reportiori.ge - ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი საგანი ემატება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:03
პრეს-დაიჯესტი
ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი საგანი ემატება
ავტორი:
23 იანვარი, 2015. 17:59

 

 

ეროვნულ გამოცდებს ახალი, არჩევითი საგანი "სამოქალაქო განათლება" დაემატება. უმაღლესი სასწავლებლები თავად გადაწყვეტენ, მოითხოვონ თუ არა სავალდებულო 3 საგანთან ერთად ახალი დისციპლინის ჩაბარება. აქამდე არჩევითი საგნების რაოდენობა 8 იყო. რაც შეეხება სავალდებულო საგნებს - ქართულს, უცხო ენასა და ზოგად უნარებს, მისი ჩაბარება ყველა აბიტურიენტს მოუწევს. 

 

რაში დასჭირდა განათლების სამინისტროს ახალი საგნის დამატება? რას გულისხმობს „სამოქალაქო განათლება"? 

 

„ალიას" ესაუბრება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განათლების ჯგუფის ხელმძღვანელი ირმა ხომერიკი

 

- ეს საგანი ისწავლება სკოლებში, საბაზო საფეხურზე ისტორიასთან არის ინტეგრირებული, ანუ ისტორიის სახელმძღვანელოებშია საკითხები მოცემული სამოქალაქო განათლებიდან, მე-9-10 კლასებში კი ისწავლება, როგორც დამოუკიდებელი საგანი და შემდეგ უკვე არჩევითი საგანი. დროული იყო ამ საგნის უმაღლესში შეტანა, რადგანაც დაგროვდა ამ საგნის სწავლებისა და შეფასების გამოცდილება და ამის საჭიროება დადგა იმიტომ, რომ ვთვლით, სოციალურ-პოლიტიკურ მიმართულებებზე, ასევე, ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტებზე სწორედ ამ საგნით უნდა შეფასდეს აბიტურიენტების აზროვნება, შესაბამისად, ამიტომ შემოვიტანეთ ეს ახალი ინიციატივა. 


- ანუ სამოქალაქო განათლება" ზოგადი უნარებივით" საგანია? 


- ამას პირდაპირ ასე ვერ ვიტყოდით, ესაა კონკრეტულ შინაარსზე დაფუძნებული საგანი. 


- და რას გულისხმობთ ამაში? 


- ისეთი საკითხების შესწავლას, როგორიც არის დემოკრატია, სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, ეკონომიკის საფუძვლები, კონფლიქტების დარეგულირება, პიროვნული განვითარება. 


- რაც ჩამოთვალეთ, ძალიან ჰგავს იმას, რა საგანსაც სკოლაში მასწავლიდნენ, ესაა საზოგადოებათმცოდნეობა".

 

- კი, მსგავსია, ოღონდ თქვენს მიერ დასახელებული საგნის შესწავლის დროს აქცენტი კეთდებოდა ცოდნაზე, სამოქალაქო განათლების სწავლების მთავარი მიზანი, რაც განსაზღვრულია ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით, არის მოსწავლის მიერ სამოქალაქო კომპეტენციების, შესაბამისი დამოკიდებულებებისა და ლიბერალური ღირებულებების შესწავლა. ასევე, ის გულისხმობს, აქტიური მოქალაქეობისთვის საჭირო ცოდნით დაეხმაროს მოსწავლეს, რომ მან გაიაზროს, რატომაა მნიშვნელოვანი სახელმწიფოსა და ზოგადად, მოქალაქის მნიშვნელობა. ამიტომ ამ საგნის სწავლების დროს ძირითადი აქცენტი უფრო უნარების გამომუშავებაზეა გადატანილი, ისეთი უნარებისა, რომელიც მას აქტიური მოქალაქეობრიობისთვის სჭირდება. 


- უნარებს მაინც ახსენებთ და ერთი ზოგადი საგანი უკვე ბარდება უმაღლეს სასწავლებელში, ზოგადი უნარების" სახით და ახლა შემოგაქვთ ისევ ზოგადი საგანი. ამ დროს, რასაც ვუყურებ, წესით, განათლება უფრო კონკრეტიზაციისკენ უნდა წასულიყო, რადგანაც აქეთკენ გვაქვს გეზი აღებული. 


- შეგიძლიათ, ნახოთ ეროვნული სასწავლო გეგმა, რა შინაარსის თანხმობით ხდება ამ უნარების შეძენა. ესაა ისეთი საკითხები, რაც აუცილებლად საჭიროა ყველა უმაღლეს სასწავლებელში ჩამბარებელს ჰქონდეს. ეს არის პირველი რიგის საკითხები და ცოდნა, რაც ძალიან სჭირდება ბავშვს, მან უნდა იცოდეს, რა არის და როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო, უნდა იცოდეს მნიშვნელობა არჩევნების და ეს არის ძალიან კონკრეტული ცოდნა, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს იმ ქვეყანაში, სადაც ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს. რატომ უნდა ჩაბარდეს სოციალურ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე ისტორია არჩევით საგნად და რატომ არა ეს საგანი, რომლის შინაარსიც უფრო შეეფერება ამ სპეციალობას? 


- გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ უმაღლესი სასწავლებლები თავად გადაწყვეტენ, მოითხოვონ თუ არა სავალდებულო საგნად სამოქალაქო განათლება". როგორ ფიქრობთ, ბევრი მოითხოვს ამ საგანს სავალდებულოდ? 


- მოლოდინი გვაქვს, რომ ბევრი მოითხოვს. 


- რატომ? გარდა სოციალურ-პოლიტიკური და იურიდიული ფაკულტეტებისა, საგანი კიდევ ვის დასჭირდება? 


- თქვენ იცით, რომ არიან უნივერსიტეტები, რომლებიც თავისუფალ არჩევანს აძლევენ აბიტურიენტებს და ემხრობიან თავისუფალი სწავლების პრინციპს, ასეთი უნივერსიტეტებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სავალდებულო ჩამონათვალში რას ჩაწერენ ახალგაზრდები, მაგრამ ეს საგანი როგორც სავალდებულო, ისწავლება სკოლის მაღალ კლასებში, გავლილი აქვთ. ახალგაზრდებს ეს ცოდნა უკვე მიღებული აქვთ და, რომ გაიახლონ ცოდნა, რამდენიმე თვე საკმარისია. გარდა ამისა, მათ ისტორიის ჩაბარებას უნდა ერჩიოთ ეს საგანი, რადგანაც უფრო კომპაქტურია. 


- იანვარში გამოცხადდა ახალი საგნის შემოტანა და არ იქნება უსიამოვნო სიურპრიზი აბიტურიენტებისთვის? 


- თუ მათ მომზადება აქვთ დაწყებული, უნივერსიტეტები არ შეზღუდავენ მეოთხე არჩევით საგანს. ამ შემთხვევაში ზოგი ირჩევს, მაგალითად, გეოგრაფიას და შეუძლია, ისევ ეს საგანი ჩააბაროს, არავინ არ აყენებს მას გამოუვალ მდგომარეობაში. მაგრამ სხვა საგნების პროგრამები იმდენად დიდია, გნებავთ იგივე გეოგრაფიის, ვფიქრობ, აბიტურიენტებს გაახარებთ ეს შეთავაზება, რადგანაც  ეს ახალი საგანი, ვიმეორებ, მხოლოდ ორი წლის მანძილზე ისწავლება სკოლაში. 


- თქვენ კი ამბობთ, არ დავაძალებთ აბიტურიენტებს ამ საგანსო, მაგრამ თავად უმაღლესმა სასწავლებელმა თუ გადაწყვიტა სავალდებულო საგნად, ამ შემთხვევაში რა ხდება? 


- თუ თვითონ დაასახელა? არა მგონია, პირველ წელს ასეთი რამ მოხდეს. ალბათ, შესთავაზებენ სხვა არჩევით საგნებთან ერთად საგანს და მერე უკვე, როცა აბიტურიენტი მზად იქნება ამისთვის, მხოლოდ მაშინ მოსთხოვენ. მგონია, რომ ძალიან დააინტერესებს ეს საგანი აბიტურიენტებს და ის კონკურენციას გაუწევს სხვა არჩევით საგნებს. 


- რაც შეეხება 25 ივნისს ეროვნული გამოცდების დაწყებას, დანამდვილებით გადმოიტანეთ ამ რიცხვზე გამოცდები? 

 

- საქმის კურსში არ ვარ. 

 

ვუკავშირდებით ეროვნული გამოცდების ცენტრს და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი არ მიდასტურებს ამ ინფორმაციას. 


- მოგვიანებით გამოქვეყნდება ის თარიღი, როცა ნამდვილად დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები და ეს ეცნობებათ აბიტურიენტებს. 


- და რატომ გავრცელდა მაშინ ასეთი ინფორმაცია? 


- შარშან დაიწყო 25 ივნისს და ეტყობა, შეცდომით ჩათვალეს, რომ წელსაც ასე იქნებოდა. გამოცდების დანიშვნა სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული და როგორც მოხერხდება, ისე იგეგმება. სავარაუდოდ, ივნისში გამოცდები არ დაიწყება, თუმცა, ვიმეორებ, მოგვიანებით გამოქვეყნდება ზუსტი ინფორმაცია.

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016