აფხაზური პოლიცია და რუსი ოკუპანტები გალის რაიონის დაბალი ზონის მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ.
40-მდე შეიარაღებულმა რუსმა ოკუპანტმა სპეცრაზმთან ერთად ე.წ. წმენდა ჩაატარა. დაკავებულია 5 ადამიანი, ძმები ორზონიები სოფელ ფიჩორში და ძმები ჯოგუები სოფელ ოტობაიადან.
დაკავებულების აყვანისას მათ და მათი ოჯახის წევრებს სასტიკად გაუსწორდნენ.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სოფლებში მასიურად დაიწყო ოჯახებში შეჭრა, რომლის დროსაც ადგილი აქვს მოსახლეობის დაყაჩაღებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზური მილიციის სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს განუმარტეს, რომ წმენდის მიზანი ადგილობრივების ზუგდიდში მიმოსვლა გახდა.
მათი მოთხოვნით, ადგილობრივებმა ზუგდიდიდან პროდუქტები გალის რაიონში არ უნდა გადაიტანონ, რათა არ გამოიწვიონ გალის ბაზრის ფასების ვარდნა. ამიტომ მათ მოსახლეობას საერთოდ აუკრძალეს ზუგდიდის საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)