reportiori.ge - ვინ გაწკეპლავს სასამართლოს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:56
პრეს-დაიჯესტი
ვინ გაწკეპლავს სასამართლოს?
ავტორი:
19 იანვარი, 2015. 13:56



უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა, სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხმურის გარეშე არ ჩაივლის. ახალი კანდიდატი პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს. მმართველი გუნდი პრეზიდენტთან კონსულტაციებს ელის, თუმცა თავად მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს არჩევს, რაც იმას ნიშნავს,რომ ის ფსონს სამოქალაქო სექტორზე დადებს და სწორედ ამ წრიდან შეარჩევს კოტე კუბლაშვილის შემცვლელს. სხვა საკითხია, რამდენად მოიპოვებს ეს კანდიდატი მმართველი გუნდის მხარდაჭერას. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს საკითხი თავად უმრავლესობის შიგნითაც მწვავე კონფლიქტის მიზეზი გახდეს, რადგან, მაგალითად, „რესპუბლიკურმა პარტიამ" შესაძლოა, არჩევანი სწორედ გამოცდილ „ენჯეოშნიკზე" გააკეთოს, ღარიბაშვილის გუნდში კი სხვა მოსაზრებები აქვთ. საუბარი იყო იმაზე,რომ „ქართული ოცნება" ამ თანამდებობაზე პოლიტიკური გუნდის წევრის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა, მეორე ვერსიით, „ოცნებაში" სხვა რამდენიმე კანდიდატზე მსჯელობენ, რომელიც თავად სასამართლო სისტემიდან შეირჩევა. ასეთ კანდიდატებად კი კოტე კუბლაშვილთან დაპირისპრებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები - ნათია წკეპლაძე და თეიმურაზ თორდია სახელდებიან.


„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ღარიბაშვილის გუნდი პრეზიდენტს მეტ-ნაკლებად ნეიტრალურ შეთანხმებას შესთავაზებს - ერთი მხრივ, მარგველაშვილმა უარი თქვას მთავრობასთან მკვეთრად დაპირისპირებული „ენჯეოშნიკის" წარდგენაზე, მეორე მხრივ, უმრავლესობა აღარ განიხილავს კანდიდატად პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელს და პარლამენტი ისევ სასამართლო სისტემიდან წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს მხარს. სწორედ ასეთ კანდიდატებად მოიაზრებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნათია წკეპლაძე და თეიმურაზ თორდია, რომლებიც გასულ წელს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე ღიად დაუპირისპირდნენ კონსტანტინე კუბლაშვილს. ხმაურიანი კონფერენციის წინ მათ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, სადაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პრინციპულობაზე ისაუბრეს.


„უკიდურესად მრავლისმეტყველი იქნება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის როლი და დამოკიდებულება იმ საკითხებისადმი, რომლებიც უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს მოსამართლეთა კონფერენციამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფიგურა საქართველოში შეირჩევა აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებათა გადაწყვეტილების საფუძველზე. სწორედ მის პიროვნულ და პროფესიულ თვისებებზეა დამოკიდებული, რამდენად გახდება ის მოსამართლეთა ნამდვილი ლიდერი, პირველი - თანასწორთა შორის! სასამართლო ხელისუფლების მეთაურის მაღალი წოდებისა და დანიშნულების გათვალისწინებით, საზოგადოებას აქვს საფუძვლიანი მოლოდინი, იგრძნოს და დაინახოს მისი სამართლიანობა. დიდსულოვნება, მიუმხრობლობა, შორსმჭვრეტელობა, პროფესიონალიზმი, საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს სიყვარული. ამ მოლოდინის გაწბილება დაუშვებელია!


თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო ვერ შედგება ძლიერი სასამართლო ხელისუფლების გარეშე. სასამართლო ეკუთვნის ხალხს და მისი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფორმირების პროცესი თვალნათელი უნდა იყოს არა მარტო მხოლოდ მოსამართლეთათვის, არამედ საზოგადოებისთვის, რის გარეშეც შეუძლებელია საზოგადოების მაღალი ნდობის მოპოვება. სასამართლო ხელისუფლების მაღალ სტანდარტებს კი თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკური ნება. სამართლებრივი გარემო, საზოგადოების მართლშეგნება, პატიოსანი და პრინციპული, მიუკერძოებელი სასამართლო კადრი. ამ პროცესის მნიშვნელოვნების ვერგანჭვრეტა ისტორიაში შევა, როგორც უპატიებელი გულგრილობა და სულმოკლეობა საქართველოს აწმყოსა და მომავლის მიმართ", - წერია ნათია წკეპლაძისა და თეიმურაზ თორდიას განცხადებაში.


უშუალოდ კონფერენციაზე კი ნათია წკეპლაძემ ღიად გააკრიტიკა მოქმედი თავმჯდომარე, რაც ბოლო წლებში უპრეცედენტო შემთხვევად შეიძლება მივიჩნიოთ. ამ დრომდე არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც მოქმედი მოსამართლე ასე საჯაროდ დაუპირისპირდა სასამართლოს თავმჯდომარეს.


სხვათა შორის, ნათია წკეპლაძისთვის მოსამართლის მანტიის მოსხმაში წვლილი იუსტიციის იმდროინდელ მინისტრსა და ამჟამად „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მიუძღვის. გვარამიას თქმით, წკეპლაძე ნამდვილად ნიჭიერი ადამიანია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ დღეს მას შესაძლოა, უნიჭო და ამბიციური ადამიანები იყენებდნენ.


„მგონი, ნათია წკეპლაძე „პუტჩის" მოწყობას ლამობს სასამართლო სისტემაში. ვწუხვარ, რომ ეს უნიჭიერესი ადამიანი ჩვეულებრივ ინსტრუმენტადაა გამოყენებული უნიჭო და ამბიციური პატარა ადამიანების მიერ და ელემენტარული ქცევის ნორმებიც კი აღარ ახსოვს, საქვეყნოდ იჭრის თავს და ავიწყდება, რომ უზენაესი სასამართლოს უმაღლესი ტრიბუნიდან მართლმსაჯულების ქმნა უნდა გააგრძელოს ხვალიდან. ჩემდა საუბედუროდ, არ მეგონა, თუ ოდესმე ამის თქმა მომიწევდა, მაგრამ ძალიან ვწუხვარ, რომ დიდი როლი ვითამაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის გამწესებაში. არავისთან სათხოვარზე არც მივსულვარ და არც მივალ. უდიპლომო და ID ნომერში ექვსიანების მთვლელი თეა წულუკიანის გამხმოვანებლად ქცეული ნათია წკეპლაძე ჩემთვის ის ნათია წკეპლაძე აღარაა, რომლის უზენაესი სასამართლოს წევრად არჩევა ჩემთვის ზეიმი იყო", - ასე გამოეხმაურა  ნიკა გვარამია მოსამართლეთა კონფერენციაზე ნათია წკეპლაძის დემარშს.


იქნება თუ არა წკეპლაძე ის პიროვნება, ვისზეც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საუბრობდა? ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა. აქვე მკითხველს შევახსენებ, იუსტიციის მინისტრის მოსაზრებას:


„ჩემ თვალში უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც ხელს შემიწყობს მართლმსაჯულების რეფორმაში და არ იქნება მუდმივად ამ რეფორმების მოწინააღმდეგე. ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, რომ ის უნდა იყოს რეფორმების მოსურნე და რეფორმატორი ადამიანი", - აღნიშნა წულუკიანმა.


სამოქლაქო სექტორი კი პრეზიდენტს პოლიტიკური პროცესისგან გამიჯვნასა და კანდიდატურის შესარჩევად საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას სთავაზობს.


„პრეზიდენტთან ვისაუბრეთ, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი და რა პროცედურების მეშვეობით უნდა მოხდეს კანდიდატის გამოვლენა და პარლამენტისთვის წარდგენა. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს კონკრეტული მოდელი. შესაძლოა, შეიქმნას საკონსულტაციო ორგანო, მრჩეველთა საბჭო, რომელიც შეისწავლის კანდიდატის განვლილ საქმიანობას, შეაფასებს ამ კანდიდატის კრიტერიუმებთან შესაბამისობას და პრეზიდენტს მიმართავს რეკომენდაციით კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით. ამ საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში პირველი, რაც იქნება გასაკეთებელი, თუკი პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ასეთი ორგანოს შექმნას, ეს არის კონკრეტულ კრიტერიუმებზე ჩამოყალიბება, რადგან დღევანდელი კანონმდებლობით ძალიან ცოტა კრიტერიუმია დადგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.


მისივე განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ძალიან დიდი პოზიციაა და ადამიანი უნდა იყოს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე.


„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა ფლობდეს ბევრ სხვა თვისებას, მათ შორის, უპირველესია მისი პრინციპულობა და რეზისტენტულობა ნებისმიერ ზეწოლასა თუ პოლიტიკური დღის წესრგის მიმართ. ეს ადამიანი უნდა იყოს კანონის დაცვაზე ორიენტირებული და მისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანის უფლებები", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


ერთ-ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრეს, არის ის, რომ ადამიანს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად იქნება წარდგენილი, მჭიდრო კავშირი არ უნდა ჰქონდეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან.


„აქვე მნიშვნელოვანია, რომ არ გაჭიანურდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენის პროცესი და აუცილებელია, შესაბამის ვადებში მოხდეს ახალი თავმჯდომარის არჩევა. არ მოხდეს ისე, რომ სისტემა დარჩეს თავმჯომარის გარეშე", - ამბობს ნაცვლიშვილი.


მოკლედ, სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს ურჩევს, მთლიანად გაემიჯნოს პოლიტიკურ გუნდს, „ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურა სწორედ მათთან კონსულტაციის გზით უნდა შეირჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, პროცესი ჩიხში შევიდეს.


„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა საერთო კონსენსუსის გზით უნდა მოხდეს. ეს საკითხი ეხება ხელისუფლების მესამე შტოს და მნიშვნელოვანი იქნება სამივე შტოს კონსენსუსის გზით სვლა. პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, პარლამენტზე გადმოდის პოლიტიკური პასუხისმგებლობის სიმძიმეც. ამიტომ მნივშნელოვანია კანდიდატურის შერჩევის წესებზე შეთანხმება და კონსულტაციები. იმედი მაქვს, ამ გზით ვივლით. სხვაგვარად პროცესი შესაძლოა, ჩიხში შევიდეს", - ამბობს „პრაიმტაიმთან" საუბრისას ეკა ბესელია.

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016