reportiori.ge - სოფო ყარალაშვილი: ნუ იყიდით ეროვნული ლატარიის ბილეთებს და თუ მაინც წაგძლიათ სულმა, იოცნებეთ, რომ მსხვილი თანხა არ მოიგოთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 10:16
პრეს-დაიჯესტი
სოფო ყარალაშვილი: ნუ იყიდით ეროვნული ლატარიის ბილეთებს და თუ მაინც წაგძლიათ სულმა, იოცნებეთ, რომ მსხვილი თანხა არ მოიგოთ!
ავტორი:
26 იანვარი, 2015. 19:53


როგორც „ასავალ-დასავალის" მკითხველმა უწყის, 014 წლის 18 აპრილს „საქართველოს ლატარიამ" ჯეკპოტი გაათამაშა, რომელიც სოფო ყარალაშვილმა მოგიო. ბედნიერი ბილეთის მფლობელს 561.176 ლარი უნდა აეღო, თუმცა, საქმე ისე წავიდა მოგებული თანხის განაღდებას ვინ ჩივის, სოფოს 10 ათასი ლარი ჯარიმა დააკისრეს და კინაღამ დააპატიმრეს კიდეც... სასამართლოს განმაცვიფრებელ განაჩენზე კომენტარისთვის ჩვენ თავად სოფო ყარალაშვილს დავუკავშირდით.


- სოფო, რის საფუძველზე აღძრეს საქმე შენს წინააღმდეგ და რას გედავებოდნენ?


- მედავებოდნენ, თითქოს ლატარიის კომპანიის ბაზის ადმინისტრატორ დავით იაშვილთან ერთად ჩავიდინე ჯგუფური თაღლითობა, რაც ფასიანი ქაღალდის დამზადებასა და გამოყენებაში გამოიხატა. ბრალდება სწორედ ამ ორ პუნქტს მოიცავდა, არადა, მკითხველმა, ჩვენი ძველი ინტერვიუებიდან გამომდინარე, უკვე იცის, რომ ლატარიის ბილეთი, რომლითაც მე ეს მსხვილი თანხა მართლაც პატიოსნად მოვიგე, წერეთლის გამზირზე მდებარე ჯიხურში ოფიციალურად შევიძინე! ჯიხურის გამყიდველი ადასტურებს შეძენის ფაქტს და არც ბრალდების მხარეს წარმოუდგენია ამის უარმყოფელი მტკიცებულება. პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ 34 მოწმეთაგან არცერთს ჩემი საწინააღმდეგო სიტყვა არ დასცდენია - ლატარიის კომპანიის წარმომადგენლები იკითხებოდნენ, რომლებიც საუბრობდნენ გათამაშების პროცედურის შესახებ.


სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე შევიტყვე, რომ არსებობდა ვინმე დავით პეტრიაშვილი, რომელსაც 1 მილიონ 298 ათასი ჰქონდა მოგებული ლატარიის იმავე კომპანიაში, თუმცა, ციხეში, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და მასაც იმავეს ედავებოდნენ, რასაც მე... პროცესებზეც შემოჰყავდათ დარბაზში. ბოლოს ისე მოხდა, რომ პეტრიაშვილმა ხელი დაადო დავით იაშვილს, განაცხადა, თითქოს მასთან ერთად გ ააყალბა ლატარიის ბილეთი. პეტრიაშვილმა ამ განცხადებით, საპროცესო გარიგების ფრაგლებში გათავისუფლებას მიაღწია, სამაგიეროდ, მისი „აღიარების" საფუძველზე დავით იაშვილის წინააღმდეგ „მტკიცებულება" შეიქმნა.

 

- კი მაგრამ, შენ რა შუაში ხარ, თუნდაც იაშვილსა და პეტრიაშვილს ერთობლივად მართლაც გაეყალბებინათ ბილეთი?

 

- საქმეც სწორედ მაგაშია. რადგან ჩემს წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, სასამართლომ დაასკვნა, რომ დავით იაშვილმა თუ ერთხელ პეტრიაშვილთან ერთად გააყალბა ბილეთი, მეორედაც შეძლებდა ამის გაკეთებას, ამჯერად ჩემთან ერთად, თუმცა, სრულიად უცნობ ამ პიროვნებასთან მხოლოდ ერთადერთი სეერთო ნაცნობის არსებობა დადგინდა და გამოირიცხა, რომ ჩემთვის გაყალბებული ბილეთის გადმოცემას იაშვილი მისი საშუალებით შეძლებდა. ბრალდების მხარე ჩიხში შევიდა და იძულებული გახდა, ჩემს წინააღმდეგ წაყენებული 2 მუხლიდან ერთ-ერთი - თაღლითობა - თავადვე მოეხსნა, მეორე მუხლი კი, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ თავად მოხსნა, როცა დაინახა, რომ მხოლოდ „გონივრული ვარაუდის" საფუძველზე ჩემი დადანაშაულება დიდ უსამართლობად წარმოჩნდებოდა. არადა, ბრალდების ფარგლებში 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მემუქრებოდა და პირობითი სასჯელის მისჯის შანსიც არ იყო, რადგან ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებას არ ვაპირებდი! სასამართლო იმით დასრულდა, რომ დავით იაშვილს 6 წლით და 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, მე კი, 10 ათასი ლარი ჯარიმა შემიფარდეს, თუმცა, ახლაც ვერ ვხვდები - რის საფუძველზე! ამაზე ფიქრისთვის ვის ეცალა, თავს ბედნიერად ვგრძნობდი, რომ არ დამაპატიმრეს... სასამართლო მძიმე ფსიქოლოგიურ ფონზე მიმდინარეობდა. როცა დასასრულს უახლოვდებოდა, დარბაზში 2 ბადრაგი შემოიყვანეს, რომელთაც ჩემთვის ხელბორკილი უნდა დაედოთ და ასეთ ფონზე, თუნდაც უსამართლოდ, მხოლოდ 10 ათასი ლარის დაკისრება ბედნიერებად და შვებად მომეჩვენა!


- სოფო, დავით იაშვილმა თავის მართლება ვერ მოახერხა?

 

- იაშვილმა არა მხოლოდ თავი გაიმართლა, როგორც სპეციალისტმა, კომპეტენტურად ჩამოაყალიბა პროცედურა, რომლის საფუძველზეც ლატარიის ბილეთების შექმნა და დაბეჭდვა ხდება. მან განმარტა, რომ ბაზა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იყო სრულიად დაუცველი და „ლიბერთი ბანკის" თანამშრომლებით დაწყებული, ჯიხურის გამყიდველით დამთავრებული, ბაზის იუზერი და, პაროლი ყველამ იცოდა. ეს სხვა სპეციალისტებმაც დაადასტურეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ, ამ საკითხში განსწავლულ ადამიანს შეუძლია, ბაზაში შევიდეს და გათამაშებაში მონაწილე ბილეთი გააყალბოს!

 

- თუ შენ, სოფო ყარალაშვილს, დავით იაშვილთან ერთად მართლაც შეგიძლია ლატარიის ბილეთის გაყალბება და თუკი მანამდე ეს პეტრიაშვილმაც შეძლო, რა გამოდის? რამდენად სანდოა საქართველოს ლატარიის გათამაშება?


- დიახ, თუ ასე ადვილია გაყალბება, ხვალაც გაყალბდება და ზეგაც! სასამართლომ ეს წარმოაჩინა! ამიტომ, სრული საფუძველი  არსებობს, მომხმარებელმა გათამაშების პატიოსნებაში ეჭვი შეიტანოს! საკუთარი მაგალითით დავრწმუნდი, რომ არა მხოლოდ „საქართველოს ეროვნული ლატარიის", არამედ სხვა ლატარიების მიმართაც სიგიჟეა ნდობა. ახლა მე მეუბნებიან, მოგებულ ნახევარ მილიონს ან ჯარიმად დაკისრებულ 10 ათასს რაღას დაეძებ, მთავარია, ღვთის წყალობით, ციხეს გადარჩიო, მაგრამ ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს... დაუშვებელია, ვიღაცას ნახევარი მილიონის გაცემა ენანებოდეს და ამის გამო ალალ-მართალი ადამიანი ციხეში ჩასასმელად გაიმეტოს, მართლმსაჯულება კი, არანაირად არ გიწყობდეს ხელს, შენი უდანაშაულობა წარმოაჩინო!


- შეგიძლია, მითხრა, რეალურად რაშია საქმე?

 

- რეალურად, ლატარიის კომპანია ხალხს ატყუებს! მართლმსაჯულება რატომღაც არ ინტერესდება, თუ რატომ თამაშდებოდა ჯეკპოტი პანტაპუნტით, დავით იაშვილის კომპანიაში მისვლამდე, რა კავშირი აქვს აფერასთან საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელს ლევან ჩიკვაიძეს და მის ნათესავს - დავით იაშვილის წინამორბედ არჩილ გეგეჭკორს, რომლის გზა-კვალიც დღეს არავინ იცის.


უკვე შემიძლია, დავასკვნა, რომ შევეწირე „საქართველოს ფოსტაში" და ეროვნულ ლატარიაში არსებულ აფერას, რომელიც, წესით, სამართალდამცველთა განხილვის საკითხი უნდა გამხდარიყო!


ვვარაუდობ, რომ დავით იაშვილი გაწირეს არჩილ გეგეჭკორის გადასარჩენად! დავით იაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და როგორც ვიცი, განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო წესით აპირებს.


- შენ რაღას აპირებ, სოფო?

 

- ამ ეტაპზე, მე იურიდიულად გზა მაქვს მოჭრილი. თუ სააპელაციო სასამართლო დავით იაშვილის უდანაშაულობას დაადასტურებს, მერე მეც მრჩება ბრძოლის განახლების შანსი და მოგებულ თანხასაც აუცილებლად მოვითხოვ. სხვათა შორის, საქართველოს ლატარია აცხადებდა, რომ ნახევარ მილიონზე მეტი, რომელიც მე არ მომაკუთვნეს, მომავალ საპრიზო გათამაშებაში გადავიდოდა, თუმცა, ჩემთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ არ მსმენია, რომ ეს ფული მართლაც გათამაშდა! ისღა დამრჩენია, ვიდრე სამართლიანობა ჩემს მიმართ აღდგება, საზოგადოებას მოვუწოდო: ნუ იყიდით ეროვნული ლატარიის ბილეთებს და ნუ მიიღებთ მონაწილეობას გათამაშებაში! რადგან, თუ ბედმა კიდეც გაგიღიმათ და მსხვილი თანხა მოიგეთ, მას არ გაგინაღდებენ, პირიქით - ჯარიმას დაგაკისრებენ და შეიძლება, ციხეშიც ჩაგსვან!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016