სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ეზოში მარაბდელი მიტროპოლიტი, თადეოზ იორამაშვილი დღეს დაკრძალეს. მიტროპოლიტის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჩაატარა.
მიტროპოლიტ თადეოზის ცხედარი სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში 20 იანვარს დაასვენეს და ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა პანაშვიდები.
მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზ იორამაშვილი 20 იანვარს, გამთენიისას, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იგი პირველი მღვდელმთავარია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მისი ინტრონიზაციის შემდეგ მღვდელმთავრად გამოარჩია და 1978 წლის 2 აგვისტოს აკურთხა. 2013 წელს კი, წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი თადეოზი ტიტულოვანი მღვდელმთავარი გახდა და მას მარაბდელი მიტროპოლიტი ეწოდა.