"ალიას" სანდო წყარომ აცნობა, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობამ პრემიერი ღარიბაშვილი ლამის წყობიდან გამოიყვანა. მას მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილისთვის დაურეკავს და საკმაოდ მკაცრი, მწვავე საუბარი ჰქონია. მას ბადაშვილისთვის უსაყვედურია, რომ მისმა წინამორბედმა, ოთარ ფარცხალაძემ და შემდეგ თავადაც, პროკურატურა ფინანსური პოლიციის კადრებით გაავსეს, რომლებიც პროკურატურის მუშაობის სპეციფიკას დღემდე ვერ ჩასწვდნენ და ამიტომაც არის, პროკურატურა ასეთი უუნარო და არაფრის მაქნისიო. ღარიბაშვილს ისიც უთქვამს, რომ ფინანსური პოლიციის იმ კადრების ნახევარზე მეტი, რომლებიც დღეს პროკურატურაში მუშაობენ, დავით კეზერაშვილისა და შესაბამისად, "ნაცმოძრაობის" აგენტები არიან და ცხადია, ეს ხალხი არ გამოიძიებს "ნაციონალთა" მიერ ჩადენილ დანაშაულებს და ყველაფერს გააკეთებენ, გამოძიებას ხელი შეუშალონ, ან დროში გაწელონო.
მოკლედ, ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც იქნა, მიხვდა იმას, რასაც ამდენი ხანია მთელი ქვეყანა გაჰყვირის, პროკურატურაში "ნაცმოძრაობის" მომხრე, პოლიტიზებული და კონკრეტულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი პროკურორები არიან, ამ პროკურორთა გვარ-სახელებსაც ასახელებენ და იქიდან მათ მოშორებასაც ითხოვენ. თუმცა, ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ეტყობა, იური ვაზაგაშვილის სასტიკი და ცინიკური მკვლელობა იყო საჭირო, რომ ხელისუფლებას ყურები გამოებერტყა. პრემიერს მთავარი პროკურორისთვის ულტიმატუმი წაუყენებია, ერთ თვეში გახსნი იური და ზურაბ ვაზაგაშვილებისა და ბუტა რობაქიძის საქმეებს, უცხოეთიდან ჩამოიყვან ინტერპოლით ძებნილებს - დავით კეზერაშვილს, დათა ახალაიასა და ზურაბ ადეიშვილს და მიხეილ სააკაშვილზე ინტერპოლი წითელი ცირკულარით დაიწყებს ძებნას. ეს გეგმა მინიმუმია და თუ ერთი თვის თავზე ეს ყველაფერი გაკეთებული არ გექნება, მაშინ განცხადება დაწერე და პოსტი შენით დატოვეო.
სახელისუფლებო კულუარებიდან "ალიას" აცნობეს, რომ გიორგი ბადაშვილი პრემიერს დიდხანს არწმუნებდა, პროკურატურის ძალიან დიდი რესურსი მიაქვს სააკაშვილის საქმეების გამოძიებას, ამიტომ გარკვეული საქმეების გამოძიება ამის გამო ფერხდებაო. სწორედ ეს შეუხსენებია ბადაშვილისთვის ღარიბაშვილს, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ბუტა რობაქიძის საქმეები "გარკვეულ საქმეებს" არ მიეკუთვნება, ჩვენ ბევრჯერ ვილაპარაკეთ, რომ ეს საქმეები დროულად უნდა დასრულებულიყო და ხომ ხედავ, მამა შვილის საფლავზე დააკლეს, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე რომ აქამდე გახსნილიყო, არც იური ვაზაგაშვილს მოკლავდნენ და ჩვენც ამდენი პრობლემა აღარ დაგვემატებოდაო. თუ წყაროს დავეყრდნობით, გიორგი ბადაშვილი მალე დაიწყებს პროკურატურის წმენდას.
წყაროს ინფორმაციითვე, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დღეს, გვიან ღამით, ბიძინა ივანიშვილს ბიზნეს-ცენტრში მიუწვევია "ქართული ოცნების" რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი. წყარო არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელი პოლიტიკოსები იყვნენ ივანიშვილთან სტუმრად, თუმცა, აცხადებს, რომ ყველა იქ იყო, ვისაც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხელეწიფება საპარლამენტო უმრავლესობაში. ბიძინა ივანიშვილი ძალიან აღშფოთებული ყოფილა იური ვაზაგაშვილის მკვლელობით. მას უთქვამს, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის ჩაფარცხვის კვალი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის დონეზე არ მომხდარა, როგორც მავანნი ამის დამტკიცებას ცდილობენ, ეს საქმე თუ გაიხსნა, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და მათი იმჟამინდელი მოადგილეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, საქმის გაყალბებაში, ასევე, მრავალი პროკურორი, ექსპერტი და გამომძიებელია გარეული, ამათ ის ხალხიც დაამატეთ, ვინც სპეცოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა და გამოდის, იური ვაზაგაშვილი, რამდენიმე ათეულ ადამიანს, მარტო უპირისპირდებოდა, ამ ხალხის თავისუფლებას რეალურ საფრთხეს უქმნიდა და მისი მოცილებაც იმიტომ გადაწყვიტესო. ივანიშვილს ასევე უთქვამს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მასთან შეხვედრამ დააჩქარა, გარკვეულ პასუხისმგებლობასაც გრძნობს მომხდარის გამო და არც ის დაუმალავს, რომ გამოძიებითა და საქმის გახსნით განსაკუთრებით დაინტერესებულია.
წყარომ "ალიას" განუცხადა, რომ ივანიშვილი უკმაყოფილო ყოფილა ძალოვანი სტრუქტურების მუშაობით, ამის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილთანაც ჰქონია ერთი კვირის წინ საუბარი და ღარიბაშვილი აბსოლუტურად იზიარებს მის პოზიციას. საქმე მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილსა და შს მინისტრს, ლექსო ჭიკაიძეს ეხება. ჭიკაიძის მიმართ ივანიშვილს სერიოზული პრეტენზიები გამოუთქვამს. ეგ იმ 3 ტონა ნარკოტიკის ეიფორიაშია, შარშან რომ დააკავა და მას შემდეგ, სერიოზული საქმე არ გაუხსნია. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სამინისტროში "ნაციონალთა" კადრების გავლენის ქვეშ არის, ეს მისი ნებით ხდება თუ მისდა უნებურად, ამას თუ გაარკვევს, ურიგო არ იქნებაო.
ივანიშვილს დასკვნის სახით პოლიტიკოსებისთვის უთქვამს, ბადაშვილიც და ჭიკაიძეც აშკარად ვერ უძღვებიან თავიანთ საქმეს და თუ მათ შემცვლელებზე იფიქრებთ, ამით მხოლოდ მოიგებთო. იქვე დაუმატებია, რომ ბადაშვილისა და ჭიკაიძის შესახებ სხვა, დამატებითი ინფორმაციებიც აქვს, მაგრამ მათ ახლა ვერ გავამხელ, ირაკლი ღარიბაშვილი როცა დაბრუნდება, მერე, უფრო ვიწრო წრეში შევხვდეთ და ამ ინფორმაციებსაც მოგაწვდითო. ივანიშვილს განუცხადებია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება, არ არის გამორიცხული, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და სერიოზული საპროტესტო აქციები დაიწყოსო. აქამდე ის მაინც ვიცოდით, თუ ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა, "ნაცმოძრაობას" გადაუვლიდა და ამისგან მათ ყველანაირად ვიცავდით, ახლა კი, ხალხი თუ გამოვა ქუჩაში, ნამდვილად ვერ ვიტყვი წინასწარ, მარტო "ნაცმოძრაობას" გადაუვლის თუ "ქართულ ოცნებასაც" ზედ მოაყოლებს. საქმე ისე მიდის, მგონი, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ვერ გადავურჩებით და ამაზე იფიქრეთო.
მას ამის მთავარი მიზეზიც დაუკონკრეტებია. შემოდგომით რომ ჩატარდეს არჩევნები, "ნაცმოძრაობა" ამ არჩევნებში დამარცხდება, მაგრამ არჩევნების შედეგებს გაყალბებულად გამოაცხადებენ და ქუჩაში გამოვლენ, შეეცდებიან, რევოლუციური გზით დაამხონ ხელისუფლება. ეს პროცესები რომც დაიწყონ "ნაციონალებმა", იმ დროისთვის საკმარისი რესურსი, ძალა არ ექნებათ, რომ თუნდაც დაწყებული რევოლუცია ბოლომდე მიიყვანონ. ამიტომ, წააგებენ არჩევნებს, რამდენიმე დღე იმიტინგებენ და ამით დასრულდება ყველაფერი, 2016 წელს, დანიშნულ დროის თუ ჩატარდა არჩევნები, იმ დროისთვის "ნაცმოძრაობა" უფრო მეტად იქნება გაძლიერებული, მომზადებული, ქუჩაში რომ გამოვლენ, მაშინ უკვე მაგათ შინ ვეღარ შეაბრუნებ, რევოლუციასაც დაიწყებენ და უმართავ პროცესებს გამოიწვევენ. მათი შემაკავებელი ფაქტორი ხალხი იქნება, მაგრამ "ნაციონალთაგან" გამწარებული ხალხი თუ მაგათ დაუპირისპირდა, ეს სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს და ისევ "ნაციონალთა" წისქვილზე დაასხამს წყალს. ჩემი გათვლებით, უმჯობესია, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. "ნაცმოძრაობას" ბოლო და მომაკვდინებელი დარტყმა ვაგემოთ, ვიდრე გავრისკოთ და 2016 წელს, აქეთ შემოგვიბრუნდნენ და შავ დღეში ჩაგვყარონ. "ნაციონალები" ვერც 2016 წელს, რევოლუციური გზით მოვლენ ხელისუფლებაში, მაგრამ ქვეყანას დიდად დააზარალებენ და მე ეგ მადარდებსო. ბიძინა ივანიშვილის ამ წინადადებას აზრთა სხვადასხვაობა გამოუწვევია, მაგრამ ივანიშვილს უთქვამს, მე ჩემი გითხარით და ახლა თქვენი გადასაწყვეტია. ისე, გაიხსენეთ, როცა არ დამიჯერეთ, ყველგან ჩაფლავდითო.
საუბრის დასასრულს სიტყვა მიხეილ სააკაშვილზე, მის გააქტიურებასა და უკრაინაში "ნაცმოძრაობის" წევრთა მაღალ პოსტებზე დანიშვნაზეც ჩამოვარდნილა. აქ გიორგი ბადაშვილი კიდევ ერთხელ უხსენებია უარყოფით კონტექსტში. მთელი პროკურატურა იმაზე მუშაობს, რომ სააკაშვილზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდეს, საამისოდ, ოთხი უცხოელი პროკურორიც კი ჩამოვუყვანე, მაგრამ ამ საქმეს დღემდე ვერ მოაბეს თავი. არადა, თუ ინტერპოლით გამოცხადდა მასზე ძებნა, ამას სერიოზული ეფექტი ექნება, პოლიტიკურ გვამად გადაიქცევა და მისი აქტიურობა ყოველგვარ აზრს დაკარგავსო.
ზურაბ ადეიშვილის უკრაინაში დასაქმების შესახებ კი ივანიშვილს განუცხადებია, ინტერპოლით ძებნილი ექსპერტად რომ მიიწვია პოროშენკომ, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი მკაცრი განცხადება მაინც გააკეთოს, ეს ქვეყნის შეურაცხყოფაა და როცა შეურაცხყოფას გაყენებენ, მინიმუმ, უნდა გააპროტესტო და ხმა ამოიღოო. ამ საკითხში კი უსიტყვოდ უნდა დავეთანხმოთ ბიძინა ივანიშვილს. საგარეო საქმეთა სამინისტროს კი არა, მთელ მთავრობას, საგარეო დონეზე დიდი პიარკამპანია უნდა ჰქონდეს ახლა ატეხილი, უცხოეთში, დიდმა და პატარამ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის ხელისუფლება აბუჩად იგდებს მთელ ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ ამის შესახებ, მხოლოდ მწირი ინფორმაცია გამოქვეყნდა უცხოურ პრესაში, რამდენიმე უცხოური ტელევიზიის სიუჟეტში იყო ნახსენები ეს თემა და დაიხურა.
(წყარო: ალია, ლევან ჯავახიშვილი)