reportiori.ge - ჰამლეტ გეგია: საზოგადოებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ ვინ იქნება სამართლიანობის სადარაჯოზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 05:55
ინტერვიუ
ჰამლეტ გეგია: საზოგადოებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ ვინ იქნება სამართლიანობის სადარაჯოზე
ავტორი:
26 იანვარი, 2015. 12:05

 

 

საქართველოში ბოლო დღეები საკმაოდ დაძაბული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. წინა ინტერვიუებში საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ ჰამლეტ გეგიამ ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით თავისი აზრი გამოხატა, ახალი წლის შემდეგ აუცილებელი იყო მთავრობას ლარის კურსის შენარჩუნებისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა. თუმცა დღეს ლარის კურსი ისევ ეცემა და საზოგადოებაში ნიჰილისტურ განწყობას ბადებს.



- ლარის კურსი ისევ დაეცა, მისი ნიშნული 2004 წლის ნიშნულს მიუახლოვდა, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი და არის თუ არა საზოგადოებაში პანიკის ან შიშის საფუძველი, ემუქრება თუ არა ქართულ ეკონომიკას საფრთხე?

 


- დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა სოციალური სტაბილურობა და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაა. ამ თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ლარის კურსის დაცემა არ არის მარტო ფისკალური პოლიტიკის შედეგი, ძალზე მნიშვნელოვანია ასევე საზოგადობისა და მთავრობის დამოკიდებულება ამ პროცესებთან. ჩვენ როდესაც ვსაუბრობდით ახალ წლებში ლარის კურსის გამყარების შესახებ, ეს მართლაც ასე მოხდა, რადგანაც ახალ წლებზე ლარზე მოთხოვნილება გაზრდილი იყო და მოსახლეობის მხრიდან დოლარზე მოთხოვნილება ნაკლები იყო. 15 იანვრის შემდეგ ჩვენ მთავრობასაც მივმართეთ, სერიოზული ყურადღება გაემახვილებინა ლარის კურსზე და სოციალური სტაბილურობის პრობლემებზე. რადგანაც ჩვენი მოსახლეობა მოიხმარს 70%-ზე მეტ იმპორტირებულ საქონელს, განსაკუთრებით ახალი წლების სადღესასწაულო პერიოდში და იმპორტირებული საქონელი შეძენილია უცხოურ ვალუტაში, რა თქმა უნდა, მთელი მოსახლეობის მიერ დახარჯული ლარებით საქონლის შემომტან ფირმებს უნდა გაესტუმრებინათ დოლარებში (ვალუტაში). თავისთავად ეს გამოიწვევდა სერიოზული მოთხოვნილების გაზრდას დოლარზე, ამას დაემატა მთავრობის მიერ მოკლევადებში გაცემული ასეულ მილიონობით ლარი. ამას ემატება ასევე მსოფლიოში არსებული მდგომარეობა, კერძოდ, დოლარის გამყარების ტენდენცია მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში, ასევე უკრაინაში და რუსეთში შექმნილი ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობა, არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით. რუსული რუბლისა და უკრაინული გრივნის გაუფასურებაც უშუალოდ აისახება საქართველოს მოსახლეობის საერთო შემოსავლების შემცირებაზე, რადგანაც ასიათასობით ადამიანი დასაქმებული იყო და არის რუსეთისა და უკრაინის შრომით ბაზარზე. რა თქმა უნდა, მათი შემოსავლებიც შემცირდებოდა, რადგანაც ეროვნული ვალუტის დევალვაცია საბოლოო ჯამში ძირითადად უარყოფითად აისახება მოსახლეობის მცირე და საშუალო ბიზნესის შემოსავლებზე, მაშინ როდესაც ძირითადად მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები და ფირმები დიდ მოგებას ნახულობენ. ასევე, შემცირებულია უცხოური ინვესტიციები და ვალუტის ბაზრის სხვადასხვა შემოსავლების მოცულობა.



საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვალდებული იყო და ვალდებულია გაეთვალისწინებინა და გაითვალისწინოს ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვექტორი და ამის საფუძველზე გააკეთოს სწორი პროგნოზირება, თუ რა მიმართულებით განახორციელოს სახელმწიფო ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის გააქტიურება, განსაკუთრებით საფინანსო ინსტიტუტებმა და ეროვნულმა ბანკმა, რაც სამწუხაროდ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ეფექტურად არ ხორციელდება (საერთოდ თუ რამე ხორციელდება). თუ არ იქნება შეჩერებული ლარის კურსის ვარდნა და იგი გადააჭარბებს 2004 წლის ნიშნულს, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას. ასევე შესასწავლია, თუ ვინ უწყობს ხელს (თუ ასეთი რამ არსებობს) ლარის კურსის ვარდნას, რადგან თუ მსგავსი განცხადებები გაკეთდება საჯარო პირების და ექსპერტების მიერ, რომ ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდება, ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში კი არა, სახელმწიფოს ეკონომიკური მექანიზმების მოშლის კუთხით შეიძლება იყოს განპირობებული. მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტმა რომ განაცხადოს, შესაძლებელია დოლარის კურსის ვარდნა, დარწმუნებული ვარ, მეორე დღესვე მსოფლიო სავალუტო ბირჟებზე პანიკა და დოლარის კურსის ცვალებადობა დაიწყება. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ფსიქოლოგიურ განწყობას და მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური თვითდაზღვევის ინსტიქტებს.



- რა უნდა გაკეთდეს ან როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება?

 


- ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობას ეკონომიკურ გამოწვევებში ყველაზე დიდი და სერიოზული გამოცდის ეტაპი ეწყება. თუ ისინი აირჩევენ ნეოლიბერალურ მიდგომებს, საფინანსო-ეკონომიკური, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის განვითარების შედეგი იქნება უარყოფითი, რაც ნათლად გვაჩვენა ცნობილმა მსოფლიო კრიზისმა, რომელმაც ათეულ ათასობით ცნობილი ამერიკული ფირმები გააკოტრა, მათ შორის, ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაც კი. რომ არა პრეზიდენტ ბარაქ ობამას და ამერიკის მთავრობის დროული და სწორი გადაწყვეტილება - ჩარეულიყო, შეეჩერებინა და გადაერჩინა ცნობილი ფირმები გაკოტრებას, დოლარი დღეს ასე არ გამყარდებოდა. დასკვნა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე ძალზე მარტივია: 1) ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ სასწრაფოდ ყველაფერი უნდა გააკეთოს და გამოიყენოს ყველა საფინანსო ბერკეტი, რათა შეაჩეროს ლარის კურსის ვარდნა. ჩემთვის როგორც ცნობილია, ამის რესურსები ეროვნულ ბანკს გააჩნია; 2) მთავრობამ თავისი პირადი მაგალითით ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებას ამ სერიოზული სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში. აუცილებლად უნდა გამოინახოს ფინანსური რესურსები, რათა დაეხმაროს სოციალურად დაუცველ საკმაოდ მრავალრიცხოვან მოსახლეობას. უპირველეს ყოვლისა, მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს ხელი უნდა შეუწყოს და უმოკლეს ვადაში უნდა გაატაროს რეფორმები საშუალო და მცირე ბიზნესის (თვითდასაქმების) ხელშეწყობის თვალსაზრისით, თუნდაც გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი ან უპროცენტო (იაფი ფული), მიზნობრივი დახმარების სახით ეროვნული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების უზრუნველსაყოფად. მეორეს მხრივ, აუცილებელობის შემთხვევაში, ზემოგებაზე ორიენტირებულმა ფინანსურმა და მსხვილმა ინსტიტუტებმა დროებით მაინც უნდა შემოიჭირონ ქამრები და ხელი შეუწყონ ლარის გონივრულ სტაბილიზაციას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოში აუცილებლად უნდა გატარდეს საგადასახადო რეფორმა პროგრესული დაბეგვრის თვალსაზრისით (რომელიც გულისხმობს ზემოგებებზე ორიენტირებული ბიზნესის პროპორციულ დაბეგვრას), რაც დამატებით შექმნის და შეავსებს სავალუტო რესურს, ლარის სტაბილურობის სარეზერვო ფონდს.



- საზოგადოება ითხოვს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში და მთავრობას უსუსურობაში და უუნარობაში ადანაშაულებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?

 


- რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ფენომენს, საერთოდ, ზოგადსაკაცობრიო ფორმულაა „ადამიანს სიკეთე არ დაუკარგო და თუ დაუკარგავ, ღმერთი მაინც მიაგებს". უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ უანგარო ქველმოქმედებას, რომელიც მან გასწია წლების განმავლობაში და ურთულეს პერიოდში მხარში დაუდგა ჩვენს საზოგადოებას, გამკლავებოდა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს. რაც შეეხება უკმაყოფილებას მის მიმართ, ეს მართალაც ასეა, ამას თვითონაც არ უარყოფს და გამომდინარეობს დაპირებების არა არ ან ვერ შესრულებიდან, არამედ იმ ფაქტორებიდანაც, რაც ეხება მის აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს მოქალაქეობრივ აქტიურობას, რომელსაც, სამწუხაროდ, მეც ვერ ვხედავ. მისი არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის" ქმედითუნარიანობაში მე ეჭვი არასოდეს არ შემპარვია, მაგრამ მის შედეგიანობას სამოქალაქო სექტორის გააქტიურებასთან დაკავშირებით - ვერც მცდელობას და ვერც შედეგს ვერ ვხედავ. დავსვათ კითხვა - რატომ? შეიძლება არსებობდეს რამდენიმე მოსაზრება: 1) არსებობს „წყალქვეშა დინება", რომელსაც საზოგადოება ვერ ხედავს და მის საზოგადოებრივ გააქტიურებას ხელს უშლის (ბლოკავს); 2) არ არის დღემდე ჩამოყალიბებული სამოქალაქო დემოკრატიული საზოგადოების გააქტიურების მხარდამჭერი პროგრამები, თუმცა მცდელობა არსებობდა და არსებობს; 3) იგი იმდენად დაიღალა ამ ქართული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცნობიერებით, რომ ინდიფერენტული განწყობა დაეუფლა, იმედია დროებით. პირადად მე, როგორც რიგითი მოქალაქე და ამომრჩეველი, კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ მოიკრიბოს ყველა ძალა, განსაკუთრებით ახლა და საზოგადოებას აჩვენოს თავისი სიმტკიცე, მოქალაქეობრივი აქტიურობა და პასუხისმგებლობა, რაც მას ბევრჯერ გაუკეთებია.



- როგორ ფიქრობთ, ხომ არ ეწირება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პოლიტიკურ ამბიციებს?

 


- საქართველოს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება ტექნიკურად მოაზროვნე კადრები (ტექნოკრატები). დღეს ცივილიზაცია დგას ტექნოლოგიური მიღწევების საფუძვლებზე და ნებისმიერი მომსახურეობის სფერო იკვებება ინჟინრების, მეცნიერებების და მატერიალური დოვლათის შემქნელების ხარჯზე. ეს განსაკუთრებით საქართველოს ეხება. საქართველოს თუ არ ეყოლება კვალიფიციური ინჟინრები, ტექნოლოგები, პრაქტიკაზე ორიენტირებული მეცნიერები, ციფრული ტექნოლოგიის სპეციალისტები, პროგრამისტები, ეკონომისტები და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მათი ორგანიზაციული უზრუნველყოფის მენეჯერები (ბიზნესმენები), საქართველო ვერასოდეს თავის ადგილს მსოფლიოში ვერ დაიმკვიდრებს. ეკონომიკური თვალსაზრისით ვერც ტურიზმი უშველის, ვერც მომსახურების სფერო და ვერც საბანკო ინსტიტუტები. მე ჰუმანიტარულ დარგებს არ უარვყოფ, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ჰუმანური დარგების ბუმია, რომელიც ცხადია, მატერიალური დოვლათის შექნაში დიდ როლს ვერ თამაშობს და არც შრომის ბაზარზეა მაინცდამაინც ჰუმანიტარებზე დიდი მოთხოვნა. რადგან მთელს მსოფლიოში მიღებულია და არსებობს განათლების სამინისტრო და განათლების პოლიტიკას აწარმოებს სახელმწიფო, ნებისმიერმა მთავრობამ ისე უნდა წარმართოს ეს სისტემა, რომ შეესაბამებოდეს საზოგადოების განათლება და მისი პროპორციები შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნილებებს. მიუხედავად საბაზრო ეკონომიკური და ადამიანის თავისუფალი პროფესიული არჩევანის პრინციპებისა, სახელმწიფო მაინც უნდა ახერხებდეს გარკვეული პროპორციების დაცვას ან წახალისებას, რათა შეინარჩუნოს ტექნიკურ განათლებასა და ჰუმანიტარულ განათლებას შორის პრიორიტეტი, რაც საქართველოში არ ხდება და ძალიან ძვირი უჯდება ჩვენს საზოგადოებას. საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემაა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები და ასევე პროფესიული განათლების, უნარ-ჩვევების და იმ ცოდნის არქონა რომელიც შიდა და გარე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი იქნება, რომელიც მას, მის ოჯახს და ქვეყანას წაადგება. მე ამ საკითხზე ადრეც მისაუბრია და ეს არამარტო მთავრობის საქმეა, ეს სერიოზული პრობლემაა, დასაქმების წინაპირობაა და, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდა არასამთავრობო ორაგანიზაციებმა, სერიოზული ყურადღება და ლობირება უნდა გაუწიონ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეროვნულმა ბიზნესმა (ვგულისხმობ მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელსაც არც იმდენი ფული აქვს, რომ შვეიცარიის ბანკში ჩადონ და ქვეყნიდან წასვლაზე იფიქრონ და არც ისე ცოტა შემოსავალი, რომ ქართულ საზოგადოებას მხარში არ ამოუდგნენ). რაც შეეხება მსხვილ ბიზნესს, ზემოგებაზე ორიენტირებულს მათი „მამა" გლობალიზაცია და ინტერნაციონალიზაციაა. ამიტომაც თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ დაიმკვიდროს ისტორიულად მსოფლიო ერების ცივილიზაციაში თავისი ადგილი და იყოს მიმზიდველი თავისი ეთნოსით, კურორტებით, ფაუნით, ქართული თვითმყოფადობითა და კულტურით, ეროვნული მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა განვითარდეს და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 80%-ით თუ არა, 70%-ით მაინც უნდა ავსებდეს. მაშინ იქნება საქართველო ძლიერი და ამაყი. რაც სააკაშვილმა განაცხადა, ეს ჩვენ ადრეც მოვისმინეთ, ფაქტია, რომ ეს შენობა ორიგინალური და უნიკალურია, რამდენად გამოდგება სასწავლებლად, მე არ ვიცი, არ მინახავს და არც ის დასაბუთება არის ჩემთვის გასაგები, თუ რატომ იქნა არჩეული ბათუმი. რაც შეეხება იდეას, რომ საქართველოში შეიქმნას მსგავსი და იმაზე მეტი ინსტიტუტი, სადაც ჩვენი სტუდენტები მოემზადებიან თანამედროვე ცივილიზაცის ამოცანების გადაწყვეტად, ეს აუცილებელია, მით უმეტეს, თუ ამაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უცხოური ინსტიტუტები. სამწუხაროდ, როცა არსებობს უნდობლობის სინდრომი ქართველი პოლიტიკოსების მიმართ და განსაკუთრებით ყოფილი ხელისუფლების მიმართ, ჩვენ მარტო შენიშვნებისა და სიტყვების არ გვჯერა, თუ მას შინაარსი და კონკრეტული საქმეები არ მოჰყვა.



- ამჟამად ჟურნალიტების კრიტიკა ლევან ვასაძემ აიღო თავის თავზე, მან გაზეთკვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომგანსაკუთრებით სულისშემხუთავია მდგომარეობა ქართული ტელევიზიების", ეთანხმებით თუ არა მის მოსაზრებას?

 


- გვინდა თუ არ გვინდა, მედია ყოველთვის იქნება საზოგადოების სარკე, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, მედია არის შუამავალი, მედიატორი მოსახლეობასა და მთავრობას შორის. დავსვათ კითხვა - ქართული მედია რამდენად არის შუამავალი ან საზოგადოების სარკე. რაც შეეხება შუამავლობას, ჩემი აზრით, არა თუ კერძო, არამედ საზოგადოებრივი ტელევიზიაც არ არის შუამავალი საზოგადოებასა და მთავრობას შორის. არც კანონი ავალდებულებს იყოს შუამავალი, მიუხედავად მისი შინაარსისა, ხოლო რაც შეეხება მედია ინსტიტუტებს, ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ - ან უნდა იყოს ბიზნესი ფინანსურად დამოუკიდებელი ან უნდა წარმოადგენდეს საზოგადოებრივი ინტერესების სპექტრს, იყოს მისი სარკე და მისი პრობლემების ლობისტი. მედიაბიზნესს თავისი ინტერესები აქვს და ის კანონითაა გაწერილი. რაც შეეხება მის საპირწონეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიასივრცეში უნდა ქმნიდეს სერიოზულ კონკურენციას და უნდა იყოს ალტერნატივა კერძო და საზოგადოების ინტერესების თანხვედრის, რაც, სამწუხაროდ, არ არის და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთლიანობაში ტელესივრცე ჩვენი საზოგადოებრივი კულტურიდან გამომდინარე ვერ ასახავს ობიექტურად სოციუმში, პოლიტიკაში, საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს. თუმცა, ყველა ტელევიზიას აქვს სამართლებრივი უფლება სიტყვისა და გამოხატვის ჩარჩოებში წარმოაჩინონ რესპოდენტებისა თუ საკუთარი აზრი, ვინმეს მოსწონს თუ არა ის, თუ ისინი არ არღვევენ ქვეყნის კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას. ამიტომაც ხშირ შემთხვევაში ლობირებენ სხვადასხვა შეხედულებების მქონე სოციალურ, პარტიულ და ფინანსურ ჯგუფებს. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მედიამესაკუთრეთა განსაკუთრებულობას- მოქალაქეობრივ პოზიციას, მათზე არ ვრცელდება არც საერთაშორისო ჟურნალისტური ნორმები, არც სხვა დაწერილი თუ დაუწერელი ჟურნალისტური მოთხოვნები. რაც შეეხება დაქირავებულ მოქალაქე - ჟურნალისტებს, მედია მეწარმეების მიერ ისინი შრომის კანონის შესაბამისად რიგითი მოქალაქეები არიან (თუმცა კანონში არსებობს რამდენიმე მუხლი, ჩვენ ამ საკითხზე არაერთხელ ვისაუბრეთ, რომელიც იცავს და განასხვავებს ჟურნალისტს რიგითი მოქალაქისგან). ლევან ვასაძეს მე პირადად არ ვიცნობ, მისი პიროვნების, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართ გამოვხატავ პატივისცემას და ამჟამად მის კრიტიკას აღვიქვამ, როგორც მედია პროდუქტის მომხმარებელის დამოკიდებულებას. სამწუხაროდ, მართლაც, მედია თავის გემოვნებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე ასახავს იმ პრობლემებს, რომელიც დგას საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება მედიის საზოგადოებრივ მონიტორინგს და დამოკიდებულებას, ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა მთელს მსოფლიოში და არა მარტო ჩვენთან. არსებობს მედიის საზოგადოებრივი მონიტორინგისა და რეგულირების რამდენიმე ფორმა: 1) მედიის არეალს განსაზღვრავს კანონმდებლობა; 2) საზოგადოების მოთხოვნა მედიის პროდუქტზე, რომელიც განაპირობებს ამა თუ იმ მედიის რეიტინგს. საზოგადოების გემოვნება, კულტურა უშუალოდ განაპირობებს ხარისხსა და მოხმარებას, ყოველივე ეს დაკავშირებულია მედიის ბიზნესის წარმოებასთან, მომგებიანობასთან, რომელსაც განაპირობებს რეკლამა. ყველა ქვეყანაში ამ ეტაპზე ჯერ კიდევ (თუმცა, სოციალური ქსელები უტოლდება და ზოგ ქვეყანაში აჭარბებს კიდეც ტელესივრცის აუდიტორიას) ეს გამოყენებულია პოლიტიკური პიარისთვის, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, რეკლამის ფორმაც აქვს, თუმცა დასავლეთშიც არსებობს პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიებიც. საქართველოში მოქმედი კანონი მაუწყებლობის შესახებ ცალსახად კრძალავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასა და საინფორმაციო პოლიტიკაში ჩარევას. რამდენად სრულდება ეს საქართველოში საკითხავია და ამ კუთხით მონიტორინგი არ ხორციელდება. დემოკრატიულ ქვეყანაში კანონით მიუღებელია, რომ სახელმწიფომ, საზოგადოებამ კანონის მიღმა განახორციელოს ნებისმიერი ზემოქმედება, გარდა ერთი შემთხვევისა - გადართოს სხვა არხზე, არ წაიკითხოს გამოცემა, ბოიკოტი გამოუცხადოს მის არსებობას. რაც შეეხება თვითრეგულირებას, მედიის თვითცენზურას - ეს ქართულ მედიასივრცეში უსერიოზულესი პრობლემაა. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში (მეტნაკლებად) არსებობს წარმომადგენლობითი მედია -საზოგადოებრივი საბჭოები, სადაც ასევე მონაწილეობენ საზოგადოების წარმომადგენლები. იქ თანხმდებიან ურთიერთთანამშრომლობის, პატივისცემის, პროფესიული ეთიკის ფორმატში და იღებენ წერილობით ვალდებულებებს, რათა შეასრულონ ის მოთხოვნები, რომელიც, ხელს შეუწყობს მათ უსაფრთხოებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ობიექტურობას, მიუკერძოებლობას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას (არა შეურაცხყოფას). ეს არ არის კანონში გაწერილი, ეს არის ნებაყოფლობითი და ეხება მხოლოდ იმ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობას, რომლებიც იღებენ ვალდებულებას შეასრულონ საბჭოში გაერთიანებული ადამიანების ურთიერთშეთანხმების პირობები, თუმცა შესაძლებელია არსებობდეს სხვა მედია საბჭოები თავისი ეთიკური ნორმებით. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჟურნალისტთა პროფესიულ კავშირებს, რომლებსაც გააჩნიათ არა მარტო ჟურნალისტთა პროფესიული სოლიდარობის დებულება, არამედ პროფესიული ეთიკის ნორმები. ჩვენთან, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მსგავსი რამ - დიდი მასშტაბის გაერთიანება არ არსებობს, რომელიც გააერთიანებს მედიის ძირითად სპექტრს და შეთანხმდებიან (ქვები არ ვესროლოთ ერთმანეთს, ვიყოთ სოლიდარულები, დავიცვათ საერთაშორისო პროფესიული სტანდარტები, არ შეურაცხვყოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ვიყოთ ობიექტურნი, გავითვალისწინოთ ჯანსაღი საზოგადოების ინტერსები, ფაქტების გადმოცემის და ანალიზის დროს დავიცვათ ადამიანის ღირსება, პატივისცემა, მათი უფლებები და თვითცენზურის კუთხით შევაფასოთ ურთულესი პრობლემები). მისასალმებელია, რომ ასევე არსებობენ პროფესიონალი ჟურნალისტები რომლებიც არასოდეს არ აკადრებენ თავის პროფესიას და ღირსებას მიკერძოებას, არაობიექტურობას და საზოგადოებრივ ინტერესებს არ გაცვლიან მატერიალურ ფასეულობებზე, ასეთი ჟურნალისტები ძალზე ცოტაა და მსგავს პროფესიონალებზე მოთხოვნაც მწირია.



- არა მარტო ჟურნალისტიკაში, პროფესიონალი კადრები საკმაოდ აქტიური თემაა ყველა სფეროში, ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ. თქვენი აზრით, როგორი პიროვნება უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი და რა გავლენას მოახდენს სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოებისთვის მისაღები კადრის შერჩევა?

 


- უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ცივილიზაციის ფუნდამენტი არის არა მარტო ტექნოლოგიური და ეკონომიკური მიღწევები, არამედ სამართლიანობის, დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება და განვითარება. ბიბლიაში, მსოფლიო აზროვნებაში ყველაზე ბრძენ ადამიანად მოიხსენიება სოლომონ ბრძენი და მისი სიბრძნე ძირითადად ასახულია სამართლიანობის აღსრულებაში, აქედან გამომდინარე, ადამიანის ყველაზე დიდი სიბრძნე არის სამართლიანობა და მისი დადგენის ნიჭი. ნებისმიერ დემოკრატიულ, ცივილურ სახელმწიფოში სამართლიანობის აღდგენის პირამიდის მწვერვალი არის სასამართლო და მოსამართლე. სასამართლო ხელისუფლების პროფესიონალიზმი, მიუკერძოებლობა, კანონის უზენაესობა არის ქვეყნისა და ხალხის კულტურის ყველაზე კარგი გამოვლინება. საქართველოში როდესაც სამართლიანობის აღდგენის სერიოზული პრობლემები დგას და უშუალოდ დამოკიდებულია არა მარტო გამოძიებაზე და მთავრობის პოლიტიკურ ნებაზე, არამედ მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებაზე, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოებისათვის, თუ ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მისი შემადგენლობა.



- პრესაში აქტიურად განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის, ირინა იმერლიშვილი და გია მეფარიშვილიც დასახელდა...

 


- სამწუხაროდ, არ ვიცნობ იმერლიშვილს, თუმცა მის კომპეტენტურობაში მე ეჭვი არ მეპარება, მაგრამ რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას, გენდერული თანასწორობის გათვალისწინებითაც კი ასეთი ურთულესი და უდიდესი პასუხისმგებლობის თანამდებობაზე მივანიჭებდი უპირატესობას გია მეფარიშვილის განვლილ გზასა და პროფესიულ გამოცდილებას. მას პირადად ვიცნობ და მიმაჩნია, რომ პროფესიონალიზმი, პრინციპულობა და სამართლიანობის აღდგენის განცდა განსაკუთრებით გამოიხატება მის პროფესიულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. ის თავისი ნებით გადადგა საკმაოდ სერიოზული თანამდებობიდან, რაც სამწუხაროდ უახლოეს ისტორიაში ძალიან ცოტაა. ვფიქრობ, რომ მას ძალიან კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს საზოგადოებისთვის და ნებისმიერი მოქალაქისთვის სამართლიანობის აღდგენის ფასი და ასაკობრივადაც ამ უმაღლესი საპასუხისმგებლო თანამდებობისათვის მისაღებია. არსებობს სხვა არჩევანიც, მაგრამ საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგანაც არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ საზოგადოებამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ ვინ იქნება სამართლიანობის სადარაჯოზე...



- ვაზაგაშვილის ტრაგედიამ უფრო დაძაბა საზოგადოების მიმართება ხელისუფლებისადმი, კორკოტამ თავის სატელევიზიო ეთერში გამოსვლისას წინა ხელისუფლებასთან ერთად მოქმედიც არ დაინდო და მათშნირებიც" კი უწოდა და ასევე მოუწოდა საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლა და გაპროტესტება. შეიძლება ეს ემოციის ბრალიც იყო, თუმცა ფაქტია, რომ ამ ტრაგედიამ უამრავი კითხვა გააჩინა მთავრობის უუნარობის მიმართ...

 


- არსებობს იმის მაგალითები, რომ ადამიანები სოციალური და პირადი პრობლემების გამო თავს იწვავდნენ წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, რადგანაც როდესაც ხმას აძლევს თავის მთავრობას, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, მისი პრობლემები უნდა იქნეს გათავისებული მთავრობის მიერ და, რა თქმა უნდა, ვერასოდეს ვერ შეეგუება პრობლემების იგნორირებას, რაოდენობა 3 მილიონია თუ ასი მილიონი. ვაზაგაშვილის ტრაგედიის პასუხისმგებლობა სამართალდამცავებს ეკისრებათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიება დღემდე მიმდინარეობს ახალი მთავრობის პირობებშიც და არანაირი შედეგი არ დამდგარა, გარდა იმ ტრაგედიისა, რაც ჩვენი ერის და ხელისუფლების დაცინვა და უდიდესი შეურაცხყოფაა. შესაბამისად, ჭიკაიძის გადადგომას მხარს ვუჭერ, თუმცა ეს ამით არ უნდა დამთავრდეს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს გამოძიება. სამწუხაროდ, მსგავსი ტრაგედიებისაგან არც საქართველო და არც სხვა ქვეყანა არ არის დაცული, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენმა საზოგადოებამ, როდესაც 30 კილომეტრში დგანან რუსული ტანკები, უნდა გაათვითცნობიეროს - რას ნიშნავს ჩვენი ერისთვის, საზოგადოებისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის სოციალური დაძაბულობის ესკალაცია, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამომდინარე; ასევე გასათვითცნობიერებელია ის გარემოება, რომ საზოგადოებაში არის უსამართლობის განცდა არა მარტო მთავრობის მიმართ, არამედ კერძო ბანკების აღვირახსნილ, ზემოგებაზე ორიენტირებულ, მათ მიერ დაუნდობელი იპოთეკური და ფინანსური პოლიტიკის მიმართ. ამ ბანკებს ქართული ბანკები ჰქვია, სინამდვილეში კი საკონტროლო პაკეტი უცხოელების ხელშია. ყოველივე ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და ქმნის გარკვეულ განცდას - არეულობა და „ომი" ყველაფერს ჩამოწერს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა კიდევ ერთხელ შეისწავლოს და გადაავლოს თვალი იპოთეკური სესხებისა და კრედიტორების ფინანსურ შესაძლებლობებს, მოახდინოს სერიოზული რეაგირება ბანკების და მოსახლეობის ინტერესების თანხვედრის გათვალისწინებით. ყოვლად დაუშვებელია სამართლიანობის არ აღდგენა, ეს გარემოებები იმ დაყაჩაღებული ბიზნესმენებისა და მოქალაქეების უგულებელყოფის ფონზე სოციალურ დაძაბულობას უკიდურესად ამძაფრებს. ზემოთ ნახსენები გარემოებებიდან გამომდინარე, ამ ფონზე ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი მოწოდება, როცა საზოგადოება მზად არ არის ამჟამად არც რიგგარეშე არჩევნებისათვის, არც სამთავრობო, რადიკალური ცვლილებისათვის, არც არსებობს რეალურად საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი, გამოკვეთილი ალტერნატივა მოწოდება - ავიღოთ კომბლები, ჯოხები, ამათი და იმათი დედაც... - ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის დამღუპველია. თუმცა ყოველივე ეს არის გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესში. იმედია, ჩვენი მოსახლეობა და მთავრობაც გაითვალისწინებს, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ შესაბამისი ზომები არ იქნა მიღებული.




(წყარო: geonews.ge, დათო ქაქუთია)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016