აღა-მაჰმად ხანმა დიდი ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს, მაგრამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა მაინც არ იყო საბოლოოდ განადგურებული. ქვეყანა ისევ ფეხზე იდგა. დაიწყეს მიწასთან გასწორებული თბილისის აღდგენა.
თუმცა ლეკების თარეშს ბოლო არ უჩანდა. თავდასხმის საშიშროება სუფევდა სპარსეთისა და ოსმალეთის მხრიდანაც. ქვეყანა მძიმე დღეში იყო. ერეკლეს ჯანმრთელობა შეერყა. სულ ორიოდე წლის წინ, ცხენს უზანგში ფეხის გაუყრელად შეაფრინდებოდა. 15 წლისა იყო, როცა ნეიშნის ველზე პირისპირ ეკვეთა მომხდურთ ქიზიყელთა მცირე რაზმით, ბელადი თავისი ხელით მოუკლა მტერს და უკან დაახევინა. ამის შემდეგ ხმალი ხელიდან არ გაუგდია.
ახლა კი სისუსტე შეეპარა, გრძნობდა, უნაგირზე ჯდომას ლოგინში წოლა ერჩივნა. ამიტომ თავისი შვილიშვილი, იოანე ბატონიშვილი უსარდლა ჯარს და ყვარელსა და მის მიდამოს შემოსეული ომარ ხანის რაზმების განდევნა დაავალა, თავად კი უფრო ხშირად იწვა, ძალა დღითი დღე აკლდებოდა. მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ თბილისსა და მის შემოგარენში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა "მომსვრელმა სენმა". თბილისში გაჩერება საშიში იყო და სამეფო ოჯახი თელავში გადავიდა საცხოვრებლად.
ერეკლე თელავიდან მართავდა სამეფოს. ყველაფრის საქმის კურსში იყო, რაც კი ხდებოდა მის ქვეყანაში.
1797 წლის შემოდგომიდან მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ფეხები უსივდებოდა. ამბობდნენ, წყალმანკი სჭირსო. თავისი ექიმის შემწეობით, ლითონის პატარა ბასრი ხელსაწყოთი - ნეშტრით (რომელიც ასაცრელად და სისხლის გამოსაშვებად გამოიყენებოდა) შესივებული წვივი დაისერა და სითხე გამოუშვა. ამით მდგომარეობა ოდნავ შეუმსუბუქდა, მაგრამ ფეხების დასივების მიზეზი ალბათ მაინც გულის უკმარისობა იყო და სითხის გამოშვება მის ზოგად ჯანმრთელობას არას არგებდა.
ქათმის ბულიონი მიართვეს ექიმის რჩევით მეფეს, მაგრამ იუარა - ახლა მარხვაა, მე რომ მარხვა გავტეხო, ხალხი რას იტყვის, თავად როგორღა მოიქცევაო. გადიოდა დრო, ერეკლე სულიერად არ ტყდებოდა, ავადმყოფობას არ ეპუებოდა, თელავიდან იძლეოდა მითითებებს. ტახტის მემკვიდრე, უფროსი ვაჟი გიორგიც დაიბარა, მისი ნახვით გაიხარა, დავალებები მისცა და უმალვე მათ შესასრულებლად გაუშვა.
1798 წლის იანვრიდან კიდევ უფრო გაუარესდა მეფის ჯანმრთელობა. 5 იანვარს მკერდში უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, გონებაც დაკარგა, რამდენიმე საათს გაუნძრევლად იწვა, შემდეგ თვალები გაახილა, გონს მოვიდა, ახლობლებს გადახედა, ალბათ ფიქრობდა, ეს რა უდროო დროს გტოვებთ თქვენცა და მთელს ქვეყანასო. მერე მსახურები შემოიყენა გვერდით და სთხოვა, გარეთ გაეყვანათ.
11 იანვარს, გამთენიისას - ერეკლე აღარ მოძრაობდა, თვალგახელილი ერთ წერტილს მისჩერებოდა, თითქოს უხმოდ ლოცულობსო. მერე, ერთხელ კიდევ მოავლო თვალი ოთახს და... იმავე ოთახში, იმავე საწოლზე მიიბარა მისი სული უფალმა, სადაც 78 წლის წინ დაიბადა.
დარეჯან დედოფლის კივილმა შეძრა სამეფო დარბაზი. მას აჰყვნენ ოჯახის წევრები.
მეფის ცხედარი მართლმადიდებლური წესით გააპატიოსნეს.
ყველას აინტერესებდა და დღესაც აინტერესებთ, რამდენი ჭრილობა ჰქონდა სხეულზე მეფეს. გაუთავებელ ომებში ის ხომ თავად მიუძღოდა მეომრებს და თავდაუზოგავად, პირველი ეკვეთებოდა მტერს, მაგრამ რამდენი და რა სახის ჭრილობა ჰქონდა მეფეს - ეს მათ საიდუმლოდ დარჩა, ვინც გააპატიოსნა მისი ცხედარი.
ზოგი ამბობდა, ერეკლეს ტანზე ადგილი არ მოეძევებოდა, ზედ ნაჭრილობევი არ ჰქონოდაო, ზოგიც სიამაყით აღნიშნავდა - სიჩაუქის, სიმარჯვის,
სიძლიერის, კარგი საომარი აღჭურვილობის წყალობით მეფეს არც ერთი ჭრილობა არ ჰქონიაო.
მეფის ცხედარი ორმაგად შეკრულ ხის კუბოში ჩაასვენეს. ყინულები ჩაულაგეს. კუბო ძვირფასი ხალიჩებითა და შავი ხავერდით მორთულ დიდ დარბაზში დადგეს. ქვეყანაში დიდმა გლოვამ და უიმედობამ დაისადგურა. გლოვობდა ყველა - დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, თავადი თუ გლეხი.
დარეჯან დედოფალმა და კათალიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ (ერეკლესა და დარეჯანის ვაჟი - ერისკაცობაში თეიმურაზი) მეფის გამოსვენებისა და დაკრძალვის ცერემონიალის მოწყობა თელავის სასულიერო სემინარიის რექტორს, დავით ალექსი-მესხიშვილს დაევალა.
მთელ ქვეყანაში აფრინეს შიკრიკები, რათა მოსახლეობისთვის მეფის გარდაცვალება ეუწყებინათ. დიდძალი ხალხი დაიძრა თელავისკენ, სადაც ღამის გასათევი ადგილიც აღარ იყო. სახელდახელოდ გაშლილ კარვებში ათევდნენ ღამეს სამძიმარზე მოსულნი. ქართველებთან ერთად სხვა ეროვნებისა და სარწმუნოების მცხოვრებნი, თავიანთი ადათ-წესების მიხედვით დასტიროდნენ თავიანთი მომავლის იმედს.
კუბო ოც დღეს სამეფო სასახლის დიდ დარბაზში იდგა, შემდეგ სასახლის ახლოს, თავად ყორჩიბაშიშვილების ტაძარში გადაასვენეს და საკურთხევლის წინ ამბიონზე დაასვენეს.
სასახლის ეზოში მეფის ნივთების გამოსაფენ საგანგებოდ მოწყობილ, უძვირფასესი ხალიჩებით მორთულ ადგილზე განალაგეს ერეკლე II-ის ტანსაცმელი, სამკაულები, საბრძოლო იარაღი, აბჯარი, უნაგირები, ჯილდოები, საქართველოს სამი დახრილი დროშა...
მიწაზე მსხდომ მეჯინიბეებს აღვირით ეჭირათ ძვირფასად შეკაზმული გამორჩეული ცხენები მეფისა, ირანული ჯიშის ორი ტაიჭი, ერთი - თეთრი, მეორე - მოწაბლისფრო-წითელი, რომელსაც შავი ფაფარი და ძუა ჰქონდა. სწორედ ამ ცხენით ავიდა მეფე მთიულეთში კრწანისის მარცხის შემდეგ.
დარეჯან დედოფალი სტუმრების მისაღებად სასახლის დიდ დარბაზში გამოდიოდა და მისთვის საგანგებოდ მოწყობილ, ხალიჩებით მორთულ ადგილზე ჯდებოდა. გარშემო საპატიო სტუმრები იყვნენ. ორივე მხარეს ისხდნენ ასაკის მიხედვით ბატონიშვილები, შემდეგ სამღვდელოება და წარჩინებული თავადაზნაურობა ჩამწკრივებულიყო. თეთრი ტანსაცმლით მოსილი სეფექალები ტირილითა და სახის ხოკვით ხვდებოდნენ სტუმრებს. სასახლის ოთახების კედლები შიგნიდან და გარედან შავ ნარმას დაეფარა. სამგლოვიარო დარბაზსა და სასახლის შესასვლელში მდგარ კარისკაცებს გადატეხილი კვერთხები ეჭირათ.
დარბაზში ქუდმოუხდელი არავინ შედიოდა, არც ფერ-უმარილი ჰქონდათ ქალებს წასმული.
სასახლის ეზოში მოთქმით შემოვიდა ზემო ქართლის ყოფილი სარდალი, 80 წელს გადაცილებული თავადი ციციშვილი, რომელიც მეფეს თითქმის ყველა ბრძოლაში ახლდა. იგი ერეკლეს ცხენის უნაგირს გადაეხვია და მწარედ აქვითინდა. წრფელი გულით მისტიროდა ბატონსა და მეგობარს. ტირილითა და სახის ხოკვით მიეგება მას დარეჯან დედოფალი.
უამრავმა ადამიანმა დაიტირა მეფის ცხედარი, მაგრამ განსაკუთრებით შეძრა ჭირისუფალნი ქიზიყელი გლეხი ქვრივი ქალის მოთქმამ. მისი ნატირალი მთელ საქართველოს გადასწვდა და კიდევ ერთხელ დაუთუთქა გული მგლოვიარეთ.
სამეფო კარზე ყველაზე გამორჩეული და განსწავლული კაცის, სოლომონ ლიონიძის სამგლოვიარო სიტყვა ისტორიას შემორჩა, როგორც ნიმუში ქვეყნისათვის თავდადებული მეფის ღვაწლის ობიექტურად შეფასებისა.
შემზარავი იყო არაგველთა ტირილი. მათ საქვეყნოდ ცნობილი ლექსით მიმართეს სათაყვანებელ მეფეს და მისი დაღუპვა საქართველოსთვის რკინის კარის ჩამოხსნას შეადარეს.
რუსეთიდან ჩამოვიდა ერეკლეს ერთ-ერთი ვაჟიც, მირიანი, რომელსაც იქ გენერლის ჩინი მიეღო. 14 წელიწადს არ ენახა მირიანს დედ-მამა. პეტერბურგიდან ევროპაში განსწავლული ექიმიც წამოეყვანა, მაგრამ მამას ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო.
თელავისკენ მიმავალ გზაზე, თითქმის შვიდ კილომეტრზე ორივე მხარეს იდგა მგლოვიარე ხალხი. მირიანი ცხენიდან ჩამოხდა და სასახლისკენ ფეხით გაემართა. უკან ადიუტანტი და მხლებლები მიჰყვებოდნენ. ბატონიშვილი ბუნდოვნად ამჩნევდა, მის დანახვაზე როგორ ეცემოდა მუხლებზე შავით მოსილი მგლოვიარე ხალხი და შესტიროდა:
- ვინღა გვიპატრონებს ობოლთა და გაჭირვებულთ...
- ვინ განდევნის შემოსეულ მტერს...
- ვინ გაარჩევს ჩვენს ტყუილსა და მართალს...
- ვინ გამოესარჩლება ღატაკთა და სნეულთ...
- დავკარგეთ საქართველოს იმედი, დაიღუპა საქართველო...
სასახლის ეზოში მირიანი შეჩერდა, თვალცრემლიანმა გახედა სასახლეს, მერე მამის ცხენებთან მივიდა და მათ წინ მუხლზე დაიჩოქა. ცხენები გულშემზარავად აჭიხვინდნენ, ფლოქვების ცემით აამტვერეს მიწა.
მირიანი დარბაზში შევიდა და დარეჯანისკენ გაემართა. 14 წლის უნახავი დედა-შვილი მუხლებზე დაეცნენ, დაჩოქილნი გადაეხვივნენ ერთმანეთს და მწარედ ატირდნენ. ბოლოს მირიანი წამოდგა, დედა ანუგეშა და ბატონიშვილებთან მივიდა მისასამძიმრებლად.
ამ დროს, ქვეყანაში შავი ჭირი მძვინვარებდა, ამიტომ სამეფო ოჯახი რამდენიმე ათეულ დღეს ელოდა ეპიდემიის ჩაცხრომას, რათა დაკრძალვის ცერემონიალი წინასწარი გეგმით განსაზღვრული სათანადო პატივისცემით გამართულიყო თბილისშიც და მცხეთაშიც. მიუხედავად ზამთრის ცივი დღეებისა და კუბოში ყინულების ჩაწყობისა, იყო ცხედრის გაფუჭების საშიშროებაც.
დრო კი აღარ ითმენდა, არც ეპიდემია იკლებდა და ბოლოს ტახტის მემკვიდრე გიორგისთან შეთანხმებით გადაწყდა, მეფის ცხედარი გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს პირდაპირ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დაეკრძალათ.
ერეკლეს გამოსვენების დღეს უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი ეკლესიის გარშემო, რომელშიც მეფის კუბო იდგა. თელავში და თელავიდან გასასვლელ გზაზე ხალხის ტევა არ იყო.
პროცესიის წინა რიგებში ცხენოსანი და ქვეითი ჯარი განლაგდა ორი ზარბაზნითურთ.
ორმოცდღიანი ტირილი, სამგლოვიარო წირვა-ლოცვა და გალობა დროებით შეწყდა. ზარბაზნების ბათქმა და თოფების სროლამ ხალხს აუწყა, რომ ერეკლეს ცხედარს უკვე მცხეთაში მიასვენებდნენ.
ატყდა ზარების სულის შემძვრელი რეკვა.
პროცესია დაიძრა, სავარაუდოდ გომბორის გზით მიდიოდნენ თბილისისკენ. კუბო ხელით მიჰქონდათ. ერეკლეს კუბოს ხელით ტარება დიდი პატივი იყო ყველა ქართველისათვის. გზისპირა სოფლებში გამოფენილი ხალხი ხმამაღალი ტირილით ბოლო გზაზე აცილებდა თავის მეფეს.
"ოცი ათასამდე ცხენოსანი და ქვეითი მებრძოლი მიაცილებდა ერეკლეს კუბოს", - წერს რუსი ისტორიკოსი პიოტრ ბუტკოვი, რომელიც ამით თითქოს გვეუბნება, - აი, რა ხალხი ხართ ქართველები. მეფემ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ორი ათასამდე კაციც კი ვერ შეაგროვა, მის კუბოს კი ოცი ათასი მეომარი მიჰყვებოდაო. სად იყვნენ ისინი მაშინ, როცა უჭირდა მეფეს და ქვეყანასო. თუმცა ვფიქრობთ, მეომართა რიცხვი ამდენი ვერ იქნებოდა.
იმ დღეს თელავში მართლაც მოვიდოდა ბევრი ხალხი, შეიძლება ოცი ათასზე მეტიც, მაგრამ ცნობილია, რომ მაშინ ქართლ-კახეთში ამ რაოდენობის მეომრის შეკრება შეუძლებელი გახლდათ. მით უმეტეს, შავი ჭირის ეპიდემიის საშიშროება არსებობდა, რის გამოც ქართლიდან კახეთისკენ გადაადგილებას ერიდებოდნენ. მოდარაჯე რაზმელებს იმათი მოკვლის უფლებაც კი ჰქონდათ, ვინც მათ არ დაემორჩილებოდა და უნებართვოდ, ძალით წასვლას მოინდომებდა კახეთისკენ.
ოცი ათასი მეომარი მართლაც რომ მოსულიყო დაკრძალვაზე, შეკრებილი ხალხის კოლონები ჯართან ერთად 10 კილომეტრზე მაინც გაიჭიმებოდა, რაც წარმოუდგენელია და რაზეც არც რომელიმე სხვა ისტორიული წყარო არ მიუთითებს. ალბათ მართალია ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი, როდესაც ბრძანებს: "ოდეს მეფე გარდაიცვალა თელავსა, ჭირი ესე იყო მიზეზი რომელ მცირედითა კაცითა და არა დღესასწაულებით გადაიტანეს გვამი მეფისა მცხეთას დასასაფლავებლად".
როგორც ჩანს, დაკრძალვა დიდი პომპეზურობით კი იყო გათვალისწინებული, მაგრამ შავი ჭირის გამო, როგორც ამას პლატონ იოსელიანი წერს, "დღესასწაულებით" ვერ მოხერხდა.
იმ დროს ბევრი არასწორი და დამამცირებელი რამ იწერებოდა ქართველებზე, რასაც ზოგჯერ ჩვენც ვიმეორებთ და საკუთარ თავს ვაკნინებთ.
აი, რა ტყუილს მოგვითხრობს არტემ არარატსკი თავის წიგნში, რომელიც 1813 წელს პეტერბურგში რუსულად გამოსცა (შემდგომ ეს წიგნი ოთხ ენაზე ითარგმნა - გერმანულად, ინგლისურად, სომხურად და ქართულად და ამიტომ ბევრი ისტორიკოსი იმეორებს ამ არასწორ მონათხრობს): "კრწანისის ომის შემდეგ ერეკლე ანანურის ეკლესიაში ვნახე დამწუხრებული, ცხვრის ტყაპუჭში გახვეული. იგი კედლისკენ პირმიქცეული იჯდა. ერთ დროს ძლევამოსილი და სახელგანთქმული მეფე ყველას მიეტოვებინა, მისთვის ყველას ეღალატა - ოჯახის წევრებს, ახლობლებს, თანამებრძოლებს, რომელნიც ადრე მის მზეს ფიცულობდნენ. ასაკოვან მეფეს საქართველოში მხოლოდ ერთადერთი ერთგული კაცი შემორჩენოდა. ეს იყო სომეხი მსახური, რომელიც სომხურად დამელაპარაკა, მითხრა, რომ ნამათხოვრებით ირჩენდა თავს და ნაწყალობევ პურის ნატეხებს ერეკლესაც უნაწილებდა სამადლოდ".
ეს არარატელის ფანტაზიის ნაყოფია, რადგან ცნობილია, რომ კრწანისის ომში დამარცხებული მეფე ანანურში ასვლისთანავე ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში იყო. მან იმავე დღიდან დაიწყო საქმიანი მიწერ-მოწერა და საომრად მზადება. მისთვის არც ერთ ოჯახის წევრს არასდროს უღალატია.
საქმე ის გახლავთ, რომ არასწორი და ქართველთა დამაკნინებელი ამბების გავრცელება რუსეთის იმპერიას საქართველოს "ნებაყოფლობით" მიერთების გასამართლებლად სჭირდებოდა.
თელავიდან წამოსული, ერთობ შეთხელებული პროცესია თბილისს მოუახლოვდა. შავი ჭირის მძვინვარების გამო მეფე ქალაქში ვერ შეაბრძანეს და მცირე ხნითაც ვერ დაასვენეს სიონში. მახათას მთის ძირას შეჩერდნენ, კუბო თბილისისკენ შეაბრუნეს, თითქოს უნდოდათ მეფისთვის მისი საყვარელი ქალაქი უკანასკნელად დაენახვებინათ. შემდეგ ავჭალისკენ დაიძრნენ. მცხეთის გამოღმა მიადგნენ არაგვს და კუბო მდინარის ნაპირთან დაასვენეს. არაგვის გაღმა მცხეთელები იდგნენ. პროცესიის მოსვლისთანავე მათ ფეხით გადმოვლეს არაგვი, რათა ძვირფასი ნეშტი გადაებარებინათ.
კახეთიდან მოსულებმა კიდევ ერთხელ დაასველეს ცრემლით მეფის ცხედარი და უკან გაბრუნდნენ.
მცხეთელები მიუახლოვდნენ, მოწიწებით თაყვანი სცეს მეფეს, დაიჩოქეს კუბოსთან, შემდეგ კუბო ასწიეს და ისე ფრთხილად გადაატარეს არაგვზე, თითქოს ცდილობდნენ, არ გაეღვიძებინათ მხცოვანი, ხალხზე ფიქრით გადაღლილი მძინარე მეფე.
კუბო სვეტიცხოვლის კარიბჭესთან მიიტანეს და იქ შემოგებებულ ბერებს გადააბარეს.
თელავიდან წამოსულ ჭირისუფალთაგან არავინ შეჰყოლია მცხეთაში ერეკლეს ცხედარს, გარდა სამეფო კარის მღვდელ ქრისტეფორესი. შავი ჭირით დაავადების შიშით ვერავინ ეკარებოდა სვეტიცხოვლის მიდამოებს, რადგან სვეტიცხოვლის ეზო და თვით ტაძარი სავსე იყო სნეულებით. ზოგი მათგანი ცოცხლად გადარჩენის იმედით, ზოგი კი გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინში - ღვთის სახლს შეფარებოდნენ და მის განაჩენს ელოდნენ.
ქრისტეფორე კეჟერაშვილი-ბადრიძე იყო ის მოძღვარი, ვინც მეფის ოჯახს აღუთქვა, რომ საკუთარი სიცოცხლის განსაცდელში ჩაგდების ფასად აღასრულებდა ყველა ქრისტიანულ წესს და საკადრისად დაკრძალავდა მეფეს. ქვეყნისა და მეფის ერთგულმა მოძღვარმა, რომელსაც კიდევ სხვა მრავალი კარგი საქმე ჰქონდა ერისთვის გაკეთებული, ახლაც პირნათლად მოიხადა თავისი ვალი - "თავი გამოიმეტა", "საფლავს მიუდგა და ემსახურა", მცირე აღაპიც გადაიხადა.
1798 წლის 21 თებერვალს, კვირას, სვეტიცხოვლის ტაძარში მიწას მიებარა კიდევ ერთი ქართველი მეფე, ღირსეული წარმომადგენელი ბაგრატიონთა გვარისა. დაასაფლავეს "მუნ, მარჯვენით კერძო შინაგან დიდისა მის ეკლესიისა, ქვემორე პირისპირ ხატისა მაცხოვრისა, მეუფისა ქრისტე მხსნელისა ჩვენისა".
(წყარო: კვირისპალიტრა, თეიმურაზ პეტრიაშვილი)