(დასასრული)
ასე და ამ სტილში აგრძელებენ ეს მართლა ბრმები და დაუნახავები. გაუთავებელი აბსურდი, მუდმივად უსაფუძვლო ბრალდებები, გაუთავებელი სისულელეები, ივანიშვილის გაუთავებელი ლანძღვა,შენ კი იძულებული ხარ ყოველივე ამას უსმინო და დროდადრო უმტკიცო რომ ცრუობენ, მაგრამ სადამდე?! ვიკითხე მე ეს და დამამშვიდეს, რეგლამენტით ნებისმიერი სისულელის და ნებისმიერი ცრუ ბრალდების გაჟღერების სრული უფლება აქვთო.
კი, მაგრამ, ბატონებო! ქალბატონებო! ადამიანებო! ეს რეგლამენტი ხომ ნორმალური ადამიანების დაწერილია, ასევე ნორმალური ადამიანებისთვის და იმის გამო, რომ თავის დროზე, ვერავინ იფიქრა ოდესმე, პარლამენტში არანორმალური ხალხიც მოხვდებაო, ავდგეთ და ნაციონალური სიგიჟისთვის გავწიროთ მთელი ქვეყანა?! დროზე მივხედოთ გემს, ბატონებო, თორემ, გადადგა ხალხი ჭკუიდან, მართლა როდემდე შეიძლება ამ ფარისევლური ჭიკჭიკის მოსმენა?!
გამოვიდა მორიგი წარჩინებული ნაციონალი ტრიბუნასთან, სვანეთის გმირი რომაა და სერიოზული სახით 10 წუთი გვიმტკიცებდა, მე თქვენ ყველანი მიყვარხართო.წესით საჯარო სიყვარულის ახსნაზე კეთილი მოსასმენი რა უნდა იყოს, ცოტა გულიც უნდა აგვჩუყებოდა, მაგრამ ისევ მამალი ტყუილი, ისევ დაკოდილი სიცრუე და ისევ ფარისევლობა რომ იყო მისი ყოველი სიტყვა, იმისთვის რა გვექნა?!მისი ცხოვრება და კაცთმოყვარეობა ერთმანეთთან შეუთავსებელი რომაა, იმისთვის რა გვექნა?! ანდა იმისთვის რა გვექნა, ასევე, შეუძლებელი რომაა იყო სააკაშვილის კაცთმოძულე რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერი და ამავე დროს იყო კაცთმოყვარე?!გოგა ხაინდრავაც მინისტრი იყო მაშინ, გირგვლიანი რომ მოკლეს და მომხდარით შეძრწუნებული მაშინვე განუდგა სააკაშვილის რეჟიმს, კაცთმოყვარე რომ იყო, იმიტომ. შენ?! შენ განუდექი?! თუ მხოლოდ გირგვლიანი არ გიყვარდა?! ასე, რომ, გააჩუმე ეგ დოლი თუ ძმა ხარ! კაცთმოყვარე კი არა, ჩვეულებრივი ფარისეველი ხარ ძამიკო შენ, ცრუკაცი ხარ და ასეთად დარჩები, რადგან, მართალია, მიშასთან შედარებით მოკლე, მაგრამ, სისხლიანი შლეიფი შენც დაგდევს უკან და იმას უფრთხილდი ძამიკო, იმას. ამ ცრუ სიყვარულზე ცრუ საუბარს კი თავი დაანებე.
იმ ბიჭის გაოგნებული თვალები ჯერ არ გაკითხავს ღამღამობით ახლობლები რომ ჩაუხოცე თვალწინ?! პატარა უფლისწულს რომ გავს და უკვე მსოფლიო სევდა რომ ჩაუსახლე თვალებში?! არა უშავს, მალე მოგაკითხავს და შლეიფიც მალე წამოგეწევა.
გურიაში ენაგაქნილ კაცზე იციან თქმა, მაგან იმფერი ლაპარაკი იცის გველს გაწყვეტს წელშიო. ამის შემძლე წარჩინებულები საკმაოდ ჰყავთ ნაციონალებს, მაგრამ ერთი იმდენად გამორჩეულია, გველს კი არა გველეშაპს გაწყვეტს წელში თუ ტრიბუნაზე ავიდა და ენის გადაგდება მოასწრო მხარზე. სხვებისგან განსხვავებით ხატოვნად ცრუობს, მეტაფორებითა და მოულოდნელი შედარებებით შეზავებული ფრაზებით. ჩვეულებრივად, ანუ ტრადიციული სიტყვებით მხოლოდ იგინება.
ამას წინათ, გინებებს შორის მცირე პაუზა რომ მოახერხა, ტრიბუნაზე თვითკმაყოფილი სახით მდგარმა იმდენად შეტოპა საკუთარ მეტაფორებსა და ალეგორიებში რომ, მაგრად აიჭრა და შეგნებულად თუ შეუგნებლად ან მაგარი სისულელე გადმოაგდო დარბაზში, ან შეფარვით ნათქვამი სიმართლე.
მე ახლა საკმაო სიზუსტით შეგახსენებთ მის მაშინდელ ნათქვამს და მერე თავადვე განსაჯეთ სისულელე უთქვამს თუ უეცრად გონება დაბნელებია და აღსარების ხასიათზე დამდგარა.
წარმოიდგინეთ ბავშვი, გვეუბნება ის გამორჩეულად წარჩინებული ნაცი, რომელსაც კარგი მადა აქვს, კარგად იკვებება, სწრაფად იზრდება, სიმაღლეშიც და წონაშიც სწრაფად მატულობს, გონებრივადაც სწრაფად ვითარდება, მაგრამ ჯერ მაინც ბავშვია და ბუნებრივია მშობლების მოვლა-პატრონობას ჯერ ვერ ახერხებსო...
ზუსტად ასეთი ბავშვი იყო ბატონებო ჩვენი ხელისუფლებაცო. მართალია, ჩვენც სწრაფად ვიზრდებოდით და ვვითარდებოდით, მაგრამ მშობლების ანუ ჩვენი ხალხის მოვლა-პატრონობას ჯერ ვერ ვახერხებდითო...
ადამიანებო, ბატონებო, ჩემო კარგებო, გულახდილად მითხარით, მსგავსი სისულელე ოდესმე გსმენიათ?!
თქვე კაი ხალხო, 9 წელიწადი ხელისუფლებაში ყოფნის მერე თუ მაინც ბავშვებად თვლიდით თავს, მაშინ ახლანდელ ხელისუფლებას რაღა ნამუსით ერჩით, ჯერ ხომ სულ ორი წლისაა და თქვენეული ლოგიკით წესით აკვანში უნდა იწვეს?! მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, არ უნდა იყოს მთლად ასე მარტივად საქმე. არაა ის ენაგაქნილი ნაციონალი ისეთი მიამიტი, რომ მსგავსი სისულელე გაუაზრებლად ეთქვა, რადგან, მისი ნათქვამი, თავის მართლების ნაცვლად აღიარებით ჩვენებას უფრო დაემსგავსა, - კარგს ვჭამდით და კარგს ვსვამდით, ქონებასაც კარგად ვაგროვებდით, ვსუქდებოდით და ვმდიდრდებოდით, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს თავზე ვზრუნავდით და ხალხი და ქვეყანა რა თქმა უნდა სულ ერთ ადგილზე გვეკიდაო.
შეგნებულად თქვა მან ეს თუ შეუგნებლად, მოდით ამაზე ფიქრით თავს ნუღარ გადავიღლით. თავადვე გაარკვიოს სისულელეს ჩაეხუტა თუ გააზრებულ ქმედებას.
ორი წელია ვუსმენ და ვაკვირდები ამ ჩემთვის აშკარად გაუგებარ წარჩინებულებს, ერთი-ორჯერ რამდენიმესთან გამოლაპარაკებაც ვცადე, ეგებ რამე გავუგო-მეთქი, რა გჭირთ, რა გემართებათ, ნუთუ ამდენი ლანძღვა-გინება თავად ღირსებას გმატებთ-მეთქი, აბა, თქვენ რომ ზანგებს აწვალებთო?! დაახლოებით ამ ტიპის პასუხი გამცეს და მივხვდი, რომ ამაოდ ვირჯებოდი. მალევე ავიღე ხელი ამ აშკარად უმადურ საქმეზე. ბოლოს კი იმ დასკვნამდე მივედი, რომ, ამ ხალხს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა უბრალოდ სიმართლის სათქმელად საჭირო სიტყვების მწვავე დეფიციტი აქვთ, მხოლოთ სიცრუის სათქმელად საჭირო სიტყვებით აქვთ ლექსიკა გადავსებული. ამიტომაც ცრუობენ დღე და ღამე.
ბოლო დროს ტაქტიკა შეცვალეს, ადრე თუ გააფთრებით იცავდნენ ყველაფერს, რასაც ნაციონალური რეჟიმის მყრალი სუნი ასდიოდა, ახლა, აქა-იქ შეცდომებზე ალაპარაკდნენ, კი ბატონო, გეთანხმებით, გვქონდა შეცდომები, მაგრამ, როდემდე შეიძლება ამაზე ილაპარაკოთ?!... როდემდე ბატონებო და მანამდე, სანამ თქვენს სისხლიან რეჟიმს შეცდომას კი არა, რასაც იმსახურებს იმას არ დაარქმევთ, ანუ, ჯალათობას, ერთმანეთს კი ჯალათებს.
რაც შეეხება შეცდომებს, სააკაშვილმა რომ ოდესღაც აეროპორტში განცხადება დაწერა,შეცდომები იმ განცხადებაში იყო. ორჯერ ორი ექვსიაო ტელეეკრანზე რომ რამდენჯერმე სულელივით გაიმეორა, ესეც შეცდომა იყო. ახალციხეში ვეფხისტყაოსნიდან საზეპიროს თქმას რომ მონდომებით ცდილობდა და საცოდავმა ვერაფრით რომ ვერ გაარკვია როსტომ მეფე მაღალი იყო თუ დაბალი, ესეც შეცდომა იყო და ა.შ.
მაგრამ, ადამიანების წამებას, დასახიჩრებას, მკვლელობებსა და მსგავს საზიზღრობებს რომ შეცდომად ნათლავთ, ამას როგორ ბედავთ თქვე მართლა ნამუსგარეცხილებო?! ამაზე ლაპარაკის დასრულებას ითხოვთ?! თქვენი ბელადის საყვარელი ფრაზით გიპასუხებთ, ნურას უკაცრავად! დასრულება და დამთავრება კი არა, პირიქით, დღე და ღამე ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ, რადგან არც ჩვენ, არც თქვენ და არც უზენაესმა მსაჯულმა, ანუ ხალხმა, იგი არასოდეს არ უნდა დაივიწყოს.
სააკაშვილის მოფიქრებულ ოკუპაციის მუზეუმსაც ახალი საგამოფენო დარბაზი უნდა დაემატოს თქვენი სისხლიანი შემოქმედების ექსპონატებით. იმ ფოტოებით, რომელთა შეხედვა ყველა ნორმალურ ადამიანს უჭირს. ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე კი ფირნიში უნდა გავაკრათ, საქართველოს ოკუპაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ, 2003-2012. ასეთ ექსპოზიციას იმდენი დამთვალიერებელი ეყოლება, ქვეყნის არცერთ მუზეუმს რომ დღემდე არ მოლანდებია.
ბატონ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის კი პერსონალურად მოვიწვევთ სააკაშვილის „რაინდული" საქმეების უფრო ღრმად და საფუძვლიანად გასაცნობად, მერე კი შთაბეჭდილებების წიგნში ავტოგრაფის დატოვებასაც შევთავაზებთ.
ზემოთ რომ დაგპირდით, თუ მყვირალა დეტალებს შემომაშველებთ, ყველას მოვუძებნი ადგილს მეთქი, სწორედ ამ მუზეუმს ვგულისხმობდი.
შესაძლოა ვინმე შემომედაოს, აბა ამ ჯალათებს მუზეუმში რა უნდა, სასამართლოში ბრალდებულის ძელზეა მათი ადგილიო, კი ბატონო, მაგრამ, ისინი ხომ ერთმანეთს ხელს არ უშლიან, პირიქით, ნაციონალების განსაკუთრებულობას უსვამენ ხაზს. მათი განსაკუთრებულობა კი ზუსტად მათი ჯალათობაა.
სააკაშვილისა და ქვეყნიდან გაქცეული მისი საცეცების გარდა სხვა წარჩინებულები რომ გვარსახელით არ მიხსენებია, ამასაც მიაქცევდით ალბათ ყურადღებას. ახლავე აგიხსნით. ისინი წარჩინებული ნაციონალები კი არიან, მაგრამ არამც და არამც წარჩინებული პიროვნებები. ცალ-ცალკე, არცერთი მათგანი არაფრად არ ღირს, მხოლოდ ერთად არიან „მაგრები". ამიტომ, ამ ხალხზე, როგორც ზოგად მოვლენაზე, ისე უნდა ილაპარაკო. კაციან-დედაკაციანად ერთნაირია ყველა, მხოლოდ სახეები აქვთ სხვადასხვა. ერთი ლაპარაკობს, მაგრამ ყველას აზრს ახმიანებს. ერთი გაგინებს და ყველა იგივეს ფიქრობს. უნისონში ლაპარაკი და გინება ჯერ ვერ ისწავლეს, რეპეტიციები სჭირდებათ, ამიტომ, სალანძღავებს წინასწარ ინაწილებენ, შენ, ტრადიციულად ბიძინაზე ილაპარაკებ, შენ, ყელმოღერებულ პრემიერ-მინისტრზე, შენ, ჭიკაიძე რომ არ მოდის იმაზე და რუსეთის აგენტობის ხსენება არ დაგავიწყდეთ, ჰო, ზვიგენიც უეჭველად უნდა ახსენოთ.. მოკლედ, ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვთ, უნდა ინატრო კაცმა.
ერთმანეთის გარეშე რომ უსუსურები არიან ამას ქვეშეცნეულად თავადაც გრძნობენ, ამიტომ მუდამ ერთად ყოფნას ცდილობენ, იშვიათად რომელიმეს განცალკევებით მოკრა თვალი, სასესიო დარბაზშიც ჯგროდ შემოდიან, მერე, უეცრად, გადამფრენი ფრინველებივით ერთდროულად წამოიშლებიან და ასევე ჯგროდ გადიან. სასადილოშიც კი ყველა ერთად შედის, ერთდროულად შივდებათ ხოლმე, მაგიდები აქვთ შეერთებული, ყველა იქ იყრის თავს და ერთად მიირთმევენ. ღმერთმა შეარგოთ.
ასეა მოკლედ მათი საქმე, სიმღერა რომაა, შენ ჩემი ხარ, მე შენიო, იმ სიმღერასავით აქვთ აწყობილი ცხოვრება. ბიძინა ივანიშვილიც კოლექტიურად ეზიზღებათ, კოლექტიურად ცრუობენ, კოლექტიურად ილანძღებიან, კოლექტიურად იგესლებიან, კოლექტიურად წამლავენ გარემოს, კოლექტიურად ანერვიულებენ ხალხს, მაგრამ, ყველაზე ამაზრზენი ამ ლანძღვა-გინების კოლექტიურობაში ისაა, რომ, ყველაფერს ქვეყნის სიყვარულად ნათლავენ.
როგორ არ გავიხსენო აქ ის ცნობილი ფრაზა, ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარი პატრიოტიზმიაო.
გვითხარით ბატონო ამბრეაზ ბირს, როცა ამ უკვდავ სიტყვებს ამბობდით,ჩვენი წარჩინებული ნაციონალების მსგავს ხალხს ხომ არ გულისხმობდით?!
იყო დრო, მეც მიყვარდა ლამაზ ფრაზებთან ლაციცი. ცხოვრება ერთი დიდი იპოდრომია, რომელზედაც ჩვენზე ამხედრებული იმპულსები გვაჯირითებენ-მეთქი, ვთქვი ერთხელ.
თუ დავუკვირდებით, მართლაც ასეა, ჩვენი ნებისმიერი ქმედების უკან ხან პირგამეხებული იმპულსი დგას, ხანაც ოდნავ მფეთქავი, რადგან ჩვენს სამყაროში რაც ხდება, ყველაფერი პოტენციური იმპულსია. საყელოში ჩავარდნილ წყლის წვეთსაც შეუძლია იმპულსი გაგიჩინოს და სხვის აკვარიუმში მოცურავე ზვიგენსაც.
ვიკითხოთ ახლა, რა უნდათ ამ ნაციონალებს და რომელი იმპულსი ჰყავთ შემომჯდარი ბეჭებზე?! რომელი და მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნის იმპულსი, ეგაა და ეგ. ყველა მათი ქცევა ამ იმპულსის ბრალია, თორემ სამშობლო, გითხარით უკვე, სულ ერთ ადგილზე ჰკიდიათ. ამ იმპულსის გამო ეზიზღებათ ბიძინა ივანიშვილი, რადგან, ჩვენი კოალიციის თუ კოალიციიდან გასული ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით, ისინი არასოდეს ივიწყებენ, რომ, მათი მთავარი იმპულსის სამუდამო დასამარებაში მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილია დამნაშავე.
ამიტომ შეიზიზღეს იგი, თორემ იყო დრო, მზე და მთვარე ამოსდიოდათ. მანდ რომ კიდევ გყავთ ერთი მიშა, მგონი ბატონი ბიძინას თანასოფლელი და დიდ მიშაზე ნაკლებად წარჩინებული, მაგას მაინც ჰკითხეთ რამდენი მილიონი აქვს გამორთმეული იმ კაცისთვის, დღეს რომ ასე გეზიზღებათ.
მათემატიკაში არის მოცემულობა, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება-აქსიომა. ბიძინა ივანიშვილს რომ თავისი ხალხი უსაზღვროდ უყვარს, ესეც ცხოვრებისეული აქსიომაა. დამტკიცება აღარ სჭირდება. თუ რატომ, ამას აგიხსნით, ოღონდ უფრო იქით, დამთავრებისკენ. აქ კი, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ, ქვეყნისა და ხალხის წინაშე მისი ჭეშმარიტი ღვაწლის შეფასებას, ჩვენ, მისი თანამედროვენი, სრულყოფილად ვერ შევძლებთ. შეუძლებელია ხეოფსის პირამიდა 2 მეტრიდან შეაფასო, უნდა მოცილდე და შორიდან შეხედო. ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული საქმეების შეფასებასაც მანძილი სჭირდება, რომელსაც დრო და სივრცე განსაზღვრავს. ამიტომ, გირჩევთ, მის გადაჭარბებულ ქება-დიდებასაც დავანებოთ თავი და მითუმეტეს ლანძღვა-გინებას. ეს საქმე მომავალს მივანდოთ. დღეს კი ისიც საკმარისია, წეღან გაჟღერებული ცხოვრებისეული აქსიომა ვირწმუნოთ, ბიძინა ივანიშვილს თავისი ხალხი და ქვეყანა მართლაც ცრემლებამდე უყვარს და სიცოცხლის ბოლომდე სურს მათი სამსახური.
ეს რომ ასეა, მგონი იმ ზვიგენმაც გაიგო უკვე, ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმში რომ დაცურავს და თქვენ რომ გყავთ ამოჩემებული. იმდენჯერ ახსენა ის ზვიგენი ნათხოვარი ხმით რომ უყვარს ლაპარაკი იმ წარჩინებულმა ქალბატონმა ნაციონალმა, რომ გაღიზიანების ნაცვლად საერთო მხიარულებას იწვევს უკვე. სხვათა შორის, იმ აკვარიუმში თქვენს მიერ ამოჩემებული ზვიგენის გარდა კიდევ ბევრი ვინმეა საინტერესო, თუნდაც ზღვის კატა. ისეთი ლამაზია, თვალს ვერ მოაცილებ. უმთვარო ღამესავით შავი, ზურგზე კი ვარსკვლავებივით პატარ-პატარა მანათობელი წინწკლები აქვს მიმობნეული, წყალში შემთხვევით ჩავარდნილ ღამეული ცის პატარა ნაფლეთს ჰგავს. გაშლის თავის უზარმაზარ ფრთებს და გრაციოზულად დაფრინავს წყალში. წარმოუდგენელია არ მოიხიბლო. ჰოდა, რაღა იმ უბედურ ზვიგენს დაადგით კბილი ზვიგენივით, იმ ზღვის კატაზეც თქვით რამე. მიდით, მიდით, ნუ გერიდებათ. ანდა ცოტახნით ბათუმში გადადით, აკვარიუმი დაასვენეთ და დელფინარიუმს მიაკითხეთ. იქ ხომ უამრავი დელფინი დაცურავს, თანაც, მხოლოდ ზვიგენზე კი არა, ზოგი თქვენზე ჭკვიანიცაა და ხანდახან იმ დელფინებზეც თქვით რამე, ისინიც ხომ ბიძინა ივანიშვილის ახირებაა. ანდა ხმელეთის ცხოველებით რატომ არ ინტერესდებით?! ვთქვათ, კახეთში, ალაზნის ჭალებში რომ ირმები მომრავლდა, ესეც ხომ ბიძინას ბრალია, თქვენ კი დღემდე, ამაზეც არაფერი გითქვამთ. შვლები?! იმერეთის ტყეებში რომ შვლები გაუშვა?! მიდით, რატომ გერიდებათ, გაიფართოვეთ დიაპაზონი, თორემ, მხოლოდ ზვიგენი და ზვიგენიო, რომ ამოიჩემეთ, იქნებ ფსიქოლოგი გჭირდებათ და თქმა გერიდებათ? მყავს ერთი ნაცნობი ფსიქოლოგი, ძირითადად თქვენი ხელისუფლების ტოტალური ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებში დადის უანგაროდ და ფსიქოლოგიური ტრავმის მქონე ადამიანების რეაბილიტაციას ცდილობს. სთხოვეთ, არა მგონია უარი გითხრათ. ამას წინათ ვკითხე, როგორ არიან შენი პაციენტები-მეთქი და ისინი კი გამომყავს ნელ-ნელა სტრესიდან, მაგრამ, ისეთ საშინელებებს ვისმენ, უკვე მე მჭირდება ფსიქოლოგიო.
თქვენ რომ ამ ბოლო დროს შინაგან საქმეთა მინისტრი ამოიჩემეთ, შეკითხვები გვაქვს მასთან და უმცირესობასთან გამოცხადდესო, გირჩევთ, ჯერ იმ ფსიქოლოგს შეხვდეთ და მას მოუსმინოთ, იქნებ ჭიკაიძესთან შეხვედრის სურვილი საერთოდ გაგიქრეთ, იქნებ მონასტრის გზა მოიკითხოთ და მოინანიოთ.
ბატონ ჭიკაიძეს კი ვურჩევ, რეგლამენტის მიუხედავად არ შეგხვდეთ, რადგან, თქვენ ხომ მას მხოლოდ მასხრად ასაგდებად იბარებთ და არა საქმიანი საუბრისთვის. ადამიანის ღირსების შემლახავი სპექტაკლის დადგმას აპირებთ და როლებსაც ინაწილებთ, ესაა თქვენი ნამდვილი მიზანი, ამას არც მალავთ და წინასწარ ხელებსაც კი იფშვნეტთ მოსალოდნელი მხიარულების გამო. და, ეს ყველაფერი იმიტომ, რომ იმ ადამიანს თქვენსავით მხარზე არა აქვს გადებული ენა და თავისი საქმის კეთებას ჩუმადაც ახერხებს.
თუკი ასე არაა და თუკი მართლა გაქვთ კითხვები, ჩამოწერეთ ბატონო და უმცირესობის ის ღირსეული წევრები შეახვედრეთ, ადამიანს უღირსად რომ არასოდეს მოექცევიან. გაინტერესებთ ალბათ ვის ვგულისხმობ და ალბათ იმაზეც მარჩიელობთ ნუთუ ასეთი ხალხიც გვყავსო.
გყავთ ბატონებო, გყავთ და ამ სტატიაში თავმოყრილი არცერთი ის სიტყვა, რომელიც თქვენი სიბინძურეების სამზეოზე გამოტანისთვის დამჭირდა, იმ ღირსეულ ხალხს არ ეკუთვნის. ბარემ ზოგიერთს ვახსენებ კიდევაც, ვთქვათ ბატონი ტარიელ ლონდარიძე, ბატონი ვაჟა ჩიტაშვილი, ბატონი ნაული ჯანაშია, ბატონი მიხეილ მახარაძე, ნამდვილად არ არიან თქვენსავით გარეწრები. ლევან ბეჟაშვილსაც არ უჩანს თითქოს ცუდი პირი, ყოველ შემთხვევაში სხვებივით არ ილანძღება, თუმცა, მას ხომ დღემდე მოგელაძის ოინებით აქვს ჯიბეები ამოვსებული და რატომღაც მათ ამოყრას არ აპირებს. არც სახეზე მუდმივად ღიმილმიკერებული ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ტოვებს მთლად უსიამოვნო შთაბეჭდილებას, რომ არა კიდევ ერთი ხარ-ირემივით მყვირალი დეტალი. დეტალი, როელიც ზემოთ გამომრჩა და რომელიც ისეთი მძაფრი ყვირილით მოსდევს მას, რომ უკვე ხმაც ჩაეხლიჩა. აი, ყოფილი თავმჯდომარე კი, რატომღაც არ ჩქარობს და არაფრის თქმას არ აპირებს. არადა, სულ სამად სამი პასუხი აქვს ჯერ ხალხისთვის გასაცემი. გამოდი შე კარგო ადამიანო, მოიცილე დროებით ეგ მუდმივმოქმედი ღიმილი და სერიოზულად აუხსენი ხალხს, მოხდა თუ არა თბილისის პარლამენტში ვანდალიზმი, ვინ ჩაიფიქრა იგი და ვინ გასცა ბრძანება. ნუთუ ასე ძნელია ეს და ნუთუ აღარ დადგა ამის დრო და ჟამი?!
დარწმუნებული ვარ ვინმე ჩაილაპარაკებს ახლა, ნეტარ არიან მორწმუნენიო და კიდევ ერთხელ იტყვიან ჩემზე მაგარი მიამიტიაო. რაცა ვარ ესა ვარ ბატონებო. ჩემი მეგობარი ბიძინა ივანიშვილივით მეც მჯერა ადამიანების და სამწუხაროდ არცთუ იშვიათად ორივე ვცდებით.
მორჩა, მალე ვამთავრებ, უამრავი რამ დამრჩა კიდევ უთქმელი და გულიც მწყდება, რომ ვეღარ ვასწრებ, მაგრამ ერთ მცირე წინასწარმეტყველებას მაინც მოვასწრებ. წარმომიდგენია ამ წერილის წაკითხვის მერე როგორი დაგეშილი მეძებრებივით შევარდებიან ნაციონალები ჩემს წარსულში სანადიროდ, ეგება, მთლად სიბინძურე თუ არა, რამე წამოსაძახებელი მაინც მოინადირონ. ისიც კი ვიცი პირველი ვინ შევარდება, ყველაზე მაგრადაა ადამიანების წარსულზე დაგეშილი. მიდით, მიდით, წარმატებულ ნადირობას გისურვებთ. დარწმუნებული ვარ ისეთ რამეს მოინადირებთ, მეც რომ არ მეცოდინება, მაგრამ, მანამდე, მე თვითონ შემოგთავაზებთ ერთ ისეთ რამეს, რომლის მოსანადირებლად თავად რომ არასოდეს შეიწუხებდით თავს. „შვება" ჰქვია მას და თქვენისთანა უზნეო მონადირეებისთვის პრაქტიკულად მოუხელთებელია.
შ ვ ე ბ ა
დასცინე შურს, ნუ ფიქრობ, რომ სხვამ დაუმსახურებლად მიიღო რამე, ნუ ფიქრობ, რომ შენ ვერ გამჩნევენ და თავს ნურავის მოაბეზრებ ამაო წუწუნით. ნუ ფიქრობ, რომ მხოლოდ უკეთურნი და უნიჭონი იმკიან დაფნის გვირგვინებს, ნუ ცდილობ სხვებს დაანახო შენი ნიჭიერება თუკი არაა ამის საჭიროება და სიტუაცია არ მოითხოვს, იყავი ბუნებრივი და არა გულგრილი. აჯობე საკუთარ სურვილებს, გიყვარდეს მოყვასი, გულწრფელად გაიხარე მისი ნიჭიერებითა და წარმატებით, სიკეთე შეფარვით აკეთე. მუდამ მზად იყავი მეგობრის დასახმარებლად, მისი სიხარულიც უყოყმანოდ გაიზიარე. საერთო უსამართლობაზე თვალს ნუ დახუჭავ და სიმართლის თქმას ნუ შეუშინდები. თუ შენ მოგექცენ უსამართლოდ, ნურც ყბედობას დაიწყებ და ნურც თავს შეაცოდებ ვინმეს. პირიქით, გულში გაიღიმე, რადგან საცოდავი ისაა, ვინც უსამართლოდ იქცევა. ერიდე მრავალსიტყვაობას, მაგრამ სათქმელი მუდამ მზად გქონდეს, თუ თქმას დააპირებ, ჯერ სიტუაცია შეაფასე და აწონ-დაწონე, რადგან უადგილოდ ნათქვამი მარჯვე სიტყვაც კი უკვალოდ იკარგება. გიყვარდეს მამული. ოღონდ ნუ ცდილობ ეს ყველას გააგებინო...
და თუ ასე მოიქეცი, ერთ მშვენიერ დღეს იგრძნობ როგორ მოგაკითხავს შვება, როგორ დაგეუფლება სულიერი სიმშვიდე და საკუთარ ამბიციებზე გამარჯვების ნეტარება.
მერე, ყველაფერზე, რაც უწინ გაწუხებდა და გაფორიაქებდა, გაგეღიმება მხოლოდ.
აი, ესაა სულ, ჰოდა, დამიჯერეთ ბატონებო, ამქვეყნად ერთხელ ვართ მოსულები და არ ღირს მთელი ცხოვრება ხელისუფლებისათვის უაზრო ბრძოლაში გავლიოთ. გარშემო უამრავი სხვა რამეცაა საინტერესო. თქვენ კი, საკუთარი თავი დაარწმუნეთ, რომ განუმეორებელი პოლიტიკოსები ხართ და ამ სავალალო შეცდომამ არაადამიანებად გაქციათ, ასე რომ, ყველანი საკუთარი შეცდომის მსხვერპლნი ხართ.
ამქვეყნად კი, მხოლოდ ერთი რამაა თავგანწირვის ღირსი, სამშობლო! სამშობლო ბატონებო! ხომ ხედავთ მოვედით იქ, რითაც დავიწყეთ, საქართველო ჩემი სამშობლოა! საქართველო ჩვენი სამშობლოა!
როცა ბიძინა ივანიშვილზე ვთქვი სამშობლოსადმი მისი სიყვარული აქსიომაა-მეთქი, იმიტომ ვთქვი რომ, მან ერთხელ უკვე გადადო თავიც და საკუთარი ოჯახიც მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოსათვის და არამც და არამც ძალაუფლებისათვის. მაშინ, როდესაც თქვენ შეგებრძოლათ და ქართველ ხალხთან ერთად დაგამარცხათ. თქვენ კი, ამ დამარცხებას დღემდე ვერ ინელებთ და რევანშის წყურვილით დაბრმავებულები კიდევ ერთ საბედისწერო შეცდომას უშვებთ, სამშობლო და საკუთარი ამბიციები გერევათ ერთმანეთში.
თემურ ჭკუასელი
2014, დეკემბერი