ახლა ამის თქმა პირდაპირ, ყოველგვარი მინიშნების გარეშე შეიძლება.
„შოკირებული ვარ მომხდარით. იური ვაზაგაშვილის სიკვდილი ყველა ჩვენგანისთვის თავზარდამცემია. მინდა, გულწრფელად მივუსამძიმრო ვაზაგაშვილების ოჯახს. ამ ოჯახში კიდევ ერთხელ დატრიალდა წარმოუდგენელი ტრაგედია. გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან, სასწრაფოდ გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის საქმე და უმოკლეს ვადებში დაასრულოს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით," - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტრაგედიაზე, რომელიც დღეს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში მოხდა. შვილის, 2006 წელს კორტებთან ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე მისული მამა, იური ვაზაგაშვილი ნაღმზე აფეთქდა და ადგილზე დაიღუპა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ამბავი 2006 წლის სპეცოპერაციის გაგრძელებაა. ვის და რატომ აძლევს ხელს ვაზაგაშვილის მკვლელობა, ამას გამოძიება დაადგენს და იმედია, დაადგენს, რადგან...
„ვაზაგაშვილების ოჯახის გაუბედურებაში მონაწილე თითოეული დამნაშავე უნდა იყოს გამოვლენილი და დასჯილი... ეს არის სახელმწიფოს ღირსების საქმე," - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გააკეთა და იმაზე, რომ ამ საქმის გამოძიება სახელმწიფოს ღირსების საქმეა, ყველა დაგვეთანხმება...
მანამდე კი...
„ქალაქში მკვლელია!" - ამ წარწერით თბილისში ბანერები რამდენიმე წლის წინათ გაჩნდა და მაშინ აქცენტი ნარკოტიკზე კეთდებოდა. ანუ, ნარკოტიკების გამო არაერთი ახალგაზრდა დაიღუპა და, მართალია, ასე მკვეთრად არა, მაგრამ ამ მიმართულებით კამპანია დასაწყები აშკარად იყო.
ახლა კი...
ახლა პირდაპირ, ყოველგვარი მინიშნებების გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ ქალაქში მკვლელია... ეს არ არის რიგითი საქმე, ამ საქმეზე საგამოძიებო სამსახურის პრესტიჟი ჰკიდია და თუ მათ რამეზე აქვთ პრეტენზია, ფრაზას - „ქალაქში მკვლელია!" - ძახილის ნიშნის ნაცვლად, წერტილი უდა დაუსვან.
არ დაგავიწყდეთ, რომ იური ვაზაგაშვილამდე იყო სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე და ახლა ბუტა რობაქიძის დედა ამბობს, რომ შემდეგი ის არის. წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი სამი ყველაზე გახმაურებული საქმის მიმდევრები, ადამიანები, რომლებიც არ ჩუმდბოდნენ, დღეს საფრთხის წინაშე არიან. დიახ, ქალაქში მკვლელია და გამოძიება ვალდებულია, მკვლელს სახელი და გვარი დაარქვას. მით უმეტეს, რომ ადგილი, სადაც აფეთქება მოხდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ათ მერტშია და იქ პოლიციელები 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ.
„ჩემთვის შავი დღე გათენდა," - აცხადებს თეა წულუკიანი და ეს დღე არა მარტო მისთვის არის შავი. თუ ამ საქმის გამოძიება ვერ მოხერხდება (რისი გაფიქრებაც კი უკვე საშინელებას მოასწავებს), დაუსჯელობის სინდრომი იმდენად გაუჯდებათ მავანთ სხეულში, მისი განდევნა შეუძლებელი იქნება და ევროპისკენ სავალ გზაზე კი არა, უკან, იმ წლებში დავბრუნდებით, ქალაქში ადამიანების დახვრეტა ჩვეულებრივი მოვლენა რომ იყო და ქართველს ქართველის დაღვრილი სისხლი არ უკვირდა.
იური ვაზაგაშვილის მეგობრები, არასამთავრობოები და, ზოგადად, ყველა კატეგორიულად ითხოვს, რომ გამოძიებამ კონკრეტული გვარები გარდაცვლილის დასაფლავებამდე დაასახელოს. პრესტიჟიც ეს არის და ღირსებაც - სამართალდამცავთა გამოცდის ზღვარი სწორედ აქ გადის.
ფრაზას - ქალაქში მკვლელია - წერტილი უნდა დაესვას...
http://rubrica.ge/chemi-azri-t/qalaqshi-mkvlelya/