reportiori.ge - უკრაინაში თანამდებობას კოტე კუბლაშვილსაც უმზადებენ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:42
პრეს-დაიჯესტი
უკრაინაში თანამდებობას კოტე კუბლაშვილსაც უმზადებენ?
ავტორი:
16 იანვარი, 2015. 17:45


15 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. „ენჯეოშნიკების" თქმით, მათ პრეზიდენტთან არ ჰქონიათ საუბარი რომელიმე კონკრეტულ კანდიდატურაზე, მთავარი თემა იყო, როგორ, რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მაგალითად, პიროვნება, რომელიც წარდგენილი იქნება, არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან და პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული.


რის მიღწევას ცდილობენ არასამთავრობოები პრეზიდენტთან შეხვედრით? ვისი კანდიდატურები მოიაზრება მთავარ მოსამართლედ იურისტების წრეებში? რა ხერხებით შეეცდებიან, „ნაციონალები" საკუთარი კანდიდატურის გაყვანას?


„ალიას" ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრა:


- კარგია, როცა პრეზიდენტმა გამოაცხადა, კონსულტაციები უნდა გავიარო არასამთავრობოებთანო, მაგრამ აქ ერთი საინტერესო დეტალია - რას ნიშნავს, რა სტანდარტებით უნდა შეირჩეს მთავარი მოსამართლე? რასაც არასამთავრობოები ამბობენ, ამას კანონი არეგულირებს ცალსახად და კონკრეტულად ამბობს, მოსამართლე არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის წევრი, თუ წარდგენამდე იყო, დანიშვნისთანავე უნდა შეაჩეროს პარტიული მოღვაწეობა. კანონში ასევე წერია, რომ კანდიდატურა უნდა იყოს სამართლის აღიარებული სპეციალისტი, ანუ ცნობილი იურისტი, როგორც თეორეტიკოსი, ისე პრაქტიკოსი. თუ რამე სხვა კრიტერიუმებია საჭირო, მაშინ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, თუ ვინმეს უნდა, რომ პრეზიდენტი თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, იმედია, ის ამას მიხვდება და ამას არ დაუშვებს.

 

- რას ჰქვია, პრეზიდენტი თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციონ, საამისო ნიშნები არის?

 

-  მაგალითად, არასამთავრობოები ამბობენ, რომ უნდა შეირჩეს ისეთი კანდიდატურა, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში არ იქნება ნამყოფი პოლიტიკაში. სწორედ ამაზე ვამბობ, ეს რაღაც ახალია, კანონი არ ითვალისწინებს და მაშინ შეიტანონ ცვლილებები. გარდა არასამთავრობოებისა, საქართველოში არიან როგორც პრაქტიკოსი იურისტები, ისე იურისტ-მეცნიერები, არის „ადვოკატთა ასოციაცია", „ვეტერან მოსამართლეთა ასოციაცია" და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, აქ გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვან იურისტ-მეცნიერებმა, ავტორიტეტებმა. შეიძლება გამოვიდეს „ინვალიდთა ასოციაციის" წარმომადგენელი და თქვას, კანდიდატი ბოლო 5 წელი პოლიტიკაში არ უნდა იყოს ნამყოფიო, რატომ? ამას სჭირდება დასაბუთება იურიდიული თვალსაზრისით. ზუსტად მსგავსი სიტუაცია იყო რამდენიმე წლის წინათ საბერძნეთში, იქაც ასე მოინდომეს არასამთავრობოებმა, მაგრამ ასეთმა მიდგომამ საზოგადოებაში გამოიწვია მწვავე პროტესტი. ბიჭო, სახელმწიფოში იყო ტირანი, მთელი საზოგადოება იბრძოდა ამ ტირანის წინააღმდეგ, ამაში ჩართულები იყვნენ იურისტებიც, არაიურისტებიც, ჟურნალისტებიც და ეკონომისტებიც. ვინც ჩართული არ იყო და დუმილი ამჯობინა, ასეთი ხალხი საზოგადოებისთვის აღმოჩნდა მიუღებელი. აი, ბერძნებმა მაშინ გააკეთეს ასეთი განცხადება. ახლა გადმოვიდეთ ჩვენს სინამდვილეში, ვინც სააკაშვილის რეჟიმს კულისებიდან უკრავდა ტაშს, ჩირგვებში იმალებოდა და ხმას არ იღებდა, ჩვენ ასეთი ადამიანი გვინდა მოსამართლედ? მე 2012 წლამდე ვინმე მეკითხებოდა, პოლიტიკაში გინდა თუ არაო? შევიდოდი სასამართლო დარბაზებში, ვხედავდი, რომ პროკურატურა აშკარად არღვევდა კანონს, ამის შესახებ ვამბობდი, არავინ არ მისმენდა. ასევე მოსამართლე არღვევდა კანონს, საჩივრებს ვწერდი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ამაზე რეაგირება არ იყო, ამის შემდეგ, თუ სადმე მიტინგი გაფაჩუნდებოა, გავრბოდი და იქ ვაპროტესტებდი. გამოდის, მე და ჩემნაირები უსამართლობამ ჩაგვრთო პოლიტიკურ პროცესებში. ასევე, იყვნენ ეკა ბესელია, შალვა შავგულიძე, მანანა კობახიძე და სხვები, ახლა რატომ არ აქვთ მათ უფლება, დაიკავონ ეს თანამდებობა? ბოლო 25 წლის განმავლობაში ვინმეს საქართველოში თავისი პროფესიით ნორმალურად უმუშავია?


საზოგადოება დღემდეა დაყოფილი „ზვიადისტებად", „შევარდნაძისტებად", „მიშისტებად", იმისტებად და ამისტებად, ჩვენ ვინმემ არჩევანის გაკეთების უფლება მოგვცა? ახლა არასამთავრობოებმა წამოსწიეს ეს საკითხი და ვახტანგ ხმალაძის თქმისა არ იყოს, უნდა ვეძებოთ ვინმე დიმიტრი გელოვანი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ასეთი მიდგომით არასამთავრობოები ცდილობენ, ორი კურდღელი დაიჭირონ: პირველი - ალბათ, არსებობს მნიშვნელოვანი კანდიდატურა, რომელიც პოლიტიკაშია ნამყოფი და მისი გამოთიშვა უნდათ; მეორე - თვითონ ჰყავთ ისეთი კანდიდატურა, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში იმალებოდა ჩირგვებში. ვიმეორებ, ეგ სტანდარტი კანონში არ წერია და ამიტომაც, არასამთავრობოების მოთხოვნა არის არაკანონიერი.

ბოლო დღეებში ვიღაცებმა დაიწყეს საუბარი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მეცნიერის ცენზიო. კანონი არც ამას ადასტურებს, იქ წერია, უნდა იყოს აღიარებული იურისტიო, შეიძლება აღიარებული იურისტი იყოს ნებისმიერი ადვოკატი, ვიღაც პეტრიაშვილი ვანო, რას ვერჩით ამ კაცს, რატომ ვუკეტავთ გზას? კანონი არ ადგენს ამ სტანდარტებს და ვინმეს თუ ძალით უნდა დადგენა, არ ვიცი.


-  იურისტების წრეებში, ალბათ, საუბარი იქნება, ვისი კანდიდატურები განიხილება. ადრე ჩვენ კი ავტეხეთ ლევან მურუსიძის კანდიდატურაზე ერთი ამბავი და როგორც ვატყობ, პროცესი შეჩერდა, ამ ადამიანზე აღარ ლაპარაკობენ, მაგრამ ხომ არავინ გამოჩნდა ახალი?


-  კი, მურუსიძის კანდიდატურა შეჩერდა, მაგაზე აღარ ლაპარაკობენ. ძალიან ბევრი ადამიანი სახელდება - ევა გოცირიძე, ინგა თოდრია, ნათია წკეპლაძე, ირინა იმერლიშვილი და ლადო ჭანტურია. თუ პრეზიდენტმა პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობასთან მოუთათბირებლად წარადგინა რომელიმე კანდიდატურა, მაშინ ჩავარდება, მარტო არასამთავრობოებთან თათბირით არაფერი გამოვა. კანონის მიხედვით, თუ კანდიდატი ორჯერ ჩავარდა, პრეზიდენტი მას მესამედ ვეღარ წარადგენს. აქ არსებობს მეორე დიდი საშიშროებაც, შეიძლება „ნაციონალებმა" შემოაგდონ თავიანთი კანდიდატი, ოღონდ ისე კარგად შეფუთული, რომ თავიდან ვერაფერს მივხვდებით და ეს ადამიანი მერე გამოაჩენს ბრჭყალებს. არადა, წინ არის ქონებრივი დავების განხილვის პროცესი, უამრავი სისხლის სამართლის საქმე ყოფილ მაღალჩინოსნებან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მომავალ მთავარ მოსამართლეზე ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული.

 

-  შენ, ალბათ, ისიც იცი, „ნაციონალებს" რომელი შეფუთული კანდიდატები ჰყავთ.


-  კი, რამდენიმეზეა ლაპარაკი, თუ ერთი არ გაამართლებს, მეორეს წარადგენენ და ასე შემდეგ. „ნაციონალებს" არჩევანის საშუალება დიდი აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დავასახელებ თუ ვინმე ისეთზე დაიწყო საუბარი, მაშინვე ვიყვირებ. „ნაციონალები" სხვადასხვა ორგანიზაციებიდან აპირებენ შეპარებას, თავიანთსას ცდილობენ. აქ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებია და ამ მხრივაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს.


-  უზენაეს სასამართლოში განჩინების დასაბუთებულობის ახალი სტანდარტები შემოდის. როგორც ამბობენ, უკვე მომზადებულია რეკომენდაციები და წინადადებები. ეს რას ნიშნავს, კოტე კუბლაშვილი რას „ჩალიჩობს"?

 

-  კუბლაშვილს სტანდარტების დასაბუთებულობა მაშინ უნდა გაეკეთებინა, როცა სასამრთლოს თავმჯდომარე გახდა. ახლა უნდა გამოიტანოს, უნდა - არა, მაგას ვინ ეკითხება? საერთოდ, საინტერესოა, რას ემსახურება კოტე კუბლაშვილის ბოლო დღეების პიარი? რატომ არის უზენაესი სასამართლოს სერვერები გათიშული? რა ინფორმაციებს შლიან და რას აკეთებენ? მე კი ვიცი, რასაც აკეთებენ, მაგრამ საზოგადოებას რომ ატყუებენ, ეს არის უბედურება.


-  რას აკეთებენ?

 

-  უამრავი დარღვევაა და ინფორმაციებს შლიან, კოტე მიდის და ასუფთავებს ყველაფერს. ტყუილად „ჩალიჩობს", მაინც მოიძებნება, ვერაფერს ვერ დაფარავს. საერთოდ, ძალიან დიდი შეცდომაა, როცა კოტე კუბლაშვილს იმპიჩმენტის გარეშე უშვებენ სახლში.

 

-  რა იცი, რომ სახლში უშვებენ? უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ კოტეს მოუწევს პროკურატურაში სიარული.


-  ჩემი ინფორმაციით, პროკურატურაში კი არა, უკრაინაში მიჰყავთ რაღაც თანამდებობაზე. აშენდება უკრაინა, კარგად ნახონ, რა გაუკეთა სულხან მოლაშვილს და სხვებს, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი.


-  ეგ სანდო ინფორმაციაა?

 

-  სანდო კი არა, დარწმუნებული ვარ... არ გამორიცხო, რომ უკრაინული სასამართლო ჩააბარონ. ბოლო დროის დანიშვნებს თუ შევხედავთ, არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016