ლარის კურსის დოლარის მიმართ დაცემის არაერთი ვერსია და ფაქტორი გაჟღერდა. ყველაზე საკამათო დოლარის გლობალური გამყარების არგუმენტი აღმოჩნდა, ხელისუფლება მას ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად განიხილავს, ოპოზიცია და ექსპერტთა ნაწილი კი დოლარის საერთაშორისო მასშტაბით გამყარების არგუმენტის დასახელებას მთავრობის მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობად აფასებს.
სუბიექტური ინტერპრეტაციებისგან თავის დასაცავად არსებობს სტატისტიკა. ,,ბ&ფ" გადაამოწმა მსოფლიოს სხვადასხვა ვალუტების დოლარის მიმართ კურსის ცვლილება ბოლო 1 წელიწადში. რაოდენ გასაკვირი და საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის გამაღიზიანებელიც არ უნდა აღმოჩნდეს, ლარი დოლარის მიმართ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გაუფასურებული ვალუტაა.
გთავაზობთ 2014 წლის 25 იანვრიდან 2015 წლის 25 იანვრის შუალედში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ვალუტების კურის ცვლილებას დოლართან მიმართებაში. მონაცემები აღებულია ვებ-გვერდიდან: www.xe.com
როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ლარი ბოლო ერთ წელიწადში უფრო ნაკლებად გაუფასურდა, ვიდრე: ევრო, იაპონური იენი, შვედური კრონა, ნორვეგიული კრონა, პოლონური ზლოტი, მოლდოვური ლეუ, უნგრული ფორინტი, ბულგარული ლევი, ხორვატიული კუნა, ჩეხური კრონა, სომხური დრამი, კანადური დოლარი და ა.შ.