ორ ათეულ წელზე მეტია კომპანია „ასკანელი ძმები" ქართულ მეღვინეობას ემსახურება. ქართულ კულტურაზე შეყვარებული ძმები ჩხაიძეებისთვის ყურძენთან ურთიერთობა ხელოვნებაა და ისინიც ცდილობენ ქართული სიმღერის, ცეკვისა და სხვა დარგების დარად, დანარჩენი მსოფლიო, ქართული ღვინის საიდუმლოსაც აზიარონ.
ოდესღაც ხომ ჩვენმა წინაპარმა აჩუქა სამყაროს ვაზი და ღვინო, ჰოდა, ნურც მის მრავალფეროვნებასა და მრავალგემოვნებას დავუმალავთო, ამბობენ.
გოჩა ჩხაიძე დღეს „რეპორტიორის" სტუმარია, ღიად და დაუფარავად გვესაუბრება წარსულსა თუ მომავალზე, გეგმებზე და უკვე ახდენილ ოცნებებზე, ტკივილზე თუ სიხარულზე, საჭიროზე და უჭიროზე...
- ბატონო გოჩა! მოდით საახალწლო კალენდარზე მოგვიყევით. „რეპორტიორის" მკითხველმა ის უკვე ნახა და ჩვენი შეპირებული ინტერვიუც მასზე საუბრით დავიწყოთ.
-საერთოდ რასაც აკეთებ, გულით უნდა გააკეთო, თან ესთეტიური სილამაზეც უნდა ახლდეს, სხვაგვარად ვერავის აიძულებ შენი ნახელავი მოიწონოს და შეიყვაროს.ჩვენი მიზანიც ეს იყო,რომ ადამიანებისთვის სიამოვნება მიგვენიჭებინა.როდესაც ჩვენმა მეგობარმა იური მეჩითოვმა პროექტი შემოგვთავაზა, მაშინვე ავიტაცე და გამიხარდა, რომ მსგავსი წამოწყების განხორციელება შეგვეძლო. ასკანელი ძმების პროდუქცია ბევრ ისეთ ქვეყანაში იყიდება, სადაც ქართველებიც მრავლად სახლობენ და ეს საჩუქარიც მათთვის არის განკუთვნილი.
-ძალიან ხშირად, კომპანია „ასკანელი ძმები" ქართულ კულტურასა და ხელოვნებასთან ასოცირდება; ეს აშკარად შემთხვევით არ ხდება.
-დავიწყოთ იმით,რომ ჩემი მეუღლე არის ირმა ნიორაძე(გამოჩენილი ქართველი პრიმა ბალერინა- თ. ჩ.), ამასთან, ჩვენი ოჯახი არის ძალიან მუსიკალური. დედაჩემი 57 წელია მუშაობს ერთერთ საბავშვო ბაღში მუსიკის პედაგოგად და ამ ხნის მანძილზე უამრავ ბავშვს შეაყვარა მუსიკა. მთელი ჩვენი ბავშვობაც მუსიკასთან იყო დაკავშირებული, ოპერაში გამართულ ყველა პრემიერას აუცილებლად ვესწრებოდით.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დედას დაბადების დღე მივულოცო: „შენ ხარ ის პიროვნება, რომელიც ადამიანებს უამრავ სითბოს, სიკეთესა და სიყვარულს ჩუქნის! აღზარდე უამრავი ბავშვი, აზიარე და შეაყვარე მუსიკა, ასწავლე ერთმანეთის პატივისცემა. ჩვენც, სამივე ძმას, მოგვეცი ძალა, რომ ვაკეთოთ კეთილი საქმეები ჩვენი ქვეყნისთვის! შენდამი მადლიერება მრავალ თაობაზე გადავა! არ მეგულება ამ პლანეტაზე ადამიანი, ვისაც შენ არ უყვარხარ! მადლობა ყველაფრისთვის!"
შემდეგ და შემდეგ დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა ქართული მუსიკალური ხელოვნების წარმომადგენლებთან და ეს ურთიერთობები ჩვენთვის უკვე ორგანული გახდა. ჩვენი კომპანია და პირადად მეც ყველანაირად ხელს ვუწყობთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას და არა ერთი პროექტიც განვახორციელეთ რუსეთში, პოლონეთში სხვა ქვეყნებშიც და პირობას გაძლევთ მსოფლიოს რომელ წერტილშიც მიგვიწვდება ხელი, ყველას გავაცნობთ ქართული ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს, იქნება ეს სიმღერა თუ კულტურის სხვა ჟანრი.
-კონკრეტულად ხომ ვერ მეტყოდით რომელიმე განხორციელებულ ან სამომავლო პროექტზე?
მაქვს ერთი საკმაოდ მასშტაბური ჩანაფიქრი, მაგრამ ჯერ არ მინდა მისი გაჟღერება, არ მიყვარს წინასწარ საუბარი. აი, თებერვალში, როცა პროექტი დასრულებულ სახეს მიიღებს, საზოგადოებაც მაშინ შეიტყობს. რაც შეეხება უკვე განხორციელებულებს, ძალიან საინტერესო იყო სანკტ-პეტერბურგში ჩატარებული ქართული კინოს რეტროსპექტივა-ფესტივალი, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა, როგოც მასმედიაში, ისე კინემატოგრაფისტთა წრეებში. კვირეული გაიხსნა 1929 წელს მიქაბერიძის მიერ გადაღებული ფილმით - „ჩემი ბებია" და გარწმუნებთ, საოცარი ინტერესი გამოიწვია.
შემდეგ იყო ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ნანი ბრეგვაძის და „ქართული ხმების" კონცერტი პეტერბურგის ფილარმონიაში, რომლებიც ანშლაგით ჩატარდა. იყო დიდი მონატრება, ცრემლი და კიდევ ერთხელ გამოჩნდა როგორ უყვართ და აფასებენ ქართულ კულტურას. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო აფხაზეთიდან ლტოლვილი, სანკტ-პეტერბურგში მცხოვრები ქართველი მხატვრების გამოფენა. ზოგ მათგანს უკვე მთელ ევროპაში იცნობენ და საკმაოდ პოპულარულები არიან, მაგალითად, იგორ ჩოლარია...
საინტერესოა ფაქტია, რომ ამ მხატვრების ბევრი ნამუშევარი ინახება ეროვნებით ოს კოლექციონერთან, რომელიც 90-იან წლებში ყიდულობდა მათგან ამ ნახატებს. ამ პროექტს ერქვა „Девять солнечных грузин". აქვე, პეტერბურგშივე ჩატარდა საქართველოს სახელმწიფო ორკესტრის ორი კონცერტი, რომელშიც ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ასამდე მუსიკოსი მონაწილეობდა, გაიმართა სუხიშვილების კონცერტიც და ა.შ.
- ეს ღონისძიებები, ძირითადად, რუსეთში გაიმართა, იმიტომ ხომ არა, რომ თქვენი პროდუქციის გასაღების უმთავრესი ბაზა რუსეთია?
- ეს ის შემთხვევაა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ჩემს ძირითად საქმიანობასთან. მოგეხსენებათ, პეტერბურგი ყოველთვის რუსული ინტელიგენციის კულტურული ცენტრი იყო. წლების მანძილზე ჩემი მეუღლე მარინის თეატრის წამყვანი ბალერინა იყო, მუსიკისა და ზოგადად, ხელოვნების სიყვარულმა, ბევრ ცნობილ ხელოვანთან დამაახლოვა, ხოლო იქ, სადაც საუბარია ხელოვნებაზე და მეგობრობაზე პოლიტიკური წიაღსვლებისთვის ადგილი არ რჩება. ჩემთვის მეგობრობა იმდენად მაღალი მატერიაა, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა მას ვერაფერს დააკლებს.
წეღან ვახსენე პროექტი, რომლის შესახებაც ჯერ საუბარი არ ვისურვე. მაგრამ გეტყვით, რომ ეს პროექტი ძალიან ბევრ ქვეყანაზეა გათვლილი. მე ოჯახით ამჟამად საფრანგეთში ვცხოვრობ და სწორედ იქ, საფრანგეთში, შექმნილია ძალიან სერიოზული ორგანიზაცია, რომელიც ამ პროექტის მენეჯმენტით დაკავდება და მოიცავს, როგორც ევროპას, ისე დანარჩენ მსოფლიოსაც. ერთსაც გეტყვით, სამშობლოს სიყვარულში შეჯიბრი სწორი არ მგონია. გნებავთ რუსეთში და გნებავთ სხვა რომელიმე ქვეყანაში მცხოვრებ ბევრ ქართველს განა აქაურებზე ნაკლებად უყვართ საქართველო?
- რამდენადაც ვიცი, კულტურისა და ხელოვნების გარდა კომპანია „ასკანელ ძმებს" სხვა გეგმებიც აქვს.
- თებერვალში მექნება პრეზენტაცია პროექტის, რომელიც უკვე დასრულებულია და ვფიქრობ, რომ თავისი შინაარსით უნიკალურია. ბოლო ოცი წელია გურიაში ახალი საწარმო არ აშენებულა; უკვე დასრულებულია და მალე დაიწყებს ფუნქციონირებას ულტრათანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი კომბინატი, რომელიც მთელ გურიას მოემსახურება და აქაურებისთვის ერთგვარი შვება და სტიმულის მომცემი იქნება. ეს ის შემთხვევაა, როცა კომბინატში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანი, თავად საწარმოს შინაარსია, რომელიც მთელი რეგიონის დასაქმებას გულისხმობს. დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს პროექტი განხორციელდეს საქართველოს ყველა კუთხეში. ამიტომ მივმართავ ბიზნესმენებს, თუ მოისურვებენ, მზად ვარ ვაჩუქო ეს პროექტი, რომელიც ჩემი აზრით, შინაარსით უფრო სოციალურია და დიდად წაადგება ქვეყნის ეკონომიკასა და ხალხის კეთილდღეობას.
- მოდით კომპანია „ასკანელი ძმების" საქმიანობასაც შევეხოთ. რამდენად იმოქმედა თქვენს საქმიანობაზე რუსეთში მიმდინარე პროცესებმა, ინფლაციამ, ეკონომიკის ვარდნამ და ა.შ.
- რა თქმა უნდა იმოქმედა და ეს პროცესი მომავალში უფრო გამოჩნდება. რადგან ჩვენი წარმოება მიბმულია მყარ ვალუტაზე, ინფლაციამ ჩვენი პროდუქტის ფასი ბევრად გაზარდა. ამან შესაბამისად შეამცირა გასაღების რაოდენობა. თუ შარშან 52 მილიონ ბოთლზე იყო საუბარი, ვშიშობ წელს 15 მილიონზე მეტი არ იქნება, ანუ სამჯერ დაეცემა რეალიზაცია. ამას დაუმატეთ შარშანდელ რთველზე ყურძნის ხელოვნურად გაზრდილი ფასი, რომელიც ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა იყოს რეგულირებადი. გასაგებია, რომ გლეხებმა ამოისუნთქეს და სარფიანად გაყიდეს მოსავალი, მაგრამ სამაგიეროდ, ღვინის მწარმოებელი ქარხნები ძალიან იზარალებენ, რადგან 3 ლარად ნაყიდი ყურძენი ბევრად გააძვირებს მათ პროდუქციას და შესაბამისად გასაღებაც ძალიან გაუჭირდებათ. თავის მხრივ ეს იმოქმედებს წლევანდელ რთველზეც, რადგან სახელმწიფო იძულებული გახდება მეტი სუბსიდია გამოყოს. კარგი იქნება, თუ ეს პროცესი უკეთ იქნება შესწავლილი და დაბალანსებული, რათა არც გლეხს მიადგეს ზიანი, არც ღვინის მწარმოებლებსა და არც სახელმწიფო დაზარალდეს.
- საფრანგეთში მცხოვრები მეღვინე წარმოუდგენელია ადგილობრივი მევენახეობით არ დაინტერესებულიყო. დიდი განსხვავებაა ქართულ და ფრანგულ მეღვინეობას შორის?
- მიუხედავად იმისა, რომ ვაზი და ღვინო მთელ დანარჩენ მსოფლიოს საქართველომ აჩუქა, ქართული მეღვინეობის კულტურა მაინც ჩამორჩება ფრანგულ და ზოგადად, ევროპულ მეღვინეობას. საქმე იმაშია, რომ ათწლეულების მანძილზე საქართველოში მევენახეობა- მეღვინეობა სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ იყო და აქცენტი კეთდებოდა უფრო რაოდენობაზე, ვიდრე ხარისხზე. ამ პროცესმა ძალიან უკან დაგვწია. საოცარია, მაგრამ ქართული მეღვინეობა, როგორც მეცნიერება, ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ ევროპულს შევადაროთ, რომელმაც იმავე პერიოდში გრანდიოზული ნაბიჯები გადადგა ამ კუთხით. მეღვინეობას, ჩვენთან პრაქტიკულად 90-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, როდესაც სახელმწიფო ზედამხედველობიდან გამოვიდა და კერძო სტრუქტურებმა დაიწყეს მასზე ზრუნვა. ქართულ მეღვინეობას უდიდესი პოტენციალი აქვს, იმდენი სახეობის ყურძენი გვაქვს, ევროპელებს არც კი დაესიზმრებათ. ჩვენ უკვე დავიწყეთ თანამშრომლობა ბახვის მეურნეობასთან უძველესი ქართული ჯიშების აღდგენის კუთხით. უნდა შემუშავდეს თავისებური მიდგომა, რომელიც იქნება ევროპულისა და ქართულის ნაზავი, ანუ მეცნიერული და ტრადიციული. მხოლოდ ასე შევძლებთ ქართული ყურძნის უნიკალური თვისებების სრულიად წარმოჩენას. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და იმედია, მალე კიდევ ერთხელ გავაკვირვებთ მსოფლიოს.
- ჩვენი საუბარი დასასრულს მიუახლოვდა, რამე ხომ არ გამოგვრჩა?
-ალბათ გამოგვრჩა, რადგან ქართული მეღვინეობა და ქართული კულტურა იმდენად ვრცელი თემაა, შეუძლებელია ამაზე ამომწურავად ისაუბრო; ადამიანს ამისთვის, უბრალოდ, ერთი სიცოცხლე არ ეყოფა. კომპანია „ასკანელი ძმები" და პირადად მე, ვეცდებით ყველგან და ყოველთვის მისი მსახურები ვიყოთ და თუ როგორ მოვახერხებთ, ამაზე უკვე ჩვენი შვილები და შვილიშვილები ისაუბრებენ...
P.S.ძნელია არ დაეთანხმო ბატონ გოჩას! მეც იმედს ვიტოვებ და მოხარული ვიქნები, თუ ასკანელი ძმების ღვაწლზე და დამსახურებაზე საუბარში ჩემი შვილიშვილებიც მიიღებენ მონაწილეობას.