1919 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელთა კრება წარმოდგენილი იყო 130 დეპუტატის შემადგენლობით, აქედან 4 ქალი იყო.
მათ, მოგვიანებით მეხუთე ქალი დაემატათ. ყველა მათგანი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრები იყვნენ. ალბათ, ინტერესმოკლებული არ იქნება პირველი ქალი პარლამენტარების მონაცემების გაცნობა, რომელიც მაია კუპრავა-შარვაშიძემ მომაწოდა.
ელისაბედ (ლიზა) იოსების ასული ნაკაშიძე-ბოლქვაძე
(1885 - 1937) 1904 წლიდან საქართველოს სოციალ-GზაPრესსდემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, 1917 წლიდან "გურიის ქალთა საზოგადოების" თავმჯდომარე იყო. 1921 წლიდან ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაება, რის გამოც 1923 წელს დააპატიმრეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ანტისაბჭოთა მოღვაწეობა განაგრძო და ხელახლა დააპატიმრეს. 1937 წელს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით კრასნოიარსკში დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1956 წელს.
ანა (ოლა) სოლოღაშვილი
(1882 - 1937) 1903 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი იყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში ჩაება. 1925 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1937 წელს შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ დააპატიმრა. ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის, შოვინისტური განწყობების, ასევე მენშევიკთა ლიდერ რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ოლა სოლოღაშვილს დახვრეტა მიუსაჯეს.
ელეონორა (ლოლა) მიხეილის ასული ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძისა 1875 წელს დაიბადა. 1902 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ, ორგანიზაციამ - სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფმა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ელეონორაც იყო, რეალურად ხელში აიღო ქალაქ სოხუმის მმართველობა და მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა ჩაანაცვლა. ამის გამო, 1908 წელს პირველად დააპატიმრეს. 1921 წლიდან ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში ჩაება. 1925 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცეკას შემადგენლობაში აირჩიეს. საგანგებო კომისიამ 1926 წელს დააპატიმრა და ამიერკავკასიის ფარგლებიდან გაასახლა. 30-იან წლებში, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, კერძო პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. გარდაცვალების თარიღი უცნობია.
ქრისტინე (ჩიტო) გიორგის ასული შარაშიძე
(1887 - 1973) 1905 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო. 1905-1906 წლებში ტფილისის რევოლუციურ გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობდა და საგაზეთო მასალებს ამზადებდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რამდენჯერმე დააპატიმრეს. მისი ოჯახი რეპრესიებში მოყვა. სხვადასხვა დროს, მასწავლებელთა სახლის ქართული ენის კაბინეტის გამგე და საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის თანამშრომელი იყო. 1941-1964 წლებში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობდა. მან ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი შრომები მოამზადა. ასევე, ხევისა და სამხრეთ საქართველოს ისტორიის გამოკვლევების ავტორი იყო. IX-XIX საუკუნეების 1500-ზე მეტი ხელნაწერი დაამუშავა და შეისწავლა.
მინადორა ეფრემის ასული ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1973 წლის 14 მარტს, სოფელ ღორეშაში აზნაურის ოჯახში დაიბადა. ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია დაამთავრა. ამ დროიდან მარქსისტული წრეების მუშაობაში ერთვება. 1901 წელს ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ქალაქის სოციალისტურ წრეებში და "ისკრის" დამხმარე ჯგუფში აქტიურად მუშაობდა. ჟენევაში მალაქია ტოროშელიძესთან იქორწინა. 1905 წელს თბილისში დაბრუნებისთანავე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. მინადორა წითელ ჯვარში და "არა"-ში (ამერიკული დახმარების ადმინისტრაცია) მუშაობდა. პარალელურად ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც დაპატიმრებული სოციალ-დემოკრატების და ფედერალისტების ოჯახებს ეხმარებოდა. 1924 წლის დასაწყისში იძულებით მოსკოვში გაასახლეს. მას შემდეგ, რაც მენშევიკურ პარტიაში მუშაობაზე უარი თქვა, თბილისში დაბრუნდა. 1936 წელს მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე დააპატიმრეს. მან ბრალდებები უარყო და თავი დამნაშავედ არ ცნო. 5 წლით ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც ქალაქ ჩიმკენტის პოლიკლინიკაში ექიმად მუშაობდა. 1937 წლის 5 ივნისს დააპატიმრეს და 8 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში ყოფნა მიუსაჯეს. მისი სასჯელის ვადა 1945 წელს დამთავრდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. თბილისში 1950 წელს ჩამოვიდა. რებილიტირებულია 1956 წელს. მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1967 წლის 19 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ბიოგრაფიული მონაცემების გარდა, მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატული რესპუბლიკის პირველი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შესწავლა და გაანალიზება. დეპუტატთა სია იმდენად მრავალფეროვანია, რომ ბევრ საინტერესო ასპექტს მოიცავს არამარტო ქალების, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ეთნიკურობის, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების შესახებ ინფორმაციის მხრივაც.
http://www.gzapress.ge/life/1131-pirveli-qali-parlamentarebi.html