პუბლიკაცია, რომელსაც გთავაზობთ, იმ კომენტარებს მოჰყვა, რომელიც გააკეთეს ნაცების ბელადებმა და ქვეყნის „მთავარმა" მოსამართლემ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენციის შემდეგ. რამ შეაშფოთა ისინი? იმან ხომ არა, რომ ცუდად მთავრდება მათი ბოგინი საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე, რასაც შეიძლება, სერიოზული საგამოძიებო პროცესებიც მოჰყვეს? ეს მათ გეგმებში ნამდვილად არ შედის და ამიტომაც ცდილობენ, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული სამართლიანობის აღდგენა ქვეყნის დასასრულად გამოაცხადონ. მაშ ასე, სიტყვა ეძლევა აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძეს:
სასამართლო რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფოს სახეა, ეს ჯერ კიდევ ძველი რომიდანაა ცნობილი. „თქვენ გგონიათ, რომ პრუსიაში სასამართლო აღარ არის?" - დაემუქრა მეფე ფრიდრიხს მეწისქვილე, რომელმაც მისი საკუთრების დანგრევის ბრძანება გასცა (წისქვილი ამახინჯებდა დიდებული სასახლის „სანსუსი"-ის ბაღს). მეფემ საქციელი მოუწონა მეწისქვილეს, რადგან კარგად იცოდა, რომ ქვეყნის საფუძველთა საფუძველი კერძო საკუთრება და მისი ხელშეუხებლობაა, რომლის გარანტი მხოლოდ მაღალი სანდოობის მქონე სასამართლო სისტემაა!
მსაჯული ქართულ სახელმწიფოშიც ავტორიტეტი იყო. დამპყრობელი რუსეთის მართლმსაჯულებაც კი ორიენტირებული იყო საკუთრებისა და ქონების ხელშეუხებლობაზე, გაიხსენეთ, ცაგარელის პიესაში რამდენს წვალობს მოსამართლე, რომ მეპატრონეს დაკარგული ბურვაკი დაუბრუნოს.
კომუნისტების იდეოლოგია კერძო საკუთრებას არ ცნობდა, მაგრამ საყოფაცხოვრებო დონეზე ქონება იმ დროსაც ხელშეუხებელი იყო. სასამართლო გადაწყვეტილებებში ნაკლებად ერეოდა პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლებაც.
მაშ რა მოხდა კუბლაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილის მართლმსაჯულებაში? ფასადური მიმზიდველობის მიღმა რატომ ჰქონდა ადგილი ენით აუწერელ ბოროტებას? რატომ ხდებოდა პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორებები? იმიტომ, რომ სააკაშვილმა მართლმსაჯულებას დააკისრა ჯალათის ფუნქცია, რომელსაც შესაშური გულმოდგინებით ასრულებდა ზემოხსენებული სამეული. მიუხედავად სააკაშვილის ბანდის დიდი სურვილისა, სრულ იზოლაციაში ჰყოლოდა სასამართლო ხელისუფლება, მან ეს ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა. სასამართლო კორპუსშიც გამოჩნდნენ „ჯიუტი" მოსამართლეები, რომლებიც დადგენილ მკაცრ ჩარჩოებშიც კი ახერხებდნენ მართებული გადაწყვეტილების მიღებას. უსამართლო განაჩენების გამოცხადებისას, ქალბატონი მოსამართლეების თვალებზე ცრემლიც კი კიაფობდა.
სააკაშვილი სასამართლოს ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ამყოფებდა, თითქმის ყველა მათგანზე მოგონილ კომპრომატებს აგროვებდა, რასაც ოსტატურად იყენებდა შანტაჟისათვის და ზოგჯერ სასურველ შედეგსაც აღწევდა. ძნელია, ადამიანის ფსიქიკამ გაუძლოს ასეთ წნეხს... სამწუხაროდ, ზოგიერთი მოსამართლე დღესაც ვერ გათავისუფლებულა კუბლაშვილის დიქტატისაგან, თუმცა, ალბათ, ისინიც მოუთმენლად ელოდებიან კუბლაშვილის თანამდებობიდან გაძევებას. იმედია, ეს დროც თებერვალს არ გადასცდება!
„მოსამართლეების მიერ ადრე გამოტანილი განაჩენების გადახედვა მათი ღირსების შელახვაა"! - დაახლოებით ასეთი სახის განცხადება გააკეთა კუბლაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ სამართლიანობის აღდგენასა და ქონების დაბრუნებაზე.
ეჰ, კოტე, კოტე, დაუფიქრდი მაინც, რასაც ამბობ! განაჩენების გადახედვა მათ ღირსებას კი არ შელახავს, პირიქით, ეს მათი შანსია, გათავისუფლდნენ ძველი ცოდვებისაგან და თავადვე აღიდგინონ ღირსება, რომელიც თქვენ და სააკაშვილმა მათ შეულახეთ! ისინი თავადვე იზრუნებენ იმისთვის, რომ გახდნენ ქართველი საზოგადოების ღირსეული წევრები და ეს პროცესებიც მალე დაიწყება. თქვენ კი ცდილობთ, ისევ მათ ზურგს ამოეფაროთ და ვეღარ ხვდებით, რომ ისინი თქვენს ანკესს აღარასოდეს წამოეგებიან! სხვათაშორის, მათ ვერც თქვენს მიერ დაანონსებული „უვადო დანიშვნით" მოატყუებთ და, როგორც იუსტიციის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა განაცხადა, როგორმე თქვენი ჩარევის გარეშე გადაწყვეტენ მომავალში ყველა იმ საკითხს, რომელიც სასამართლოებსა და ქართული სახელმწიფოებრიობის აშენებას შეეხება!
ქართველი ხალხი კარგა ხანია, მიხვდა, რომ კუბლაშვილს მხოლოდ საკუთარი თავი და მორჩილი გარემოცვა ადარდებს, ხოლო, რაც შეეხება მოსამართლეთა ძირითად კორპუსს, ბევრმა მათგანმა დიდი ხანია, უკვე „დატოვა" იგი!
რამდენიმე სიტყვა სააკაშვილ-კუბლაშვილისა და მათი ხროვის მოქმედების მორალურ მხარეზეც: პრეზიდენტობა, უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, დეპუტატობა და საერთოდ საჯარო სამსახური არამარტო დიდი თანამდებობებია, არამედ უფრო მეტად პასუხისმგებლობა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მორგებული უნდა იყოს საზოგადოებასა და ქვეყნის ინტერესებზე და ამ ფონზე ნორმალურ ვითარებაში პირადული ინტერესები საერთოდ არ უნდა ფიგურირებდეს.
როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას" უარი უთხრა, სააკაშვილი საკონსტიტუციო ვადას ჩაებღაუჭა, იმავეს აკეთებს კუბლაშვილიც... თქვენი საქციელი არამარტო დიდი უზნეობაა, არამედ მორალის თვალსაზრისით - სახელმწიფოებრივი დანაშაულიც! არადა, ძველ ხელისუფლებას ჩადენილი ცოდვების მონანიების შესანიშნავი შანსი გქონდათ, რომელიც ხელიდან გაუშვით და იმის ნაცვლად, რომ ნებაყოფლობით წასულიყავით თანამდებობიდან, „კრიჭაში" ჩაუდექით საკუთარ ხალხს და კონსტიტუციურ ხარვეზებს ამოფარებულები, დღემდე აგრძელებთ ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობას!
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ახალ საკონსტიტუციო კომისიას: ბატონებო, საქართველო სასინჯი ქვა არაა, იგი ჯერ კიდევ შორსაა ჭეშმარიტი დემოკრატიისაგან, ამიტომ, თავი შეიკავეთ ისეთი ნორმების დამკვიდრებისაგან, რომლებიც საშუალებას მისცემს, მედროვეებს, ამოეფარონ მას და ავნონ ქვეყანას! არაფერი ისე არ თრგუნავს და აბოროტებს ადამიანს, როგორც უსამართლობა, ნუ მიუდგებით ზერელედ ქვეყნის ძირითადი კანონის შედგენას და ნუ მოახსენებინებთ თავს აუგად შთამომავლობას. იმედია, ახალი კონსტიტუციის პროექტი სერიოზული საყოველთაო განხილვის საგანი გახდება.
არ შემიძლია, გვერდი ავუარო იმ კომენტარებს, რომლებიც პრემიერის პრესკონფერენციის შემდეგ გააკეთეს ნაცების ახალმა და ძველმა ბელადებმა: იმის განცხადება, რომ მოქალაქეებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება „დაანგრევს" ქვეყნის ეკონომიკას, მოსპობს ქართულ სახელმწიფოს, ქართველი საზოგადოების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობაა და სერიოზული დანაშაული!
ბატონებო, თქვენ ქვეყანაზე მოფიქრალი პოლიტიკოსების იმიჯი ვერც ამჯერად მოიგეთ! სამწუხაროდ, კიდევ შეეცდებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, უფრო მძაფრად გაილაშქრებთ სამართლიანობის აღდგენისა და მოქალაქეებისათვის წართმეული ქონების დაბრუნების წინააღმდეგ და თუ რატომ, ამას აქვე მოგახსენებთ.
სააკაშვილის დროს მოქალაქეებისათვის უკანონოდ ჩამორთმეული ნივთიერი ქონების ღირებულება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ფუჭდება, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია! მათ შორისაა მსხვილი და წვრილი ბიზნესი, სავაჭრო ობიექტები, საოფისე ფართები, მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო ნაგებობები და ა.შ. ჩამორთმეული ქონება მფლობელებისათვის დაბრუნების შემდეგ აუცილებლად ჩაერთვება ქვეყნის ეკონომიკაში, გააძლიერებს მას. შეიქმნება ათეულათასობით ახალი სამუშაო ადგილი, მილიონობით გაიზრდება საბიუჯეტო შემოსავლები, გაუმჯობესდება ადამიანების ყოფითი პირობები და ქვეყანა სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს წინ. დაბრუნებული ქონება და გამამართლებელი განაჩენები საზოგადოებაში აღადგენს სამართლიანობის გრძნობას, შექმნის ჯანსაღ ფსიქოლოგიურ განწყობას. ადამიანები დარწმუნდებიან მათი ქონებრივი უფლებების დაცულობაში და უფრო გაბედულად ჩაერთვებიან ბიზნესში თუ სხვა აუცილებელ საქმიანობაში.
მაშ რა „აწუხებთ" ნაცებს? მათი საწუხარი მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ უკანონოდ ჩამორთმეული მილიარდიანი ქონების მეპატრონეებისათვის დაბრუნება სააკაშვილისა და მისი ხროვის მიერ ჩადენილი ბოროტებისა და დანაშაულების უტყუარი საბუთია, რომელიც თვალს აუხელს ამერიკელ თუ ევროპელ ჩინოვნიკებს, რომლებიც, სამწუხაროდ, დღესაც ასეთი გააფთრებით იცავენ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს. ამიტომაც იყო, რომ უმრავლესობასთან დებატებში ნაცები მათ ყველა დაპირებას ახსენებდნენ, გარდა ქონების დაბრუნებისა!
კიდევ პატარა რეპლიკა: მე ერთ-ერთი პირველთაგანი ვარ, რომელმაც საკუთარ თავზე ვიწვნიე სააკაშვილის რეჟიმის ბოროტება, ბრალის წაყენების გარეშე ასაკოვანი კაცი 108 დღე მამყოფეს საპყრობილეში, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში შემილახეს საკმაოდ სერიოზული იმიჯი, ამიწიოკეს ოჯახი, უკანონოდ ჩამომართვეს ქონება და მეცნიერისათვის ყველაზე ნაყოფიერი 10 წელიწადი „წამართვეს". სააკაშვილისა და კუბლაშვილის ხელისუფლებამ არცერთი ჩემი განცხადება არ განიხილა, რითაც დაარღვიეს ჩემი, როგორც მოქალაქის უფლებები. ჩემნაირები ათეულათასობით რომ არ ყოფილიყვნენ, ჩემი პირადი სატკივრით, ცხადია, საზოგადოებას არ შევაწუხებდი. ეს წერილი საზოგადოებისათვის კიდევ ერთი გაფრთხილებაა: ფრთხილად, ბატონებო, კუბლაშვილი წავა, მაგრამ სააკაშვილი ჯერ კიდევ „არ დამთავრებულა"...
გაზეთი „ასავალ-დასავალი"