აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უილიამ ბერნსს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობები და საეთაშორისო ფორმატში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრეს. გარდა ამისა, დელეგაციის წევრებმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდეს. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეერთებული შტატების მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც იყო საუბარი. უილიამ ბერნსმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ს მხარდაჭრა გამოხატა. გარდა ამისა, მან საქართველოს ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილი აღნიშნა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრეს. „ჩვენ განვუცხადეთ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება "- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაია ფანჯიკიძის შეფასებით, აშშ-ში კარგად ესმით ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას. მისივე თქმით, აშშ საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებითაა დაინტერესებული.