reportiori.ge - ვინ არის თამაზ, იგივე აჰმედ ჭაღალიძე, რომელიც მართლმადიდებლებსა და სასულიერო პირებს დაემუქრა? - ქართველი ისლამისტი მებრძოლის სკანდალური მიმოწერა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:52
პრეს-დაიჯესტი
ვინ არის თამაზ, იგივე აჰმედ ჭაღალიძე, რომელიც მართლმადიდებლებსა და სასულიერო პირებს დაემუქრა? - ქართველი ისლამისტი მებრძოლის სკანდალური მიმოწერა
ავტორი:
15 იანვარი, 2015. 14:51


ბათუმელმა რადიკალმა მუსულმანმა, 27 წლის თამაზ, იგივე აჰმედ ჭაღალიძემ, რომელიც სირიაშია და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს, 12 იანვარს სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებსა და სამღვდელოებას მუქარის წერილით მიმართა: 


ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ, ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა კაკებეშნიკი", ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიცით ყველა თქვენი ნამოქმედარი. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით. გაფრთხილებთ კიდევ ერთხელ! არ გაბედოთ, რომელიმე მუსლიმან ძმაზე ხელის აღმართვა, ან რომელიმე მეჩეთზე, ან ნებისმიერ თემაზე, სადაც ისლამი ურევია, თორე ერთ დღეს რომ საქართველოში შავი დროშები აფრიალდება, გასაქცევს მოძებნით. გპირდებით, დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ ტელევიზიით. გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო თქვენა. საპატრიარქოს აჭარლებისა და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, რომ თქვე ანაფორიანო ვირთხებო, ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალლაჰს, მწარედ ინანებთ, თქვენი ბინძური სისხლით პასუხს აგებთ ყველა ქააფირი. ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ", - წერს თამაზ ჭაღალიძე. 


13 იანვარს კი კიდევ ერთი მუქარის შემცველი წერილი გამოაქვეყნა, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილი მის მიმართვას აგრესიით შეხვდა: 


აფხაზეთი, ცხინვალი, მაგ კულტურით დაკარგეთ, რაც გაგაჩნდათ, ხოდა ახლა აჭარის დრო დადგა. იგინეთ, ილანძღეთ, ბევრი თქვით, ეგ კარგია. მუსლიმანებს აიძულებთ, რომ აჯანყდნენ; ბრავო, ბრავო, გენიოსი ქრისტიანები ხართ, კაცთმოყვარედ წოდებულები. 200 კაცი იგინებით, ილანძღებით და ერთ მუსლიმანს ცუდი არ დაუწერია. მერე იტყვით მუსლიმანი შეგვებრძოლაო, ჩვენს რელიგიას რომ შეურაცხყოფას აყენებთ, ამით დაისჯებით, ადრე თუ გვიან. ასე გააგრძელეთ, აჭარას დაკარგავთ, ჩვენ კი ჩვენს ისლამურ აჭარას შევქმნით, ვსო. აჭარა შეუერთდება ხალიფატს. თუ კიდევ არ მოისვენებთ, სულ გაგანადგურებთ დინოზავრებივით, ისედაც ცოტაღა ხართ დარჩენილი, ისიც ნარკომანები, ყაჩაღები, ქურდები, პიანიცები" და მახინჯები"... 

 

რამდენად სერიოზულია ეს მუქარა და რამდენად შესრულებადი? 

 

„ალია" ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს ესაუბრა: 


- ბატონო მამუკა, რამდენად სერიოზულია ჭაღალიძის მუქარა, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა? 


- თავისთავად მუქარა არის მნიშვნელოვანი, საქმე მხოლოდ ისაა, რომ ამ კაცს არ აქვს იმ ტიპის რესურსი, ეს მუქარა განახორციელოს ამ წუთში, მაგრამ, თუ სახელმწიფომ შესაბამისი ღონისძიება არ გაატარა, 6-7 თვის მერე რა მოხდება, კაცმა არ იცის. შეიძლება, ეს რესურსი გამოჩნდეს. 


- შესრულებადია ეს მუქარა? 


- ამიტომ ვთქვი, რომ შეიძლება, რესურსი გამოჩნდეს და მუქარის შესრულება შესაძლებელი გახდეს, ამიტომ უნდა იყოს სახელმწიფო ფხიზლად. მე ვერ ვასწავლი სახელმწიფოს, როგორ იმოქმედოს, რაც საჭიროა, ის უნდა გააკეთოს. მიიღოს ზომები ტერორიზმთან საბრძოლველად, ამისთვის არსებობს სპეციალური მეთოდოლოგია, ხელისუფლების სპეცსამსახურებში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც შესაბამისი სწავლება გაიარეს დასავლეთ ევროპის, რუსულ თუ ამერიკულ  სპეცსამსახურებში, რომელთაც ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა იბრძოლონ და მოახდინონ პრევენცია, ჩემი სასწავლებელი არაფერი აქვთ მათ. 


- საფრანგეთშიც კი ვერ მოახდინეს პრევენცია, ბატონო მამუკა... 


- როგორც ჩანს, ან საერთო ბრძანებაა გაცემული, რომ მოახდინონ შეტევა დასავლეთზე და დასავლეთის მოკავშირეებზე, „ალ-ქაიდა" იქნება თუ ისლამური ხალიფატი, ან ეს არის ადგილზე ინიციატივა. 


- კონკრეტულად ვისი? 


- ადგილობრივი ისლამისტების. ასეთი ტიპის ინიციატივა ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც გამოჩნდა, ძირითადად აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. მომივიდა ინფორმაცია, რომ უზბეკი ისლამისტების მუქარა გავრცელდა, ასევე, იტალიაში. შეიძლება, ადგილობრივი ისლამისტების ინიციატივაა, შეიძლება, ბრძანებაა გაცემული. რაც შეეხება საფრანგეთს, ეს არის კონკრეტული პირების დანაშაული, რომელთაც ინფორმაცია მიიღეს ალჟირელი, ლიბიელი სპეცსამსახურებისგან, ინფორმაცია მიაწოდეს ამერიკელებმაც, რომ კონკრეტულად ეს პიროვნებები იყვნენ ჩართულნი ტერორისტული აქტების მომზადებაში. ფრანგებმა ყური არ გაიპარტყუნეს. მეთოდოლოგია სხვა რამეა და თუ კონკრეტული პირი ყურს არ გაიპარტყუნებს, სხვა რამეა! იგივე არ მოხდა ოსლოშიც? პოლიციამ იცოდა, რომ აპირებდნენ ტერაქტს და რეაგირება არ მოახდინა. 


- მუქარაა საპატრიარქოს მიმართაც და ხომ არ გენიშნათ? 


- ადამიანი ლაპარაკობს კონკრეტული მისამართებით, მუქარა სახეზეა, ეს კანონმდებლობით ისჯება და მისახედია ეს კაცი. ხელისუფლებამ უნდა მიხედოს ამას. ყურადსაღებია ეს მუქარა, სახიფათოა და უნდა მიხედონ ამ საქმეს. 


- ბატონო მამუკა, რაც საფრანგეთში მოხდა, ვნახეთ. შესაძლოა, საქართველოშიც მოხდეს მსგავსი რამ და საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ ჟურნალისტები. დონალდ ტრამპმა გააკეთა განცხადება, ჟურნალისტებს იარაღი რომ ჰქონოდათ, თავს დაიცავდნენო. როგორ ფიქრობთ, არ დადგა დრო, ჟურნალისტებსა და რისკიანი პროფესიის კანონმორჩილ მოქალაქეებს იარაღის ტარების უფლება დაუკანონოს პარლამენტმა? თავის დაცვის შანსი მაინც გვექნება. 

 

- არსებობდა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლამდე გარკვეული შეღავათები საფანტიანი იარაღის ტარებაზე. ჟურნალისტების ან სხვა უწყების შემთხვევაში მოგერიებისა და თავდაცვის იარაღია, ამიტომ ვუშვებ, რომ ამ ტიპის იარაღი კანონით იყოს გათვალისწინებული რიგი უწყებებისთვის, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც. საფანტიანი იარაღი უნდა დაუშვან, თუმცა ვიცნობ ჟურნალისტებს, იარაღი კი არა, კალამი არ უნდა მისცე, ასეთებიც არიან. კანონი ყველასთვის იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიქმნება არარეალური სურათი. ასე ხელაღებით ამის გადაწყვეტა არ შეიძლება, გარკვეული რისკის ჯგუფი არის ჟურნალისტთა კორპუსი, ცხადია, ყოფილა მუქარებიც, თავდასხმებიც. აი, დავითაია სცემეს რამდენიმეჯერ და შეიძლება თავი დაეცვა, მაგრამ უნდა იყოს დიფერენცირებული მიდგომა. იარაღის ქონის უფლება ნიშნავს, რომ თუ არ იქნება შეზღუდვები, უარესი პრობლემები იქნება. ერთი ჟურნალისტი ვიცი, სავალუტო ჯიხურში შევარდა პეკინზე იარაღით (გავრცელებული ინფორმაციით, მას არარეგისტრირებული იარაღი ჰქონდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეგისტრირებულ იარაღს კრიმინალისთვის თითქმის არ იყენებენ. - რედ.), ამიტომ უნდა იყოს დიფერენცირებული მიდგომა და ხელაღებით არ უნდა ვთქვათ, რომ ამა და ამ კატეგორიას მივცეთ იარაღი. ეს არ მიმაჩნია სწორად. გუშინ რომ დიპლომი აიღო ჟურნალისტმა, ასეთს არ უნდა ჰქონდეს იარაღი, რადგან იქნებ სპეციალურად აიღო დიპლომი, რომ იარაღის ტარება უნდოდა? ვინც მართლა არის რისკ-ჯგუფს მიკუთვნებული, უნდა ჰქონდეს იარაღის ტარების ნებართვა. 


ვინ არის თამაზ ჭაღალიძე? ამაში გასარკვევად „ალიამ" ბათუმში მისი სამეგობროს მოძიება დაიწყო და ერთ-ერთს მიაკვლია კიდეც - არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის" ხელმძღვანელს, მერაბ ღოღობერიძეს

 

- მერაბ, რამდენად ახლოს იცნობ ჭაღალიძეს, როგორი ადამიანია? 


- თამაზი ჩემი ერთ-ერთი დიდი ხნის მეგობარია, 7 წელზე მეტია ვიცნობ უკვე. ბოლოს ვხედავდი გაუბედურებულს და ის ითხოვდა დახმარებას. თავიდან ის ჩაერთო პოლიტიკურ ბრძოლაში, კოკო გამსახურდიას პარტიის ერთ-ერთი კარგი აქტივისტი იყო, ჩართული იყო სააკაშვილის განდევნის პროცესში, მაგრამ მას არ გაუმართლა. არავინ აქცევდა დიდად ყურადღებას და არავინ აღიქვამდა, როგორც პოლიტიკოსს. მას ყოველთვის სურდა და ჟინი ჰქონდა პოლიტიკოსობის. დიდად რადიკალი არასდროს ყოფილა. ჩემთვის როგორც ცნობილია, ის ხულოს რაიონში დაიბადა, გლეხის ოჯახში. როგორც მოგეხსენებათ, ხულოს რაიონი ერთ-ერთი მთიანი რაიონია აჭარაში, სადაც ახალგაზრდობას არანაირი გასაქანი არ აქვს. ხულოს რაიონში უფრო შრომითი საქმიანობითაა ხალხი დაკავებული. ის ბათუმში ცხოვრობდა წლებია, სახელმწიფო უნივერსიტეტი დამთავრა და ასევე ხულოს რაიონში პანსიონატში მუსლიმანთა სასწავლებელში სწავლობდა. მას ხშირად ვხედავდი ბათუმში მდებარე სამლოცველოში. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, ერთი უბრალო გლეხი ბიჭი იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი თამაზ ჭაღალიძეს ასეთ ვითარებაში, რადგან ქათამიც კი არა ჰყავს დაკლული. მახსენდება პერიოდი, როცა სადაც ცხოვრობდა, მეზობელმა სთხოვა ქათმის დაკვლა და თამაზმა უთხრა, ამ ცოდვას მე ვერ ჩავიდენო. ის და არამარტო ის, რა თქმა უნდა, რეპრესიებში, შიშში ვცხოვრობდით ცოტა აქტიურად გამორჩეული აქტივისტები. მე „რესპუბლიკურ პარტიაში" ვიყავი მაშინ და ხშირად ვხვდებოდით, ვმსჯელობდით. 


- აგრესიულობას ხომ არ იჩენდა ხოლმე, რელიგიის გამო დევნიდნენ? 


- ადრე არც გამიგონია ასეთი რამ. ბოლოს ის ცხოვრობდა ე.წ. მუყაოს ქალაქში, მძიმე პირობებში, ამ დროს უკვე გამოირჩეოდა აქტიურობითა და აგრესიულობით, ატარებდა აქციებს ხანდახან სიტყვითაც გამოდიოდა და მეგობრულად ვეხუმრებოდი, თამაზ, პოლიტიკა შენი საქმე არაა, დაანებე, არ გამოგდის-თქო. ბოლო რამდენიმე წელი არ მინახავს და მერე გაზეთ „ბათუმელების" მეშვეობით გავიგე, "შახიდობაზე" ოცნებობდა და ტერორისტი გამხდარა. ის თავს არც ტერორისტად და არც მკვლელად არ მიიჩნევს, მართლა გული მეტკინა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ცოტათი ფრთხილად მოვეკიდო რელიგიურ საკითხს, მაგრამ მინდა მაინც ვთქვა, ზემოაღნიშნულ და დღევანდელ რეალობას გავუსწორო თვალი. ზემო აჭარაში მძიმე ეკონომიური პირობების ფონზე ცხოვრობენ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები. ისინი მუსლიმანთა პანსიონატებში ცხოვრობენ, რომლებიც მოწყობილია თანამედროვე პირობებით, სწავლა გაძლიერებულია. აქ კაცის კვლას არ ასწავლიან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მიდიან თურქეთში სახაჯიოზე და შემდეგ ბრუნდებიან სულ სხვანაირები. წინა წლებში თურქების დიდმა ნაკადმა ბათუმში გავლენა იქონია. უფრო თავისუფლებასაც ნახულობენ, დაფინანსებასაც აძლევენ და თან ამ ცოდვების ჩამობანვისას მიემართებიან ადგილობრივ სამლოცველოში. 


- შეძლებს შენი მეგობარი მუქარის განხორციელებას? 


- მუქარის შესრულებას ვერ შეძლებს, რადგან თამაზმა უკვე მიიქცია სპეცსამსახურების ყურადღება, ყველგან ამოიცნობენ, მაგრამ შანსები იმისა, რომ სხვა ვინმე ჩაერთოს ამ პროცესებში, თუნდაც მისი მეგობრები, რომლებიც წლებია პანსიონატში ცხოვრობდნენ, დიდია არა მარტო აჭარაში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. ტერორიზმს არ აქვს საზღვრები. დღეს გაღატაკებულ, დაბაჩავებულ და გაბოროტებულ ადამიანს ბევრი რამე შეუძლია, თუნდაც ფულის სანაცვლოდ. თამაზმა აღმიწერა, რომ ამერიკელებმა მისი მეგობრები მის თვალწინ მოკლეს და ის უკვე მზადაა ყველაფრისთვის, უკვე კარგად მომზადებულია. 


მერაბ ღოღობერიძემ გადმოგვცა პირადი მიმოწერა, საიდანაც ირკვევა ჭაღალიძის განრისხების მიზეზები: 


მერაბ ღოღობერიძე: მართლაც ძალიან მწყინს, ცოცხალ-მკვდარ მეგობარს რო ვუყურებ. იგიც რელიგიის დაპირისპირებაში ჩათრეულს. შენ არასდროს ყოფილხარ ეგეთი და სამწუხაროა, როდესაც არც მეგობართან პასუხი და სათქმელი რომ არ გაქვს, მე დღესაც გაფასებ როგორს დიდი ხნის ჩემს მეგობარს ჩვენ. არასდროს გვქონია ცუდი ურთიერთობა, მაგრამ როგორც მე დავგმე საფრანგეთში მომხდარი ფაქტი რელიგიის ასე ცინიზმით დამოკიდებულება, ისე არ უნდა დასცინო შენაც და რა თქმა უნდა, ჩემს პატრიარქის და სამღვდელოების განადგურების უფლებას ვერ მოგცემ, ჩემო ძმაო. პირველ რიგში ჩემი მოკვლა მოგიწევს, მოუსმინე დედაზე მაინც სიმღერა, რას განიცდის ქალი და იფიქრე, რა ნაბიჯი გადადგი, იქნებ გვიანი არ არის? იქნებ შევძლო შენი დახმარება ყველამ ერთად. 


თამაზ ჭაღალიძე: ეჰ ჩემო მერაბ, იცი, რამდენი კარგი მეგობარი დავტოვე მანდ და ოჯახი. შენ კარგად მიცნობ უკვე 7 წელია და იცი, რისთვისაც ვიბრძოდი, მაგრამ იცი, რა, ჩვენი თავმდაბლობა ბევრმა ლაჩრობად შეაფასა, ჩვენ ბევრი რამ გავიარეთ, რაც ხალხს არ გაუგია, ამიტომ პირობას ვდებ, აჭარლების წინაშე, რომ ვიღაცას მუხლებზე დავაჩოქებ, მყავს იმის ხალხი და ალბათ ხვდები, სადაც ვარ და ჩვენ რა შეგვიძლია. 


ერაბ ოღობერიძე: შენ მესვრი თამაზ მე? მე ჩემი პატრიარქის მოკვლის უფლებას ვერ მოგცემ და ვერც ერთი პირწავარდნილი ქართველის. შენ უკვე აღარავინ მოგცემს უფლებას, აქ საქართველოში შემოხვიდე და თუნდაც აქ მოკვდე. 


თამაზ ჭაღალიძე: მერაბ, ვინც ისლამს და მუსლიმანებს შეგვებრძოლება, ჩემი ძმაც რომ იყოს, ვესვრი, ჩემი დახმარება თუ გინდა, აჭარის ავტონომია ისლამური უნდა გახდეს. საპატრიარქო წავიდეს, თორემ საფრანგეთი მონაგონი იქნება. 


ერაბ ოღობერიძე: კითხვა მაქვს მესვრი? მე არ მჯერა შენ მე მომკლა, მე მესმის იმ დრომ იმ წარსულმა გაგაბოროტა, ის წლები რომელიც ერთად გამოვიარეთ, ის რაც შენ და შენმა ოჯახმა მეგობრების ერთად ფეხდაფეხ გაჭირვებით იარე, შენ ხაზი გადაუსვი ქართველობას იმის გამო, რომ მხოლოდ ისტორიაში ჩაიწერე, როგორც თვითმკვლელი ტერორისტი. 


ამაზ აღალიძე: მერაბ მე შეიძლება ჩემს ძველ მეგობარს არ ვესროლო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ეპატიოთ მუსლიმანების წინააღმდეგ ჩადენილი თუ აქვთ რაიმე დანაშაული. ასეთ ადამიანებს ვესვრი, ძმასაც კი. ცხოვრებაში ქათამიც არ დამიკლია, მანდ რომ ვიყავი, მაგრამ როცა აქ ჩამოვედი, დღეში 6 და 7 ბომბს აგდებდა ამერიკის კოალიციის თამადობით. მაშინ მივხვდი, რომ უნდა დამეხოცა ეგენი, მერე კობანში ვიბრძოლე, ჩემს თვალწინ ჩემი მუსლიმანი 5 ძმა დაიღუპა, მე კი დავიჭერი, ასე, რომ ვიცი ომის სუნი. ძალიან ცუდი სუნი აქვს ბომბს, ტყვიას, ცეცხლსა და სისხლს. გახსოვს? ვამბობდი, სისხლისღვრამდე მივდივართ-თქო. მე ტერორისტი არ ვარ, მე ისლამის მებრძოლი ვარ. გეკითხები, რაც ევროპამ მუსლიმანებს გაუკეთა ბოლო წლებში და რაც პანკისელებს გაგვიკეთა საქართველომ, ის არ იყო ტერორიზმი? 


„ალია" დაინტერესდა, იციან თუ არა შსს-ში ჭაღალიძისა და მისი მუქარის შესახებ და რა პრევენციულ ღონისძიებებს მიამართავენ. 


შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი

 

- ნინო, გამოძიება თუ არის დაწყებული ამ მუქარასთან დაკავშირებით? 


- დიახ, დაიწყო გამოძიება 330-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ტერორიზმისკენ მოწოდებას. 


- რა დაადგინეთ ამ ეტაპისთვის? 


- გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ამ მიმართულებით. გამოძიება დაიწყო მაშინვე, რაც მუქარის შემცველი ტექსტები გაჩნდა ინტერნეტში. საქართველო უდიდეს ძალისხმევას დებს ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში. ჩვენი ქვეყანა რჩება გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის აქტიურ მონაწილედ, რაც უმნიშვნელოვანეს პრაქტიკულ საქმიანობას გულისხმობს შესაბამის ცხელ წერტილებში, ანუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს ამ ურთულესი ფენომენის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, რომელიც ასევე დიდ პრობლემებს უქმნის წამყვან სახელმწიფოებს. 


ამ მიმართულებით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სფეროს ასევე სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზა წარმოადგენს. 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში შემუშავებული კანონპროექტის შედეგად, სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავს დაემატა 3232-ე მუხლი, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობას ეხება. ამასთანავე, ხანგრძლივი საქმიანობის შედეგად მთავრობამ შეიმუშავა ახალი კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს გაეროს უშიშროების საბჭოს №2178 (2014) რეზოლუციის მე-6 პუნქტის იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდება ცალკე ნორმა, რომლის საფუძველზეც განხორციელდება ჯიჰადის მიზნით მოგზაურობის კრიმინალიზაცია. აღნიშნული შეავსებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში უკვე არსებულ ნორმას, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმის კრიმინალიზაციას ეხება. აქედან გამომდინარე, დაიხვეწება ის საკანონმდებლო ბაზა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ჯიჰადისტების წინააღმდეგ. აღნიშნული ინიციატივა განხილულ იქნა მთავრობის მიერ და ის უახლოეს მომავალში გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შემუშავდა უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად. ამასთანავე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა ანტიტერორისტულ სფეროში არ შემოიფარგლება საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში კოოპერაციით, არამედ ასევე გულისხმობს პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობას.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016