reportiori.ge - დეტალები ყვირიან - (ნაწილი III)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:36
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დეტალები ყვირიან - (ნაწილი III)
ავტორი:
15 იანვარი, 2015. 14:51


ახალგაზრდობის ჟამს ერთი ასეთი მოხტუნავე აზრი  მაქვს დაწერილი, სიტყვა  „შური" უზნეო ხასიათისაა, სიტყვა „ძიება" კი მუდამ საქმიანი და მოფუსფუსე, მაგრამ, დროდადრო დგება ჟამი, როცა ხალხი ყველაფერს ივიწყებს  ამ ორი სიტყვის შვილობილის გარდა, შეხედეთ როგორ ზარივით რეკს- შურისძიება! შურისძიება! შურისძიება!


აი, ზუსტად ეს ჟამი დგას ახლა ჩემს სამშობლოში. ხალხის შურისძიებას გაექცნენ ის ბატონები, თორემ მათი დანატოვარი მართლმსაჯულება მაგათთვის  ახლა უდაბნოში ოაზისივითაა. მავანთათვის ვაზუსტებ, შურისძიება მხოლოდ სამართლიანად, მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით, მხოლოდ გამჭვირვალე პროცესის შედეგად უნდა შედგეს და არა რუმინელების მსგავსად პრეზიდენტის აგურის კედელთან მიყენებითა და სისხლის წყურვილით, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ჩაუშესკუს არც კი დაესიზმრებოდა სააკაშვილის მასშტაბები. ასეთ შურისძიებას  ითხოვს ხალხი და ასეთ შურისძიებაზეა შეთანხმებული საზოგადოება და ხელისუფლება. სწორედ ამიტომ იყრის თავს ათი ათასობით ადამიანი იმ მიტინგზე, სადაც ეს ერთადერთი თემა ხმიანდება, გასამართლდეს რეჟიმი, გასამართლდნენ  და დაისაჯნონ დამნაშავეები.


ასე, რომ, ბატონებო, რაც უფრო დიდხანს შეეშლება ხელი სამართლის აღსრულებას, მით უფრო გაძლიერდება ხალხის პროტესტი და შურისძიების სურვილი.


როცა აფხაზეთიდან რუსებმა და რუსეთის მარიონეტებმა ქართველები გამოყარეს, ერთმა რუსმა ებრაელმა ქალბატონმა რამდენიმე თვე კი გაძლო ქართველებისაგან დაცლილ ქალაქში და მერე, როცა, როგორც თავადვე თქვა, ინტელექტუალური შიმშილი დაეწყო, ადგა  და სოხუმიდან გამოიქცა. თბილისში გადავეყარეთ ერთმანეთს. სწორედ მაშინ  გამიზიარა ერთი ასეთი მოსაზრება. ნუ მიწყენთ, მაგრამ, ძალიან უცნაურები ხართ თქვენ ქართველებიო, მტერი თუ არ შეიზიზღე, ისე მას  ვერასოდეს  დაამარცხებ, თქვენ კი ვერავის შეზიზღებას ვერ ახერხებთ, არც  აფხაზები გეზიზღებათ, არც ოსები, ყველამ იცის რომ ისინი ძალიან უმადურად მოექცნენ ქართველებს, მაგრამ თქვენ მაინც არცერთი გეზიზღებათ და არც მეორეო. სხვათაშორის,   ვერც რუსების ზიზღი  შეგამჩნიეთ,  მე ხომ ქართული არ ვიცი,  რუსულად საუბრის მიუხედავად ყველასგან აშკარად კეთილგანწყობას ვგრძნობო. როცა ეს აღმოვაჩინე, მერე თქვენი ისტორიითაც დავინტერესდი და ადვილად დავადგინე, თქვენს ამ თვისებას ისტორიული საფუძველი ჰქონია, გვინდა არ გვინდა,   გენეტიკასთან მივდივართ. გენეტიკურად ვერ ახერხებდით თუნდაც აშკარა მტრების შეზიზღებას. ყველაზე მეტად კი იმან გამაოცა, რომ ამგვარი მენტალიტეტის ხალხმა ან ამდენი ომი როგორ მოიგეთ და ან მერე დამარცხებულთა მიმართ გულმოწყალეობას ცხელ გულზე როგორ ახერხებდითო.


მახსოვს, ვუსმენდი იმ ჭკვიან ქალბატონს და ცოტა არ იყოს მიკვირდა, ამაზე ჩვენ, ქართველებს, რატომ არასოდეს გვიფიქრია-მეთქი. საკუთარ თავს გამოცდაც კი მოვუწყვე, დამაინტერესა ვგრძნობდი თუ არა რომელიმე ეროვნების მიმართ თუნდაც  ცოტაოდენ, თუნდაც რაღაც ზიზღის მაგვარს. ვერა, მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე. წყენა  კი ბატონო, ზიზღი ვერა. მართალი უთქვამს ქალბატონ ელა სოიფერს მეთქი, გავიფიქრე და მერე საერთოდ გადამავიწყდა ეს საინტერესო მიგნება. ახლა  რატომღა  გამახსენდა?! იმიტომ, რომ, ჩვენი  ევროპელი  მეგობრების გასაგონადაც ვამბობ,  აი ამ ზიზღის მოძულე ტრადიციების მქონე ხალხმა, ხალხმა, რომელმაც სამი ათასი წლის მანძილზე ვერცეთი მოძალადის შეზიზღება ვერ მოახერხა, არასრულ ცხრა წელიწადში იმდენად შეიზიზღა საკუთარი ხელისუფლება, რომ ნაციონალების ხსენებაზე უბრალოდ იფურთხებიან.


ის რაც ჯალალედინმა, თემურ ლენგმა და შაჰ-აბასმა ვერ მოახერხა,  სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა შეძლო. დგანან ახლა და რაც დაიმსახურეს, იმის მომკის ნაცვლად, ცდილობენ მთელ მსოფლიოს დაჩაგრულად მოაჩვენონ თავი და მხარდაჭერას მათხოვრობენ.


მერწმუნეთ ბატონებო, არ არინ ისინი არც თქვენი მხარდაჭერის, არც თქვენი თანადგომის ღირსნი, რადგან მათი ადგილი საზოგადოებაში კი არა, თემიდას სასწორზეა.

ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება. ყველა ადამიანს ხომ საკუთარი ცხოვრების ისტორია აჩრდილივით თან დასდევს. ამ ისტორიას  ჯერ თავად ქმნის, მაგრამ მერე დგება მომენტი, როცა თავისივე შექმნილი ისტორიის მძევალი ხდება. სურს თუ არ სურს, ვეღარსად გაექცევა, მისია და სამუდამოდ მისი იქნება. საქორწილო კაბის შლეიფივით მუდამ კუდში დასდევს. სააკაშვილსაც დასდევს ასეთი შლეიფი,სულ მთლად სისხლში ამოსვრილი გრძელი შლეიფი, მტრების კი არა, საკუთარი ხალხის სისხლში ამოსვრილი. სისხლიან შლეიფს კი აბა  ვინ გაქცევია, სააკაშვილი რომ გაექცეს. ვეღარც დასავლეთი უშველის მას და ვეღარც აღმოსავლეთი. განწირულია. ადრე იქნება თუ გვიან, ის  სისხლიანი შლეიფი წამოეწევა, მოიხელთებს სადმე და დაახრჩობს.ყველამ უნდა იცოდეს, რომ საკუთარი ხალხის სისხლს ვერასოდეს  ვერსად   დაემალება.


მე კი, ამასობაში, დავიღალე ამ სისხლიან კაცზე საუბრით, სიამოვნებით მოვცილდებოდი, მაგრამ, ერთი უსიამოვნო განცდა მაბეზრებს თავს, ისიც ვიცი რომ იგივეს სხვებიც განიცდიან, ამიტომ, ცოტახნით მასთანაც ჩავიმუხლებ.


პირდაპირ გეტყვით, მიხეილ სააკაშვილი ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ დაგეგმილი დივერსიული პროექტი მგონია. დააპროგრამეს და შემოაგზავნეს. მიზანი საქართველოს დაქცევა, ქართველის ხალხის განადგურება და ამოძირკვა იყო. თუ მისი მმართველობის შედეგებით ვიმსჯელებთ, ძნელია სხვაგვარად იფიქრო. ყოველგვარი საუბრები ბიუჯეტის გაზრდაზე თუ რეფორმაზე  უაზრობაა, როცა საკუთარი ხალხის განადგურება და გადაშენება გაქვს ჩაფიქრებული. ხომ დამტკიცებული ფაქტია, რომ სააკაშვილს საკუთარი ხალხი ეზიზღებოდა  და აბსოლუტურად სერიოზულად აპირებდა ახალი ყაიდის საზოგადოების შექმნას. ამისთვის შექმნა ეგრეთ წოდებული პატრიოტთა ბანაკები, სადაც საგანგებოდ აგრესიული ახალგაზრდების გამოყვანას ცდილობდნენ. მათ  ყველაფრის  უფლება ჰქონდათ, თუ კი ერთადერთ ჭეშმარიტებას აითვისებდნენ, ლიდერი ყოველთვის მართალია.


მიშას ორმაგ აგენტობაზე კარგა ხანია სერიოზული ეჭვები ისედაც არსებობს, სერიოზული ხალხი საუბრობს და სერიოზულ არგუმენტებსაც იშველიებენ. სხვათაშორის გოგა ხაინდრავასაც არაერთხელ უთქვამს იგივე და მასაც სერიოზული და დამაფიქრებელი არგუმენტები შემოუთავაზებია. მე კი უკვე  გაჟღერებულ არგუმენტებს აღარ შევეხები, მათი მოძიება დაინტერესების შემთხვევაში არაა  ძნელი. მე მხოლოდ ერთ ისეთ არგუმენტსაც ჩავდებ საერთო ყულაბაში, რომლისთვისაც, ჩემი აზრით,ჯერ  არავის მიუკითხავს.


აგვისტოს ომის შემდეგ ერთი ასეთი ვერსია ამოატივტივეს, პუტინის მთავარი მიზანი სააკაშვილის ხელისუფლებიდან მოცილება გახლდათო. ვფიქრობ, რომ, ეს ვერსია  გარკვეული მიზნითაა შემოგდებული და აი რატომ. პუტინს რომ ეს მიზანი ჰქონოდა, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში ტანკებს რატომ შეაჩერებდა და უკან რატომ გააბრუნებდა?! მე პირადად მეღიმება, როცა გვეუბნებიან, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ზეწოლის შედეგადო. ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა  ასეთი ზღაპრების, მით უმეტეს დღეს, როცა რამდენიმე მეგობარი ქვეყანა კი არა, ლამის დედამიწის მთელი ნახევარსფერო აწვება რუსეთს, მაგრამ, პუტინის  სიჯიუტეს ძვრაც ვერ უყვეს, ზეწოლა კი არა ლამის ჩაძირონ, ნავთობი გაუიაფეს და ეკონომიკა აუცრემლეს, რუბლი, შეშინებული სააკაშვილი რომ გორში გარბოდა და საკუთარი დაცვა ვერ ეწეოდა, იმაზე სწრაფად გარბის ზევით, მაგრამ, პუტინი მაინც თავისას ერეკება. ასე, რომ, სპექტაკლი დადგეს მაშინ, ტანკებზე ვამბობ, თორემ პუტინი სარკოზის კი არა მამაზეციერს აღარ უჯერებს.


ჰოდა, თუ თქვენც არ მიჯერებთ, დაფიქრდით მაინც,  მისი სურვილი რომ არ ყოფილიყო, თბილისის კარებთან მომდგარ ტანკებს უკან გააბრუნებდა?!


ეს არ იყო ის შემთხვევა, როცა მავრმა თავისი საქმე  გააკეთა და მავრი უნდა წასულიყო. პირიქით, მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრი უნდა დარჩეს, მავრს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.


გააკეთა კიდევაც, აგვისტოს ომი დამთავრდა თუ არა, მიხეილ სააკაშვილმა ცხელ გულზე ქვეყნის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადააბარა. და, სულ ახლახან იგივე გააკეთა „გალფის" გაყიდვით. ნუ დაგვავიწყდება, რომ,  პუტინსაც და სააკაშვილსაც  სამი ერთი და იგივე ასო აქვთ მიბეჭდილი შუბლზე - КНБ.


ასე თანდათან გაგვიხდა მავრი, საქართველოსთვის ბოღმა და ჯავრი!


ისიც ნაცადი ხერხია, შენი საიდუმლო მისია რომ გადაფარო, რასაც თავად აკეთებ, შენს ოპონენტს უნდა გადააბრალო. ამიტომაც გაიგიჟა სააკაშვილმა თავი ბიძინა ივანიშვილზე, პუტინის პროექტიაო. ვიკითხავ ახლა, რაც  უკვე ვთქვი სააკაშვილზე და რასაც კიდევ ვიტყვი, ნუთუ იმის უფლებასაც არ გვაძლევს, რომ, ეს წმინდა წყლის ავანტიურისტი ეჭვმიტანილად მაინც გამოვაცხადოთ?! რატომ იცავენ მას ასეთი გააფთრებოთ მავანნი და მავანნი?! ჩვენზე გაცილებით მეტი იციან?


ჯერ ერთი, გითხარით უკვე, სააკაშვილს ჩვენ კი არა საკუთარი სისხლით გაჟღენთილი ისტორია დევნის-მეთქი.


და, მეორეც, ოდესღაც, მითების ხანაში, ევროპას გარკვეული მიზნით ზევსი კი დასდევდა, მაგრამ, იგი ხომ ქართული პანთეონის ღმერთი არასოდეს ყოფილა?! მაშ რატომ ხართ ჩვენზე აღრენილები?!


ვიცი, ძალიან გადაგღალეთ და ამიტომაც შემოგთავაზეთ ეს ღიმილიანი პაუზა. ახლა კი იმ ხალხით გავაგრძელებ საუბარს, რომლებიც არსადაც  არ გაქცეულან, საქართველოს პარლამენტში მოკალათდნენ, მანამდე მედუზას გორგონასავით სააკაშვილის თავიდან აღმოცენდნენ და დღემდე ასპიტებივით იგესლებიან. არც ნირი ეცვლებათ  და არც იხტიბარი. მათზეა ნათქვამი, უნამუსოს პირში  აფურთხებდნენ და რა კარგი წვიმა მოდისო. არც დანამუსება შველით, არც დაყვავება, არც მოფერება, რადგან ბოროტების ხელოვნებას ფლობენ უზადოდ. კომპიუტერებივით დაპროგრამებულები არიან და ყველას თავისი მკაცრად განსაზღვრული ინდივიდუალური პროგრამა აქვს ერთი საერთო სახელით- ვინდოუს ტყუილი. ერთმა ბიძინა ივანიშვილის რუსეთის აგენტობა უნდა ახსენოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე ძველი ანეგდოტია და დასავლეთსაც კი აღარ ეცინება, მეორემ მისი მაფიოზობა, მესამემ მისი კორუფციონერობა, მეოთხემ მისი ზვიგენი და მიდიი... ასე და ამ სტილში აგრძელებენ უკვე ორი წელია.


ჩვენს ქვეყანაში უმადურ ხალხს აბა რა გამოლევს, მაგრამ, ნაციონალი პარლამენტარი მექანიზმების უმადურობა მართლაც ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მათ ადგილზე შედარებით ნორმალური ხალხი ბიძინა ივანიშვილს მთლად  ძეგლს თუ არა, ბიუსტს მაინც დაუდგამდა მათთვის ასე საყვარელი ზვიგენის კვარცხლბეკზე, მაგრამ, ამის ნაცვლად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი ლანძღვა-გინებით სავსე ზურგჩანთებს არ იცილებენ ზურგებიდან. შემოვლენ, დასხდებიან, მოხსნიან თავს იმ ლანძღვა-გინებით, ჭორებითა და სიცრუით გადატენილ პანდორა-ზურგჩანთებს და იწყება ბიძინა ივანიშვილის საშინელი საქმეებით ჟონგლიორობა.


ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო, რადგანაც თავად ვერ ხვდებიან რატომ უნდა უდგამდნენ ძეგლს ბიძინა ივანიშვილს,  რაც არის არის, მე გავუწვდი დახმარების ხელს, თუმცა, სტატიის დასრულების დროს კიდევ  ვაპირებ დახმარებას, მაგრამ, მანამდე ჯერ შორსაა და ჯერ ამ პირველს მივხედოთ.


საქმე ის გახლავთ, რომ ყველა ნაციონალი, ვინც მოახერხა და ამ მოწვევის პარლამენტს შეაფარა თავი, 9 წლის მანძილზე იმ ცნობილი  სამი მაიმუნის პოზაში იყო, ერთს რომ თვალებზე აქვს ხელები აფარებული, მეორეს ყურებზე და მესამეს ბაგეებზე. ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის და თან მუნჯი ვარ.


ხაზგასმით ვამბობ, რომ სრული თუ არასრული 9 წელიწადი იმ მაიმუნების პოზაში იყო ყველა. გამოჩნდა  ამ დროს ბიძინა ივანიშვილი, დაარღვია მათი მუნჯი იდილია და  აღმოჩნდა, რომ, თურმე არც ბრმები ყოფილან და არც ყრუ-მუნჯები. ყველაფერს ხედავდნენ, ყველაფერი ესმოდათ და ლაპარაკიც მშვენივრად შეძლებიათ. 9 წელიწადი თავს იტყუებდნენ საცოდავები.


სცოდნიათ, რომ უსამართლოდ არავის არ უნდა მოექცე, არ უნდა აწამო, რომ უკანონო მიყურადება არ შეიძლება, რომ კერძო საკუთრებას არ უნდა შეეხო, რომ ადამიანი უსახსრობის გამო სასიკვდილოდ არ უნდა გაიმეტო, მით უმეტეს, როდესაც კონსტიტუციით სიცოცხლის უფლება აქვს... უარესებიც კარგად სცოდნიათ, რომ მიტინგზე შეკრებილ ხალხს წინასწარ მოედანი არ უნდა გაუყინო, რომ არჩევნების გულისთვის ხალხს კბილები არ უნდა დააძრო, რომ ომის ვეტერანებს პატივისცემით უნდა მოექცე და არ უნდა დააწიოკო, რომ პატარა ბიჭის თვალწინ მისი ახლობლები არ უნდა ჩახოცო, რომ ახალგაზრდა კაცი ქალაქგარეთ ერთი ქალბატონის ახირების გამო არ უნდა გაიყვანო და იქ წამებით არ უნდა მოკლა, რომ საპროტესტო მიტინგზე ადამიანები არ უნდა დახოცო და მერე ვიღაცის მაღაზიის სახურავზე არ უნდა შემოყარო, რომ ახალგაზრდები ჯერ მანქანაში არ უნდა ჩახოცო და მერე არ უნდა თქვა რომ საყაჩაღოდ მიდიოდნენო, რომ არ შეიძლება დედის ვედრებას პატივი არ სცე და მისი შვილის მკვლელი ციხიდან გამოაგდო, რომ მანქანებს გვირაბში ლურსმნები არ უნდა დაუყარო და ღმერთმა იცის კიდევ რამდენი რამ სცოდნია ამ ხალხს, მაგრამ 9 წელიწადი ვერაფერს ამბობდნენ. აუუ, მართლა როგორ დატანჯულან საწყლები.


მერედა, თქვე კაი ხალხო, ვინ გიხსნათ ამ ტანჯვისაგან? ვინ აგიხილათ თვალი, ვინ გაგიხსნათ სმენა და  ვინ ამოგადგმევინათ ენა? ვინ და ბიძინა ივანიშვილმა. ჰოდა, კაცმა 9 წლიანი ტანჯვისგან გამოგიხსნათ და თქვენ დღე და ღამე ლანძღავთ?! მადლობის მაგიერია?! ძალიან ცუდად იქცევით  ბატონებო. თანაც 9 წლიანმა დამუნჯებ-დაყრუებ-დაბრმავებამ ეს საღათას ძილს მიცემული შეგრძნებები ეტყობა  ისე  გაგიმახვილათ, რომ ახლა იმის დანახვას ახერხებთ რაც არ არსებობს, მირაჟია, ისიც გესმით, რაც არავის უთქვამს და იმას ხომ ამბობთ და ამბობთ, რაც არ მომხდარა და თავში აზრადაც არავის გაუვლია.როგორც ჩანს დუმილის 9 წელიწადმა იმდენად მოგაწყურათ აქტიურობა, რომ დღევანდელი თქვენი ფანტაზიორობის ჰერბერტ უელსსაც კი შეშურდებოდა. მაგალითებს ითხოვთ?! კი ბატონო, ახლავე მოგართმევთ.


ჩართო, მაგალითად, ერთ-ერთმა წარჩინებულმა ნაციონალმა საპარლამენტო მიკროფონი და მთელი ქვეყნის გასაგონად ასეთი რამ ბრძანა, 2013 წლის ბიუჯეტი „ქართულმა ოცნებამ" ერთი მილიარდით გაარღვია, სამაგიეროდ ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთი მილიარდით გაიზარდაო...


აქ რამდენი სიტყვაცაა, ორი იმდენი ტყუილია, მაგრამ დროის სიმცირის გამო მხოლოდ ერთზე შევჩერდები. თუმცა, მის ნათქვამს მხოლოდ ტყუილი და სიცრუე  რომ დავარქვა შექება უფრო გამომივა, იმდენად დიდი სისულელე შემოგვთავაზა იმ დალოცვილმა. ერთ  ანეგდოტს მაგონებს ეს აბსურდული ბრალდება. ბრიყვ კაცს  სიბნელეში 10 თეთრი დაუვარდა და იმის მოსაძებნად ასლარიანს წაუკიდა ცეცხლიო...


კაცი რომ საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის ორ მილიარდამდე  დოლარს იმიტომ  დახარჯავს, რომ მერე ერთი მილიარდი ბიუჯეტიდან მოიპაროს,  არაა იგივე ანეგდოტი?! რა თქმა უნდა იგივეა, უბრალოდ მასშტაბებია სხვადასხვა.


ასე, რომ ამ სისულელიდან მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს, ან იმ წარჩინებულმა ნაციონალმა უნდა დაგვიდასტუროს  რომ ანეგდოტი მოგვიყვა, ან უნდა თქვას, რომ კრამიტი აქვს დაცურებული.


ვხუმრობ, მაგრამ თავად მიკვირს, გამუდმებით რომ მსგავს სიგიჟეებს ვუსმენ, კიდევ როგორ შემრჩა ხუმრობის უნარი. უკვე იმდენი დაგროვდა მსგავსი შავი მარგალიტები, ყველა რომ შევაგროვოთ და მძივად ავასხათ, ქუთაისის პარლამენტის შენობას ათჯერ მაინც შემოწვდებოდა სქელ  ღაბაბზე.


აბა ან მე და ან თქვენ სადა გვაქვს იმის თავი და დრო ყველა მათ იდიოტობას კვალში ჩავუდგეთ, ამიტომ, ჯერ ცოტას კიდევ ვიხუმრებ, ცოტას დაგასვენებთ, მერე ერთ-ორ მსგავს სისულელესაც წავეთამაშები და დამთავრების დროც მოვა ალბათ.


ნუ გაგიკვირდებათ ერთ მშვენიერ დღეს ასეთი რამე რომ მოისმინოთ, ვთქვათ წარჩინებული ქალბატონი ნაციონალისგან,  მუდამ ნათხოვარი ხმით რომ ცდილობს  გაკაპასების გადაფარვას და ასევე მუდამ  უკანდასახევი ფრაზით რომ იწყებს საუბარს-მე ჯერჯერობით ამის დამამტკიცებელი საბუთები არ მაქვს, მაგრამ სარწმუნო წყაროდან შევიტყვე, 32 დეკემბერს ივანიშვილი და ბაყბაყდევი საიდუმლოდ შეხვედრიან ერთმანეთს ივანიშვილის აქვარიუმთან და ზვიგენის თანდასწრებით შეთანხმებულან, რომ, ჩუღურეთის რაიონში ნაციონალების მხარდამჭერებს სასმელ წყალს გადაუკეტავენ...


მე ჯერჯერობით ამის დამადასტურებელი საბუთები არა მაქვს, მაგრამ სარწმუნო წყაროსგან შევიტყვეთ, რომ ბიძინა იბანიშვილს თავისი ნათესავისთვის, უჩა მამაცაშვილისთვის დაუვალებია სასწრაფოდ ოფშორში გააფორმოს იმ ბროლის კოშკის აგების ხელშეკრულება, რომლის წახნაგებიდან არეკლილი მზის სხივები მხოლოდ ნაციონალებს დააბრმავებს.


მოკლედ, საინტერესოა ეს ყველაფერი. საინტერესო  და საკვირველი.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016