არ ვაჭარბებ, ძვირფასო თანამემამულენო - რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს ყველაფერი ბაირამობად მოგეჩვენებათ ხვალინდელ დღესთან შედარებით, თუკი, რასაკვირველია, ქვეყნის მართვის სადავეს თავის ნებაზე მივუშვებთ!
თუმცა, მიშვებულია, აბა რა არის?! -
ნაციონალები ხელისუფლებიდან თავისი ნებით არ მიდიან!
მეოცნებეები ხელისუფლებაში მთელი ძალით ვერ მოდიან!
ამათ ქიშპობას კი კოზაკი ეწირება!
ხოლო, თუ ფრჩხილებსაც გავხსნით და ვიტყვით, რომ ამ შემთხვევაში ეს კოზაკი „ჩვენი ტურფა საქართველოა" - სიტუაცია ათასჯერ უფრო თავზარდამცემი გახდება!
და გახდა კიდეც! - რაც ამ დღეებში საქრთველოში მოხდა, კაცობრიობის ისტორიამ ამაზე უარესი ჯერ არაფერი იცის!
კი, ათასნაირი სახის მკვლელობა მომხდარა და, ისეთებიც კი, კაციშვილს რომ ვერ გაუგია, ვისი თხლე ვის კასრში იყო, მაგრამ, -
შვილის სატირლად მოსული მამა რომ სასაფლაოზე დაეკლათ, ჯერ არსად გაგონილა და არსად ნახულა!
მით უმეტეს, რომ აქ რუსული „ნახუი" სასხვათაშორისოდ სულაც არ გვახსენდება - ის იმ დონის კატასტროფაზე მინიშნებაა, საუკუნეების განმავლობაში რომ უნდა დაილექოს ერის მეხსიერებაში, და კაცმა არ იცის, როდის უნდა გაიღვიძოს მძინარე მზეთუნახავივით!
მეც არ ვიცი, როდემდე უნდა ვიძახო: გაიღვიძეთ, ქართველებო, დეპოში ვართ!
გახსოვთ, ალბათ, ჯერ „გრიშა ბიძია" რომ ჩარჩა დეპოში, მერე სხვები - დღეს ყველანი დეპოში ვართ!
ყველაზე ღრმად კი - დღევანდელი ხელისუფლება!..
საწყლებს მემანქანე გაქცევიათ და მთელი სავაგონო „სასტავი" სამართავად „პომოშნიკებისთვის" შეუჩეჩებიათ ხელში!..
არადა, მარგველაშვილის ნამართავი ქვეყნისა არ გაიშვა არაფერი! - ამ კაცმა კარგად მარტო ცოლების გაშვება იცის და... უშვებს კიდეც!..
***
ღმერთო, რა საოცარია!
საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლაში ქართველები ისე გავწაფულვართ, ხანდახან ნემსის ყუნწშიც კი ვახერხებთ თავის გაძვრენას!
ზოგი ჯამბაზადაც ვქცეულვართ და ახლა მეზობლის ბოსტანში - უკაცრავად, მეზობელი მთავრობის აპარტამენტებში ვყელყელაობთ!
მართლაც ეს საწყალი და ზედმეტად გულუბრყვილო უკრაინელები! -
ნეტა, რა რჯიდათ, ეს ამხელა ქვეყანა ჩვენი პატარა საქართველოს ფილიალად რომ გადააკეთეს და, დღეს:
„შოთაის ნაქონი სისხლით", -
„სულხანის ნაქონი სისხლით", -
„ვახტანგის ნაქონი სისხლით", -
კრეშჩატიკის პროსპექტის გავლით უკრაინის მთავრობაში სხედან: ლეილა, ლონდა, ჩიორა, გივი!..
ხოლო დანარჩენები: გიგი და გიგა, გაგა და გოგა, ვაკო და გაკო ფეხზე დგანან და ბაგირზე ყირას ჭიმავენ!..
ერთი სიტყვით, საქართველოს ხელისუფლებაში ხელმოცარული ჩვენი პოლიტიკური ჯომარდები ისე ლივლივებენ უკრაინის პოლიტიკურ ველზე, რომ წამოფრენისას შეიძლება ვინმეს, სიშავის გამო, გარეული მტრედებიც კი ეგონოს!..
ერთი სააკაშვილია მხოლოდ, ვერაფერში რომ ვერ გამოიყენეს!
თუმცა, რაკი ახლა რუსეთს მისი დაჭერა სურს, ვინ იცის, იქნებ, რაღაც სასაქონლო ღირებულება სააკაშვილმაც შეიძინოს და ჩვენს ძვირფას „ხახოლებს" რუსებთან სავაჭროდ გამოადგეთ!
ყოველ შემთხვევაში, თუ მეტი არა, კიტრის ფასი მაინც ეღირება!..
***
ძვირფასო მკითხველო!
თუ პირველ სიტყვას მოვალთ, მინდა, ოდნავი სიამაყით ისიც აღვნიშნო, თუ რა კარგად ჩამოვაყალიბეთ ქართველებმა მსხვერპლის შერჩევის საკითხი!
სულ თავიდან ილია ჭავჭავაძე რა მშვენივრად შევარჩიეთ, არა?!
ხელისუფლების მხრიდან ასევე ზუსტი მიგნება იყო გურამ შარაძის მკვლელობა!
თუმცა, მაინც უნდა ვთქვათ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ყველაზე „ახლოს დგას" გიორგი სანაიას მკვლელობასთან!
ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მაშინ ეს მსხვერპლი აქციების ასაგორებლად და ქვეყნის ასარევად სჭირდებოდათ საქართველოს მტრებს!
საქართველოს მტრებს დღესაც ძალიან სჭირდებათ ქვეყნის არევა და ვაზაგაშვილიც ამიტომ მოკლეს!..
დანარჩენი, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმეა და, ამ ჩვენს „მთელი ძალით ვერმოსულ" ხელისუფლებას გვერდით თუ არ დავუდექით, შეიძლება, სირცხვილიც გვაჭამოს!...
თამაზ წივწივაძე
გაზეთი „ლიტერატურული საქართველო"