„ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, ისინი პრეზიდენტთან არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე არ დაუშვეს. ამასთან დაკავშირებით, მათ განცხადება გაავრცელეს: „არ მოვერიდებით იმ ტენდენციის კრიტიკულ შეფასებას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სახელით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, სამწუხაროდ, გაჩნდა და ჩამოყალიბდა... 2013 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებსა და სამართლის სფეროში არსებული პრობლემების მიმართ, ფავორიტების დასახელების პრინციპით მიმდინარეობს (სამწუხაროდ, ტენდენციები გრძელდება მთავრობის ცალკეულ სამინისტროებთანაც).
ბატონო პრეზიდენტო! „ახალგაზრდა ადვოკატებმა" 2015 წლის 13 იანვარს ოფიციალური წერილით მოგმართეთ და დავასაბუთეთ, ჩვენი თანამონაწილეობის მნიშვნელობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თქვენს 15 იანვრის შეხვედრაზე. ორგანიზაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, 14 იანვრის დღის მანძილზე, არაერთი კომუნიკაციის შედეგად, მიიღო პასუხად, რომ თქვენს ახალ მრჩეველს ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების საკითხებში, ბატონ კახა კოჟორიძეს უკვე ჰქონდა სპეციალური სია, რომელშიც წარმოდგენა, შეუძლებელი იყო. ჩვენი კახა კოჟორიძესთან კომუნიკაცია არ გვქონია, რადგანაც ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ბატონ დავით პატარაიას, ოფიციალური წერილით მივმართეთ".
რა შეცდომებს უშვებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია? რატომ იწვევენ არასამთავრობოებს? რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად?
„ალიას" „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი ესაუბრა:
- ბატონო არჩილ, ამბობთ, რომ ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტის სახელით, სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაციის პოლიტიკას განსაზღვრავს, სერიოზულ შეცდომებს უშვებს. რას გულისხმობთ?
- აქტუალურ საკითხებზე გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიწვევა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იმ არასამთავრობოების ხედვას აქვს უპირატესობა, მეტი ძალა და მნიშვნელობა, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს ერთი დონორი ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა პროექტით დაფინანსებულ, ერთი ორგანიზაციის ქუდის ქვეშ გაერთიანებულ წარმომადგენლებს. ეს არ იქნებოდა პრობლემა, თუკი პრეზიდენტთან შეხვედრებს ყოველთვის ერთი და იგივე ორგანიზაციები არ დაესწრებოდნენ. ასეთი არასამთავრობოები მართლაც საპასუხისმგებლო და საშური საქმით არიან დაკავებულნი, მაგრამ,როცა საქმე ეხება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის გამართვას, ადმინისტრაცია არ უნდა გვთავაზობდეს სტანდარტს და იმ ურთიერთობის მოდელს, როცა დისკუსია იმართება მხოლოდ ერთ და იმავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ბუნებრივია, საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობოა და როცა საუბარია მართლმსაჯულების ხარვეზების საკითხებზე, ან უზენაესი სასამართლოს არჩევის ბედზე, პრეზიდენტმა უნდა მოუსმინოს სასამართლო სისტემის რეფორმაზე მომუშავე არასამთავრობოებს. ცოტა გაუგებარია პრეზიდენტის ზოგიერთი მრჩევლის განცხადება ამ შეხვედრის შემგომ, რომ შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ის ორგანიზაციები, რომლებიც მართლმსაჯულების საკითხებზე მსჯელობდნენ. ბევრი იქ მყოფი არასამთავრობოს საქმიანობის სფეროს მართლმსაჯულება არც წარმოადგენდა. ზოგი მათგანი ქალთა უფლებებზე არის ორიენტირებული, ზოგი - საარჩევნო სისტემაზე, ზოგი - ადვოკატის უფლების გაძლიერებაზე და ბუნებრივია, თუ ჩვენ ასე მივუდგებით საკითხს, ასეთი განცხადებები რეალობის გადაფარვას ემსახურება. არ შეიძლება, პრეზიდენტმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას დაარქვას ეს სახელი და მხოლოდ ერთ ჯგუფს ხვდებოდეს. მან ღია და თანაბარი გარემო უნდა შექმნას, ამ ქვეყნებში კონკრეტულ თემებზე მომუშავე არასამთავრობოებს უნდა დაუძახონ და არა ფავორიტებს. მათ, ცალკეული სახელებისა და გვარების მიხედვით არ უნდა იწვევდნენ. თუ ქვეყანაში შერჩევით მართლმსაჯულებას ვეწინააღმდეგებით, ამ თემაზე დისკუსია შერჩევით არ უნდა გაიმართოს არასამთავრობოებთან.
- კონკრეტულად რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ფავორიტობის პრინციპით მოქმედებს ადმინისტრაცია, რატომ ხდება ამ ნიშნით საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, რომ საზოგადოების სრული ჩართულობაა კონკრეტული საკითხის განხილვაში?
- ვგულისხმობ იმას, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე იკრიბებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სულ 10-15 არასამთავრობოს, და პრეზიდენტის აზრით, განსაზღვრავენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების პოლიტიკის შეფასების ხარისხს, სტრატეგიასა და მიმართულებას. ეს არასწორია. თუკი პრეზიდენტს სურს რომელიმე სფეროში უფრო მეტი ინფორმაცია გაიგოს, გზას გაუხსნის იმ ორგანიზაციების ხედვასაც, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა საკითხებზე. ვფიქრობ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწორედ აქ უშვებს შეცდომას. არ შეიძლება, მონოპოლიზებული ურთიერთობები საფუძვლად ედოს პრეზიდენტის შეხვედრებს.
- რა არის ამის მიზეზი, რომ არ დაგიძახეს, თქვენი აზრით?
- 2013 წლიდან ყველა შეხვედრას ესწრებიან ფავორიტები და პრეზიდენტი, სამწუხაროდ, იმეორებს მიხეილ სააკაშვილის ქცევის სტილს, როცა ჰყავთ კონკრეტულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, რომელთაც ეკითხება აზრს მხოლოდ და სხვისი აზრი არ აინტერესებს. საზოგადოება მარგველაშვილს სწორედ თანაბარუფლებიანობას უკვეთს, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მიდგომები გაიზიარა, დაყო არასამთავრობოები „ჩემიანებად" და „სხვისიანებად".
- თქვენ ამბობთ, რომ არ მოერიდებით იმ ტენდენციის კრიტიკას, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხდება...
- დიახ, ასეა. მე არ ვარ კრიტიკულად განწყობილი იმ არასამთავრობოების მიმართ, ვინც იმ შეხვედრაზე იყვნენ, მე ვარ კრიტიკული პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ მრჩევლების მიმართ, საზოგადოებათან ურთიერთობის ასეთი სტილი რომ არჩიეს. ადმინისტრაციას რომ მიეღო გადაწყვეტილება, ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობოები შეეკრიბა მხოლოდ, ეს იქნებოდა კარგი და სასურველი, მაგრამ რახან ასე არ მოხდა, გამოდის, რომ მრჩევლებს მეტი ობიექტურობა მართებთ. პრეზიდენტს შესთავაზეს საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესახებ. მე ვფიქრობ, ეს საბჭო არ იქნება ქმედუნარიანი, ეს ქნება პიარული მხოლოდ, შედეგს ვერ მოიტანს.
- რატომ?
- რადგან ერთ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი თავმჯდომარის არჩევამდე, ამ დროში ვერაფერს მოასწრებს და კრიტერიუმების დასახელება კი არ არის აუცილებელი, კანონის ინტერპრეტაციაა საჭირო, რაც ამ დროში მიუღწევადია. საბჭო ვერ ურჩევს პრეზიდენტს ისეთ მიმრთულებებს, რომელიც კანდიდატის დასახელების პროცესზე გავლენას მოახდენს.
„რა კრიტერიუმებით შეირჩნენ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისული არასამთავრობოები და რა ნიშნით გამოარჩიეს „ახალგაზრდა ადვოკატები"? ამ შინაარსის „მესიჯი" „ალიამ" პრეზიდენტის მრჩეველს, კახა კოჟორიძეს გაუგზავნა, თუმცა მან არც შეტყობინებას უპასუხა და არც ჩვენ ზარებს.
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია"