მონათლა თუ არა ბერმა ილიამ დამწვარი გემის კათოლიკე კაპიტანი? როგორ შეაფასეს ბერძნებმა ქართველი ბერის საქციელი? ვინ და რატომ ემუქრებიან მამა ელიზბარს?
„ალიას" საბერძნეთში მოღვაწე დეკანოზი, მამა ელიზბარ დიაკონიძე ესაუბრება:
- მამაო, საბერძნეთში დაღუპულ მამა ილიაზე დამატებითი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ, როგორ დაიღუპა?
- მამა ილია იყო ადამიანი, რომელსაც არ შეეძლო, ყოფილიყო მარტო საკუთარი თავისთვის, ეს იყო ადამიანი, რომელიც უნდა დახარჯულიყო სხვისთვის, უფლისთვის. მამა ილიამ გაიმეორა ის გმირობა, რაც ოდესღაც კომუნისტების დროს ექიმმა ჟორდანიამ გააკეთა. გახსოვთ თქვენ, თვითმფრინავში მან იაპონელ ბავშვს მიაწოდა თავისი მაშველი რგოლი და ბავშვი უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა. მამა ილიამ მაშველი რგოლი კი არ გადასცა, თავისი ადგილი დაუთმო დედა-შვილს. ის გემის კათოლიკე კაპიტანთან ერთად ბოლომდე იდგა, ლოცვით ამხნევებდა მას. არავინ იცის, იქნებ მართლმადიდებლურად მონათლა კიდეც სიკვდილის ჟამს ეს ადამიანი და რაც უფალმა ბრძანა ავაზაკის მიმართ, ჩემთან ერთად იქნები სამოთხეშიო, ეგება ესეც განხორციელდა.
- საბერძნეთში რა გამოხმაურება მოჰყვა მამა ილიას ამ საქციელს?
- უდიდესი! საბერძნეთის ეკლესიამ, სადაც მეუფე ევქტარიოსია ათენისა და მთელი ელადის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, გამოაცხადა ერთკვირიანი ლოცვა ქართველი ბერი მამა ილიასადმი, რადგანაც მან ასეთი გმირობა ჩაიდინა.
- ახლა გადავიდეთ სხვა თემებზე. წინა ხელისუფლება დედას სტირობდა ქართველ ემიგრანტებს და საბერძნეთში ჩვენი დიასპორა არც ახლაა ახალი ხელისუფლების მადლიერი. ახლა რა პრობლემები აქვთ ქართველ ემიგრანტებს?
- პრობლემა? უამრავი... ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი - თვით პაკისტანის, ალბანეთისა და ასე შემდეგ ქვეყნების საკონსულოები ერთად არიან შეკრულები და შავ დღეში ჩააგდებენ საბერძნეთის მთავრობას, კბილებით დაიცავენ თავისიანს, თუ მათი თანამემამულე თავს დაჩაგრულად ჩათვლის, განსხვავებით ჩვენგან.
გახსოვთ, თქვენთან საუბარში საბერძნეთში მყოფი ის სასულიერო პირები, რომლებთან მიმართაც სიმართლე გამოვაქვეყნე, თურმე იმუქრებიან, რომ, როგორც კი მნახავენ, თავისი ჭკუისა და გონების შესაბამისად გამისწორდებიან.
- უნდა გაგლახონ, თუ რა ხდება?
- თქვენ კარგად იცით, რაგბი რა სპორტია და ვინ ვის გალახავს, ეგ საკითხავია. მაგრამ, ალბათ, იმას აპირებენ, რაც სჩვევიათ უზნეოებს, მეტი რა უნდა გაგიკეთონ იმის გამო, რომ ვთქვით სიმართლე, რაც საბერძნეთში ხდება? მაგრამ მაგის გამო რომ მე არსად გავიარო, ეს ნიშნავს, რომ შემეშინდა, ეს არ მაშინებს. ის მაშინებს და მაღონებს, ჩემი ხალხი რომ დაჩაგრულია და ასეთ დღეშია. საბერძნეთში თვის პირველი კვირის შაბათს აქვს ქართველს უფლება, წირვას დაესწროს და იქაც იქაური მამაო ფულს რომ მიაპროცენტებს, წარმოგიდგენიათ?
- კი, მაგრამ გაპროცენტება რომ დიდი ცოდვაა?
- კი, მაგრამ ფულს ხომ აკეთებს და აქეთ ქართულ საპატრიარქოში ხომ აგზავნის ვიღაცასთან, თუმცა, კონკრეტულად ვისთან, ეს არ ვიცი, მაგრამ სამომავლოდ ხომ იმაგრებს ადგილს, რომ იქიდან არ გამოაძევონ და იგნორირება არ გაუკეთონ სამომავლოდ? და ვის აინტერესებს, რა არის ცოდვა და რა არის მადლი?
- რამდენიმე თვის წინათ საქართველოდან საპატრიარქოზე გულნატკენი წახვედით. რომ ჩამოხვედით, რამე გაარკვიეთ, რა სიტუაციაა დღეს?
- კი, გავარკვიე. ძალიან ბევრს არ სიამოვნებს, როცა სიმართლეს ვამბობდი, ანუ იმ ნაწილს, ვისაც ვაკრიტიკებდი. მაგრამ მე, უკაცრავად ვიქნები საზოგადოებასთან და ნაკლებად მაინტერესებს, ვის რა ხიბლავს და ვის რა სენი სჭირს. მე მაინტერესებს, ის, რომ თუ სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა, მაშინ ამ სამშობლოს ისევე ეკუთვნის პატივისცემა და ღირსეულად მოპყრობა, როგორც უფალს. თუ ვინმესთვის უფალი და სამშობლო არც ერთია და არც არსებობს ეს მცნებები, მაშინ სჯობია, კვერთხი დააყუდონ ეპისკოპოსებმა და უკეთესებს დაუთმონ ასპარეზი. თუ ეს თავად არ შეუძლიათ, მაშინ უფალი მოუვლის ყველაფერს, მაგრამ ხვალ, ან როცა უფალი თავად ინებებს, მივალთ მასთან, უფალი ჩვენ არ გვეტყვის, ნუ გეშინია, შვილო, რადგანაც შენ არ შეგეძლო, მერე რა მოხდაო. არა! უფალი გვეტყვის: შენ არ ეცადე, რომ გაგეკეთებინა ის, რაც გევალებოდაო, ამაშია სხვაობა.
- თქვენ ერთი კვირაა, რაც ჩამოხვედით საქართველოში და საკუთარი თვალით ხედავთ, რა ხდება ჩვენთან. ვგულისხმობ ირაკლი ვაჭარაძის გამონათქვამებს საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ...
- (მაწყვეტინებს) სხვათა შორის, მაგ პატარა არაკაცს მე შევხვდი ერთ-ერთ ტელეკომპანიაში, თუ არ ვცდები, "მაესტროზე". მახსოვს, იქ გელა ნიკოლაიშვილი ბრძანდებოდა და იქ ბოკერიას ცოლმა მიგვიწვია.
- მაშინ გამოდის, ტელეკომპანია „ტაბულაზე" ყოფილხართ...
- უკაცრავად, „ტაბულაზე"... მოდი, ასე გეტყვით, აი, მაგ ვაჭარაძეს მე, პირადად, სადაც ვნახავ, ცხვირ-პირს დავამტვრევ და ძალიან გთხოვთ, ეს დაწერეთ აუცილებლად სიტყვასიტყვით! ცხვირ-პირს დავუნაყავ, სადაც შევხვდები და „ალიას" საშუალებით ვაფრთხილებ, თუ დამინახავს, ქუჩის სხვა მხარეს გადავიდეს და ფრთხილად იყოს, არსად გადამეყაროს! თუ მიჩივლებს, ისე მოვაქცევ, საჩივლელი თავი არ ჰქონდეს მასაც და ბევრ კვერთხოსანსაც. მაპატიოს უფალმა, ვიცი, რომ ეს არაა გამოსავალი, მაგრამ ეს იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ თურმე სჯიან ყველას, ვინც საპატრიარქოს და უწმინდესს აბუჩად და მასხრად იგდებს. აი, ეს თუ არ განვახორციელეთ ქართველებმა, ვერაფერი გადაგვარჩენს. რაც შეეხება თავად საპატრიარქოს პასუხს, საპატრიარქო პასუხობს მამა ელიზბარს, რომელმაც რაღაც დაწერა. იცით, რაშია საქმე? ვაჭარაძე არ უნდა ბედავდეს მუქარას, რადგანაც დათა რომ ამბობს: თუთაშხიას რომ ესვრით, თქვენ ის კაცები არ ხართ, დურუ სიგუას რომ ესვრით, აი, ის კაცები ხართო, მასე ხდება. ვაჭარაძეს ხელს აფარებენ, ეს ჩვენი კაცია და ხმა არ გაიღოთო, ჩემზე კი ხელის დაფარება არ ხდება, მე უნდა მითხრან, რაც უნდათ ის სიტყვები და მეუბნებიან კიდეც.
- ვისზე ამბობთ?
- ვისზეც ვლაპარაკობ, იმაზე. რადგანაც თუკი ვაჭარაძეს რამეს ეტყვიან, ამათ დასჯიან და სინოდის სხდომაზე განიხილება საკითხი არა მამა ელიზბარის გალანძღვისა, არამედ ვაჭარაძის გალანძღვისა.
რაც შეეხება მრევლის რეაქციას ვაჭარაძის საქციელზე, მრევლმა უნდა აკეთოს და ის, რაც უკეთებია ისტორიულად: როცა შენს დედაეკლესიასა და შენს საპატრიარქო ტახტს შეგიგინებენ, ის კაცი ღირსია იმისა, რომ ის ადამიანი მოკვეთილი იქნას საზოგადოებიდან. გარდა ამისა, მარტო მრევლი არა, ის ხალხიც, რომლებიც კვერთხით დადიან და ეკლესიის ავტორიტეტს დაბლა სცემენ. წაიკითხეთ სჯულის კანონი ყველამ და აღმოაჩენთ, რომ შეგიძლიათ, მოსთხოვოთ ეკლესიას, იყოს უფრო გაბედული, ვიდრე ახლაა და კი არ სთხოვოთ, მოსთხოვოთ!
- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, რომ მეუფე იობს საეპისკოპოსოს ართმევდნენ...
- მეუფე იობს მხოლოდ ორი სოფელი დაუტოვეს, რუისი და ურბნისი, დანარჩენი მთელი ეპარქია გაუუქმეს და დაუნაწევრეს. ამის გამო არ უნდა გამოსულიყო მრევლი? მაგრამ ვინ გამოდის? „კუხნაში" რომ დაჯდება კაცი და იქ ჩაარიხინებს ლოცვას, ის კაცი რამეს გააკეთებს? არა და ამაშია საქმე, ამას გამოსვლა და სერიოზული მოთხოვნის დაყენება უნდა, რადგანაც ეს მეუფე არის ერის სინდისი და გადარჩენის დასაწყისი.
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ალია"