საზოგადოდ, საახალწლო და საშობაო დღესასწაულებს შარავანდედად ოდითგანვე დადებითი კონტექსტი და გუნება-განწყობილება მოსდევს - ახალმა წელმა, პირველ რიგში, ძველი წლის წყენებისგან უნდა დაგვცალოს და დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად ახალი ძალებითა და შემართებით დაგვასაჩუქროს. რა თქმა უნდა, მიუხედავად ტრადიციული ინვარიანტობისა, საახალწლო მოლოდინების ინერცია, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება ხოლმე, მაგრამ ახალი 2015 წელი უკვე ისეთი ფათერაკებით აღინიშნა, რომ წინა წლების მოვლენათა აღქმის გვარიანად გამრუდებული სარკეების გასწორების დიდი იმედი არც წელს უნდა გვქონდეს.
2015-მა ჩვენ სახლებში სულ ახლახან, ორიოდე კვირის წინათ შემოაბიჯა, მაგრამ სადღეისოდ უკვე მოვასწარით იმის გარკვევა, რომ მისი სახით მაიცდამაინც მშვიდი და გაწონასწორებული სტუმარი არ დაგვბედებია. სამწუხაროდ, საყოველთაო და ბუნებრივი საახალწლო განწყობის მინავლების კვალდაკვალ, ამ სტუმარმა საკმაო ოდენობის, არც თუ სასიხარულო სიურპრიზით მოგვამარაგა - შორეულ პარიზში სისხლიანი ტერაქტით დაწყებული, შუაგულ თბილისში ელბაქიძის დაღმართის ჩაშლითა და იქვე, „ზემელზე", კაზარიანცის ისტორიულ შენობაში გაჩენილი ხანძრით დამთავრებული.
მართლაც, რანაირად ავარიდოთ თავი იმ უსიამოვნო გარემოებას, რომ ყველასთვის, თითქოსდა, სასურველი და კეთილი თოვლის პაპის ნაკვთები ჩვენს თვალწინ დღითიდღე სულ უფრო ხისტი და უხეში ხდება? ასე, მან უკვე საგანგებოდ მიგვანიშნა - პარიზის ცენტრში ამოტვიფრული სისხლიანი გზავნილის მეშვეობით, - რომ ისტორიის ბორბლის წინასაახალწლოდ ოდნავ შენელებული ბრუნვა ისევ დაჩქარდა და მისი ჩარხი ისეთი სისწრაფით აბზრიალდა, რომ სეირის მაყურებელთ (და ერთდროულად ამ სეირის უნებლიე მონაწილეთ) ლამისაა ამოსუნთქვის საშუალებაც აღარ გვეძლევა. ამიტომაც ერთობ ჭირს გასული დღესასწაულების ტრადიციულად ოპტიმისტურ კონტექსტში განხილვა - ყოველ შემთხვევაში, მიჭირს პირადად მე, როგორც ერთ ცალკე აღებულ ლიტერატორსა და ამ ქვეყნის მოქალაქეს. და კიდევ უფრო გამიჭირდება, თუკი გავბედავ და - ისტორიის აჩქარების მიზეზების დადგენის პროცესში, - მოვლენათა ურთიერთკავშირის გენეალოგიურ ხეს ღრმა ფესვებამდე ჩავყვები. ამიტომ, ამჯერად, მხოლოდ ამ დიდი ხის ტანზე შარშან ამოსულ ტოტებსა და კვირტებს მივადევნებ თვალყურს - არც ესაა ცოტა.
სულაც არ გახლავთ ადვილი ოლიმპიური სიმშვიდისა და ჩვეული ევროპული პოლიტკორექტულობის შენარჩუნება იმ სამწუხარო შარშანდელ მოვლენათა ფონზე, რომლებმაც ჯერ ზამთარში კიევის „მაიდანზე" იჩინეს თავი, შემდეგ ყირიმში ინაცვლეს, მოგვიანებით დონბასის სასაკლაოს სახით წარმოგვიდგნენ, გზად რაღაც დღემდე უნახავი შარიათული კვაზი-სახელმწიფოს წარმოშობაც გვახარეს - ცივილიზებულ ურწმუნოთა მოკვეთილი თავებით ცივსისხლიან ხელებში, - ხოლო კულმინაციას უკვე ახალ წელს, საფრანგეთის დედაქალაქის შუაგულში, ეპატაჟური სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმის ჟამს მიაღწიეს. ისლამური რადიკალების მიერ 1968 წლის „პირველი ფერადი რევოლუციით" შობილი, ანარქიული ტრადიციის ღირსეულად გამგრძელებელი და ცოტა თავქარიანი რედაქციის საკუთარ სახლში უმოწყალოდ ამოხოცვა, მხოლოდ შარშანდელი მოვლენების გამოძახილი და უკანასკნელი ხილული რგოლი გახლდათ ბნედიან გამობრწყინებათა ამ უსასრულო ჯაჭვში. ახალი საზრუნავი კაცობრიობას, ერთი შეხედვით, „კალაშნიკოვებით" შეიარაღებულმა ალქაიდელმა ძმებმა ყუაშებმა შემატეს, თუმცა, ჩემი აზრით, არ იქნებოდა მთლად გამართლებული ეს მათი „საჩუქარი" ჭეშმარიტ საახალწლო სიურპრიზად შერაცხულიყო. ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ქრისტიანული და მაჰმადიანური ცივილიზაციების კონფლიქტი მანამდეც კარგა ხანია ლატენტურ ფაზაში ვითარდებოდა - თავ-თავისი კონფესიური თუ სოციალურ-ჰასტრარბაიტული მხარეებითურთ. პარიზის კრიზისი მხოლოდ იმდენად გახლდათ მოულოდნელი, რამდენადაც გულის უეცარი და ყოვლად დაუგეგმავი შეტევა მოულოდნელია გარეგნულად სავსებით ჯანმრთელი, მაგრამ ქშენისკენ მიდრეკილი და სათანადო მკურნალობის გარეშე დარჩენილი ასაკოვანი მამაკაცისთვის. და თუ დღეს, დიდი სისხლდენისა და გართულებების ფასად, ადრე გასაკეთებელი სტენტირება (ანუ წარმატებული სპეცოპერაცია და მომდევნო კოსმოპოლიტური მიტინგი პარიზის ცენტრში) მაინც ჩატარდა, არავინ უწყის თუ რა შორს მიმავალი შედეგები მოყვება ამ მანიპულაციას და როდის გამეორდება გარე ძალების მორიგი შემოტევა დასნებოვნებული ორგანიზმის დასუსტებულ გულზე. წელი ხომ მხოლოდ ახლახან დაიწყო და ყველაფერი ჯერ წინაა. ბოლოს და ბოლოს, სამყაროში სადაც სააკაშვილის რეჟიმის მთავარი ბურჯის, ზურაბ ადეიშვილის „დემოკრატიული" უკრაინის გენპროკურორად გამწესებაზე მიდის სერიოზული მსჯელობა, ახალი მოულოდნელი კატაკლიზმები ნამდვილად მოსალოდნელია.
არ ვიცი, მავანი, შესაძლოა, არ ამჩნევს (ან არ იმჩნევს) რაიმე ბუნებრივ კავშირს შარშან ივლისში დონბასის თავზე მალაიზიური „ბოინგის" ჩამოგდებასა და პარიზში ამა წლის იანვარში განხორციელებულ ტერაქტს შორის, და მავანი, ალბათ, იმასაც იტყვის - სად ცივილიზაციური კონფლიქტი „ბებერ ევროპაში" და სად კიდევ რუსეთ-ამერიკის გეოპოლიტიკური შეჯახება უკრაინის (ან საქართველოს) მიწა-წყალზეო, მაგრამ მე მაინც ხელაღებით ვერ გავბედავდი ამ ორ ფაქტს შორის რაღაც არცთუ ცხადი და ნათელი, თუმცა მაინც ონტოლოგიური კავშირის არსებობის უარყოფას. ბოლოს და ბოლოს, დღევანდელი გლობალიზებული დედამიწა სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის წყალობით თვალსა და ხელს შუა ისე დაგვიპატარავდა, იმდენად მისაწვდომი გახდა დედამიწის ნებისმიერი კუთხე თავზეხელაღებული „ჯიხადისტებისთვის" თუ „ჯვაროსნებისთვის", რომ აწი - გვინდა არგვინდა - ყველას ყველაფერი გვეხება. ამიერიდან ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის - ყველაზე არაამბიციურად და „ობივატელურად" განწყობილისთვისაც კი - ძალზე ძნელია თვალების დახუჭვა იმ ცხად გარემოებაზე, რომ მშვიდობა დედამიწაზე - მსგავსად თითქმის მივიწყებული „ცივი ომის" პერიოდისა - ისევ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. და მარტო ეს რომ იყოს! თვით ატმოსფერო რომლითაც ვსუნთქავთ, სულ უფრო დამთრგუნველი და გაუმჭვირვალე ხდება, სულ უფრო მეტად იჟღინთება სიძულვილის ნისლითა და მგზნებარე არატოლერანტობით, სულ უფრო მიმზიდველი ხდება ძალადობისა და აგრესიის მრავალნაირი გამოვლენისთვის და, სამწუხაროდ, მიმდინარე ისტორიული მომენტის ამგვარად დანახვა არის არა უსაფუძვლო ალარმიზმისა და პანიკის გამოხატულება, არამედ სრულიად რეალური შეფასება ჩვენი ყოველდღიურობისა.
ისიც უნდა ითქვას, რომ თხრობის შორეულ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენების აღწერით დაწყება ამ სტრიქონების ავტორს არავითარ ინტელექტუალურ სიამოვნებას არ ანიჭებდა - პირიქით. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც გასულმა წელმა ჩვენ პატარა სამშობლოს თავზესაყრელად დაუტოვა გადაუჭრელი შიდა პრობლემების რისხვა და უმჯობესია ყველამ - განსაკუთრებით კი საქართველოს ე.წ. პოლიტიკურმა კლასმა - კარგად შეიგნოს და გაითვითცნობიეროს, რომ ფრანგული ტერაქტით გამოწვეული საინფორმაციო ცუნამი მხოლოდ მცირე დროით თუ დაჩრდილავს საკუთრივ ქართულ სოციალ-პოლიტიკურ მოქცევებს. საზოგადოდ კარგი იქნებოდა, რომ კაცობრიობის გონიერ და მოაზროვნე ნაწილს ინტელექტუალური გამბედაობა გამოეჩინა და პირუთვნელად გაეცა პასუხი საკრალური შეკითხვისთვის: ნეტავ, რა პროცესები იმძლავრებდა დედამიწაზე ეს საზარელი ტერორიზმი საერთოდ რომ არ არსებულიყო? მაშინ ხომ არც ერთ ელიტარულ კლასსა თუ სოციალურ სტრატას, არც ერთ ქარიზმატიკულ პოლიტიკურ ლიდერსა თუ რელიგიური კონფესიის თავკაცს აღარ დასჭირდებოდა საკუთარი აქტუალური თუ პოტენციური მომხრეების დარაზმვა და მობილიზება, და მსოფლიოში შედარებით მოკლე ვადებში სრულიად სხვა ხასიათის კონფიგურაცია შეიქმნებოდა. კონფიგურაცია, რომელიც აღარ შეუწყობდა ხელს არც ომის გაჩაღებას, არც გარედან ნაკარნახევ „ფერად-ფერად რევოლუციებს" სხვადასხვა ვითომ-სუვერენულ ქვეყნებში, არც ზედაფენათა ეგოცენტრიზმის გამამართლებელი „ოქროს მილიარდის" თეორიის შექმნასა და, რაც მთავარია, არც მისი პრაქტიკული განხორციელების გლობალურ მცდელობას დანარჩენი 8 მილიარდის ხარჯზე და ა.შ. კაცობრიობა იძულებით მაინც დადგებოდა რეალური პრობლემების - ქვეყნებს შორის არსებული უთანაბრობის, ქვეყნებს შიგნით მზარდი და თვალში საცემი უთანასწორობის, შუასაუკუნეობრივი ანტისანიტარიის გამო ებოლას მსგავსი ეპიდემიების გავრცელების და სხვა აღმაშოთებელ უმსგავსობათა - თანდათანობითი აღმოფხრის აუცილებლობის წინაშე. სავარაუდოდ ვერც უმართავ მიგრაციულ ნაკადებს შეურიგდებოდა და შეიმუშავებდა მათი ინტენსივობას შესუსტების ხერხებს თუნდაც საკუთრივ ადგილებზე ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის გზით. ვიღას ეცლებოდა მაშინ რაღაც ტერორიზმისთვის, რომელიც დღეს - ნებსით თუ უნებლიეთ (უფრო კი ნებსით) - ასრულებს ერთგვარი დამცავი სარქველის როლს, რათა პრივილეგირებულმა და ამჟამად არსებული სიტუაციის კონსერვაციაში დაინტერესებულმა მძლავრმა ტრანსნაციონალურმა ეკონომიკურმა ჯგუფებმა როგორღაც შექმნილი სტატუს-ქვო შეინარჩუნონ. ტერორიზმი რომ არ გამოეგონათ, ვიღაცამ ხომ უნდა აგოს ოდესმე პასუხი მზარდი ახალგაზრდული უმუშევრობისთვის, თანაცხოვრობის დემოკრატიული წესების წაბილწვისთვის, სოციალური ლიფტების უკმარისობისთვის, მცონარე მომხმარებლური არსებობის უპერსპექტივობისთვის, გარემოს დაბინძურებისთვის - ანუ ყველაფერი იმისთვის, რაც სინამდვილეში იწვევს გლობალური მნიშვნელობის დემოგრაფიულ დეფორმაციებს და, საბოლოო ჯამში, მართლაც ცივილიზაციათა ღია შეჯახებისკენ და პლანეტარული კრიზისისკენ - იქნებ, მორიგი მსოფლიო ომისკენაც კი - უბიძგებს კაცობრიობას.
ისე, მართლაც სიმართლე და ჭეშმარიტებასთან მიახლოება თუ გვსურს, მაშინ სათანადო ინტელექტუალური ფასის გადასახდელადაც უნდა ვიყოთ მზად. პირუთვნელად უნდა ვაღიაროთ - და ეს გულგრილობა კი არა, რეალიზმი იქნება, -რომ ნებისმიერი ტერაქტების მსხვერპლთა პიროვნულ უბედურებას, სიღმისეულად და პირველ რიგში, ადექვატურად მხოლოდ მათი ახლობლები აღიქვამენ და სათანადოდაც განიცდიან, მხოლოდ მათ ევლინებათ ეს საშინელი ცხოვრებისეული გამოცდა აუნაზღაურებელი დანაკარგის სახით, მხოლოდ მათ მიაქვთ ეს უბედურება გულთან ახლოს. გარეთ კი, როგორც წესი, პოლიტიკური სპეკულაციები მძლავრობს... ხმაურიან და ემოციურ მასობრივ პროტესტებში მთავარი მაინც მათი წარმავალი ხასიათია - და კიდევ უნებლიე კონიუნქტურული თვალთმაქცობა, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ასეთ მიტინგებსა და დემონსტრაციებს. თავად განსაჯეთ: განა ბევრს აწუხებს დღეს იმ დაწყევლილი „ბოინგის" სამასიოდე მსხვერპლი - მათი ახლობელ-ნათესავების გარდა? მეტიც: ისტორიული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ვერც ერთი ოფიციოზური გლოვა ვერ იქნება ხანგრძლივი და, მით უმეტეს, მუდმივი, თუ მას საფუძვლად ფართო მასების ნებით მყარი და საკრალური პოლიტიკური შინაარსი არ დაედო (მსგავსად ჰოლოკოსტისა თუ სომხების გენოციდისა თურქეთში). ვერც რუსეთ-უკრაინის კონფრონტაციისა და ვერც პარიზული ჩაცხრილვის მსხვერლნი ამ რანგში ჯერჯერობით ვერ გადიან, ხოლო წმინდა ადამიანურად... ინტერნაციონალური სამთავრობო წრეების ფორმალურმა და დიპლომატიით გაჟღენთილმა თანაგრძნობამ გულუბრყვილობის მორევში არ უნდა ჩაგვითრიოს. მასობრივ მიტინგებში განუზომლად მეტი თვალთმაქცობა შეიძლება ამოიკითხო, ვიდრე დაღუპულთა ახლობლების ნაღვლიან გამოხედვებში და მათივე გულწრფელ ცრემლებში, რომლებშიც - აშკარად პათოლოგიური შემთხვევების გარდა - თვალთმაქცობა საერთოდ არ იგრძნობა. რაც შეეხება „ბოინგის" მსხვერპლებს - ესეც სპეკულაციის საგანი გახდა, ბრალდებულებს მხარეები ნიშნავენ საკუთარი პოლიტიკური სიმპატიებიდან თუ ინტერესებიდან გამომდინარე, და სადაა იმის გარანტია, რომ „ებდოს" თავდასხმისას დაღუპული 12 ადამიანის სულებს იგივე მომავალი არ ელით?
მაგრამ გვეყო დიდ მსოფლიოზე ამდენი ზრუნვა, სახლში დაბრუნების დროც დადგა.
საქართველოში წელს იგივე პრობლემებია, რაც შარშან, თუმცა შეინიშნება არცთუ სასიამოვნო ცვლილებებიც. ძალზე გააქტიურდა ნაციონალების ე.წ. „პოლიტიკური ოპოზიცია", რომელიც მმართველი ძალის ხელდასმითა და განზრახ უნიათობით გასულ წელს გადაურჩა დამსახურებულ „მივლინებას" პოლიტიკურ სანაგვეზე და - მადლობის მაგიერ - იმდენად გათავხედდა, რომ უკვე ქვეყნის გარედან ცდილობს საქართველოში სიტუაციის არევას და პოლიტიკური წონასწორობის თავის სასარგებლოდ შერყევას. როგორც ჩანს, „ნაცმოს" სტრატეგები (თუ უცხოელი „კურატორები") თვლიან, რომ მათთვის ხელსაყრელი მომენტი ახლოვდება. აქვთ კიდეც გარკვეული საფუძველი ასე იფიქრონ - შარშანდელ ადგილობრივ არჩევნებზე „ოცნებამ" ვერაფერი შედეგი აჩვენა. მაგრამ „ნაციონალები" არ ითვალისწინებენ მთავარს: იმას, რომ ქართველი ხალხი მათი ცხრაწლიანი ბოგინის შედეგად საკმაოდ ძლიერადაა ვაქცინირებული და „ოცნების" რეიტინგის კლება სულაც არ ნიშნავს „ნაცმოს" რეიტინგის მატებას - მისი წარსული „გმირობების" ფონზე. მაგრამ „ოცნებმაც" უნდა გაითვალისწინოს, რომ ძველი წლიდან ახალში მემკვიდრეობით გადმოსული რეიტინგის კლების ტენდენციის გადაფარვა შორეული ფრანგული ტერაქტებით შეუძლებელია. პოლიტიკას უყვარს აქტივობა, მიხეილ სააკაშვილი აქტიურობს, ხოლო უმაღლესი თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადამდგარი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კულუარული მართვით დაკავებული ბიძინა ივანიშვილი კი ჯერ-ჯერობით გარეგნული სიმშვიდით უცქერს მისი მთავარი და დაუღალავი ოპონენტის გახშირებულ ინტერვიუებს ქართულ ტელესივრცეში და პოლიტიკურ სარბიელზე ოფიციალურად დაბრუნების ნაცვლად რაღაც ახალი თოქ-შოუს მზადებითაა დაკავებული. საქმე კი ისაა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებას ოდითგანვე თავისი ძირითადი, თითქმის ურყევი, ზოგჯერ უხილავი, მაგრამ ლამის აქსიომატური კანონები გააჩნია და არც ერთ კეთილ მილიარდერსა თუ თოვლის პაპას დედამიწაზე არ ძალუძს ამ კანონების საკუთარ ნებაზე დიდი ხნით მორგება. კონსტიტუციის მორგება შეუძლია, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრების კანონებისა - ვერა. ფაქტია, რომ ივანიშვილი არასაკმარისად თანმიმდევრული და რადიკალური აღმოჩნდა (ან ვერ გაუძლო დასავლეთის გარკვეული გავლენიანი წრეების ზეწოლას) „მიშიზმთან" პრინციპულ შერკინებაში და დაუტოვა დისკრედიტირებულ „ნაციონალურ" სექტას მის მიერ მითვისებული საპარლამენტო ბერკეტები - არადა, მათი მანდატების გაუვნებელყოფას არაფერი უნდოდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გარდა (ეგ ვარიანტი, დარწმუნებული ვარ, არაა საბოლოოდ ჩამოწერილი დღის წესრიგიდან - როგორც „ნაცმოს" დათრგუნვისა და განიარაღების ყველაზე ექსტრემალური ხერხი, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ 2012-ში გამარჯვებულ კოალიციას სურს დიდი რყევებისა და გართულებების გარეშე როგორმე მიატანოს 2016 წლამდე, კონსტუტიციით გათვალისწინებულ მორიგ არჩევნებამდე). მაგრამ, ერთის მხრივ, პოლიტიკურმა მეტოქემ მას შესაძლოა ამის საშუალება არ მისცეს, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ მმართველი კოალიციის დაშლა სულაც არაა გამორიცხული (ამისთვის უკვე იღვაწეს „თავისუფალმა დემოკრატებმა" და რიგში დგანან „რესპუბლიკელები"). ამასობაში კი ქვეყანაში რეალურად დამკვიდრდა, ასე ვთქვათ, ანონიმური მმართველობა შესუსტებული პრემიერითა და სუსტი პრეზიდენტით - ანუ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური მოდელი ისტორიაში, რომელსაც არაფერი გააჩნია საერთო არც დემოკრატიასთან, არც ფაშიზმთან, არც კომუნიზმთან და არც ლიბერალიზმთან. არადა, საჯარო პოლიტიკა ლამის ყველაფერს პატიობს საჯარო პოლიტიკოსს ენერგიის დეფიციტისა და ანონიმურობის გარდა. ერი და ხალხი თავისი ლიდერისგან ელის რაღაც გაცილებით უფრო ქმედითს, ვიდრე „ბიზანტიურ-კულუარული" მმართველობაა და გერმანელი ფილოსოფოსების შემოქმედებისადმი თუ ფსიქოანალიზის საფუძვლებისადმი ცხოველმყოფელი ლტოლვის დემონსტრირება.
ბოლო-ბოლო, 2012 წლის ტრიუმფალური საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, ამ ორწლიანი გადასახედიდან, პრინციპულად რა შეიცვალა საქართველოში, გარდა იმისა, რომ გაუწონასწორებელი, კალიგულიზმით შეპყრობილი და უკონტროლო საჯარო ლიდერი შეიცვალა გაწონასწორებულით, ფრთხილით, მაგრამ ასევე უკონტროლოთი და, თანაც, კულუარულით - ანუ ისეთით, რომელიც პასუხს ფორმალურად არაფერზე არ აგებს? შეიცვალა ის, რომ გაქრა (ალბათ, დროებით) მოსმენებისა და მიყურადების საყოველთაო შიში, თითქოს დასრულდა ბიზნესების ღამ-ღამობით „ახევისა" და სამსახურებიდან „ჩარეცხვის" სამარცხვინო პრაქტიკა (არადა, ეს ყოველივე ცოტა როდია), ავად თუ კარგად, მაგრამ ჩატარდა ჯანდაცვის ურთულესი რეფორმა და რიგითი მოქალაქისთვის ექიმი უფრო ხელმისწვდომი გახდა, მაგრამ სხვა - ძირითადად სოციალ-ეკონომიკური - პრობლემების გამძაფრების ფონზე ხელისუფლების პოლიტიკურმა „უკბილობამ" შესაძლოა გააძლიეროს აგრესიული „მიშისტური საპარლამენტო ოპოზიცია", რომელიც აგერ უკვე უკრაინის მიწა-წყლიდან სააკაშვილის დაქვემდებარებაში გადასული და ფორმირების სტადიაში მყოფი შეიარაღებული შენაერთებითაც კი ემუქრება საზოგადოებრივ სტაბილობას საქართველოში. ხელისუფლების გაუბედაობა საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში, მისი გაურკვეველი ორიენტაცია, ასევე არყევს „საოცნებო კოალიციას" შიგნიდან - საქმე ხომ მარტო ამა თუ იმ საბუთის ხელმოწერში არაა, და მე ვთვლი, რომ საქართველოში კვლავაც აქტუალურია საკითხი ორიენტაციული რეფერენდუმის გამართვის თობაზე - ქართველ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება პატიოსნად და გაუყალბებლად გაარკვიოს: სურს თუ არა მას სინამდვილეში ყველა წინა ხელისუფლების მიერ ესოდენ „გაპიარებული" ევროპა და ნატო? ამ საკითხის გადაწყვეტა არ გახლავთ მხოლოდ ე.წ. "პოლიტიკური ელიტის" კომპეტენცია, თუმცა ვფიქრობ, რომ უცხოეთის ცნობილი საელჩოებიდან დიდწილად მართული ხელისუფლება დღეს არაა მზად ესოდენ პრინციპული ნაბიჯის გადასადგმელად. ორ სკამზე ჯდომას უნარი და ნიჭი უნდა - გარდა ყველაფრისა. კარგადაა გასაცნობიერებელი, რომ ყველა შარშანდელი თავსატეხი უკვე წლევანდელი გახდა და ძველ პრობლემებს თანდათან ახალ-ახალი პრობლემები ემატება - ხან ლარის გაუფასურების, ხან მედროვე ჩინოვნიკებისთვის პრემია-დანამატების ჩამორიგების ჩვეული პრაქტიკის გაგრძელების, ხანაც მოსახლეობისთვის უაღრესად მგრძნობიარე და მტკივნეული საყოფაცხოვრებო თემების (კომუნალური ტარიფები, სემეკის დღევანდელი ფორმით არსებობა, წყლის ქსელების გაუმართაობა და ა.შ.) აქტუალიზაციის სახით.
ამ ზოგადპოლიტიკურ მომოხილვას ამჯერად ძირამდე არ ჩავყვები - სტატიის ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ ბოლოს მაინც მინდა შევეხო ჩვენი საზოგადოებრივი არსებობის ორ უმნიშვნელოვანეს და, ჩემი აზრით, უსუსტეს წერტილს: მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში შექმნილ ვითარებას. მართლაც, ღირს ორიოდე სიტყვის ჩამოგდება იმაზე, თუ როგორ ვითარდება ეს სფეროები (ცალკეული დარგების განხილვის გარეშე) უკვე ივანიშვილისა და მისი ფავორიტების მმართველობის პირობებში. იმავდროულად შევეცდები სათქმელი მოკლედ ვთქვა, რათა დაღლილი მკითხველი ბანალობებითა ან ზედმეტი დეტალიზებით კიდევ მეტად არ გადავღალო.
ძირითადი მომენტი აქ ისაა, რომ მეცნიერების მართვის თვალსაზრისით „ოცნება" რეალურად „ნაცმოს" ფსევდო-რეფორმატორულ კურსს აგრძელებს. სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ „ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები სამართლიანობის აღდგენის კუთხით სრული პროფანაცია აღმოჩნდა. „ჩარეცხილი" ინტელიგენციის „ამორეცხვის" პროცესი არც ერთ წამყვან უნივერსიტეტში თუ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში არ დაწყებულა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. ალბათ, სირთულეები ნაწილობრივ ობიექტურ ხასიათსაც ატარებს, რამეთუ სააკაშვილის დროს მისი „ხუნვეიბინებით" დაკომპლექტებულმა პარლამენტმა განახორციელა საკანონდებლო ცვლილებათა მთელი წყება სწორედ იმ მიზნით, რომ უმაღლესი სასწავლებლები ე.წ. "საბჭოთა წარმომავლობის" ინტელიგენციისგან რადიკალურად გაწმენდილიყო და დარჩენილი „კარკასი" მხოლოდ თავისი მომხრეებისთვის დაეტოვებინა - საშვილიშვილოდ და „ახალი ადამიანის" (ქართველი ზომბის) შესაქმნელად. ამ დანაშაულებრივი ჩანაფიქრის ბოლომდე შესრულება ჩვენმა „დემოკრატიულმა წითელმა ქხმერებმა" ვერ მოასწრეს, თავად „ნაცმოძრაობამაც" დაკარგა ძალაუფლება, მაგრამ ივანიშვილის მთავრობამ მას მერე პრაქტიკულად თითი თითზე არ დააკარა, რათა განვითარების ვექტორი ოდნავ მაინც შეცვლილიყო: „ჩარეცხილი" ადამიანები შეძლებისდაგვარად სამსახურებში აღედგინა, დაზარალებულთა კომპენსირების რაღაც ფორმებზე ეზრუნა, მართვის გარკვეული ბერკეტები სამინისტროდან ისევ მეცნიერებათა აკადემიისთვის დაებრუნებინა, გაეზარდა მეცნიერებაზე მიმართული მშპ-ს წილი 0,2%-დან 2%-მდე მაინც (ევროპული სტადარტის ქვედა ზღვარი) და ა.შ. პრაქტიკულად ყველას ყველაფერი შერჩა. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი, რომელიც ყოველთვის ერიდებოდა რაიმე „ანტისამთავრობო" პოზიციის გაცხადებას, კარგა ხანია უფლებაჩამორთმეულ „პრივილეგირებულ პენსიონერთა კლუბად" გადაიქცა, რომელსაც არაფერი ეკითხება შეძენილი "სტატუსის" შენარჩუნების გარდა. ამ საფასურად ის წლების განმავლობაში მსუყედ იკვებებოდა როგორც სააკაშვილის, ისე - პარალელურად - ივანიშვილის ხელიდან (იმ დროიდან მოყოლებული, როცა მის დაქვემდებარებაში მყოფი სამეცნიერო დაწესებულებები და მათი თანამშრომლები სულს ღაფავდნენ დამცირებისა და შიმშილისგან). როგორც ჩანს, ეს წარჩინებული „კლუბი" ვერც დღეს გრძნობს რაიმე მორალურ პასუხისმგებლობას საკუთარი უახლოესი „კოჰაბიტანტური" წარსულის გამო და ჯეროვნად არც მეცნიერების მართვის კუთვნილი უფლებების ხელახლა მოსაპოვებლად იბრძვის. შესაბამისად, მთელი „სამეცნიერო ძალაუფლება" კვლავაც სამინისტროს „მენეჯერული" რგოლებისა და ცალკეული „დამოუკიდებელი" რექტორების ხელშია კონცენტრირებული, არსობრივად სახეზეა სრული სტაგნაცია, კვლევითი ინსტიტუტების გასაცოდავებული ნარჩენები კი კვლავაც სააკაშვილის მიერ დაწინაურებული კადრების ხელში რჩებიან. რაიმე ხელშესახები პოზიტიური ძვრები არც კულტურის სფეროში შეინიშნება. აქაც სკამებს მიჯაჭვული მოქმედი ბიუროკრატია ძირითადად საბიუჯეტო სახსრების მითვისება-განაწილებითაა დაკავებული (ფესტივალები, მივლინებები და ა.შ.) და კვლავაც ჯაბნის საწყალ ხელგაწვდილ შემოქმედს - მხატვარს, პოეტსა თუ მწერალს. ილუსტრაციისთვის დავამატებდი რამდენიმე მაგალითს: დიდი ქართველი ფსიქოლოგის დიმიტრი უზნაძის სახელს სიტყვიერად ყველა პატივს სცემს, მაგრამ მიუხედავად მრავალგზისი დაპირებებისა, ვერა და ვერ მოხერხდა „მიშისტების" მიერ გაუქმებული დიდი ტრადიციის მქონე ფსიქოლოგიის ინსტიტუტის (სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ) ძველი ფორმით აღდგენა - არადა, რამდენი ლაპარაკი მახსოვს ამის თაობაზე! ასევე აღსანიშნავია, რომ ივანიშვილისა და მარგველაშვილის ხელისუფლებამ უცვლელი ოაზისის სახით შეინარჩუნა „მიშიზმის" მთავარი იდეოლოგიური კერა - „ილიაუნი", რაც ფორმალური ლოგიკის თვალსაზრისით თანამედროვე კაფკიანობისა და ქართული აბსურდის თეატრში დადგმული „კოჰაბიტაციური" სპექტაკლის კულმინაცია გახლავთ.
სჯობს თვალი გავუსწოროთ სიმართლეს: რეალურად „ოცნების" ორწლიანი მმართველობა, უპირველეს ყოვლისა, საბაზრო პირობებში ფულის ძალის დემონსტრირებას მიეძღვნა და მოხმარდა. ანუ იმის დასაბუთებას, რომ ჩვენეულ კერძო კაპიტალს ახალი ჟურნალის დაარსებას, ახალი წიგნის გამოცემას, ახალი ინსტიტუტის გახსნასა ან ძველის აღდგენას, დღემდე მოღწეული ისტორიული ძეგლების შენარჩუნებას და მათი შთამომავლობისთვის გადაცემას - აი ყველაფერ ამას, - წმინდა ფინანსური მოგება ურჩევნია. სწორედ ამას ეწოდება თანამედროვე მენეჯერული აზროვნება, რაც, ჩემი აზრით, თავისთავად ტრაგედიაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდ ტრაგედიად ის მიმაჩნია, რომ ამას შეურიგდა და ანალოგიურად აზროვნებს არა ერთი და ორი საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული ადამიანი. პირველად არ ხდება ისტორიაში, როდესაც გავრცელებულ და დაკანონებულ უგუნურებას ეწირება დაჩაგრული შემოქმედი კაციც და მთელი თაობებიც - კაცობრიობის წარსული სავსეა ასეთი მაგალითებით, რას იზამ... სხვათა შორის, „ოცნების" ასეთი პოზიცია გარკვეულად განაპირობა უამრავი ყოფილი „ნაცისა" ან „ნაცებისადმი" ლოიალური მაჟორიტარი დეპუტატების, საკრებულოთა წევრებისა და გამგებლების „ოცნებაში" მასობრივად გადადინებამ. გარიგება გარიგებას მოსდევდა და ჩვენ ყველანი ვხედავდით და ვხედავთ, რომ ასე მოწვეულ „კადრებს" ხშირ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებოდა და ენიჭება მათ წინაშე, ვინც თავი არ დაიზოგა, საკუთარი კეთილდღეობა სასწორის პინაზე შეაგდო, გარისკა და რაღაც მართლაც სერიოზული მოიმოქმედა სააკაშვილის პროფაშისტურ-„წითელქხმერული" რეჟიმის წინააღმდეგ და მის მოსაცილებლად.
რა თქმა უნდა, დღეს ისეთი სისულელის ხმამაღლა თქმას, როგორიცაა „მეცნიერება რად გვინდა?" ან „კულტურა რად გვინდა?", არც ერთი ჭკუათამყოფელი პრემიერი, პრეზიდენტი, ოლიგარქი ან მინისტრი არ იკადრებს. მაგრამ ეს არცაა საჭირო. მოიძებნება სხვა ფრაზები ან მოდური ევფემიზმები - მენეჯერებიო, ევროპული სტანდარტებიო, ბოლონიის პროცესიო... საბოლოო ჯამში კი მმართველი „ელიტის" მიერ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეცნიერების სფეროს არ ხელმძღვანელობდეს ღირსეული და უფლებამოსილი მეცნიერი, ხოლო კულტურის სფეროს - ღირსეული და უფლებამოსილი ხელოვანი. რატომ? იმიტომ, რომ ეს მართლაც შეიძლება სახიფათო გახდეს იმ საზოგადოებრივი სტაბილობისთვის, რომელიც სწორედ ამ „ელიტაში" შემავალი განსხვავებული პოლიტიკური წარმომავლობის სუბიექტების შეხმატკბილებულ თანაარსებობას გულისხმობს. ფულის მაგნეტიკურმა ძალამ იჩინა თავი წინასაახალწლოდაც, საყდრისის გარშემო დატრიალებულ კონფლიქტში. „ნაცისტები" რა ხილიც იყვნენ - გასაგებია, მაგრამ ვერც იმაზე დავხუჭავთ თვალებს, რომ „ოცნების" პოლიტიკური ფილოსოფია ყველაზე უკეთ გამოიხატება უმარტივესი მაქსიმით: დიდმა ფულმა ყველგან და ყოველთვის უნდა იმძლავროს და გაიმარჯვოს. ქართულ სინამდვილეს შესანიშნავად ესადაგება ცნობილი მარქსისტული თეზისი, რომელიც ღაღადებს, რომ "მსხვილი კაპიტალი, 100%-იანი მოგების სუნი თუ ეცა, მზადაა უკუაგდოს ყველა ადამიანური კანონი, ხოლო 300%-იანი მოგების გულისთვის არ არსებობს დანაშაული რომელზეც იგი არ წავა". იდეალისტი კარგა ხანია არ გახლავართ, მარქსს პატივს ვცემ და ვშიშობ, რომ ვაითუ ეს სიტყვები ზედგამოჭრილია თანამედროვე „ქართული ოცნების" პრაქტიკული საქმიანობის დასახასიათებლად. ამ მხრივ არ შემიძლია არ გავიხსენო ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული კულტურის მინისტრის, ბატონ გურამ ოდიშარიას ბედი.
„საოცნებო მთავრობის" კულტურის პირველი მინისტრი, ცნობილი მწერალი გურამი ოდიშარია წელიწადზე მეტი ხელმძღვანელობდა სამინისტროს და, კაცმა რომ თქვას, თავის პოსტზე თავი მაინცდამაინც არ გამოუჩენია. ცდილობდა როგორც შეეძლო, არაფერს განსაკუთრებულსა თუ არაორდინარულს არ სჩადიოდა, ნავს არ არწევდა, „გუნდის" წევრობით ამაყობდა, პასუხისმგებლობას თავის მოადგილეებს უხვად უნაწილებდა და ზოგჯერ ხდებოდა კიდეც ქვეყნის პირველი პირის მსუბუქი კრიტიკის (შესაძლოა, არცთუ გულწრფელი) ობიექტი - ეს იყო და ეს. რა თქმა უნდა, ქართული კულტურის სამყაროში რაღაც პრეტენზიები მის მიმართაც გროვდებოდა, მაგრამ არც ამაში ყოფილა რაიმე საგანგებო ან საგანგაშო. საკვირველი იქნებოდა, პირიქით რომ ყოფილიყო - ასეთ პოსტზე ყველას მოსაწონი ვერ გახდები.
მაგრამ რაღაც კრიტიკულ მომენტში, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ამ „გუნდის წევრმა" აღარ მოაწერა („არ" თუ „ვერ" ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია დამდგარი შედეგი) ცნობილ და უკვე გამზადებულ ბრძანებას საყდრისის არქეოლოგიური ძეგლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსის მოხსნაზე ერთი ოქროსმომპოვებელი ფირმის ინტერესებში. რამდენადაც მახსოვს, მწერალმა მინისტრმა თავის თავი შვებულებაში გაუშვა და დაუძვრა ამ ხელმოწერას! ნუ, ახლა მთლად კამიკაძესავით საყდრისს არ შეეწირა, მაგრამ სულ არაფერს მაინც ეგ სჯობდა - არ მოაწერა! სამაგიეროდ მის სავარძელში დასმულმა „მენეჯერმა" ეს იოლად გააკეთა. აფეთქებები საბადოზე გაგრძელდა და ყველამ დაინახა, რომ პროგრესს ვერაფერი შეაჩერებს. დიდი ფული ყოველთვის იმარჯვებს - და ვინც ამას არ აღიარებს (ან შინაგანად არ ღებულობს), ის ან თვალთმაქცია, ან არაფერი გაეგება თანამედროვე პოლიტიკაში.
ჩემი აზრით კი სწორედ ამაში გამოვლინდა განსხვავება თანამდებობის პირ ხელოვანსა და სტანდარტულ ჩინოვნიკს შორის და, ცხადია, მმართველმა ჯგუფმა სათანადო დასკვნა გამოიტანა - ჩინოვნიკის სასარგებლოდ.
დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს, ბატონებო. წელიწადი წინაა!