reportiori.ge - დავით მაღრაძე: საქართველოს ისეთივე მნიშვნელობის რეფორმა სჭირდება, როგორც იოანე პეტრიწმა ჩაატარა გელათის აკადემიაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 00:08
ინტერვიუ
დავით მაღრაძე: საქართველოს ისეთივე მნიშვნელობის რეფორმა სჭირდება, როგორც იოანე პეტრიწმა ჩაატარა გელათის აკადემიაში
ავტორი:
23 იანვარი, 2015. 15:40


 

„საერთო გაზეთის" რედაქციას პოეტი დათო მაღრაძე დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბარი ასე დაიწყო:


- ტრადიცია დავარღვიე და ინტერვიუსთვის თავად დაგიკავშირდით. ადრე, ამ კუთხით, არასდროს მიაქტიურია, თქვენს შემოთავაზებას კი ყოველთვის სიამოვნებით ვთანხმდებოდი. ახლაც, ბუნებრივად, თქვენ გამახსენდით და ყოველთვის მახსოვხართ. საქმე ისაა, რომ ბოლო დროს ბეჭდური პრესისთვის მიცემულ ჩემს ინტერვიუებში აზრებს მიმახინჯებენ, შემოკლებული ვარიანტი იმ სულისკვეთებას არ გამოხატავს, რითაც გამსჭვალული ვარ. ამიტომ, გთხოვეთ, ჩემი ნაფიქრის, ნააზრევის სრულიად გამოხატვის საშუალება მოგეცათ, რადგან ვიცი, რომ „საერთო გაზეთი" სრულად და დაუმახინჯებლად ასახავს ჩემს ნააზრევს. მინდა, მკითხველის წინაშე, ჩემი ფიქრით, განცდით წარვსდგე და ვიცი, თქვენი გაზეთის ფურცლებიდან სათქმელი სრულფასოვნად იქნება გადმოცემული. აქვე, გეტყვით, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლებმა, მედიასივრცე ხელისუფლებისაგან გავათავისუფლეთ. ამაში საზოგადოებაც და ხელისუფლებაც ერთსულოვანი იყო. მაგრამ ჩვენ ხომ არ შეგვიძლია, მედიასივრცე მეპატრონის კერძო ინტერესებისაგან გავათავისუფლოთ? მედია სახელისუფლებო წნეხის ქვეშ აღარაა; ეს უმთავრესია. ბოლო ათწლეულებში საქართველოში პირველად ხდება, რომ ხელისუფლებას საკუთარი ტელევიზია არ აქვს, რაც საზოგადოებისა და ხელისუფლების დამსახურებად მიმაჩნია.


- მედია სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლდა, თუმცა „ნაციონალების" წნეხისგან ვერა.


- ტელევიზიებში თუ კრიმინალს აქვს ადგილი, ეს გამოძიების საქმეა. ხელისუფლება დღეს მათ საქმიანობაში აღარ ერევა, რაც სწორი გზაა. „ქართული ოცნების" მმართველობის შედეგად სახელისუფლებო რეჟიმისგან დიდი გათავისუფლება მოხდა. კერძოდ, წნეხისგან გათავისუფლდა მედია, ბიზნესი, სასამართლო, პოლიცია, ციხეები - ჯალათებისგან, უმაღლესი სასწავლებლები - ხელისუფლებისაგან დაფინანსებული სტუდენტური თვითმმართველობებისგან, რომელნიც სტუდენტურ მოძრაობას მიმართავდნენ და საუნივერსიტეტო ცხოვრებას კონტროლს უწევდნენ. საქართველო ორმაგი - გარე და შიდა ოკუპაციის ფონზე ცხოვრობდა. გარე ოკუპაციას რუსეთი დღემდე ახორციელებს, შიდა - „ნაცმოძრაობის" ოკუპაციისგან კი საქართველო ნამდვილად გათავისუფლდა. ხშირად გვესმის, დავიბრუნოთ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი. უპირველესად, ჩვენი სახე უნდა დავიბრუნოთ. დიდი გათავისუფლების გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ მოქალაქე ხელისუფლების წნეხისგან თავისუფალია. 9-წლიანი რეჟიმის კურსი რუსეთთან ომის ფონზე მიმდინარე სინგაპურიზაცია იყო. ამის საპირწონედ, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ევროინტეგრაცია, რუსეთთან ომის გარეშე. ამ გზაზე სერიოზული ნაბიჯი იყო ევროასოცირების ხელშეკრულება, რაც ჩრდილოელ მეზობელთან საომარი მოქმედებების გარეშე განხორციელდა, ეს უმნიშვნელოვანესია. ანუ, გვქონდა სინგაპურიზაცია რუსეთთან ომის ფონზე და ახლა გვაქვს ევროინტეგრაცია რუსეთთან ომის გარეშე. აქვე, სხვა პოზიტივებსაც მინდა შევეხო - მნიშვნელოვანი მიღწევაა სადაზღვევო სისტემა, დღეს ადამიანს ავად გახდომის აღარ ეშინია. მისასალმებელია C ჰეპატიტის წინააღმდეგ მიმართული აქცია. ბატონი სერგეენკო სულ ორჯერ მყავს ნანახი, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგი სახელმწიფო ჯილდოზე უნდა წარედგინათ. სახელმწიფომ უნდა დაინახოს დამარცხებაც და გამარჯვებაც. მხოლოდ შეცდომებზე მითითება როდია სახელმწიფოს მრწამსი და თვისება, მან გამარჯვებებიც უნდა დაინახოს. ასევე, მნიშვნელოვანი პოზიტივია ის, რომ პროკურატურაში უსამართლოდ ჩამორთმეული ქონებების დასაბრუნებლად დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც ინტენსიურად მუშაობს.

 

- ბატონო დავით, ბოლოს და ბოლოს, გაჩნდა თუ არა ამ ქვეყანაში თავისუფალი მოქალაქე, თუ კვლავ პროვინციალიზმის ჭაობში ვართ? თქვენ აღნიშნეთ, რომ თავისუფალი მოქალაქე გაჩნდა, რას გულისხმობთ?

 

- საქართველოში ყველაზე მეტად გოიმობის ეშინიათ. განსაკუთრებული სიმძაფრით, გოიმობის ზუსტად იმ ნაწილს ეშინია, ვისაც ეს რეალურად ემუქრება. იგი ცდილობს ფასადის შექმნას, თითქოს მას ეს არ ემუქრება. პრობლემა ისაა, რომ ეს პროვინციიდან გაღწევის პროვინციული მცდელობებია, რამაც მასიური ხასიათი მიიღო. გეტყვით, რას ვგულისხმობ. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ გაიმართა აქცია, რის გამოც ადამიანები თავზე ყინულებიან წყალს ისხამდნენ და ფულსაც რიცხავდნენ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი წყალი თავზე ქართველებმა დაისხეს. ეჭვი მაქვს, რომ ყველაზე ნაკლები თანხაც აქედან გადაირიცხა. აი, ამას ვგულისხმობ. მასიური წუწაობის ფონზე თანხა მცირედად გამოიყურებოდა. ახლა, ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარეობს აქცია - მე ვარ შარლი. საქართველოშიც არიან ადამიანები, ვინც გულწრფელად თვლის რომ შარლია. საერთოდ, ყველა ნორმალური ადამიანი ტერორის წინააღმდეგია, ოღონდ, იმ ნაწილის, რომელსაც საქართველოში მიმდინარე ტერორი არასდროს აწუხებდა, გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. ტერორიზმი ზოგადად უნდა გაწუხებდეს არამარტო უცხოეთში, არამედ საკუთარ სამშობლოშიც. ვიდრე იტყოდი - მე ვარ შარლი, უნდა გეთქვა მე ვარ სანდრო, მე ვარ ბუტა და ა.შ. როცა მე ვარ სანდრო (გირგვლიანი) არ გითქვამს, ამ ფონზე, მე ვარ შარლის ძახილი მატრაბაზობა მგონია და არა ტერორიზმის წინაამდეგ ბრძოლა. აი, სწორედ ესაა პროვინციიდან გაღწევის პროვინციული მცდელობა, რისი მაგალითებიც მრავლადაა.


- თქვენ ახსენეთ, რომ ევროასოცირების ხელშეკრულება წინგადადგმული ნაბიჯია...


- ევროინტეგრაციის პროცესი, ალბათ, იმ ღირებულებების აღიარებაა, რასაც ძირითადად, განვითარებული ევროპის ქვეყნები ეყრდნობა. მოკლედ რომ ვთქვა, ეს ათენისა და იერუსალიმის ჰარმონიაა. მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპისთვის შენც საინტერესო უნდა იყო, მან უნდა ჩათვალოს, რომ შენი შემატებით მისი თვალსაწიერიც ფართოვდება, მაგრამ პოლიტიკოსების განზრახვა ნაკლებად ეხება ხოლმე სულიერ ურთიერობას, საზრდოს და ა.შ. როგორც მოქალაქეებმა, ამ ხელშეკრულებით ბევრი ვალდებულება ავიღეთ. ცივილური სახე უნდა შევინარჩუნოთ.


ევროპას, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და სულაც არაა აუცილებელი, ეს, ხელოვნურად შენც თავს მოიხვიო. ევროპა ცდილობს იმ სერიოზული პრობლემებისგან გათავისუფლებას, რომელიც მას საზოგადოების განვითარების ახალ საფეხურზე ასასვლელად გზას უღობავს. პოლიტიკოსები ნაციის სახეს არ წარმოადგენენ. ხომ დაუშვებელია, საქართველოზე აკაკი მინაშვილით ან ჩვენი პარლამენტით ვიმსჯელოთ. ხომ უფრო მეტია საქართველო, ვიდრე ჩვენი პარლამენტი. ან თუნდაც, თანამედროვე ქართველ პოეტებზე, ბევრად მეტი ხომ არის ჩვენი სამშობლო. ამდენად, ყოველდღიური პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებს სულიერებისთვის ნაკლებად სცალიათ. ეს ძალიან რთული ლაბირინთია, რაშიც ნაციის სახე არ ჩანს. გვახსოვს სააკაშვილისთვის დემოკრატიის შუქურის დარქმევის უსუსური მცდელობა, რათა დასავლეთისა და აშშ-ის პოლიტიკურ წრეებს თვალი დაეხუჭათ ყველა იმ ფუნდამენტური ადამიანური უფლებების გათელვაზე, რაც საქართველოში ხდებოდა. ჩემი აზრით, მათი ინტერესი იყო, რუსეთ-საქართველოს შორის სამხედრო დაპირისპირება შემდგარიყო. ეჭვი მაქვს, ეს განზრახვა აშშ-ის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში ახლაც არის.


- ანუ მათ სურთ, პროვოკატორის როლში გვამყოფონ?


- მინდა, ხმამაღლა ვთქვა: ჩემი ქვეყნის, სამშობლოს ფუნქცია მსხვერპლშეწირვა არაა. არ მინდა, რომ ამის გარდა სხვა ფუნქცია არ გვქონდეს. არანაირი სურვილი არ მაქვს, საქართველოს დღევანდელი გენერაცია იმ პროცესს შევეწიროთ, რომ სამყაროს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების საშუალება მიეცეს. ასე, იმ კეთილ ნაყოფს, რომელსაც ახალი ეკონომიკური სანქციებით მოიმკიან, ჩვენ ვეღარ ვიგემებთ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაზე აღარ ვიქნებით. ამიტომ ბევრად მნიშვნელოვანი მგონია ჩემი ქვეყნის კულტურული, სულიერი და პოლიტიკური ფუნქცია, ვიდრე ის, რომ მსხვერპლად შევეწიროთ. საერთოდ, თავგანწირვა ყველა ადამიანს შეუძლია, ოღონდ არავის აქვს უფლება, მთელი ქვეყანა გაწიროს.


ხაზგასმით ვამბობ, მეხუთე კოლონა გეოგრაფიული ტერმინი არაა. რასაც ბერია-ორჯონიკიძე ახორციელებდნენ, დღეს შეიძლება იგივე ადეიშვილ-სააკაშვილმა გააკეთოს. სულაც არაა აუცილებელი, ამ საფრთხეს მხოლოდ რუსეთიდან ელოდო. ტერმინი მეხუთე კოლონა ესპანეთში გაჩნდა, როდესაც ფრანკო ოთხი კოლონით მადრიდს უტევდა, ხოლო მეხუთე იმას დაერქვა, რომელიც იმ ოთხი კოლონის სასარგებლოდ, სიტუაციას შიგნიდან ურევდა. ესაა დღევანდელი სურათი. უფრო მეტიც, არსებობს პროექტი და არსებობს ხელისუფლებაში ლოგიკურად მოსული ხალხი. არსებობს სხვა ქვეყნის პროექტი და არსებობს თავის შეცდომებით, გამარჯვებებით საზოგადოების წიაღიდან ამოსული ხელისუფლება. მაგალითად, კახთა მეფე ალექსანდრე მეორე საქართველოს მონარქი იყო თავის შეცდომებით და გამარჯვებებით, ჰყავდა სამი ვაჟი - დავითი, გიორგი და კონსტანტინე. დავითი და გიორგი ჩვენს წიაღში აღზრდილი ქართველი მონარქები იყვნენ. კონსტანტინე კი შაჰ-აბას I-ის პროექტი იყო, რომელიც სპარსეთში ბავშვობაში წაიყვანეს, იქიდან კონსტანტინე მირზად დაბრუნდა, მოკლა მამა, ძმა, მათი მოკვეთილი თავები შაჰ აბასს გაუგზავნა და გარდაცვლილი ძმის მეუღლეს ქეთევანს ხელი სთხოვა. ესაა პროექტის აზროვნება, ცნობიერება, რომელიც მეფობს იმ ქვეყანაში, სადაც მეფობს, მაგრამ რეალურად საკუთარი ქვეყნის ინტერესს არ ახორციელებს და ისე იქცევა, როგორც კონსტანტინე მირზა მოიქცა. ამიტომ მომხრე ვარ არა პროექტის, არამედ ლოგიკურად განვითარებული საზოგადოებრივი ცხოვრებიდან აღმოცენებული ადამიანების, რომლებიც პოლიტიკაში მიდიან. ჩვენთან იყო პროექტი, რომელიც კონფლიქტში შევიდა ქართული საზოგადოების ცნობიერებასთან, დამოკიდებულებასთან, აზროვნებასთან, ტრადიციასთან. როგორც აღვნიშნე, საქართველოში ყველაზე მეტად გოიმობის ეშინიათ, სწორედ ამით ისარგებლეს პროექტის განმხორციელებლებმა, მესვეურებმა და ხელმძღვანელებმაც და ყოველი აწეული ჭიქა, რომელიც სადღეგრძელოს თანხლებით შეისმებოდა, უკიდურეს მარგინალიზმად ჩათვალეს. გაჩნდა პერიფერიული სიმპტომები - მაგალითად, ტრადიციული სარწმუნოება ყველაზე უფრო მოძველებული რამ უნდა ყოფილიყო. ამის დანერგვა საქართველოში გაუჭირდათ. ქართველი კაცი მიხვდა, რომ რაღაც ძვირფასს ართმევენ, უნდათ, ისეთ რამეზე ათქმევინონ უარი, რაც ეძვირფასება, რომელიც მისი საუკუნეების სიღრმიდან მოდის და შთამომავლობას სამომავლოდ უნდა გადაეცეს. ჩემი აზრით, საქართველოს დღეს ისეთივე მნიშვნელობის რეფორმა სჭირდება, როგორც იოანე პეტრიწმა ჩაატარა გელათის აკადემიაში, ან პეტერბურგიდან დაბრუნებულმა ივანე ჯავახიშვილმა, რომელმაც უნივერსიტეტი დააფუძნა. ახალი ეპოქის შესაფერისი ენაა მოსაძებნი. ქართული ყოველთვის უნდა გადარჩეს და იგი ახლა, ამ ეპოქის ენაზეც უნდა ალაპარაკდეს. აქვე, ერთსაც აღვნიშნავ, წინამორბედ ხელისუფლებას აშშ-დან უპირობო მხარდაჭერა ჰქონდა, ის გარყვნილება და აღვირახსნილობა განსაზღვრა, რითაც ნაცების მმართველობის წლები ხასიათდებოდა და რამაც ადამიანების უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების სრული გათელვა გამოიწვია. დღეს უპირობო მხარდაჭერა აღარაა, რაც კარგია. უპირობო მხარდაჭერა ხელისუფლებას რყვნის. ახლა, აშშ-სთან ჯანსაღი ურთიერთობაა. ვადასტურებ აშშ-ს მიმართ ჩემს პატივისცემას და მხიბლავს თავისუფლების ქარტიაში ჩაწერილი თომას ჯეფერსონის სიტყვები: ადამიანს ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება აქვს. ოღონდ, არავინ  იფიქროს, რომ ეს მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეს ეხება. დღეს ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვიწყებთ ფიქრს. რა ეწყინება პუტინს, ის გავაკეთოთ და რა გაუხარდება მაკ-კეინს, ისე მოვიქცეთ, ეს უნდა დასრულდეს. პუტინით და მაკ-კეინით ნუკი ვიწყებთ, შვილიშვილისთვის რა არის სასარგვებლო, იქიდან დავიწყოთ მსჯელობა.

 

- ჩვენთან განხორციელებული რეფორმებით რა შედეგები გვაქვს?

 

- ამით სიკეთე ვერ მივიღეთ იმიტომ, რომ სრული აბდაუბდაა. განათლების რეფორმაზე მომუშავე ხალხს წარმოდგენაც არ აქვთ, რას აკეთებენ, ისინი განათლების რეფორმის ჩამტარებლებად კი არა, მოწმეებად ვერ დაჯდებიან, ელემენტარულად, ამბავს ვერ გაიტანენ. ძირითადად, რეფორმატორებად, ასეთი ხალხი გვევლინებოდა.


მათთან შეხვედრებზე ვამბობდი, გოგებაშვილის „დედა ენა" ის საგანძურია, რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს-მეთქი. პასუხად მივიღე - „დედა ენაში" ცვლილებები უნდა შევიტანოთ, რადგან იქ ისეთი შრომის იარაღებია მოხსენიებული, რომელიც ახლა აღარ იხმარებაო. ამ ლოგიკით, ესპანეთში მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტიც" უნდა აიკრძალოს, რადგან დღეს შუბებით აღარავინ იბრძვის. სამწუხაროდ, ასეთი აზროვნების კატეგორიის ხალხთან გვიწევს პოლემიკა და რატომღაც განათლების სისტემა სწორედ მათ აბარია. კულტურის, განათლების სამინისტროები, მერია ის ინსტიტუტებია, საიდანაც ხელისუფლებას საზოგადოებასთან ცოცხალი შეხება აქვს. ეს ძალიან ფაქიზი სამყაროა. მეჩვენება, რომ ამ სიფაქიზეს, საზოგადოებასთან შეხების მნიშვნელობას დღევანდელი ხელისუფლება ვერ გრძნობს. ამ პრობლემის შედეგია საყდრისის თემა. ცივილურ სამყაროში, ევროპაში არის ძეგლის გადატანის პრეცედენტები მაშინ, როცა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება. ოღონდ ამ დროს ნებისმიერი ცივილური ქვეყანა საზოგადოებასთან კონტაქტშია, სრულ ენერგიას დებს, რათა იგი სიმართლეში დაარწმუნოს. რაც საქართველოში მოხდა, ეს სხვაგან, ამ ფორმით, არსად ხდება. საყდრისი მითია თუ რეალობა, ამან მნიშვნელობა დაკარგა, იმდენად ბევრი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ. საყდრისი მითიც რომ ყოფილიყო, დღეს რეალობა გახდა. ქართველი მოქალაქის ცნობიერებაში ხელისუფლებამ ძეგლი ააფეთქა. ხელისუფლების მთავარი შეცდომა საზოგადოებასთან კომუნიკაციის არქონაა. უნდა მოიცალო და საზოგადოებას ყველაფერი აუხსნა, ხელისუფლებამ ამ ჰარმონიას უნდა მიაღწიოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთსულოვნება გაქრა. აქვე მინდა ერთი რამ აღვნიშნო, საყდრისთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადება გაკეთდა, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ამას არ განვიხილავ, ეს მოულოდნელი არ იყო, უბრალოდ, ამ განცხადებას 9-წლიანი მმართველობის მანძილზე არაერთხელ ველოდი და არ გაკეთდა. არ შევალ იმის განსჯაში, თუ რატომ არ გაკეთდა აქამდე მსგავსი განცხადება. 7 ნოემბერს ხალხის რბევას რომ თავი დავანებოთ, ასევე, წამებებს, მკვლელობებს, 26 მაისს როცა ორი გვამი - ჩემი კლასელი ნიკა კვინტრაძე და ასათიანი სახურავზე შემოდეს, მაშინაც ველოდი, რომ ეს განცხადება გაკეთდებოდა. როცა კაენმა  მოკლა აბელი, ღვთის ხმა გაისმა, კაენ, სად არის შენი ძმა. ამ ხმას ველოდი და ვერ გავიგონე. ამის განსჯაში არ შევალ, მაგრამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, ცოცხალი ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი ისტორიული ძეგლი.


- თქვენ თქვით, რომ „ქართულმა ოცნებამ" მიზიდულობის მუხტი დაკარგა. რას გულისხმობთ?

 

- ვთქვი, რომ „ქართულმა ოცნებამ" მიზიდულობის მუხტი დაკარგა, ოღონდ ისიც დავამატე, რაც იმ ინტერვიუში აღარ მოხვდა - განახლებას ისევ ამ პოლიტიკური ველიდან ველი. რა თქმა უნდა, ის მუხტი დაიკარგა. ახლა სხვა გამოწვევებია. მაშინ ჩვენი მთავარი ამოცანა რეჟიმზე გამარჯვება იყო, რათა გაგვეთავისუფლებინა სივრცე, რაც ივანიშვილმა საზოგადოებასთან ერთად მოახერხა. მაგრამ, ახლა ეს მოცემულობა აღარაა. ახლა, უფრო მშვიდად შეიძლება უკეთესზე ფიქრი. „ქართულ ოცნებას" აშკარად სჭირდება დიდი განახლება. იგი არჩევნებში განახლებული სახით უნდა წავიდეს. ანუ, მათ რიგებში ისეთი ხალხი უნდა გამოჩნდეს, ვინც სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძოლებს. დღეს „ქართულ ოცნებაში" ნიჭიერების, სიახლის განცდის პრობლემაა. ახლა სხვა გამოწვევა და სხვა მოცემულობაა. რადგან ბატონი ბიძინა ამ პარტიის დამფუძნებელია, ვფიქრობ, მან ამ დიდი განახლებისთვის უნდა მოიცალოს. მას ამის რესურსი აქვს, ვგულისხმობ არა ფინანსურს, არამედ მის გამჭრიახობასა და სულიერ რესურსს. ხალხი დიდ განახლებას ელოდება, ოღონდ არა პოლიტიკური სივრციდან.


- ხალხი ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასაც ელოდება?

 

- თუ მისი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა მთელი სიმძაფრით დადგა, მჯერა, ამას, პირველ რიგში, თავად ბატონი ბიძინა იგრძნობს და იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. რა ფორმით დაბრუნდება, არ ვიცი, ეს შეიძლება არ იყოს აღმასრულებელი სახელისუფლებო პოსტი, მაგრამ ვიმედოვნებ, იგი ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. მასში განახლების სურვილს ვხედავ. რა თქმა უნდა, ადამიანი სიახლეს ყოველთვის ელოდება. პოლიტიკა ისეთი რამეა, მეტის მოთხოვნილება, ახალი გამოწვევა მალევე დგება. ლადო ასათიანს დავესესხები: „ხომ ლამაზია ეს საქართველო მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა". „უფროში" გaნვითარების მუხტი დევს. თუ ყველაფრით არსებულით კმაყოფილი იქნები, განვითარების მუხტი შეწყდება. თუმცა ევროასოცირების ხელშეკრულება ერთ რამესაც გვავალდებულებს - ჩვენი მოთხოვნები არსებული მოცემულობიდან გამომდინარე დავაყენოთ. ვაზს გაზაფხულზე არავინ ჰკრეფს, ეს შემოდგომაზე უნდა მოხდეს. მინდა, ხელისუფლებას ვურჩიო, არასოდეს შეწყვიტოს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ეს უმნიშვნელოვანესია. არ შეიძლება კონკრეტული პრობლემის აფეთქებით გადაწყვეტა. მეტი კონტაქტია საჭირო. ამ კუთხით ვაკუუმია. იცით, რატომ მაშფოთებს ეს ვაკუუმი? - მერაბ მამარდაშვილი ამბობდა: როდესაც ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ვაკუუმი ჩნდება, ამ ვაკუუმს ნაძირალები იკავებენ. ეს უნდა გავითვალისწინოთ.


- დასაწყისში პროექტზე ისაუბრეთ. რა სიტუაციაა ამჟამად, პროექტის კლანჭებიდან გამოვძვერით თუ ხელისუფლება ისევ „პატრონის" მძევალია?


- ჩვენი ქვეყანა ევროპა-აზიის გზაგასაყარზეა. თუ ერთი მხრივ, დამპყრობლებისთვის ყოველთვის მიმზიდველი იყო, მეორე მხრივ, სულიერი თვალსაზრისით გამდიდრდა. აქ ორმა - აღმოსავლეთის და დასავლეთის კულტურამ მოიყარა თავი, კულტურათა დიალოგი შედგა. „ვეფხისტყაოსანი" ამის უტყუარი გვირგვინი, ქართული სახელმწიფოს სამუდამო საყრდენია. დღეს დამოუკიდებლობის ნიშან-წყალი გაჩნდა. ისეთი ეპოქაა, სრულად დამოუკიდებლობა ალბათ, გაჭირდება. მითუმეტეს, რომ არც სამხედრო ძლიერებით ვქუხვართ, არც ეკონომიკურად. რაც ნაციონალები რუსეთთან ომში ჩაებნენ, გახსოვთ, რითაც დამთავრდა რიტორიკა - აქეთ გორას წიხლსა ვკრავ, იქით გორას ძვრას ვუზამ. ბოლოს, რუსთაველზე „გვიშველე, სარკოს" ბღავილით დაასრულეს ომი. ბაქრაძემ განაცხადა - იქნებ საკუთარი დანა-ჩანგლით დაიცვათ თავი, მე უკვე თავშესაფარში ვარ, ჩემი დარდი ნუ გექნებათ, რაც მთავარია, გადავრჩი, ჯარიანად გამოგასწარით, ახლა თავად დაიცავით თავი დანა-ჩანგლითო.


საქართველოში დიდი ხანია არსებობს ვირტუალური პატრიოტიზმი და ფასადური პოლიტიკური კულტურა, ერთი შეხედვით ვითომ თავგანწირული, რომელიც ბოლოს ზემოთ ნახსენები ბაქრაძის განცხადებით, „სარკოს" ბღავილითა და მიწა-წყლის დაკარგვით მთავრდება. განა შეიძლება აგორაზე ტაბუდადებული თემები არსებობდეს? - ამაზე არ ისაუბრო, თორემ შავ დღეს დაგაყრიო. ვერავისაც ვერ დააყრიან შავ დღეს, ასე მხოლოდ მიწას დაიყრიან გულზე, მეტი არაფერი არ იქნება. შეიძლება, საერო აზროვნება შეზღუდული სივრცე იყოს? ეს სივრცე უნდა გაიხსნას. თუ არ ღირს შეხვედრა, შიშით კი არ უნდა თქვა უარი, არამედ აწონ-დაწონო. საკუთარ გადაწყვეტილებაში თავისუფალი უნდა იყო და არა შეშინებული. ესაა საზოგადოების მთავარი ნაკლი.ფსევდოპატრიოტების მიერ შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურის ველი დღემდე ვერ დაამსხვრია.


- ბოლოს გვითხარით, შემოქმედებაში რა ხდება?


- იანვრის ბოლოს ლონდონში ინგლისურ ენაზე ჩემი წიგნი „ნაფეხურები წყალზე" გამოვა. იგი მარტის ბოლოს „ვოთერ სთოუნში" საპრეზენტაციო ნუსხაშია ჩასმული.


თამარ შველიძე

გაზეთ „საერთო გაზეთის" დამატება „პატრიოტი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016