უკრაინაში მიშას კადრების ცვენაა. უკვე იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ქვეყანა „ნაციონალების" გადასარჩენია. რომელი უკრაინული ძალები ეწინააღმდეგებიან პოსტებზე „ნაციონალების" დანიშვნას? რას უხსენებენ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშნულ გია გეწაძეს? სააკაშვილის რა დავალება შეასრულა გენერალმა გიგი კალანდაძემ?
„ალიას" სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დიასპორის საკითხებში, სანდრო ბრეგაძე ესაუბრა:
- პოლიტიკურ წრეებში მართლაც არის უკმაყოფილება იმიტომ, რომ ბევრმა იცის, რას წარმოადგენენ „ნაციონალები" და რა უბედურება დაატრიალეს საქართველოში. უკრაინაში უკვე გამოჩნდნენ ძალიან სერიოზული ძალები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან ამ დანიშვნებით. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამის გამო ქუჩაშიც გამოვიდნენ. მათ მთავრობას წაუყენეს ულტიმატუმი, რამდენიმეთვიანი ვადა მისცეს, თუ მსგავს დანიშვნებს არ შეაჩერებენ და „ნაციონალებს" თანამდებობებს არ ჩამოაშორებენ, საპროტესტო ტალღას ააგორებენ. რაც შეეხება გია გეწაძის დანიშვნას უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ, ეს უკვე სასაცილოა ჩვენთვის, მაგრამ სატირალია უკრაინელებისთვის. თან ამ ადამიანს ჩააბარეს კორუფციასთან ბრძოლა. არადა, ეს ადამიანი გახლავთ „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი მოლარე, შავი სალაროს ერთ-ერთი წარმომადგენელი. ის ძალიან ბევრ უკანონო ბიზნესს ფლობდა „ნაციონალების" ზეობის პერიოდში. ჩვენ გვახსოვს ბოთლებისა და კალმების სკანდალი ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში, მაშინ ის იმერეთის გუბერნატორი გახლდათ და სწორედ ამიტომ გადააყანეს თანამდებობიდან. თუმცა ამის შემდეგ წავიდა ე.წ. ბიზნესში და ფულით ამარაგებდა სააკაშვილის სალაროს. ადამიანი, რომელიც ბოლომდე კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული, დღეს ინიშნება უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ კორუფციასთან ბრძოლის განხრით. ასე რომ, ამ თანამდებობით გეწაძე კიდევ უფრო მდიდრდება.
- სანდრო, გია გეწაძეს კონკრეტულად რა ბიზნესები ჰქონდა თუ აქვს საქართველოში?
- ჩემი ინფორმაციით, ის თავის დროზე ჩარეული იყო „ცეკავშირის" საქმეებში, ქონების წაღებაში. ასევე, დიდი ინტერესი ჰქონდა ნავთობის სფეროში და შავ ბიზნესებში. ისე, უკრაინელებს ხუმრობით ვურჩევ, ბარემ „ნაცმოძრაობის" მთელი ფრაქცია წაიყვანონ პარლამენტიდან და დაგვასვენონ. თუმცა უკრაინელები ძალიან მეცოდებიან, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის, ვისთან აქვს საქმე.
- იქნებ დავაკონკრეტოთ, რა ძალებს აქვთ პრეტენზიები უკრაინაში „ნაციონალების" მიმართ და რა შეუძლიათ?
- ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს უკრაინელმა „ნაციონალისტებმა", მემარჯვენე ფლანგის წარმომადგენლებმა და პოლიტიკური მიმომხილველები ამაზე უკვე ღიად საუბრობენ, ვარაუდობენ, რომ კრიმინალების დანიშვნებმა შეიძლება სერიოზული კატაკლიზმები გამოიწვიოს. დარწმუნებული ვარ, ამ პროტესტს სხვა ძალებიც შეუერთდებიან. არ არის გამორიცხული, ასეთმა მიდგომებმა საბოლოოდ გააფუჭოს საქმე უკრაინასთან. როგორც კი უკრაინელები დაინახავენ თავიანთ ქვეყანაში ე.წ. ქართველების „მოღვაწეობას", არა მგონია, კარგი შთაბეჭდილება დარჩეთ. პირდაპირ ვთქვათ, მათ წაიყვანეს კვიტაშვილი, რომელმაც საქართველოში დაანგრია ჯანდაცვის სისტემა. ალბათ, გახსოვთ ყბადაღებული 100 საავადმყოფოს ლეგენდა, საიდანაც ერთიც კი არ აშენებულა. აღარაფერს ვამბობ გაფლანგულ თანხებზე. რაც შეეხება ქალბატონ ზღულაძეს, მან ვანო მერაბიშვილთან ერთად შექმნა „ზონდერ-პოლიცია" და მანიაკალურ-სადისტური სისტემა. სხვათა შორის, ახლა გავიგე, თურმე გია გეწაძე ილიას უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანის თანამდებობასაც იკავებდა და ბოთლების საქმეზე „ჩაჭრილ" ადამიანს საქმე ჰქონდა ახალგაზრდებთან.
- ილიას უნივერსიტეტი „ნაციონალებისაა", იქ უმეტესად ასეთები არიან.
- ჰოდა, ყველაფერი ისევ მაგათი რომ არის ამ ქვეყანაში, მეც სწორედ მაგას ვლაპარაკობ და ამაზე მტკივა გული, დამნაშავეები ისევ გვევლინებიან რექტორებად, ლექტორებად და მასწავლებლებად. ისევ დიდ გულზე არიან და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დიდი მონდომებით ემზადებიან რევანშისთვის.
- ჯერ უკრაინა არ აქვთ მისახედი?
- უკრაინა მაგათთვის არის პლაცდარმი. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ უკრაინაში მას დიდი დღე არ უწერია და ცდილობს, სწრაფად გადმოვიდეს შეტევაზე. როდესაც ძებნილი ადამიანი აცხადებს, საქართველოში არჩევნებამდე ჩამოვალო, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება.
- შენ ადრე თქვი და ამის შესახებ დავწერეთ, თითქოს გენერალი გიგი კალანდაძე უკრაინაში ჩაიყვანა სააკაშვილმა მოხალისეების უფროსად და ასევე დაავალა რაღაც ახალი შენაერთის შექმნა. ამ კუთხით არის რამე სიახლე?
- ახალი ის არის, რომ პროცესი მიმდინარეობს, არ შეჩერებულა. მე ყველა ადამიანზე არ ვამბობ, უკრაინაში პატიოსანი მოხალისეებიც არიან ჩასულები, მაგრამ გენერალ კალანდაძის განკარგულებაში ვინც არიან, ისინი ფიცს დებენ პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის წინაშე. რა თქმა უნდა, ეს არის შეიარაღებული ფორმირება, რომელიც არის სააკაშვილის დაქვემდებარებაში. არავინ არ დაიჯეროს, რომ მათ უკრაინელი ხელმძღვანელობა ჰყავთ. დადგება დრო, როცა ისინი მიიღებენ სააკაშვილისგან ბრძანებას და ამოქმედდებიან საქართველოს ტერიტორიაზე. მე არ ვიცი, მიხეილს რა გამოუვა, რას მიაღწევს, მაგრამ სურვილი რომ აქვს, ამას ყველა ვხედავთ. დღეს უკრაინაში ჩასული ე.წ. მებრძოლების დიდი ნაწილი არის ყოფილი „ზონდერი", რომელიც გვარბევდა 7 ნოემბერსა და 26 მაისს.
- რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ?
- ძალიან ყურადღებით და კარგად უნდა იმუშაონ სპეცსამსახურებმა, რათა არ დაიწყოს არეულობები. ეს არის ძალზე სახიფათო თემა და სათუთი საკითხი. სააკაშვილი დღეს არის ერთგვარი თენგიზ კიტოვანი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის. უბრალოდ, ზვიად გამსახურდიას დროს სახელმწიფო არ იყო ძლიერი, დღეს ამის პრობლემა არ არსებობს და იმედი მაქვს, რომ ქვეყანა არ დაუშვებს სააკაშვილის მიერ ჩაფიქრებულ პროვოკაციებს.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"