reportiori.ge - ”ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ გადაგვაგდო” - იური ვაზაგაშვილის უკანასკნელი ინტერვიუ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:51
პრეს-დაიჯესტი
”ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ გადაგვაგდო” - იური ვაზაგაშვილის უკანასკნელი ინტერვიუ
ავტორი:
20 იანვარი, 2015. 18:37


 

კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა. "კვირის პალიტრის" მე-3 ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ ბატონ იურისთან, რომელიც, სამწუხაროდ, მისი ბოლო ინტერვიუ აღმოჩნდა.



"ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ გადაგვაგდო"



თბილისში, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ მოძიებული ინფორმაციით და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი განზრახ მოკლეს...



როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, ვაზაგაშვილს მანქანის მარცხენა მხრიდან ახლო მანძილიდან ესროლეს და ამ დროს მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ადვოკატებმა აჩვენეს სპეცოპერაციის ფოტომასალაც, რომელიც, მათი თქმით, 2006 წლიდან 2013 წლამდე სხვადასხვა მიზეზით არ იდო საქმეში.



იური ვაზაგაშვილი, ზურაბ ვაზაგაშვილის მამა: - ვიდეომასალა, 40-წუთიანია და ის გრიგოლ კვინიკაძემ გადასცა "ობიექტივს". კვინიკაძე სპეცოპერაციაში მონაწილეობდა და ამ საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა. ეს კვინიკაძე იმ ჯგუფში იყო, რომელმაც თამაზ თამაზაშვილს იარაღი ჩაუდო. ახლა საფრანგეთშია გაქცეული. კვინიკაძემ კადრები კეთილი განზრახვით კი არ გამოაჩინა, არამედ იმიტომ, რომ თამაზაშვილისთვის დაენახებინა, თითქოს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.



- თქვენთვის რა სიახლე იყო ამ მასალაში?



- ამ ექსპერტიზით კი არა, წინა ექსპერტიზითაც დგინდებოდა, რომ ზურა განზრახ მოკლეს. ამას ადასტურებენ ბუბა ფუთურიძე და სხვა მოწმეები, მათ შორის - პოლიციელებიც. წინა გაყალბებულმა ექსპერტიზამაც კი დაასკვნა, თავის მარცხენა მხარეს არის დაზიანება და თავის ქალა ისეა დაშლილი, რომ გვამთან ერთად მისი ნაწილები არ არის წარმოდგენილიო. კადრებში ჩანს, როგორ კრეფენ  თავის ქალის ნაწილებს. თვითმხილველების ცნობით, იმ გასროლამდე ზურა ცოცხალი იყო.



- ანუ ზურაბს საკონტროლო ტყვია დაახალეს?



- დიახ, ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით მოკლეს. საცობში მდგარი ავტომანქანის მარცხენა მხარეს იყო კედელი, კედელსა და ავტომანქანას შორის მანძილი კი 80 სმ-ია. კადრებში ჩანს, რომ ავტომანქანას მარჯვნიდან გაუხსნეს ცეცხლი, შემდეგ მარცხენა მხრიდანაც მოუარეს და სროლა დაიწყეს. ზურამ მანქანა ადგილიდან მოწყვიტა, რის შემდეგაც ხუთმა კაცმა  BMW-დან დაუწყო სროლა. ამასობაში ზურამ მარჯვნივ აიღო საჭე და ბოძს შეეჯახა. ძირითადად, ესროდნენ უკნიდან და მარჯვენა მხრიდან. მარცხნიდან კედელმა ესროლა? ექსპერტებს თავის ქალა უნდა აეწყოთ და მერე დაადგენდნენ, რა იარაღიდან იყო ნასროლი ტყვიები...


- გამოძიება მიმდინარეობს?



- რომელ გამოძიებაზე მელაპარაკებით?



პროკურატურაც და შსს-ც გაძეძგილია ძველი კადრებით.  ჩემი შვილის მკვლელები, მაგალითად, დალაქიშვილი ქალაქის სამმართველოს უფროსი იყო (ახლახან გაათავისუფლეს), მირზოევი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, ცააძე, სამარღანიშვილი და სხვები ისევ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. ამ სპეცოპერაციაში ფირცხალავას, სპეცრაზმის უფროს ნაკანს და სხვებს 3.000 ლარი აქვთ მიღებული. ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ "გადაგვაგდო". ჭიკაიძეც, მერაბიშვილის მსგავსად, თავის კლანს მფარველობს და აწინაურებს. დაგინახავთ სადმე გუბაზ სანიკიძე? ან სად არიან ძიძიგური, ძმები გაჩეჩილაძეები? სად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ პლაკატებით და ყვიროდნენ, დაისაჯონ მკვლელებიო?!



ირაკლი ფირცხალავა, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, სპეცოპერაციის ხელმძღვანელი: - ეს ფოტომასალა საქმეში დევს 2006 წლიდან. ვიდეოც, რომელიც "ობიექტივმა" გაავრცელა,



საქმეში დევს. როგორ გგონიათ, იქ ვიღაც მივიდა და ვიდეოს და სურათებს იღებდა? საკითხავი ის არის, ამათ ხელში როგორ ვარდება ექსპერტიზის დროს გადაღებული მასალები. ეს მასალები პროკურატურიდან მედიასაშუალებებსა და დაზარალებულებთან ხვდება, რაც ნორმალური მოვლენა არ არის.



- ვაზაგაშვილის მამა ამბობს, რომ ჩატარებული ექსპერტიზა, ფუთურიძე და სხვა მოწმეები ადასტურებენ, რომ მისი შვილი განზრახ მოკლეს, ახალგაზრდებს კი ცეცხლი არ გაუხსნიათ; არც დენთის კვალი დაუდგენია ექსპერტიზას მანქანაში...



- ფუთურიძემ გამოძიებას ადვოკატთან ერთად მისცა ჩვენება და თქვა, რომ პოლიციელების მიმართულებით თავდაპირველად მან გახსნა ცეცხლი და მას აჰყვა ხუბულოვი. ისიც თქვა, ვისთან მიდიოდნენ საყაჩაღოდ, საიდან ჰქონდათ იარაღი... მანქანაში ნაპოვნი ერთ-ერთი იარაღი ფუთურიძის ბიძის იყო, რომელიც დაცვის პოლიციაში მუშაობდა. მანქანაში დენთის კვალიც არის, ნასროლიც!  ექსპერტიზის დასკვნებში წერია, რომ დენთის კვალი არის როგორც მანქანის წინა და უკანა სალონებში, ასევე გარდაცვლილების და ფუთურიძის ხელზე.



არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ ფუთურიძე მანქანიდან გადატენილი "მაკაროვით" გადმოდის და სპეცრაზმელების მიმართულებით ისვრის.

რატომ ის არ მოკლეს? სასწრაფო მოიყვანეს და ადგილზე ჩაუტარეს სამედიცინო დახმარება, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


- რისთვის გახდა საჭირო ამხელა სპეცოპერაციის ჩატარება?



- ახალგაზრდებს უთვალთვალებდა პოლიცია, მათ ეს შენიშნეს და პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. საცობში იყვნენ სპეცრაზმელებიც და მათაც მიიღეს ზომები. პოლიციას ცეცხლს რომ გაუხსნი, ეს, რა თქმა უნდა, ფატალური შედეგებით დამთავრდება. დადასტურებულია, რომ ახალგაზრდები საყაჩაღოდ მიდიოდნენ. მათი მანქანიდან ოთხი იარაღი ამოიღეს, ასევე "სკოტჩი", დასაძინებელი საშუალებაც (ოჯახს, სადაც საყაჩაღოდ მიდიოდნენ, ძაღლი ჰყავდა და ცხადია, მისთვის).



მეოთხე თანამზრახველიც ჰყავდათ, მრავალჯერ ნასამართლევი, გვარად სინდოიანი, ისიც უნდა ჩაესვათ მანქანაში. იგი ამჟამად უკრაინაში იხდის სასჯელს, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი - ყაჩაღობის დროს ქალს თავი მოაჭრა.



სინდოიანმა მისცა ბიჭებს ეს საქმე. სინდოიანმა აღიარებით ჩვენებაში ყველაფერი "დაფქვა", შემდეგ კი მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ახლა ამ ადამიანებს პროკურორები აძლევენ მასალებს, სპეცეფექტები რომ შექმნან. ჯერ არ დამდგარა იმის დრო, ყველაფერი ვთქვა.




(წყარო: კვირის პალიტრა, ნანა ფიცხელაური)


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016