" კი, - შენ, ოღონდ ეს მამაჩემზეა გაფორმებული და გადაიფორმე-მეთქი. მერე, ამ იარაღთან დაკავშირებით კურიოზი მოხდა... ვანომ ლაპარაკი გეოსტრატეგიაზე დამიწყო, ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ვიფიქრე, სად ვანო და სად - გეოსტრატეგია-მეთქი...
- მაშინ იცოდით, რომ ვანოს რუსებთან გარკვეული კავშირი ჰქონდა?
- კი, ვიცოდი, მაგრამ კავშირები თანდათან იშლება. სხვათა შორის, ვანო მოსკოვის ცენტრში, საბჭოთა არმიის კავშირგაბმულობის ერთ-ერთ დანაყოფში მსახურობდა. მაშინ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსკოვში მოხდა წარმოუდგენელი იყო, ყველაზე "დარმავოიდ" კი, კავშირგაბმულობა ითვლებოდა, მაგრამ ალბათ, დარაჯად იდგა, ანუ პრაქტიკულად, "კა-გე-ბე"-ს რაღაც ნაწილში მსახურობდა და ეს თვითონ რუსებმა მითხრეს, თორემ სპეციალურად არ ამომიქექავს. ვუთხარი, ვანო, რა შორიდან მივლი, პირდაპირ მითხარი, რა გინდა-მეთქი. ოქრუაშვილის ნათქვამი გამიმეორა, ჟვანია შენი მინისტრობის წინააღმდეგია, მაგრამ შენზე იუსტიციის მინისტრობას ვფიქრობთო. გამიკვირდა, უშიშროების მინისტრად არ მენდობით და იუსტიციის მინისტრად როგორ დამნიშნავთ-მეთქი. ვანომ უცებ მკითხა, კონტროლის პალატის თავმჯდომარედ არ წახვალო? მივუგე, ჯერ ერთი, სხვანაირად გაზრდილი კაცი ვარ, სულხანი და მე, ასე თუ ისე, მეგობრები ვართ და მას კონსტიტუციური ვადა ჯერ არ ამოუწურავს, მეორეც, კონტროლის პალატის თავმჯდომარის დანიშვნა პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, ნინო ბურჯანაძესთან კი, გართულებული ურთიერთობა მაქვს და არასოდეს იზამს, რომ ამ თანამდებობაზე წარმადგინოს-მეთქი. სხვათა შორის, პრეზიდენტობის თემა რომ დადგა, ამერიკელებმა აზრი მკითხეს და ვუთხარი, საკითხი რომ არ გაიხლიჩოს, პრეზიდენტობის კანდიდატი სააკაშვილი უნდა იყოს-მეთქი, ალასანია მხარს ბურჯანაძეს უჭერდა... კარგი, ვალერი, მოვიფიქრებთო, მომიგო ვანომ. გავბრაზდი და სამინისტროში დაბრუნებულმა მოადგილეებს ვუთხარი, ბიჭებო, წასულები ვართ-მეთქი.
- მოკლედ, გადარჩენისთვის იბრძოდით!
- ასეთი სიტუაცია შეიქმნა, თუმცა შევარდნაძის დროს მსგავს რამეს არ გავაკეთებდი...
მოკლედ, ვანიჩკა, ისეთი რუსული "ბეგრაუნდი", როგორსაც მაწებებთ, არ მაქვს და არასოდეს ვიქნები ქართველებისადმი ცუდად განწყობილი რუსების დავალებების შემსრულებელი!
- არც პუტინის დავალებებს ასრულებთ?
- არ აქვს პუტინს ეს დავალებები და არც შევასრულებ.
- ისევ ხუმრობთ, არა?
- პუტინს ჩვენთვის ყოველ დღე კი არა, თვეში ერთხელაც არ სცალია. ერთხელ, მასთან სტუმრად ვიყავი...
- ამის თაობაზე ადრეც მითხარით - ჩაი რომ დაგალევინათ...
- ჩაი კი არა, არაყი დავლიეთ... შევარდაძემ მთხოვა, პუტინთან წერილი მაქვს გაგზავნილი, პასუხი არ მომდის და იქნებ, პატრუშევს ჰკითხოო. ისეთი ვარიანტი ჩამივარდა, რომ პირდაპირ პუტინთან აღმოვჩნდი.
- თან მოსასვენებელ ოთახში - ტა-ნა-ნააა...
- პუტინს შევარდნაძის თხოვნა გადავეცი. მიპასუხა, რა წერილი, აბა, ჩემს მაგიდას შეხედე და გგონია, ყველაფერს ვკითხულობ? თუ რამე უნდა, დამირეკოსო...
- ერთი სიტყვით, ვანო მერაბიშვილმა კონტროლის პალატის თავმჯდომარეობა შემოგთავაზათ. მერე, რა ხდება?
- სამინისტროში დავბრუნდი და სულხან პაპაშვილს დავუძახე...
- პაპაშვილი ისევ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ხელმძღვანელია?
- არა... სულხანმა შემომთავაზა, მოდი, მოლაშვილს დაველაპარაკოთ, იქნებ, ეს ვარიანტი ჯობდესო. ამასობაში, მოლაშვილზე შეტევა დაიწყეს.
- გამოდის, რომ "ნაციონალებმა" სულხან მოლაშვილზე იერიში თქვენს გამო მიიტანეს!
- არა, არა... მოლაშვილის მიმართ პირადი განაწყენება სააკაშვილს ჰქონდა. რევოლუციის დროს, ჩემთან ე.წ. რევოლუციის "ინწელიგენცია" მოვიდა - ბუღაძე, დათო ტურაშვილი, ლევან რამიშვილი, რამდენიმე პოეტი და მითხრეს, სწორ გზაზე ვდგავართ და კორუმპირებულები, მათ შორის, სულხან მოლაშვილი უნდა დაიჭიროთო.
- დასთანხმდით?
- რომ დავთანხმებულიყავი, ტაშს დამიკრავდნენ, შავ საქმეებს გამაკეთებინებდნენ და მერე, რა თქმა უნდა, მაინც მომხსნიდნენ, მაგრამ შტერი არ ვარ, თან მორალი წავუკითხე, ჯერ ერთი, ეს კაცი ჩემი მეგობარია, მეორეც, სისტემაში ყველანი კორუმპირებულები ვართ, მიშაც მუშაობდა და თქვენს რევოლუციურ განწყობას ანგარიშსწორებაში ნუ გადაიყვანთ-მეთქი.
სხვათა შორის, მერე, მოლაშვილი ბრალს მიყენებდა, იცოდი, რევოლუცია რომ მოხდებოდა, მაგრამ არ მითხარიო.
- შეგეძლოთ, რომ მიშასთვის მოლაშვილის დაჭერა გადაგეფიქრებინათ?
- არა.
- რატომ?
- ავტორიტეტი კოხია გარდაიცვალა. ამ დროს უკვე გენპროკურორის მოადგილე ვარ. კოხიას არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემი ახლო მეგობრის სიმამრი იყო და გასვენებაში მივედი. გავიხედე და, მოლაშვილიც მოვიდა, მაგრამ დღემდე არ ვიცი, რატომ. სხვათა შორის, ჭირისუფალმაც მკითხა, აქ რა უნდაო. ამ დროს, როგორც მერე გავიგე, მოლაშვილს უკვე "მეშვიდე" დაჰყვებოდა, რომელმაც პატაკი დაწერა... ვიდრე გასვენებაში წავიდოდი, ირაკლი ოქრუაშვილს დავურეკე და ვუთხარი, მიშას ახლობლები რომ არიან, შარანგიები, ისინიც იქნებიან და გასვენებაში მივდივარ-მეთქი... მოკლედ, "მეშვიდის" წერილში ეწერა, კოხიას გასვენებაში უშიშროების ყოფილი მინისტრი მივიდა, რომელმაც კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარეც მიიყვანაო. არადა, ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით. ამ დროს სულხანთან ხელი აღარ მიმიწვდებოდა, მაგრამ ჩვენი ბიჭები აფრთხილებდნენ, წადი, თორემ დაგიჭერენო... ისე, უშიშროების საბჭოზე, რომელსაც ბურჯანაძე ატარებდა, სულხან მოლაშვილი მოვიდა და განაცხადა, კონსტიტუციური ვადა მაქვს, შემიძლია, გაგიძალიანდეთ და არ გადავდგე, მაგრამ ახალ წლამდე მაცადეთ და როგორც კი ახალ პრეზიდენტს აირჩევთ, გადავდგები და წავალო. მოკლედ, დაახლოებით, ასეთი მორიგება შედგა და 2004 წლის 5 იანვარს სულხანი, მართლაც, გადადგა, მაგრამ ეგენი რისი გველები იყვნენ, თუ მოლაპარაკებას არ დაარღვევდნენ.
- არ დაგავიწყდეთ: ამ "გველებთან" მშვენიერი ურთიერთობა გქონდათ!
- იმას გიყვები, კაცო, პირობებს მეც როგორ მირღვევდნენ...
- ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ოქრუაშვილმა შეგიფარათ, არა?
- ირაკლიმ მითხრა, ჟვანიამ ერთი ამბავი ატეხა და იძულებული ვარ, ჩემთან წაგიყვანო, თან რაღაცების ქექვა დაიწყეს და ასე ჯობიაო. სხვათა შორის, ამ დროს ოქრუაშვილს, ადეიშვილსა და მერაბიშვილს შორის ფავორიტობისთვის შინაგანი ბრძოლა უკვე დაწყებულია...
მერაბიშვილთან შეხვედრაზე გიყვებოდი და ვერ დავამთავრე: ვანომ მითხრა, სამსახურის საკითხი ვერ გადავწყვიტეთ, მაგრამ შენთან, როგორც გამოცდილ კაცთან, ერთი შეკითხვა მაქვსო. თუ გამოცდილად მთვლი, კარგი, გისმენ-მეთქი. ვაპირებთ, ჯარს კარგად ჩავაცვათ, გავწვრთნათ და ექვს თვეში, ცხინვალში, ან სოხუმში შევიდეთ და შენი აზრით, რა მოხდებაო. მივუგე, რუსები თბილისს დაბომბავენ-მეთქი. გაეცინა, შენნაირი მინისტრები რომ იყვნენ, ახლა ამ კაბინეტში ამიტომ ვზივარო. ღმერთმა ამ კაბინეტში დიდხანს გამყოფოს, მაგრამ მე ჩემი გითხარი-მეთქი. ასეც მოხდა...
- მაშასადამე, აგვისტოს ომის სცენარი ჯერ კიდევ 2003 წელს გცოდნიათ!
- იმ ქორების განწყობა, რომლებიც რუსეთში პოლიტიკას ქმნიან, რა თქმა უნდა, ვიცოდი!
...ამ დღეში ვარ და მიშამ მოსკოვში ვიზიტი გადაწყვიტა. სხვათა შორის, მინისტრად რომ დამნიშნეს, მეც პირველად მოსკოვში წავედი.
- აბა, ვაშინგტონში არავინ ჩაგიშვებდათ!
- როგორ გეკადრებათ! მერე, ვაშინგტონშიც ვიყავი...
- მოსკოვში, როგორც ვიცი, ე.წ. იურიდიული ბიზნესი გაქვთ, არა?
- საარბიტრაჟო მოსამართლე ვარ, იურიდიული დახმარების სამსახურიც მქონდა, სამი წელი კი, ევტუშენკოვთან ვმუშაობდი, რომელიც ახლა დაიჭირეს. პუტინის მასეთი მეგობარი რომ ვყოფილიყავი, როგორადაც მხატავენ, ვერ მივეხმარებოდი, რომ არ დაეჭირათ?
- რუსეთის მოქალაქე ხართ?
- არა. საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელება მინდა...
...იმ ხალხის სიას ვკითხულობ, ვინც მიშას მოსკოვში მიჰყვება და ჩემი მოადგილე, ირაკლი კოტეტიშვილიც აღმოვაჩინე. დავუძახე, ამის შესახებ რატომ არ ვიცი-მეთქი. ირაკლი ოქრუაშვილმა ჩამსვაო. გავბრაზდი და ოქრუაშვილს დავურეკე. ირაკლი მოსკოვში გვჭირდება, ვიცით, რომ იქ წრე გყავთო. მოსკოვში ჩემი მეუღლის ახლობლები, ქართველი ებრაელები ცხოვრობენ, რომელთა ნაყიდი პალტოც მიშას ინაუგურაციაზე ეცვა. ეს ებრაელები მილიონერები არიან და დღესაც მეხმარებიან... სხვათა შორის, ამ ჩემმა ებრაელმა მეგობრებმა ოქრუაშვილსაც ჩააცვეს და ადეიშვილსაც... მერე კი, მიშა დაჭერას უპირებდა... ოქრუაშვილმა შემომთავაზა, იქნებ, მოახერხო, პუტინმა მიშას შენზე რამე კარგი უთხრასო. მივუგე, როგორც გაბრიჩიძე და გახოკიძე, მეც უზენაეს სასამართლოში გამიშვით, ხელფასი მექნება და დავისვენებ-მეთქი... ასე იყო თუ ისე, პატრუშევს დავურეკე, თუ მოახერხებ, პუტინმა მიშას ჩემზე ერთი-ორი დადებითი სიტყვა უთხრას-მეთქი. სინამდვილეში, "გამაბოთავეს", მაგრამ მიშამ კაცი გამომიგზავნა და რა მექნა, პუტინთან არ დამერეკა?.. მოკლედ, მიშა სამ დღეში საქართველოში დაბრუნდა, ირაკლი ოქრუაშვილი მოვიდა და მეუბნება, ვალერი, ეს რა იყო, პუტინმა შენს გამო მიშა შეჭამა - შვიდჯერ მაინც გახსენა და მიშა ამაზე ძალიან გაბრაზდაო.
- მართლა გახსენათ?
- "ლონდრეს" ვარიანტი გამითამაშეს, თუ გეწყინება, ფულს არ გადაგიხდიო...
- ბოლოს და ბოლოს, პუტინმა გახსენათ თუ არა?
- ვიდრე გაფრინდებოდა, მიშამ ინტერვიუ მისცა და მარიკა ვერულაშვილის დახმარებით, ჟურნალისტებს ვაკითხინე, მომავალ კაბინეტში ვალერი ხაბურძანია იქნება თუ არაო... საერთოდ, მეგობრობას პოლიტიკის გამო არ ვივიწყებ. გუბაზ სანიკიძე ოპოზიციაში იყო, მაგრამ უახლოესი მეგობარია და ხანდახან, ჩემთან, კაბინეტში მოდიოდა და ერთად ვსადილობდით ხოლმე...
- 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე თქვენი და სანიკიძის ჩანაწერიც მოვისმინეთ...
- ეს სატელეფონო საუბარი კი არა, სახლშია ჩაწერილი...
ბუნებრივია, დაინტერესდით, იმ მილიონიდან, რომელსაც გუბაზ სანიკიძე ზემოხსენებულ ყბადაღებულ ჩანაწერში ახსენებს, ვალერი ხაბურძანიას რამდენი ერგო. ჰოდა, ცნობისმოყვარეობა რომ დაიკმაყოფილოთ, უშიშროების ყოფილი მინისტრის ხუთსაათიანი საუბრის სკანდალური სტენოგრამის მეექვსე, ანუ დასკვნით ნაწილს უნდა დაელოდოთ, რომელსაც "ქართული სიტყვა" ზუსტად ერთ კვირაში, 14 იანვარს, ესე იგი, ძველით ახალ წელს გამოაქვეყნებს...
(წყარო:ქართული სიტყვა, ვანო პავლიაშვილი)