reportiori.ge - რატომ გაამწარა „ნაციონალები“ ბათუმის უნივერსიტეტის შენობის გაყიდვამ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:21
ინტერვიუ
რატომ გაამწარა „ნაციონალები“ ბათუმის უნივერსიტეტის შენობის გაყიდვამ?
ავტორი:
15 იანვარი, 2015. 14:56


მიხეილ სააკაშვილი ადგილს ვეღარ პოულობს, პირდაპირ კედლებზე დადის და ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაყიდვას აპროტესტებს: 


„ეს დაახლოებით 200-მილიონდოლარიანი პროექტი იყო და ის ემსახურებოდა მსოფლიოს საუკეთესო დონის ქართველი ინჟინრებისა და სპეციალისტების მომზადებას, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებულების რიგებში ჩაყენებას. შენობა თითქმის ბოლომდე იყო დამთავრებული და უნივერსიტეტს პირველი სტუდენტები 2013 წელს უნდა მიეღო. ივანიშვილმა, მარგველაშვილის ხელით, ეს პროექტი შეაჩერა და ახლა უნივერსიტეტის გაყიდვა გამოაცხადა... ბათუმს ართმევენ ევროპაში საუკეთესო უნივერსიტეტს, ქუთაისს - პარლამენტს, თბილისს - შემოვლით გზას და სხვა დიდ პროექტებს. მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დროებითია და ძალიან მალე შენობა დაუბრუნდება ბათუმის ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. ამას იმიტომაც ვამბობ, რომ ყველა შესაძლო კეთილსინდისიერი კომპანია არ შეცდეს და არ მიიღოს მონაწილეობა უწიგნური ოლიგარქის ქართველი ხალხის მომავლის, განათლების, პროგრესის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში". 


სააკაშვილის გაცოფებას 13 იანვარს ბათუმში მოჰყვა „ნაციონალების" აქცია სლოგანით: „გაყიდე ზვიგენი და არა უნივერსიტეტი!", „სწავლა სინათლეა, უსწავლელობა - ბიძინა!" 


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მრავალ ათეულმილიონიანი უნივერსიტეტი გააკეთოს საქართველოში: 


„ეს იქნება უნიკალური პროექტი, ეს იქნება კომპლექსი. თავდაპირველად, როცა ეს შენობა შენდებოდა ბათუმში, ჩემი ინფორმაციით, იქ უნდა ყოფილიყო ბანკი და არა უნივერსიტეტი. შემდეგ უცებ გადაიფიქრა, როგორც ჩანს, სააკაშვილმა და მოიფიქრა, რომ რაღაც უნივერსიტეტი უნდა გაეკეთებინა. როგორც ვიცი, ამერიკულ მხარესთან ჰქონდათ მოლაპარაკებები და მათ არ დაუმტკიცეს. ეს არის თავიდან ბოლომდე ტყუილი და მისი მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში". 


თავად ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ 2013 წელს აქვს ნათქვამი, რომ ამ უნივერსიტეტის აშენება მისი იდეა იყო: 


„რამდენიმე წელიწადი მაგაზე ვმუშაობდი. იპოდრომი მაგისთვის შემაძენინეს. მანდ ბევრი კითხვებია, 52 მილიონი გადავიხადე, რომ უნივერსიტეტი აშენებულიყო. ამაზე ნახაზებია გაკეთებული, არქიტექტორებისთვის მილიონზე მეტი მაქვს გადახდილი, ძალიან დიდი შრომაა დახარჯული. რაც ბათუმში ხდება, ეს არის ანეკდოტური, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, სააკაშვილმა ჩემი იდეა აიტაცა და თქვა, ახლა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს გავაკეთებო და რაღაც შენობა ააშენა, რომელსაც აბსოლუტურად არ შეიძლება, რომ უნივერსიტეტი დაერქვას, ეშმაკის ბორბალიც კი აიტანა ზედ". 


როგორც უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ამბობს „ალიასთან" საუბარში, აჭარის მოსახლეობა თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ამ ადგილას უნივერსიტეტის მშენებლობას, მაგრამ სააკაშვილი არ იყო ის კაცი, ვინმესთვის მოესმინა: 


- მაშინ მთელი ბათუმის მოსახლეობა, არასამთავრობოები ვაპროტესტებდით იმიტომ, რომ ეს ადგილი იყო ცნობილი ბულვარის შემადგენელი ნაწილი და გაიჩეხა უნიკალური ასწლოვანი ხეები. ფაქტობრივად, აქ ყველაფერი განადგურდა და ხალხის მიერ დაიწყევლა. კი იყო დიდი პროტესტი, მაგრამ მაშინ აზრი არ ჰქონდა, სააკაშვილმა ძალით გაიტანა, ხალხს თავზე პოლიცია დააყენა და ისე შეიყვანა ტექნიკა. მე კარგად მაქვს დათვალიერებული ეგ შენობა შიგნიდან. არავინ არ დაიჯეროს, რომ 2013 წელს სააკაშვილი აპირებდა მის გახსნას. სპეციალისტები ამბობენ, რომ შიგნიდან განლაგება და საერთოდ, ინტერიერი არ პასუხობს არავითარ სტანდარტებს. ვისაც რამე ესმის, ყველა იცინის, ვერავის ვერ გაუგია, რას აკეთებდა. 


- ნაციონალები" ამბობენ, მხოლოდ წითელი ლენტის გაჭრა და სტუდენტების შეშვება იყოო საჭირო. 


- რას ამბობ, მე არც კი ვიცოდი, თურმე, თუ სასწრაფოდ არ გაიყიდა და ვინმემ არ მიხედა, დაინგრევა. საერთოდ, 30 სართულამდეა, მხოლოდ 3 სართულია გაკეთებული. დანარჩენი მხოლოდ კედლებია, გალესილიც კი არ არის. მიშა სპეციალისტებსაც არ უშვებდა შიგნით, არქიტექტორიც თვითონ იყო და „პრარაბიც". მაგას ვინ ჩივის, რაც კი „ნაციონალებმა" გააკეთეს ბათუმში, ყველაფერი ინგრევა, ზღვის სანაპიროზე სამაგრი საშუალებებიც წყალმა წაიღო. ამ შენობაში უნივერსიტეტი რომც გახსნილიყო, მაინც შეუძლებელი იქნებოდა მანდ ხალხის შეშვება. ახლა გამოვიდნენ „ნაციონალები" და აქცია ჩაატარეს, ხალხი იცინოდა, ამდენი ღიპიანი ერთად სად მოგროვდაო? თან ისეთი ძვირი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ „ნაცების" შვილები თუ ისწავლიდნენ. ახლა ეს შენობა მარტო სასტუმროდ თუ გამოდგება, ან ჩინელები იყიდიან იაფად, ან კიდევ თურქები, სხვა არაფერში არ ვარგა. ჯერ ის ვერავის გაუგია, უნივერსიტეტის თავზე „ეშმაკის ბორბალს" რა უნდოდა? დღემდე არკვევენ ბათუმელები, მარჩიელობენ და ვერავინ გაარკვია, რასთან გვაქვს საქმე. თუ ამერიკიდან და ჩინეთიდან ჩამოიყვანენ მკითხავებს, შეიძლება გვითხრან". 


მიხეილ სააკაშვილის მიერ ნაქები უნივერსიტეტი თავის დროზე უნდა აშენებულიყო აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, მაგრამ ამ კორპორაციის მესვეურებმა უარი თქვეს არარენტაბელობის გამო. მათი გაანგარიშებით, პროექტით ისარგებლებდნენ მხოლოდ მეტად პრივილეგირებული და არა მცირეშემოსავლიანი ოჯახები. მაშინ საუბარი იყო 140 მილიონ დოლარზე, მაგრამ, რაკი მიშამ ამერიკელებისგან ფული ვერ მიიღო, ბიძინა ივანიშვილი „გამოიჭირა". პრინციპში, ბატონი ბიძინა ამ შენობას გაყიდის და თავის ფულს ბოლო ცენტამდე ამოიღებს... 


საინტერესო ის არის, რატომ გამწარდნენ „ნაციონალები" ამ შენობის გაყიდვის გამო? 

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016