იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ფასდება, როგორც ტერორისტული აქტი, თუმცა გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ტერორიზმსაც აქვს თავისი კოდექსი, რატომ უნდა აეფეთქებინათ შვილის საფლავზე მამა? რატომ შეარჩია მოქმედების ადგილად სასაფლაო მკვლელმა? კვალიფიციურ ექსპერტებთან საუბარში გავარკვიეთ, რომ სასაფლაო არის ადგილი, სადაც ადვილია, დაგეგმო და განახორციელო მკვლელობა, ისე, რომ ფაქტები არ დატოვო და შედეგი იყოს გარანტირებული. ამის გარდა, ეს იყო პოლიტიკური გზავნილი ხელისუფლებისადმი. შეიძლება ითქვას, რომ მკვლელობის შემკვეთმა ავტოგრაფი დატოვა და სერიოზული საფრთხისკენ მიანიშნა. როგორც ირკვევა, ამ შემთხვევაში გამოყენებულია ქარხნული წარმოების ასაფეთქებელი ხელყუმბარა. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს შესაძლოა, იყოს "ერ-გე-დე 5"-ის მაგვარი ასაფეთქებელი, რომელიც ე.წ. "რასტიაჟკის" პრინციპით იქნა საყვავილეში დამონტაჟებული, ექსპერტები დისტანციური მართვის ბომბს თითქმის გამორიცხავენ. დგინდება ისიც, რომ შემსრულებელი არის საკმაოდ კვალიფიციური, ძალოვან უწყებასთან ახლოს მყოფი პირი. იური ვაზაგაშვილის ნათესავის თქმით, წინა დღეს, 19 იანვარს ის იმყოფებოდა ბატონი იურის შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე, რაც ნიშნავს, რომ მკვლელმა ბომბი დაამონტაჟა 20 იანვარს, სავარაუდოდ, გამთენიისას, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ კარგად ორგანიზებული ჯგუფი მუშაობდა მკვლელობის საქმეზე და მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, იური ვაზაგაშვილის სატელეფონო საუბრები მოესმინათ. სოფელ ყარაფილაში, სადაც ეს ვანდალური აქტი მოხდა, დგას პოლიციის პოსტი, რადგან იქ გადის ოკუპაციის ხაზი, ვის შეეძლო რომ მოსმენა განეხორციელებინა მსხვერპლზე? უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ეჭვობს, რომ მისი გადაადგილება იყო შესწავლილი კერძო დეტექტიური სააგენტოების მიერ, რომელიც ყოფილმა პოლიციელებმა შექმნეს. ერთი რამ ფაქტია, შსს-დან მოსმენების აპარატურაა გატანილი და მას დღემდე ვერ მიაკვლიეს, არავის რევიზია არ ჩაუტარებია, იმ ორგანიზაციების, ვინც დღეს უფლებების დამცველთა ნიღბებს არიან ამოფარებული. არის მეორე ვერსიაც, რომ შესაძლოა, ვაზაგაშვილს უსმენდა შსს-ში ჩანერგილი "მეხუთე კოლონა", რომლის გაწმენდაც დღემდე არ განხორციელებულა და ამაზე იური ვაზაგაშვილი ღიად საუბრობდა.
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტი, ზაზა ალთუნაშვილი "ალიასთან" საუბარში აცხადებს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე საბრძოლო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. "ჩვენ მიერ ჩატარდა ძალიან ბევრი სამუშაო. ამოღებულია ნივთმტკიცებები, რომელთა შეფასებები მთლიანობაში მოგვცემს საშუალებას, დავადგინოთ, რა გარემოებებში და რა ვითარებაში მოხდა აფეთქება. ფაქტობრივად, დადგენილია ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობა, ახლა ზუსტდება, რა მოდელზეა საუბარი. ეს არის საბრძოლო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფაქტია რომ ბომბი მექანიკური იყო, თუმცა ბომბი როდის ჩაიდო, ამას ვერ გეტყვით".
ვაზაგაშვილი ყარაფილაში ახლობლის დაკრძალვაზე იყო ჩასული, ცერემონიალის დაწყებამდე ის თავისი შვილის საფლავზე გავიდა, მესაფლავეს ბომბის აფეთქების ხმა მოესმა და როცა შემთხვევის ადგილზე მივიდა, იური ვაზაგაშვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ის ძალიან მალე გარდაიცვალა, სისხლისგან დაიცალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, აფეთქებამ საფლავზე დაგებული ფილა დაამსხვრია და ვაზაგაშვილს ჭრილობები სახის მიდამოში, საფეთქელთან აქვს, ხელებიც დაუზიანდა. რატომ გამოიყენა ბომბი მკვლელმა და არა სხვა ტიპის იარაღი? ექსპერტების თქმით, ბომბი ყველა კვალს შლის.
გულშეწუხებული პოლიტიკოსები აწრიალებულნი არიან, ამერიკის ელჩიდან დაწყებული, პარლამენტის თავმჯდომარით დამთავრებული, ყველა საქმის უმოკლეს ვადებში გამოძიებას ითხოვს. ისე ამერიკის ელჩს ხმა აქამდე რომ ამოეღო, როცა ჩიტებივით ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, იქნებ ამდენი მსხვერპლიც არ ყოფილიყო, თუმცა რიჩარდ ნორლანდის წინამორბედმა მწვანე შუქი მისცა მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა ხოცვაზე, გვამებს მტკვარში ყრიდნენ, სახურავებზე აგდებდნენ, მაგრამ პროტესტი არავის გამოუთქვამს. იქნებ დასავლეთს რაპორტი მისწეროს ელჩმა ნორლანდმა, რომ მთავარ ტერორისტთან, მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც დღეს უკრაინის მთავრობას მართავს, მებრძოლი შეეწირა ტერორისტულ აქტს.
სხვათა შორის, 2006 წელის 2 მაისს, როცა კორტების სპეცოპერაცია მოხდა, ზუსტად იმ დროს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "ქორთიარდ მარიოტში" უცხოელებთან მართავდა შეხვედრას და როცა მომხდარის შესახებ შეუტყვია, ხმამაღლა წამოუძახია, მოკლედ, ამ ვანომ რით გადამფაროს, უკვე აღარ იცისო! დიახ, ბატონო ელჩო, ეს იყო საჩვენებელი სპეცოპერაცია, ისე, უბრალოდ, შესაშინებლად და ე.წ. "პალაჟენიის" დასამყარებლად, დასავლეთისთვის თავი რომ მოეწონებინათ, ქვეყანა ხელში გვიჭირავსო და იგივე ვანოს, თბილისის რუკა რომ ჩაჭიკარტებული ჰქონდა, ესეც უნდა სცოდნოდა თქვენს დაზვერვას. რატომ? ეს ჭიკარტები მიანიშნებდა უბანს, სად უნდა განხორციელებულიყო პოლიციური რეიდი, რომელიც მკვლელობებით დასრულდებოდა. ასე რომ, დღეს თითზე კბენა გვიანია და იქნებ იმაზეც იფიქროთ, ვინ იქნება შემდეგი? არის ვარაუდი, რომ შემდეგი შეიძლება იყოს ჟურნალისტი, ბუტა რობაქიძის დედა მკვლელობის მოლოდინშია.
მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის პირველი კომენტარი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე ასეთია: "დღეისთვის ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეების გამოვლენა საქართველოს პროკურატურის ნომერ პირველი პრიორიტეტია". ვნახოთ, ამ უკვე ნაცნობ ტექსტს, რეალობაში როგორ განახორციელებენ.
რას აპირებენ იური ვაზაგაშვილის თანამებრძოლები, რომლებიც ხელისუფლებას საქმის გამოძიებისთვის უმოკლეს ვადას უწესებენ?
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, "ალიას" კითხვებს პასუხობს "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე:
- მოხდა ტერაქტი იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, იმ საქმიანობის გამო, რასაც ის ეწეოდა. ის იბრძოდა სამართლიანობის აღდგენისთვის, გაუხსნელი საქმეების გამოძიებისთვის, რასაც უდანაშაულო ბიჭების ქუჩაში ჩახოცვა ჰქვია, სავარაუდოდ, ამის გამო მოხდა ტერაქტი. ამ გარემოებას ისიც ამყარებს, რომ ერთი კვირით ადრე მან მოაწყო პრესკონფერენცია, სადაც თქვა, რომ მას ჰქონდა ახალი მასალები, რომლითაც ის უტყუარად გადიოდა თავისი შვილის მკვლელების კვალზე, დიდი სიხარულით ამბობდა, აი, ნახავთ ამ მკვლელებს ერთ კვირაში დაიჭერენო, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, 20 იანვარს მოხდა ის საბედისწერო ტერაქტი, რომელმაც იმსხვერპლა ბატონი იური. მას ჰქონდა დაზიანებები აფეთქების შედეგად თავის, სახის არეში და ხელებზე. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ინტენსიური დათვალიერება, იყო თუ არა სხვა ადგილი დანაღმული, აღმოჩნდა, რომ არა. მკვლელმა ტერორისტმა ის ადგილი ამოარჩია, სადაც ხშირად მიდიოდა ბატონი იური. სავარაუდოდ, ეს იყო მაღალ დონეზე შესრულებული ტერაქტი, მათ ზუსტად იცოდნენ, რომელ საათზე მივიდოდა სასაფლაოზე, ისიც იცოდნენ, რომ ყვავილების გარეშე არ გადიოდა შვილის საფლავზე, ნაღმი სწორედ საყვავილეში დაამონტაჟეს.
- თქვენ ფიქრობთ, რომ მისი ტელეფონი ისმინებოდა?
- სავარაუდოდ, მოსმენა მიდიოდა, ხომ შეიძლება ვერ წასულიყო იმ დღეს, ეს იყო მიზანმიმართულად გათვლილი ტერაქტი. ვის ინტერესში შედიოდა, კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ გვარებს ბატონი იური თავად ასახელებდა საჯაროდ. სავარაუდოდ, ის ადამიანები უნდა დაიკითხონ, ვისზეც ბატონი იური საუბრობდა და ვის დაპატიმრებასაც ის მოითხოვდა. ამბობდა, რომ ჰქონდა არგუმენტირებული მტკიცებულებები მათი მონაწილეობის შესახებ მისი შვილის მკვლელობაში. "ალია" წერდა, რომ გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და ამის შესახებ დეტალურად გქონდათ საუბარი, თქვენი ინფორმაცია არის ზუსტი, გასული კვირის პარასკევს ივანიშვილი და იური ვაზაგაშვილი ერთმანეთს მართლაც შეხვდნენ, ბატონმა იურიმ აუხსნა ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი შვილის მკვლელები კვლავ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ. ამ ადამიანების წინააღმდეგ არათუ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა მოხდა, დააწინაურეს და წაახალისეს ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგო. მე მეტი დეტალი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან კმაყოფილი იყო ამ შეხვედრით. როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილმა მყისიერი რეაგირებაც მოახდინა, გეგმავდა ფართო გაერთიანების შექმნას, სამართლიანობის აღდგენის ახალი ტალღის წამოწყებას, ვინაიდან მას ჰქონდა ბევრი მტკიცებულება თავისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, ამბობდა, რომ ამ საქმეს უნდა მოჰყოლოდა დანარჩენი ბიჭების საქმეები, რომელიც წინა რეჟიმმა ქუჩებში ჩახოცა და ყველა არის სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშეო.
- ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალები შეიძლება მკვლელობის დამკვეთსაც ჰქონოდა?
- თავის ახლობლებში ამ შეხვედრის შესახებ არ დაუმალავს, შეიძლება დამკვეთსაც ჰქონოდა, ვისაც ამის ინტერესი ჰქონდა.
- თქვენ პროკურატურას ულტიმატუმს უყენებთ, რომ ამ საქმეს ორ დღეში ნათელი მოეფინოს. თუ ასე არ მოხდება, რას აპირებთ?
- ეს საქმე უნდა გახადონ ცნობილი, რა ეტაპზეა გამოძიება, რა აქვს ძიებას მოპოვებული და ა.შ. ეს არის ტერორისტული აქტი, იური ვაზაგაშვილი იყო საჯარო ფიგურა, ამიტომ, გამოძიებამ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით, ამის ვალდებულება აქვს ხელისუფლებას. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ გამოძიება მიდის არასწორი გზით, მაშინ მეტ დეტალებზე გვექნება საუბარი, ვიდრე დღეს არის და მეტ დეტალს აეხდება ფარდა. ჯერჯერობით ვფიქრობთ, რომ გამოძიება წავა სწორი გზით.
- ვინ არის მოწმე, ვისზეც ბატონი იური საუბრობდა - დამირეკა და მითხრა, დაჩოქილი ვდგავარ სანთლით ხელში და ყველაფერი მაპატიეო?
- ეს არის ადამიანი, რომელსაც თავის დროზე აიძულებდნენ, მიეცა ცრუ ჩვენება. მან გადაწყვიტა, გამოძიებისთვის რეალური ჩვენება მიეცა, დაურეკა ბატონ იურის და უთხრა, ჩემთან მოვიდა პროკურატურა მივეცი ობიექტური ჩვენება და პირველად დავიძინე მშვიდად ამდენი ხნის მერე, რომ ჩემი ვალი ღვთის წინაშე მოვიხადეო. არ მახსოვს მისი გვარი, თუ არ ვცდები, ყოფილი პოლიციელია. აქვე მინდა კიდევ ერთი რამ განვაცხადო, იური ვაზაგაშვილის დასაფლავების დღე უნდა გახდეს დიდი პროტესტის დღე ამ ტერაქტის მიმართ! და, ასევე, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს საზოგადოების დაკვეთა, რომ ეს საქმე იყოს ოპერატიულად გამოძიებული, ამას უნდა მოჰყვეს დანარჩენი ბიჭების საქმე...
ვინ არის საქმის მოწმე, რომელმაც ბატონ იურის დაურეკა და პატიება სთხოვა, მის ვინაობას იური ვაზაგაშვილის ახლობლები ასაიდუმლოებენ, ამ პიროვნების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს პიროვნება შესაძლოა, იყოს იური ვაზაგაშვილის შვილის საქმის გამომძიებელი კვინიკაძე, რომელიც საფრანგეთს ჩაბარდა და პოლიტიკური დევნილის სტატუსს ითხოვს, თუმცა ჩვენთან საუბარში "ობიექტივის" ტელეწამყვანი ნინო ჯღარკავა, ამ ვერსიას გამორიცხავს. ნინო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკავშირებულია ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის ახალ დეტალებთან, რადგან 2013 წლის თებერვალში ვაზაგაშვილის საქმის გამომძიებელი, კვინიკაძე დაუკავშირდა ნინო ჯღარკავას და სწორედ მან მიაწოდა 41-წუთიანი ფირი, ის აცხადებს, რომ ამ საქმის მოწმე, სავარაუდოდ, კორტების სპეცოპერაციის დროს გადარჩენილი ფუთურიძეა, რომელიც ვაზაგაშვილსა და ხუბულოვს ახლდა. თუმცა, ეს მხოლოდ ვერსიებია. როგორც ჩანს, საქმის დეტალები უმოკლეს ხანში გახდება ცნობილი.
(წყარო: ალია, ნინო სამხარაძე)