reportiori.ge - «Россия в глобальной политике»: ინტერვიუ თედო ჯაფარიძესთან: ჩვენ რუსეთისგან მეტ პოზიტივს ველოდი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:28
ინტერვიუ
«Россия в глобальной политике»: ინტერვიუ თედო ჯაფარიძესთან: ჩვენ რუსეთისგან მეტ პოზიტივს ველოდი
ავტორი:
17 იანვარი, 2015. 10:24



რუსეთის ანალიტიკურ ჟურნალ «Россия в глобалной политике»-ში გამოქვეყნებულია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც იგი ჟურნალისტ მიხეილ ვიგნანსკის საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ესაუბრება: რუსეთთან ურთიერთობაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე, სამხრეთ კავკასიაში  შექმნილ ვითარებაზე...



გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:



- რით განსხვავდება „ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა წინა ხელისუფლების მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკისაგან?

 

 

- 2012 წლის შემოდგომიდან ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნა აღინიშნა ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის სტრატეგიული კურსით. სხვათა შორის, ალიანსის მიმართ ჩვენი მიზნები არ შეგვიცვლია, მხოლოდ აქცენტები გადავაადგილეთ: შევწყვიტეთ „ნატოში გვინდას" ყოველდღიური ყვირილი და რუტინული მუშაობა დავიწყეთ, რაც ყველაზე ძნელია. დასავლურთან ერთად, ჩვენს პოლიტიკაში გაჩნდა ახალი სეგმენტი - რუსეთთან ურთიერთობის დაწყება-განვითარება ნაკლებპოლიტიზებულ სფეროებში. როგორც ჩემმა რუსმა კოლეგამ ალექსეი პუშკოვმა თქვა, ჩვენ ვცდილობთ მოსკოვთან „ურთიერთობის აწყობას დიპლომატიური ურთიერთობის გარეშე". ეს საკმაოდ რთული ამოცანაა და ჩვენს შემთხვევაში პარტნიორების ერთმანეთთან შეუმჩნეველ დაახლოებას გულისხმობს. სამწუხაროდ, ჩვენს „ღვინო-მინერალურ დიპლომატიას" რუსეთმა აფხაზეთთან „სამოკავშირეო" ხელშეკრულების გაფორმებით უპასუხა. იგივეს გეგმავს მოსკოვი სამხრეთ ოსეთთანაც, ანუ ჩვენს რეგიონებთან, რომლებთაც რუსეთის მიერ ოკუპირებულად ვთვლით. შეიძლება ითქვას, ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების საკითხი ჩარჩოს გარეთ გავიტანეთ და ამ დროს რუსეთმა, ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრირების გამო, ასეთი ნაბიჯი გადადგა. რასაკვირველია, ჩრდილოელ მეზობელთან ჩვენი კავშირები მხოლოდ „ბორჯომ-„წინანდლის" მიწოდებით არ უნდა შემოიფარგლოს, მას პოლიტიკური კომპონენტი აკლია. არ დავმალავ და ვიტყვი: ილუზიები არ გვქონია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტ პოზიტიურ პოლიტიკურ ძვრებს მოველოდით რუსეთისაგან. ამოცანები იგივე გვაქვს: დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილება. ალბათ, 2015 წელიც არაპროგნოზირებადი იქნება, 2014-ის მსგავსად. ჩვენთვის საგარეო პოლიტიკური კვინტეესენცია ასეთია: მეტი პრაგმატიზმი და რეალიზმი, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, გვჭირდება „რეალ-პოლიტიკა".



ჩვენი კურსი დასავლური ფასეულობების, ორინეტირებისა და იდეალებისკენაა მიმართული, მაგრამ ამ კურსს ბრმად არ უნდა მივყვეთ. ნატო ფრთხილობს და ჩვენს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზებას ერიდება, ამიტომაც თავს იკავებს ჩვენთვის ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული გეგმის მოცემისაგან.. რას ვიზამთ, ეს რეალობაა, საჭიროა წინ ვიაროთ ამ რეალობის გათვალისწინებით. აბა, იმის შიშით, რომ რუსები განრისხდებიანო, საქართველო თავის განაცხადს ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ უკან ხომ არ წამოიღებს! მაგრამ აქ კონტრშეკითხვა ჩნდება, რომელსაც წლების განმავლობაში ჩემს თავს ვუსვამ: რას გვთავაზობს სანაცვლოდ რუსეთი?



- ზოგიერთი ექსპერტი საქართველოს „ფინეთიზაციაზე" საუბრობს, ანუ ნეიტრალური პოლიტიკის ფინურ გამოცდილებაზე...

 

 

- დიახ, საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის ზოგიერთი წარმომადგენელი მართლაც ასე ლაპარაკობს - თუ ნატოში არ გვიღებენ, მაშინ „ფინეთიზაცია" ქვეყნისათვის ყველაზე გონივრული იქნებოდაო. მე ამას აკადემიურ დისკუსიას ვუწოდებდი: ჯერ ერთი,  ამ „ფინეთიზაციის" რეალიზებისათვის ჩვენ ფინელები უნდა ვიყოთ, პრაგმატიკოსები და რეალისტები განსაკუთრებული მენტალობით, წინააღმდეგობის გაწევა უნდა შეგვეძლოს და თანმიმდევრულად უნდა დავიცვათ ჩვენი სტრატეგიული, სასიცოცხლო ინტერესები; მეორე - მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის, რომ „ფინეთიზაციის" პროცესი განსაკუთრებულ ისტორიულ პერიოდში მიმდინარეობდა, ანუ არსებობდა განსაკუთრებული ისტორიული გარემო ამ მოდელის ცხოვრებაში გატარებისათვის. და კიდევ ერთი მომენტი: რუსეთი იმ პერიოდში ფინეთს თავის ე.წ. „უკანა ეზოდ" განიხილავდა, საქართველოს კი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში - შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ - უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომელიც რუსეთისათვის მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის (და არა მარტო მისი) კონტროლს ნიშნავს.



მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში „ფინეთიზაცია" საქართველოს, ალბათ, დროის მოგების საშუალებას მისცემდა. შესაძლოა ამ ხნის განმავლობაში რუსეთშიც რაღაც ჩვენთვის სასარგებლო ცვლილებები მოხდება... მოკლედ, ამ თვალსაზრისის არსი ასეთია: საქართველო არაფერს მნიშვნელოვანს არ დაკარგავს, რადგან მას მაინც არ აქვს მდგრადი უსაფრთხოების განცდა მანამ, სანამ ქვეყანა ნატოში შესასვლელი გზების ძიებაში იმყოფება.



მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს რომელიმე ლიდერი ნეიტრალიტეტის იდეას დაიცავდა და ქვეყნის შიგნით ოპონენტების ობსტრუქციის ობიექტი არ გახდებოდა, მას ასევე არ დააკლდებოდა ბევრი უცხოური სახელმწიფოც კრიტიკაც... შემდეგ მას მოჰყვებოდა „რუსეთუმეს" იარლიყების მიწებება... რატომ მაინც და მაინც „რუსეთუმე"? განა მხოლოდ რუსეთს შეუძლია ნეიტრალიტეტის მოდელის გარანტი იყოს? სადაა ევროკავშირი, აშშ, თურქეთი, რომლებიც, იდეის თანახმად, ნეიტრალიტეტის გარანტები უნდა იყვნენ? რაღაც არ გამიგია ამ ქვეყნების მიერ გამოგზავნილი სერიოზული სიგნალი ნეიტრალიტეტის გარანტობის თაობაზე.



ასე რომ, შევთანხმდეთ, რომ ასეთი არჩევანი „პროდასავლური ვექტორისადმი  ღალატის" ტოლფასია. ასეთი ქართველი ლიდერი რუსეთის მარიონეტად აღიქმებოდა. გარდა ამისა, განა დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ნეიტრალიტეტის დეკლარაციას რუსეთი პატივს სცემს? შევხედოთ უკრაინას და მოლდოვას და დავინახავთ, რასთან მიგვიყვანს მსგავსი „ნეიტრალიტეტი".. თუ ვინმე თვლის, რომ 2008 წლის ზაფხულის ომი საქართველოს ნატოსაკენ სწრაფვამ გამოიწვია, მაშინ უკრაინა ხომ ბლოკსგარეშე სახელმწიფო იყო, რატომ დაიკავა რუსეთმა ყირიმი? რატომ დაივიწყა მოსკოვმა ბუდაპეშტის მემორანდუმი და რატომ დაუჭირა მხარი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს?

ზოგადი დასკვნა ასეთია: „ფინეთიზაცია" შეასუსტებდა რუსეთის ახალი აგრესიის რისკს, მაგრამ უსაფრთხოების ფაქტიური გარანტი ვერ გახდებოდა.



- რა იქნება უკეთესი საქართველოსთვის ასეთ პირობებში?

 

 

- პროგრესის მიღწევა ასეთი გზით: ნაკლები რიტორიკა და მეტი საქმე. რას ნიშნავს ეს? რასაკვირველია, რუსეთი არ დაივიწყებს იმას, რომ საქართველო პროდასავლურ კურსით მიდის, მაგრამ მოსკოვისათვის ამ კურსზე თვალის დახუჭვა უფრო იოლი იქნება, თუ ჩვენ მოვეშვებით ხმამაღალ ლაპარაკს და მეტ ენერგიას შრომაში დავხარჯავთ. ჩვენთვის შუალედური ინსტრუმენტებია ნატოს ყოველწლიური პროგრამები, უელსში მიღებული „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის" იმპლემენტაცია, რაზედაც ამ დღეებში ნატოს გენმდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმაც აღნიშნა - „საქართველოს ყველანაირი ინსტრუმენტი აქვს პროგრესისათვისო". თუ საქართველო რუსეთთან კონფრონტაციას თავს აარიდებს, მაშინ ამერიკას, ევროკავშირს და ნატოს მანევრირების უფრო ფართო სივრცე ექნებათ რუსეთთან დიალოგისათვის. და თუ რუსეთთან ისევ დაპირისპირებას დავიწყებთ, ეს დასავლეთს „თავის ტკივილს" გაუმრავლებდა. ასე რომ, მოსკოვთან დამოკიდებულების მოგვარება საქართველოს დასავლური ინსტიტუტებისათვის უფრო მიმზიდველ და პროგნოზირებად პარტნიორად გადააქცევდა. ეს დადებითად აისახებოდა „ქართული ოცნების" იმიჯზეც. აი, აქ დროული იქნება გავიხსენოთ: ჩვენი დასავლეთისაკენ მოძრაობა დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, ედუარდ შევარდნაძის დროს და ამიტომაც წინა ხელისუფლების მიერ ამის ექსკლუზიურად მიწერა საკუთარი თავისათვის არანაირად არაა გამართლებული.



ჩვენთვის ევროკავშირისაკენ სწრაფვის ხაზგასმა უფრო უკეთესია, რადგან ეს სამხედრო ინტეგრაციას კი არ ეხება, არამედ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრირებას. ზოგჯერ ისე ჩანს, რომ ამას რუსეთიც ეთანხმება. შესაძლოა იმიტომ, რომ საქართველოსთვის ევრიოკავშირში გაწევრიანება შორი პერსპექტივაა, ანუ კონტურები ისე მკვეთრი არაა, როგორც ეს ნატოსთან მიმართებით ჩანს. „ქართული ოცნების" მთავრობა თანმიმდევრულად იცავს თავს ადგილობრივთა კრიტიკისაგან - მათგან, ვინც თვლის, რომ რუსეთთან დიალოგი არ უნდა ვაწარმოოთ. ჩვენი პასუხი მათთვის ასეთია: ყოველი სახელმწიფოს ყოველი კომპეტენტური ხელისუფლება აცნობიერებს დიდ მეზობელ სახელმწიფოსთან სტაბილური ურთიერთობების აუცილებლობას. რუსეთთან ურთიერთობის ხელშემშლელი ძალები არიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც, მაგრამ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ  მომზადებული ვიყოთ პოტენციური საფრთხეებისათვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ოპოზიცია გვთავაზობდა, რომ რუსეთის მიმართ გამოცხადებულ სანქციებში ჩვენც ჩავრთულიყავით. მაგრამ ამით დასავლეთს იმდენად ვერაფრით დავეხმარებოდით, საკუთარ თავს კი ზიანს მივაყენებდით - გეოგრაფიის, უსაფრთხოების, ვაჭრობის საკითხებიდან გამომდინარე.



რაც შეეხება ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს ხელმძღვანელების შეხვედრის საკითხს: საჭიროა შეხვედრის სათანადო დონეზე მომზადება. ლიდერების ურთიერთნდობა მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ყოველი საკითხის განხილვის დროს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, არამედ ვაჭრობაზე, რეგიონულ თანამშრომლობაზე, საერთო გამოწვევებზე - ისეთებზე, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის პრობლემა, ისლამური რადიკალების საკითხი ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩვენ იმდენს ვერაფერს დადებითს ვერ მივაღწევთ, თუ რუსეთის ლიდერებთან შეხვედრებს პროტესტის ნიშნად თავს ავარიდებთ. ჩვენ უნდა ვეძებოთ, სად და როგორი გზებით მივაღწიოთ ჩვენთვის სასარგებლო შედეგები. უნდა განვსაზღვროთ ის სფეროები, რომლებშიც საქართველო და რუსეთი ერთმანეთის პარტნიორები იქნებიან... საქართველოს უსაფრთხოება ხომ რუსეთის უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული - ჩვენც ვართ დაინტერესებული ჩრდილოკავკასიის სტაბილურობით. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს არანაირად არ აწყობს არასტაბილურობა, მით უმეტეს რუსეთ-საქართველოს მზარდი სავაჭრო ურთიერთობების ფონზე და იმ ფულადი თანხების გათვალისწინებით, რომელსაც რუსეთში მომუშავე ჩვენი თანამემამულეები სამშობლოში აგზავნიან.



ამ ბოლო ხანებში ხშირად საუბრობენ საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო კავშირების თაობაზეც. ისინი, ვინც მომხრეები არიან, ამბობენ, რომ ამით საქართველო აჩვენებდა, რომ ის არ არის წინააღმდეგი ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და რომ ამით ჩვენ ვაღიარებთ ჩვენი მეზობლების ეკონომიკური განვითარების არჩევანის უფლებას. ამბობენ იმასაც, რომ მკაცრი კონტროლი უნდა დავაწესოთ, რათა არ იქნას გადაზიდული სამხედრო ტვირთები. ეს ძალიან რთული თემაა. აქ უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი აზრბაიჯანელი მეზობლის ინტერესებიც.



- მთიანი ყარაბაღი ახსენეთ. გასულ 2014 წელი იქ დაპირისპირების გამწვავებით აღინიშნა. როგორი რეაგირება უნდა მოახდინოს საქართველომ?

 

 

- ჩვენს წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევებიდან ერთ-ერთი სწორედ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია. ღმერთმა ნუ ქნას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი განახლდეს. რის გაკეთება შეუძლია საქართველოს? მაგალითად, მოლაპარაკების ადგილის შეთავაზება. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ ასეთი შეხვედრები, რომლებიც დამოკიდებული არ იქნება ევროპელებზე, ამერიკელებზე ან რუსებზე. თავის მხრივ, დასავლეთიც, ალბათ, დადებითად შეხედავს და მხარს დაუჭერს საქართველოს ამგვარ მოქმედებას, რეგიონული გარემოს გაუმჯობესების მიზნით.



საქართველო მიუმხრობელი მოთამაშეა, რეგიონის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თანაბარი ურთიერთობები აქვს მეზობლებთან. ესე იგი, შეგვიძლია კონფლიქტების მოგვარებაში დახმარების გაწევა. გარდა ამისა, საქართველოს მდიდარი შესაძლებლობები აქვს რეგიონული პროექტების რეალიზების სფეროში. სომხეთი სამხრეთ კავკასიის ყველაზე იზოლირებული სახელმწიფოა და ყველაზე მეტადაა დამოკიდებული რუსეთზე. საჭიროა ერთობლივი პროექტების შემუშავება და მათი გაფართოება... მოკლედ, ჩვენი წარმატებების გასაღები ჩვენს ხელშია.



- თბილისი არ მალავს თავის უკმაყოფილებას, რომ უკრაინის მთავრობაში მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ინიშნებიან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ ურჩია კიევს თავი შორს დაიჭიროს მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეებისაგან, მაგრამ ამ მოწოდებას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. არაა გამორიცხული საქართველო-უკრაინის ურთიერთობის გაუარესება. ამ ფონზე თქვენ, ირაკლი ღარიბაშვილს და მინისტრებს განზრახული გაქვთ კიევს ეწვიოთ. როგორ გავიგოთ ეს?

 

 

- ქართველი ხალხი ამ მძიმე დღეებში უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელებს, ვცდილობთ მათ თავს დამტყდარი უბედურება გადავატანინოთ, ფრთხილად ვმოქმედებთ... იგივეს ვთხოვთ უკრაინელებსაც. განა უცნობია ის, რომ უკრაინის მთავრობაში მიწვეულ ქართველ ჩინოვნიკებს თავიანთი წვლილი აქვთ, პირდაპირ თუ ირიბად, შეტანილი ტოტალიტარული სისტემის მშენებლობაში. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს ყოველმა მეათე მოქალაქემ ციხე გამოსცადა ან პრობაციონერი იყო. ეს ხომ საშინელი სტატისტიკაა! კი, 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ რაღაც კარგიც გააკეთეს, ქართული სახელმწიფო მოძლიერდა, მაგრამ ზოგადად სისტემა უკონტროლო იყო და მხოლოდ ერთი ადამიანის, ან მასთან დაახლოებული ერთი მუჭა ადამიანების მოთხოვნილებათ უზრუნველყოფისათვის მუშაობდა. დიახ, პოლიციისთვის გამჭვირვალე შენობები შენდებოდა, მაგრამ შიგნით რა ხდებოდა, ამას მაინც ვერავინ ხედავდა. ეს იყო „პოტიომკინის სოფლები"! ეს იყო სისტემა, სადაც ერთმანეთში აირია ჯონათან სვიფტის კარიკატურული ფორმები და ჯორჯ ორუელის შავ მონათხრობი... უკრაინელები ფიქრობენ, რომ ამ ადამიანებმა საკუთარ შეცდომებზე დასკვნები გააკეთეს და შეცდომებს აღარ გაიმეორებენ? ძალიან მეეჭვება... რას ვიზამთ, ეს ჩვენი უკრაინელი პარტნიორების არჩევანია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. როგორც ამბობენ ხოლმე, „ორშაბათიც გათენდება და ვნახავთ, რა იქნება". ჩვენ მხარს ვუჭერდით უკრაინას და კიდევ დავუჭერთ მხარს საერთაშორისო არენაზე, გავაერთიანებთ ძალისხმევას ევროკავშირთან ასოცირების საკითხში და მზად ვართ ოფიციალურ დონეზე ყველანაირად დავეხმაროთ.





www.globalaffairs.ru/diplomacy/Tedo-Dzhaparidze-My-ozhidali-ot-Rossii-bolshe-pozitiva-17259






(მოამზადა სიმონ კილაძემ, „რეპორტიორის"  ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა)





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016