ეროვნული საგანძურის მცველმა, ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა „ფოსტალიონს" საგანძურის ხელყოფის უნიკალური ვედეოკადრები გამოუგზავნა და სკანდალური ახსნაც მოაყოლა.
ნინო მიქიაშვილი:
_ 2012 წლის 19 აპრილიდან _ 11 ნომბრამდე ჰოლანდიაში, დორდრეხტის მუზეუმში, ფიროსმანის 45 ტილო ჰქონდათ გამოფენილი. ვიდეო რომელზეც ასახულია ქეიფი, ღრეობა და ტაშფანდური, ამ გამოფენის გახსნის დღეს არის გადაღებული.
წაღებული ჰქონდათ ფიროსმანის: „პატარა ბიჭი _ მეთევზე", „პარაკლისი", „ქეიფი ორსართულიანი სახლის წინ", „გოგონა წითელი საჰაერო ბუშტით", „ქალი ყვავილებითა და ქოლგით", „პატარა კინტო", „ორთაჭალის ტურფა მარაოთი", „ძიძა", „მზარეული", „შველი პეიზაჟის ფონზე", „კურდღელი", „ოთხი მოქალაქის ქეიფი",
„მილიონერი უშვილი და ღარიბი შვილებით", „ნატურმორტი", „აქტრისა მარგარიტა", „მეეზოვე" და ა.შ.
ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ უფრთხილდება და უვლის ჩვენს საგანძურს, ფიროსმანის ტილოებს ეროვნული მუზეუმის დირექცია.
_ ეროვნული მუზეუმიდან მოხდა ფიროსმანის ტილოების ამ გამოფენაზე გატანა?
_ ფიროსმანის ტილოები გამოფენილი იყო ხელოვნების მუზეუმში, საიდანაც ყველაფერი გააქვთ და უკან არაფერს აბრუნებენ. მერე ეს ტილოები ცისფერ გალერეაში გადაიტანეს და იქ, სარდაფში ულაგიათ. ზოგი იმ დარბაზებშიც აქვთ გამოფენილი, რომელსაც ლორთქიფანიძე აქირავებს ქორწილების გადასახდელად. როცა მივიღეთ ინფორმაცია, რომ დავით ლორთქიფანიძე ეროვნულ გალერეას აქირავებდა მექორწილეებზე, ერთ-ერთი ქორწილის დროს „ობიექტივმა" მიუსწრო და ეს ფაქტი გადაიღო. კადრებში ჩანს როგორ გამოდიან მექორწილეები ეროვნული გალერეიდან დიდი პროჟექტორებით. ეტყობა ნეფე-დედოფალი ფიროსმანის ტილოებთან პოზიორობდნენ. ეს კადრები ახლაც არსებობს.
_ იმ ვიდეოკადრებში, რომელიც ახლა გადმოგვეცით, სანდრა რულოვსი და მისი შვილიც ჩანს და მათი იქ ყოფნა რითი აიხსნება?
_ დიახ, ისინიც იქ იყვნენ. ისიც ჩანს, როგორ ილხენენ და რა კარგ ხასიათზე არიან ყველანი. ამ კადრებიდან რომელიმე იქ მყოფს ეტყობა ფიროსმანი და ხელოვნების ნიმუში რომ აინტერესებს?! რა უნდოდა ამ საგანძურს ისეთ მუზეუმში, სადაც ნამუშევრებს ექცევიან ისე, როგორც ფიროსმანის ტილოებს მოექცნენ?!
_ იქნებ ისიც ახსნათ, რა ზიანს აყენებს ეროვნულ საგანძურს ასეთი მოპყრობა, ან რატომ არ შეიძლება საგანძური, თუნდაც პოპულარიზაციის მიზნით ქვეყნიდან გაიტანონ?
_ როგორც ცნობილია, ნორმალურ მუზეუმებში ფოტოს გადაღებაც იკრძალება, ამათ კი პროჟექტორები შეაქვთ და ისე იღებენ ფოტოებს. ფიროსმანის ტილოებთან ღრეობა, პოპულარიზაცია არ არის. გამანათებლებით გადაღება იმიტომ არის აკრძალული, რომ მკვეთრი სინათლე ნამუშევრებზე უარყოფითად მოქმედებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი განათება ვერცხლის და ოქროს ნაკეთობებსაც აზიანებს. მასზე ასევე უარყოფითად მოქმედებს არასათანადო ტემპერატურა, ხმაური და ა.შ. კარგად დააკვიდრით კადრებს და დაინახავთ, რომ დორდრეხტის მუზეუმში ფიროსმანის ნახატებს ეხებიან კიდევაც ბუშტებით, მასთან ძალიან ახლოს დგანან, რაც არ შეიძლება.
რამდენიმე დღის წინ, თქვენს სააგენტოს გადავეცი ჩემი ჟურნალისტური გამოძიების მასალები, თუმცა მასზე კომენტარი არ გამიკეთებია. იქ საუბარია მუზეუმებიდან ეროვნული საგანძურის გატანაზე. ეს მასალები მოვაგროვე მაშინ, როცა გამოვითხოვე ოფიციალური დოკუმენტაცია კულტურის სამინისტროდან და მათ 300 გვერდიანი ჩამონათვალი მომცეს. მოგვიანებით, 2013 წლის ივნისში ვიყავი კულტურის მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისიის წევრი და უკვე უშუალოდ მომიწია იმ სანაძურის თანხლები დოკუმენტაციის შემოწმება, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას, 9 წლის განმავლობაში, წინ და უკან დაჰქონდა. დოკუმენტების 99 პროცენტი წესრიგშია და იქ ვერ ნახავ ისეთ ხინჯს, რომელზეც დავის ატეხვა შეიძლება, მაგრამ დარღვეულია კანონი, სადაც გარკვევით წერია, რომ ქვეყნიდან ყოველი გატანისა და შემოტანის დროს, ყველა ნივთს უნდა უტარდებოდეს სახელმწიფო ექსპერტიზა. კანონშიც ალბათ ამიტომ ჩაწერეს ეს, რომ ასეთ დროს, გაყალბების თუ სხვა საფრთხეები არსებობს. როგორც მითხრეს, შემდეგ არ გამოიცა კანონქვემდებარე აქტები და ნივთებს ექსპერტიზა ამიტომ ვერ ჩაუტარდათო. ასეთ დროს ყველას გაუჩნდება კითხვა, ეს ნივთები რამდენად არის ნამდვილი?! არსებობს დოკუმენტური ფილმები, იმდროინდელი კულტურის მინისტრები როგორ მდიდრდებოდნენ ცნობილი მხატვრების ნამუშევრებით. საქართველოში არ არსებობს ლაბორატორია და აპარატურა, რომლითაც დადგინდება ამა თუ იმ ტილოს, ანდაც ვერცხლის და ოქროს ნივთების ნამდვილობა. ამიტომ ასეთი ეჭვები იარსებობს მანამ, სანამ ექსპერტიზა არ ჩატარდება. კომისიამ რომელშიც მე ვიყავი, ფიროსმანის ტილოების ნამდვილობა ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე დაადგინა. კომისიიდან მხოლოდ მე არ მოვაწერე ხელი ასეთ დასკვნას. როგორ შეიძლება ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე დადო თავი, რომ ნებისმიერი დიდი მხატვრის ტილო თუ სხვა მანუშევარი არის ნამდვილად მისი?! როგორ უნდა მოვაწერო ხელი იმ დასკვნას, როცა ტილოს შეხედავენ გოგი ხოშტარია და რამდენიმე ადამიანი და წერენ, ეს ნამდვილად ფიროსმანიაო?!
სპეციალისტებიდან ისიც ვიცი, რომ ყველა ნივთის მუზეუმიდან გატანა არ შეიძლება. არც ის არის სწორი, ერთი და იგივე ნამუშავარი 9 წელი შეუსვენებლად ამგზავრო აქეთ-იქით. ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება მასზე. კომისიაში მუშაობის დროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დავაზუსტე და გავიგე. ყველა გატანა-შემოტანის დროს, ფიროსმანის ტილოებს უტარებდნენ რესტავრაციას, რაც ჩემს ნათქვამს ამტკიცებს, რომ ეს გატანა-შემოტანა მასზე უარყოფითად აისახება. თუმცა რესტავრაციის პროცესი არცერთ დოკუმენტში ჩაწერილი არ არის. ხელოვნებათმცოდნეები და რესტავრატორები ამას მტვრის გადაწმენდას ეძახიან. რას ჰქვია მტვრის გადაწმენდა?! ფიროსმანის ერთი და იგივე ტილოები, ასევე ვერცხლის და ბრინჯაოს ნივთები, 9 წელი ამგზავრეს უცხო ქვეყნებში და დაზიანდებოდა, აბა რა იქნებოდა? ქვეყნიდან ქვეყანაში ისე გადაქონდათ, მიწაზე არ დებდნენ, რაც არის დაუშვებელი. არც ის არის ცნობილი, ვინ და რა პრინციპით არჩევდა უცხოეთში წასაღებ ნამუშევრებს. კომისიამ ვერც ასეთი დოკუმენტაცია აღმოაჩინა.
_ დორდრეხტის მუზეუმში გადაღებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ფიროსმანს ამალა დაჰყვებოდა. ამაში სახელმწიფო თანხები იხარჯებოდა?
_ საქმე იმაშია, რომ ოფიციალური დოკუმენტებიდან ესეც არ ჩანს. დორდრეხტის მუზეუმში მყოფი დამკვრელები და კარის მუსიკოსები რა ფორმით გაამგზავრეს იქ, ფიროსმანის ნამუშევრების გატანის თანხლებ დოკუმენტაციაში ასახული არ არის. ვინ გამოუყოთ თანხა და რა სტატუსით წავიდნენ, უცნობია. დოლდრეხტის მუზეუმის დოკუნეტაცია რომ შევამოწმე, იქ დიმპიტაურ-დამპიტაური, მუსიკოსები და პირველი ლედი შვილებთან ერთად, არსად ჩანდა. თუმცა რადგან იქ იყვნენ, ესეც უნდა გამოჩენილიყო.
_ თქვენ მეორე ვიდეომასალაც გამოგვიგზავნეთ, სადაც ასახულია, როგორ გადააქვთ საგანძური მიკროავტობუსით. ამჯერად რა ხდება?!
_ ეს ვიდეო 2014 წლის ოქტომბერშია გადაღებული. „სატკაცუნებელ" პარკებშია ტილოები გადახვეული და ისე გააქვთ ხელოვნების მუზეუმიდან მუშებს. როგორც მითხრეს წაიღეს ცისფერ გალარეაში და იქიდან სად გადაიტანეს, აღარ ვიცი. კოლექციების საშინელი აღრევა ხდება. როცა სვანეთის ექსპონატებს საფრთხე ემუქრებოდა და სამშენებლო ნაგავში ჰქონდათ, პატრიარქმა ქადაგებაში შესთავაზათ, დაგითმობთ ეკლესიას საცავად სანამ ახალი მუზეუმი აშენდებაო. მაშინ უწმინდესის კომისიის წევრიც ვიყავი. ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები, ანუ ლორთქიფანიძის კომისიის წევრები იცით ამ აზრს რა მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ. ამბობდნენ, განუყოფლობის პრინციპით დაუშვებელია ეკლესიაში ნივთების ნაწილის გადატანა, მთელი კოლექცია კი, იქ ვერ დაეტევაო. ახლა ვკითხულობ, სვანეთის მუზეუმთან მიმართებაში თუ არ შეიძლებოდა კოლექციის გაყოფა, ხელოვნების მუზეუმის შემთხვევაში როგორ შეიძლება? რატომ გაზიდეს ეს საგანძური და უკან რატომ აღარა აბრუნებენ?! რამდენადაც ვიცი, სიღნაღის მუზეუმიდანაც აქვთ წამოღებული ექსპონატები და იქაურმა თანამშრომლებმა არ იციან სად წაიღეს. ყველაფრის აღრევას ახდენენ, მერე რომ ვერავინ გაიგოს რომელი ნივთი სად არის და არის თუ არა საერთოდ საქართველოში?!
(წყარო: postalioni.com)