reportiori.ge - ზურაბ ფაღავა: ბინაში შესვლა რომ დავაპირეთ, მისმა დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ შეგვაჩერა! - ინტერვიუ ჟვანიას ყოფილ პირად ექიმთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2024. 23:57
ინტერვიუ
ზურაბ ფაღავა: ბინაში შესვლა რომ დავაპირეთ, მისმა დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ შეგვაჩერა! - ინტერვიუ ჟვანიას ყოფილ პირად ექიმთან
ავტორი:
19 იანვარი, 2015. 14:33

 

 

ვესაუბრებით პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ყოფილ პირად ექიმს, ნოდარ ბოხუას სახელობის სისხლისძარღვთა და გულის ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზურაბ ფაღავას, რომელმაც, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერ-მინისტრს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა. 2005 წლის 3 თებერვალს პროფესორი ზურაბ ფაღავა გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ცხედართან არ მიუშვეს.


- ბატონო ზურაბ, ვინ შეგატყობინათ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ამბავი?


- ღამით დამირეკა სახელმწიფო დაცვის სამედიცინო სამსახურის უფროსმა გია ცანავამ - ზურა დაიღუპა, როგორც ჩანს, უბედური შემთხვევა მოხდაო. ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ზურას უცაბედი გარდაცვალება, ძალიან შევშფოთდი, სამი დღის წინათ მყავდა ნანახი, ჯანმრთელი იყო... მე და გია შემთხვევის ადგილზე მივედით (დაახლოებით დილის ექვსის ნახევარზე, ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში გათენდა), ხალხი უკვე შეგროვილიყო. შევედით სადარბაზოში, მაგრამ ბინაში შესვლა რომ დავაპირეთ, მისმა დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ შეგვაჩერა, ცოტა ხანს მოითმინეთო. შემდეგ ოთახში შევიდა და უკან გამობრუნებულმა გვითხრა - ჯერ კრიმინალისტები უნდა მოვიდნენო... რადგან არც კრიმინალისტების მოსვლის შემდეგ შეგვიშვეს, სახლში წავედით, ხოლო ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ უკვე ტელევიზიით მოვისმინე.


- ჩვენი ინფორმაციით, არც პროზექტურაში შეგიშვეს...


- საკითხი ამის შესახებ არც დამდგარა. ინიციატივის გამოჩენა თავად არ შემეძლო. პროკურატურიდან ზარს ველოდებოდი, მაგრამ არავის დაურეკავს. არც ის ვიცოდი, რომ ზურას ცხედრის გაკვეთას მაშინვე აპირებდნენ. ვინაიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ინფორმაცია არ მქონდა, ჟვანიების ოჯახში მივედი. გარკვეული ხნის შემდეგ, ზურას ცხედარიც მოასვენეს.


- იმ პერიოდში ზურაბ ჟვანიას ძმას გოგლა ჟვანიას ესაუბრეთ?

 

- მხოლოდ მაშინ, როდესაც მათთან სახლში მივედი. ოჯახის წევრებმა უკვე იცოდნენ მომხდარის შესახებ, ზურას მეუღლე ნინო კი, შემთხვევის ადგილზე ვნახე.

 

- ქალბატონმა ნინომ სასამართლოზე განაცხადა, ჩემ მეუღლეს ალერგია ჰქონდაო.

 

- შესაძლოა, მაგრამ ზურას ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს.

 

- გარდაცვალებამდე 5 დღის ადრე ზურაბ ჟვანიას გამოკვლევა ჰქონდა ჩატარებული, სისხლის ანალიზში დარღვევები თუ ჰქონდა ან დიაბეტის ნიშნები?

 

- არავითარი გადახრა, წამლებს არ იღებდა, მედიკამენტებზე არ იყო დამოკიდებული, არც მე დამინიშნავს. ესაჭიროებოდა მხოლოდ წონის დაკლება, თამბაქოსთვის თავის დანებება და ფიზიკური აქტივობა. ზურა ძალიან კარგად ცურავდა, თან საკმაოდ დიდ მანძილებზე. როგორც ჭარბწონიან, მწეველ ადამიანებს ახასიათებთ, ზურას რაიმე დაავადების განვითარების რისკი არ ჰქონდა, ერთადერთი - თამბაქოს წევის გამო უმნიშვნელო პრობლემები ჰქონდა ბრონქებზე. ვურჩიე, მოწევისთვის თავი დაენებებინა. მითხრა, რომ გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მოწევას თავს ვანებებო. იმ ხნის განმავლობაშიც, რაც მის კაბინეტში დავყავი, ჩემი თანდასწრებით არ მოუწევია - წინა შეხვედრებზე, მახსოვს ეწეოდა.


- რატომ მოგიწიათ მასთან სამსახურში მისვლა, კლინიკაში თვითონ არ მოვიდა?

 

- ეს არ იყო სპეციალური გამოძახება, გეგმიური შეხვედრა გახლდათ. ვისაუბრეთ, ალბათ, 40 წუთის განმავლობაში მისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის შემუშავების გარდა, შევეხეთ სამედიცინო სამსახურის ორგანიზაციის საკითხებსაც, ძალიან ჯანსაღი ხედვა ჰქონდა, უაღრესად ნიჭიერი კაცი იყო, პრობლემებს სწრაფად უღებდა ალღოს...


- დიეტა უკვე დანიშნული ჰქონდა?

 

- დიახ, მითხრა, რომ უკვე იცავდა დიეტას და მზად იყო საკუთარი ჯანმრთელობის მისახედად.

 

- ბატონო ზურაბ, თუ იცნობთ ზურაბ ჟვანიას სასამართლო-სამედიცინო დასკვნას?


- არა, ჩემთვის არავის უჩვენებია. ეს ყველაფერი გამოძიების ხელში იყო. პროკურატურაში დამიბარეს, მკითხეს, ბინაში როდესაც შეხვედით, რა ნახეთო? ვუპასუხე ის, რაც თქვენც მოგახსენეთ - შემთხვევის ადგილზე ბინაში არ ვყოფილვარ-მეთქი. სხვა შეკითხვები არ დაუსვამთ.


- ახალი გამოძიების პირობებში?

 

- ისევ დამიბარეს, საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ, თუმცა, საიდუმლოც არაფერია, მათაც ის ვუთხარი, რომ ბინაში არ ვყოფილვარ.


- როგორ გგონიათ, რატომ არ მოგცეს უფლება, ოთახში შესულიყავით და თქვენი პაციენტის ცხედარი დაგეთვალიერებინათ?


- წესით, ექიმმა სიკვდილი უნდა დაადასტუროს, ვიზუალური შეფასება უნდა მისცეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საქმე კრიმინალისტებმა გააკეთეს, სამედიცინო ექსპერტმა. როგორც მოქალაქეს, რაღაცები მეუცნაურება, მაგრამ იურიდიულ შეფასებას ვერ გავაკეთებ.

 

- გავრცელებული კადრების მიხედვით, სადაც ასახულია ზურაბ ჟვანიას ცხედარი, საეჭვო უბნები, თავის არე, რა დასკვნა შეგიძლიათ გამოიტანოთ?

 

- სხეულის სხვა უბნებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, რაც თავის არეში ჩანს, სერიოზულ კვლევას საჭიროებს და, ალბათ, ნეიროქირურგები და ექსპერტები სათანადოდ შეაფასებენ. ეს არ იყო, მხოლოდ გარეგანი დაზიანება, დაზიანება იყო შიდა მხრიდანაც და, როგორც ჩანს, ეს გახლდათ საკმარისი ტრავმა იმისთვის, რომ, მინიმუმ, ადამიანს გონება დაეკარგა.

 

- ბატონ ზურაბ, ზურაბ ჟვანია თავდაპირველად ამ კლინიკაში მოვიდა გამოსაკვლევად?

 

- არა, მაშინ მათ ღუდუშაურის კლინიკა ემსახურებოდათ, ამიტომაც პირველი კონსულტაცია, ბიოქიმიური გამოკვლევები ზურაბ ჟვანიას ღუდუშაურის კლინიკაში ჩავუტარეთ. მაშინ კარდიოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს - აკადემიკოს ნოდარ ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი - დიდი ხანია არსებობს, ჩამოაყალიბა აკადემიკოსმა ნოდარ ბოხუამ, რომლის ძირითადი საქმიანობაც სისხლძარღვთა ქირურგია და ანგიოლოგია იყო (პრაქტიკულად, სისხლძარღვთა ქირურგიის თანამედროვე ცენტრის ჩამოყალიბება სწორედ აქედან იღებს სათავეს). ბატონი ნოდარის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, ცენტრს კოტე ყიფიანი ჩაუდგა სათავეში, საქმიანობა გაგრძელდა წარმატებით, ბატონმა კოტემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სისხლძარღვთა ქირურგია კარდიოლოგიით შეევსო და უკვე მეოთხე წელია, რაც აქ კარდიოლოგიური სამსახური ფუნქციონირებს. ხელმძღვანელი მე გახლავართ. უახლოეს დღეებში ვიწყებთ კარდიოქირურგიული სამსახურის ფუნქციონირებასაც (რაც დღემდე არ არსებობდა), ყველაფერი მზად გვაქვს, ჩვენი ცენტრი სრულად დაკომპლექტებულია ყველა სამედიცინო სერვისით.


- ვინ დაგნიშნათ ზურაბ ჟვანიას პირად ექიმად?

 

- მაშინ მიიღეს დადგენილება, რომ ზოგიერთი თანამდებობის პირს - პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარეს პირადი ექიმები ჰყოლოდათ. მე პრემიერ-მინისტრის პირად ექიმად დავინიშნე. ზურას ოჯახს მანამდე ვიცნობდი, კონსულტაციებს ვუტარებდი მის დედას, ქალბატონ რემას და ოჯახის სხვა წევრებს. როცა ჰკითხეს, ვის ისურვებდნენ ზურაბ ჟვანიას პირად ექიმად, მათ ჩემზე შეაჩერეს არჩევანი.


- ესე იგი, ზურაბ ჟვანია გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ნახეთ?

 

- პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ სულ ორჯერ შევხვდი. 2005 წლის 28 იანვარს ანალიზები გაიკეთა, ორი დღის შემდეგ, როგორც ზემოთ გითხარით, უკვე მის სამუშაო კაბინეტში შევხვდი. ვიმეორებ, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი ჰქონდა. მითხრა, რომ ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა და ძალიან იღლებოდა, ვინაიდან, ძირითადად, დღის მეორე ნახევარში უწევდა მუშაობა. პრეზიდენტს ჰქონდა ასეთი გრაფიკი და იძულებული იყო, სამუშაო დრო მისთვის შეეხამებინა. მთხოვა, ძალების აღდგენაში დავხმარებოდი. გამომშვიდობებისას იყო ძალიან კარგ ხასიათზე.


- გამოგაცილათ?

 

- დიახ, კარამდე გამომყვა, დედამისის შვილი სხვანაირი არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ქალბატონ რემას ახლაც ხშირად ვხვდები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. როდესაც ზურას ამბავი მოხდა, ქალბატონმა რემამ გამოტოვა მკურნალობის სეანსები, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა. იმდენად ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესი ჰქონდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ შვილის დასაფლავების სცენა არ ახსოვდა. ქალბატონი რემა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, მათთან ვარ 90-იანი წლების დასაწყისიდან, მაშინაც მათთან ვიყავი, როდესაც ზურა ჯერ კიდევ მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე იყო, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე, მერე - ოპოზიციაში, მაშინაც, როდესაც პრემიერ-მინისტრი გახდა. ზურას აღმასვლებს ჩვენს ურთიერთობაზე არ უმოქმედია. ქალბატონი რემა მენდობა, მის ნდობას ძალიან ვაფასებ. გული  მწყდება, რომ ზურასთან დაკავშირებით საუბარი მის ტრაგედიას ეხება, ის იყო კეთილი, მოვლენებისა და ადამიანების მიმართ არ ჰქონდა აგრესიული დამოკიდებულება, პრობლემის გადაჭრა შეეძლო მინიმალური დრამატიზმით. მსგავსი თვისებები მხოლოდ პროფესიონალებს ახასიათებთ.


ესაუბრა ქეთევან ხამიცაშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016