ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ,,საერთო გაზეთთან" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს და სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.
- დავიწყებ იმით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ის დიმიტრი გელოვანი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოსტს დაიკავებს, რადგან 2015 წლის პოლიტიკაში და საერთოდაც, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშვნა და არჩევა იქნება. ჩვენ, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში პირველად გვიჩნდება შანსი, როდესაც შეიძლება გვყავდეს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ისეთი პირი, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური ზეწოლებისგან. ეს არის უზარმაზარი შანსი, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება, ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც პრეზიდენტის, ისე პარლამენტის მხრიდან. პირდაპირ ვაცხადებ, რომ 2015 წელი მნიშვნელოვანი საკადრო პოლიტიკური ცვლილებებით იწყება.
- ვინ არის ის დიმიტრი გელოვანი, ვინც უნდა ჩაიბაროს ეს პოსტი, ბატონო შალვა?
- რა თქმა უნდა, მე მყავს ჩემთვის წარმოდგენილი ის კანდიდატი, ვინც შეიძლება იყოს ეს ადამიანი, მაგრამ ამ ეტაპზე მისი გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ. რა თქმა უნდა, მე ასევე ვიცი იმ ადამაინების გვარები, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოსტზე და ამ გვარების დასახელებისგანაც თავს შევიკავებ. ეს არის ერთგვარი ტესტი ხელისუფლებისთვის თუ როგორ შეძლებს კონსესუსის მიღწევას, რადგან თუ არ მოხდა კონსესუსის მიღწევა პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას შორის, მაშინ ეს პოსტი დიდ ხანს იქნება თავისუფალი და თუ დიდხანს იქნება თავისუფალი, ჩათვალეთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის მოვალეობას კუბლაშვილის ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ისევ ნაცმოძრაობის, ანუ პარტიული ნიშნის ქვეშ დარჩება, რაც კატასტროფაა და რისი დაშვებაც არ შეიძლება.
სათადარიგო სკამზე ბევრი კანდიდატი ზის, ერთი თუ ჩაიხსნება, მეორე კანდიდატიც იქაა და ა.შ. ამას ხელისუფლებამ სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს, მათ ჰყავთ შესაბამისი უწყებები, ვინც უნდა სწავლობდეს ამ საკითხებს.
- არა მარტო ამ საკითხს, აგერ, იაკობაშვილის (უფრო სწორედ, ნიჟარაძის, რომელსაც კეზერაშვილმა უკანონოდ ჩამოართვა ქონება) კუთვნილი ტერმინალი ფოთის პორტში რუსულმა ნავთობკომპანია ,,როსნეფტმა"იყიდა, ეს საკითხი არ უნდა შეესწავლა ხელისუფლებას, სტრატეგიულ ობიექტზეა საუბარი?!
- 16-ში მე-5 პრიჩალთან დაკავშირებით იყო სასამართლო, ასევე ისევ ფოტის პორტიდან გამომდინარე იყო ორი დავა: პატივისა და ღირსების აყრისა, სადაც მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ნიჟარაძეს კეზერაშვილი გვიჩივის. მილიონი უნდა, რომ გადავუხადო, კეზერაშვილს პატივი და ღირსება შევულახე თურმე. მოსამართლეს, ვინც ეს გადაწყვეტილება გამოიტანა ვუთხარი, თქვენი დროც მოვა-მეთქი და მან ცალკე მიჩივლა ეთიკის კომისიაში. მე ნაციონალებმა პირდაპირ შემომითვალეს, რომ თუ არ ჩამოვშორდებოდი ამ საქმეს ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ ხელი შემშლოდა საადვოკატო საქმიანობაში და ამაზე სერიოზულად მუშაობენ. ამ დღეებში ვაპირებ მივმართო პროკურატურას განცხადებით, რომ ჩემს საადვოკატო საქმიანობას ხელი ეშლება გარკვეული ჯგუფის მხრიდან და მოვითხოვო, რომ ჩატარდეს გამოძიება. აქ კეზერაშვილისა და სააკაშვილის გარდა ჩართულნი არიან მოსამართლეები და მთელი ჯგუფი იურისტებისა. არ მინდა გვარები წინასწარ დავასახელო, საკმაოდ სერიოზულ სურპრიზს ვუმზადებ. კატეგორიულად მოვითხოვ ამ ადამაინების მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. მოვუწოდებ, ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარეს, ბატონ ზაზა ხატიაშვილს ხმა ამოიღოს ამ უკანონო ქმედებებზე. პირველად ვაკეთებ ოფიციალურ განცხადებას და მივმართავ პროკურატურას, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებირვი დევნა. იცით, მე, რომ ვყვიროდი ფოთის პორტს ,,როსნეფტი" ყიდულობს-მეთქი, კაციშვილი ხმას არ იღებდა და რომ იყიდა, მერე შეიქმნა რაღაც აჟიოტაჟი.
ვიმეორებ, 2 წელია იძიებს და გამოძიებული აქვს უკვე ეს საქმე. დასკვნაში უდევს, რომ უკანონოდ წაართვა კეზერაშვილმა ნიჟარაძეს ეს ქონება. ნიჟარაძეს 2010 წელს პოლიციელები სახლში მიადგნენ, შიდა პატიმრობაში ჰყავდათ, შემდეგ დაყავდათ საფინანსო პოლიციაში კეზერაშვილის ბრძანებით, 10 ადამიანი დაუპატიმრეს, მოთხოვეს 10 მილიონი, მიატანინეს, შემდეგ გადააფორმებინეს მე- 5 და მე- 2 პრიჩალი (ნავის სადგომებზეა საუბარი), და ამაზე მიმდინარეობს დავები სასამართლოში. დავადეთ ყადაღა კეზერაშვილის ქონებას, რის შემდეგაც კეზერაშვილისგან იყო მუქარა. ნიჟარაძეს მანქანაც კი აუფეთქეს და ამაზეც დაწყებულია გამოძიებები, მაგრამ ჯერჯერობით, არაფერია გამოძიებული. ანუ დამთავრებული არ არის და კონკრეტული შედეგი ხელში არ გვიკავია. ამასობაში წავიდა კეზერაშვილი და მიყიდა იაკობაშვილს ეს ქონება, იაკობაშვილმა მიყიდა „როსნეფტს" და ვისია „როსნეფტი"? არკვიოს ახლა იმ კომისიამ. პროკურატურამ დაკითხა 4 კაცი და დამთავრდა ამით საქმე. ყადაღა დავადეთ სამოქალაქო წესით და სანამ „როსნეფტი" იყიდდა ამ ქონებას და გაჟღერდებოდა ეს, 2 წლის წინ დადებული ყადაღა ყიდვამდე 3 დღით ადრე საქალაქო სასამართლომ მოხსნა, ანუ მართვად პროცესებთან გვაქვს საქმე ხომ? რაღა, მაინცდამაინც, ახლა, „როსნეფტის" ყიდვამდე სამი დღით ადრე მოხდა ყადაღის მოხსნა? და დღეს უნამუსოდ გამოდის ნაცმოძრაობა და აცხადებს, დავაყენებთ ხელისუფლების პასუხიმგებლობის საკითხსო, ამათ ნამუსი აქვთ საერთოდ?! ე.ი. რა დონის მუშაობა აქვთ, თავად გაყიდეს და აქეთ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ.
- პირდაპირ გკითხავთ, რასთან გვაქვს საქმე ქართულ მხარესა და „როსნეფტის" ხელმძღვანელობას შორის არსებულ ფარულ გარიგებასთან? ხელისუფლების გვერდის ავლით მოხდებოდა ეს, მაშინ მთლად უარესი?!
- ხელისუფლების გვერდის ავლით მოხდებოდა, რადგან კერძო საკუთრებაა და სახელმწიფო ამაში ვერ ჩაერეოდა, მაგრამ იქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ფოთის პორტს მინიჭებული აქვს ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტის სტატუსი, ანუ იქ განხორციელებული ნებისმიერი ყიდვა-გაყიდვაზე სახელმწიფოს უნდა ეჭიროს ორი თვალი თუ არა, ცალი თვალი მაინც. და ეს რადგან არ მოხდა, მით უმეტეს, როცა ბერკეტი შენ გაქვს, საქმე აგერ გაქვს და ობიექტურ და დროულ გამოძიებას თუ ჩაატარებ გამოძიების შედეგი იმდენად ნათელია, რომ უბრალოდ სხვა შედეგს ვერ დადებ გარდა იმისა, რომ დაუბრუნებ ამ ქონებას მეპატრონეს. ამ მეპატრონესაც, რომ მოსდომებოდა შემდეგ ფოთის პორტის გაყიდვა, რადგან სტრატეგიული ობიექტია, იქაც კი შენ უნდა ჩარეულიყავი და გეკონტროლებინა ეს სიტუაცია. ძალიან მარტივია ეს, ახლა გამყიდველი კეზერაშვილი იქნებოდა, ხაჭაპურიძე თუ ნიჟარაძე, რადგან სტრატეგიული ობიექტია, ასე უნდა მოიქცე, ქუთაისში არსებულ ბენზინგასამართ სადგურს ხომ არ ვყიდით, არა? და ვინ გახდება ამ ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონე ნაკლებად გვაღელვებს?! აქ საუბარია, შენს კარიბჭეზე, საიდანაც შემოგდის პროდუქტი, ნავთობი, ყველაფერი პრაქტიკულად, ამით ვცოცხლობთ და ეს უმნიშვნელოვანესია ხომ?! ბათუმის პორტი კიდევ სხვების, ყაზახების ხელშია (ისინი გაყიდვას აპირებენ და ვერ ყიდიან). წარმოიდგინეთ, რუსეთს, რომ დაჭირდეს ხვალ დილით გადაგვიკეტავს ამას. ყაზახეთი ევრაზიულ კავშირშია, ფოთის პორტი „როსნეფტის" ხელშია და გადაგვიკეტავს ამ ორ პორტს და დარჩება სახელმწიფო მშიერ - მწყურვალე. რა აბრეშუმის გზაზე გვაქვს საერთოდ ლაპარაკი. აბრეშუმის გზა კი არა, საჭმელ-სასმელი და მანქანა ვეღარ გაივლის ქუჩაში და კატასტროფასთან შეიძლება გვქონდეს საქმე.
- რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ დამნაშავე კეზერაშვილს ხელი არავინ ახლო? რას ჰქვია იაკობაშვილს მიყიდა ნაძარცვი, მიტაცებული ქონება, ანდაც, იაკობაშვილმა არ იცოდა, რომ ნაქურდალი იყო?
- იაკობაშვილი აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომ, როდესაც გავიცანი კეზერაშვილი მინისტრი არ იყო, არც საჯარო მოხელე იყო, დამისახელეს, როგორც პატიოსანი კაცი და ავდექი და ვიყიდე ეს ყველაფერიო. კეზერაშვილი იძახის, არაფერი წამირთმევია ნიჟარაძესთვის, საერთოდ არავითარი კავშირი არ მაქვსო, იაკობაშვილი კი იძახის, კეზერაშვილსიგან ვიყიდეო და ამას არკვევს სასამართლო ამდენი ხანია კეზერაშვილი იყო მართლა წამრთმევი, თუ კეზერაშვილს არ წაურთმევია და ნიჟარაძემ რამდენიმე ასეულ მილიონად ღირებული ქონება ათას ლარად მიყიდა თურმე კეზერაშვილს. თქვენ რა გგონიათ, რომ „როსნეფტმა" ფოთის პორტის ყიდვის საკითხი გუშინ გადაწყვიტა? იაკობაშვილმა „როსნეფტთან" მოლაპარაკება ფოთის პორტთან დაკავშირებით ერთი წლის წინ დაიწყო. ჩვენთვის გახდა ეს ცნობილი და ოფიციალური წერილი მივწერეთ „როსნეფტს". ვუთხარით, ამ ქონებებზე მიმდინარეობს დავა და თუ თქვენ შეიძენთ, იცოდეთ, რომ არაკეთილსინდისიერი შემძენი იქნებით-მეთქი.
- აცხადებდით, გამოძიება დასრულებულიაო... ახლა გამოსავალი რა არის?
- დიახ, ანუ მიიყვანონ ბოლომდე, საქმე, რომელიც პროკურატურაში დევს, დამტავრდეს, სასამართლომ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილებები და დამთვარდა, დაიბრუნებს ნიჟარაძე ქონებას. ვიმეორებ, ამ პროცესებზე პულზე ხელი გვეკავა, ჩვენ ვიცოდით ეს და „როსნეფტის" წარმომადგენლებს ერთი წლის განმავლობაში წერილებს ვწერდით. სხვათა შორის, იქ კალაძის გვარი არ ამოტივტივებულა და ეს ჩვენთვის სიმართლე გითხრათ, უცხო და გამაოგნებელი იყო, პასუხები არ გავქვს. იქ კალაძე და ქართული მხარე არ ფიგურირებდა და ახლა თუ რაიმე ფარულად იყო არ ვიცი. ალბათ ეს კომისია ამის გასარკვევად შეიქმნა, თორემ კომისიამ რა დასკვნაც არ უნდა დადოს, ეს დასკვნა ვერანაირად ვეღარ იმოქმედებს იმ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაზე. აქ გამოძიებამ და სასამართლომ უნდა იმოქმედოს. კომისიამ შეიძლება გამოავლინოს თუ ვინმე იყო ქართული მხარედან ჩარეული და მერე მიმართოს პროკურატურას გამოიძიეთო, ან შეიძლება თქვას, უკანონოდ მოხდა ეს გაყიდვაო და რად უნდა ამას კაცო კომისია, აგერ არის, მივცემ დოკუმენტებს. რად უნდა ამას კომისიის შექმნა, ქონება წართმეული, რომ არის 2 წუთში დავუმტკიცებ. ხელისუფლების ბრალეულობა რა რის? სასამართლო ხელისუფლებამ პირდაპირი როლი ითამაშა საქმის გაჭინაურებაში და თავის უკანონო გადაწყვეტილებებით მიყიდა სტრატეგიული ობიექტი ამჟამად საომარ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს, პუტინის ჯიბის კომპანიას, „როსნეფტი" სახელმწიფო კომპანიაა ოფიციალურად. შემოვიდნენ წითლები, ატყდა დავიდარააბა, რომელ პარტიას ეკუთვნის ეძგერაძე ბარნაბაო, მახსენდება, ეს ცნობილი სიმღერა, იმიტომ, რომ დაიღალა ხალხი, დილით გაიღვიძებდა კომუნისტები იყვნენ, საღამოს მენშევიკები, მერე მიუძღვენს ასეთი სიმღერა. ახლა კომისიამ უნდა გაარკვიოს შემოვიდნენ წითლები და ვინც ეს გაასხვისა რომელ პარტიას ეკუთვნის ეს ეძგვერაძე ბარნაბა. იუმორით ვამბობ ახლა ამას, ვიმეორებ, 2 წუთი მჭირდება, მოგიტანთ დოკუმენტებს და გამოიძიეთ. და გამოძიებულია, რაც ყველაზე საინტერესოა, რად უნდა ამას ამდენი ამბავი, რა კომისია, რის კომისია, ნუ გადამრიეთ. საქმე გამოძიებულია. მერე რატომ ხდება ასე? დაბოლოება თქვენთვის მომინდვია.
- რა მოყვება ფოთის პორტის "როსნეფტის" ხელში გადასვლას, უფრო სწორედ რა მოყვა უკვე? შემთხვევით ანაკლიის პროექტის დაბლოკვაც ხომ არა, ხედავთ თუ არა ამ საფრთხეს?
- მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ანაკლიის პორტის აშენებით დაინტერესებულნი არიან ამერიკელები. და რატომ არიან ამით დაინტერესებულნი? ანაკლის ლანდშაფტი იძლევა იმის შესაძლებლობებს, რომ თუ აშენდება კარგი თანამედროვე პორტი, შეყვანილი იქნენ სამხედრო წყალქვეშა ნავები. გარადა ამისა, ანაკლიის პორტი იმდენად სერიოზული პროექტია (ის პროექტი მე, რაც მაქვს ნანახი), რომ შეიძლება სამტრედიიდან დაიწყოს. წარმოიდგინეთ, სამტრედიიდან-ზუგდიდამდე რამდენ კილომეტრზე არის საუბარი, ანუ ამან შეიძლება მოიცვას, ფაქტობრივად, ნახევარი დასავლეთ საქართველო. აი, ამხელა პროექტზეა საუბარი. ფაქტობრივად, ახალი დასახლება, ქალაქი ჩნდება და ახლა ლაზიკას დაარქმევ, თუ შალახოს, ეს მედლის მეორე მხარეა. ფოთის პორტი თუ „როსნეფტმა" შეიძიანა, თუ კი არა შეიძინა, რა თქმა უნდა, ყველანაირად ხელს შეუშლის იმას, რომ ამერიკელების პროექტი განხორციელდეს ანაკლიაში. აი, ეს კავშირია აქ. რუსებს აწყობთ თავის ყურთან, რომ გაგიჩნდეს შენ ახალი პორტი, სადაც შევა სამხედრო ტექნიკა, რომელიც, ფაქტობრივად, ჩათვალე რუსეთის ნახევარს გააკონტროლებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო მოსმენებით, არაფერს ვამბობ, იქ იარაღის დაყენებაზე და ა.შ. ბალისტიკურ იარაღზე?! რუსეთი შეეცდება ეს არ დაუშვას. ძაღლის თავი სწორედ ამაშია დამარხული. „როსნეფტი"-სთვის ფოთის პორტი დიდი ბიზნესი არ არის, „როსნეფტს" უზარმაზარი ბიზნესი აქვს მსოფლიოში, ერთ -ერთი უზარმაზარი კომპანიაა, ფოთის პორტი მისთვის არის სემიჩკა, საერთოდ გააჩერებს. ეს მისთვის სერიოზული წაგება არ იქნება, ერთადერთი სომხეთის მიმართულებით ამუშავებს, სომხეთი მისი მოკავშირეა, დანარჩენს გაგიჩერებს.იტყვის, რა ვქნა ბატონო, ფასები არ მაწყობს. ფოთის პორტის გაჩერება, ანაკლია ხომ მოკვდა და მოკვდა, აი, ეს არის. არადა, ანაკლიას ორი მნიშვნელობა აქვს, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური. ანაკლიის შემთხვევაში საქართველო ხდება უზარმაზარი მნიშვნელობის მსოფლიო რუკაზე. გააჩერებს ფოთის პორტს და გაგაჩერა მთლიანად. აქ შიმშილით ამოწყდება ხალხი. რუსეთმა ფოტის პორტი შეიძინა იმისთვის, რომ პოლიტიკური ბერკეტები გააჩნდეს და ჩაიგდო კიდეც ხელში ეს ბერკეტები. შიმშილით ამოწყვიტავს ქვეყანას, მერე დაგაჭერს ხელს და გეტყვის, შემოდი ევრაზიულ კავშირშიო. თქვენ რა გგონიათ სომხებს გულზე ეხატებათ რუსები? არ ეხატებათ, მაგრამ რა ქნან, მეტი გამოსავალი არ აქვთ. სომხეთი იძულებული იყო ევრაზიულ კავშირში შესულიყო. იკაობაშვილი აქ არავინაა, ახლაც პირდაპირ გეტყვით, რაც არაერთხელ მითქვამს, სააკაშვილი არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში. ფაქტია, შევარდნაძემ, რაც არ უნდა ლანძღო ყველაფერი გააკეთა იმისითვის, რომ დაკარგული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორია სამართლებრივად ვერ ჩაესვა პუტინს ჯიბეში. სააკაშვილმა კი ყველაფერი გააკეთა ამისთვის. სააკაშვილმა ეს გააკეთა, მაგრამ სააკაშვილს კიდევ აქვს დავალება შესასრულებელი. მეორე დავალება იყო ფოთის პორტის რუსების ხელში ჩაგდება. კეზერაშვილმა მიყიდა იაკობაშვილს, იაკობაშვილმა „როსნეფტს", ვის ხელშია? რუსების. სააკაშვილმა ეს დავალებაც შეასულა და სააკაშვილს აქვს კიდევ ერთი დავალება შესასრულებელი - გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, სისხლისღვრა, ქვეყანა გაეხვეს ქაოსში, რის შემდეგაც გამოვარდება ქართველი ხალხი და ბოლო-ბოლო იყვირებს, აღარ გვინდა ამ ევროპისკენ და ამერიკისკენ, 25 წელია მივდივართ და ვართ ამ სისხლისღვრაში, ჯანდაბას ვიყოთ ისევ რუსეთთან, უბედური ცხოვრება გვექნება, დემოკრატია არ იქნება, მაგრამ ოჯახში საჭმელს მაინც შევიტანთო. აი, ეს დავალება აქვს სააკაშვილს კიდევ შესასრულებელი, რის შემდეგაც სააკაშვილს რუსეთის ხელისუფლება მოიშორებს, ფიზიკურად მოიშორებს, მის ლიკვიდაციას მოახდენს, იმიტომ, რომ ის არის აგენტი, რომელმაც ამოწურა თავის როლი და ფუნქცია. მას ბევრი ინფორმაცია აქვს, საჭიროც აღარ არის. სწორედ ეს ფუნქცია ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანას. ჩააბარა ტერიტორიები, ფოთის პორტიც, ახლა ეს დარჩა.
სააკაშვილს კონკრეტული დავალება აქვს, რომ აქ სისხლი დაიღვაროს, ქვეყანა გაეხვიოს ქაოსში. სერიოზული მუშაობა მიდის ახლა, სერიოზული სქემა დევს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის მათთვის სასურველი პიროვნების გაყვანაზეც. იმდენად რთული სქემა დევს, რომ თუ ხელისუფლება ჭკვიანად არ მოიქცა ისე შეუცურებენ ნაც აგენტს ვერც გაიგებენ. იმდენად დახვეწილი მეთოდებით მუშაობენ, სათადარიგო სკამიც საკმაოდ დიდი აქვთ. ერთს დაიწუნებენ, მეორე არასამთავრობო გააკეთებს, მესამე და ა.შ. და ამ ვითომ არასამთავრობოთა და დემოკრატიული ნიღბით ამზადებენ ვერაგულ გეგმას. თუ სასამართლო მათ ხელში აღმოჩნდა ჩათვალეთ, რომ ხელისუფლების ერთი შტო მათთან არის. პირდაპირ გეტყვით, „ნაციონალები" 300 კაცით აპირებენ გაზაფხულზე ამ ყველაფრის დაწყებას. დაიწყებენ აქციებს, მათი მიზანია გამოვარდეს ხელისუფლება და დაარბიოს ისინი. წავა მოლოტოვის კოქტეილების გასროლა პოლიციის მიმართულებით, არ არის გამორიცხული თავისიანი მოკლან, ანდაც ცნობილი ჟურნალისტი მოკლან, აღშფოთებული ევროპა მოუწოდებს ჩაატარეთ არჩევნებიო და აქ უკვე მივადექით იმ სცენარს, რაც სააკაშვილს კარგად აქვს აპრობირებული, 2003 წლის ვარდების რევოლუცია, ანუ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მიიღებენ 20 %-ს, იყვირებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, გადადექი, გადადექი და ამასობაში სჭირდებათ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე, რომელიც ხელს მოუწერს, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, საიდანაც დავიწყე იქ მივედით. აი, ეს სქემაა.
ქეთი ხომერიკი
გაზეთი „საერთო გაზეთი"