reportiori.ge - "მუხროვანის ამბოხის" ექსკლუზიური და დღემდე უცნობი დეტალები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 10:20
პრეს-დაიჯესტი
"მუხროვანის ამბოხის" ექსკლუზიური და დღემდე უცნობი დეტალები
ავტორი:
27 იანვარი, 2015. 12:41


 

 

"არსებობს ჩვენი ჩაცხრილვის კადრებიც"


"ლევან ამირიძესა და მამუკა გორგიაშვილს იმ Dდღეს მუხროვანში პრესკონფერენცია უნდა მოეწყოთ და ეთქვათ, რომ "კარვების ქალაქის" გაწმენდისა და აქციის მონაწილეთა დარბევის ბრძანება მიიღეს, რასაც არ შეასრულებდნენ!"


"მგონი, ვანო შეიშალა. ამისთანა სისულელე თქვა და მერე ვნახე, რომ დარბაზში იტირა. მგონი, შემეცოდა კიდეც"


"ხელისუფლებას სურდა  საზოგადოებისთვის "მოდელირებული ამბოხი" ეჩვენებინა და შემდეგ ის საჩვენებლად

სისხლში ჩაეხშო"


გასულ კვირას სკანდალურ ვიდეოფირს, რომელიც მუხროვანის ამბოხს შეეხებოდა, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. განსაკუთრებით შოკის მომგვრელი იყო ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის სიტყვები: "ორი გვამი მჭირდება, პრემია დიდი". ამ ფირის გავრცელებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა არაერთგვაროვანი განმარტება მოჰყვა: ერთნი აცხადებდნენ, რომ მერაბიშვილმა ამბოხებულთა ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება სწორად გასცა, მეორენი ამტკიცებდნენ, რომ მერაბიშვილი გრუ-ს ორი თანამშრომლის გვამს ითხოვდა....მან თავად აღნიშნა, თითქოს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მეამბოხეებმა კვალის დაფარვის მიზნით მრჩევლები - გრუ-ს თანამშრომლები მოკლეს.


სინამდვილეში, რა მოხდა 2009 წლის 5 მაისს, სკანდალური საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა კობა ოთანაძე გვესაუბრა:


- ჩემთვის ეს ფირი კიდევ ერთი მტკიცებულება იყო იმისა, რომ დამნაშავე ხელისუფლებამ თავად შექმნა მოდელირებული ამბოხი, სადაც ჩვენ მონაწილეობა მიგვაღებინეს....საუბედუროდ, სპექტაკლში "გვამებიც დასჭირდათ" და ამას გია კრიალაშვილის სიცოცხლე შეეწირა, მე კი სასწაულებრივად გადავრჩი.


- თავიდან დავიწყოთ, როგორ აღმოჩნდით მუხროვანის სამხედრო ნაწილში?



- შეიძლება ითქვას, პროვოკაციაზე წამოვეგეთ, რომელსაც ხელისუფლება გეგმავდა. სურდათ, შიში იმ სამხედრო ნაწილებში დაეთესათ, რომლის მეთაურებიც პირად საუბრებში ხელისუფლებით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. უკმაყოფილებამ განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდგომ იმატა. მეთაურები არ ამართლებდნენ, რომ ომის დროს მნიშვნელოვან სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ელიტა იღებდა. ამგვარად, ხელისუფლებისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო საზოგადოებისთვის "მოდელირებული ამბოხი" ეჩვენებინა და შემდეგ ის საჩვენებლად სისხლში ჩაეხშო. ეგონათ, საპასუხოდ მეტ მორჩილებას მიიღებდნენ.


მოგეხსენებათ, მუხროვანის ამბოხი 2009 წლის 5 მაისს გამოაცხადეს. წინადღეს რეინჯერების ბატალიონის მეთაურის, ლევან ამირიძის დაქვემდებარებაში მყოფი ვალერი ზირაქაშვილი და ზაზა მუშკუდიანი დაიჭირეს, კუდ-ში დიდი ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ, ლევან ამირიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ. ლევანმა დამირეკა, ჩემი ნაწილი ალყაშია, ალბათ, ჩემი დაჭერაც უნდათო. ამიტომ მე და გია კრიალაშვილმა მოვინახულეთ ლევანი და მუხროვანის სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელთან, მამუკა გორგიაშვილთან ერთად ავედით. გზად ჟურნალისტებს დავურეკეთ, ერთ-ერთი ნანა ლეჟავა იყო. პრესკონფერენციის მოწყობა გვინდოდა მუხროვანში, სადაც ლევანსა და მამუკას თანამდებობების დატოვების შესახებ უნდა გაეცხადებინათ. აი, ეს იყო ჩვენი პროტესტი, იძულებითი ნაბიჯი იმისთვის, რომ ლევანი გადაგვერჩინა. თუმცა ხელისუფლებამ დაგვასწრო და იმავე წუთებში გამოაცხადა, რომ შეიარაღებულ ამბოხს ჰქონდა ადგილი. მუხროვანის ნაწილში რომ არ ავსულიყავით, ამას ვერ განაცხადებდნენ და, ალბათ, ლევანის დაჭერით შემოიფარგლებოდნენ. ამიტომაც ვამბობ, რომ ყველანი პროვოკაციას წამოვეგეთ.


- რაღა მაინცდამაინც ლევან ამირიძე უნდა დაეჭირათ? თანაც 2008 წლის მერე უკვე წელიწადი იყო გასული.



- კარგი, დავაზუსტებ, რა გახდა ამის მიზეზი და თუ საჭირო იქნება, ამას ლევანიც დაადასტურებს, მით უფრო ახლა, როცა გავრცელებული ვიდეომასალით პროკურატურაც დაინტერესდა.



გაიხსენეთ, რა სიტუაცია იყო 2009 წლის მაისამდე, თბილისი


კარვების ქალაქად იყო გადაქცეული. ხელისუფლებას მისი გაწმენდა და 26 მაისის აღლუმის ჩატარება სურდა. თავდაცვის სამინისტროს გენშტაბმა აქციის მონაწილეთა დაშლა-დარბევის ბრძანება გასცა. ლევან ამირიძემ და მამუკა გორგიაშვილმა ამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მათ ჟურნალისტებისთვის სწორედ ეს უნდა ეთქვათ.


2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში თავდაცვის სამინისტროს და შინაგანი ჯარის თითქმის ყველა ქვედანაყოფი მონაწილეობდა, რომელთაგან ბევრს 2009 წლის აქციის დაშლაში მონაწილეობა აღარ სურდა. სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნატრობდნენ, მიტინგის დარბევაში მიეღოთ მონაწილეობა, რადგან ამისთვის დიდ პრემიებს იძლეოდნენ.


- ე.ი. ლევან ამირიძე 2007 წლის ნოემბრის აქციის დაშლაში მონაწილეობდა?



- ვიმეორებ, თუ პროკურატურა ამ საქმით დაინტერესდება, ლევანი ყველაფერს თავად იტყვის....


- 2009 წლის 5 მაისს გამოაცხადეს თუ არა დაუმორჩილებლობა ლევან ამირიძესა და მამუკა გორგიაშვილს დაქვემდებარებულმა სამხედროებმა, ჯავშანტექნიკაც დაძრეს?



- მსგავსი არაფერი ყოფილა. ეს ყველაფერი ტყუილი და ხელისუფლების შეთხზული ფარსი იყო. ჩვენ მხოლოდ პრესკონფერენციის მოწყობა და სიმართლის გახმაურება გვინდოდა. საერთოდ, სააკაშვილის განცხადება, რომ მუხროვანის ნაწილში ამბოხების მოწყობის მიზნით ავედით, ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება. ამირიძის ნაწილი ორთაჭალაში იყო, სად გაგონილა, რომ ამბოხების მოსაწყობად ორთაჭალიდან მუხროვანში წახვიდე, შეიერთო იქ სხვა ნაწილი და დემონსტრაციულად წამოხვიდე უკან. ეს საქმე თავიდან ბოლომდე აბსურდია!


- თქვენს საქმეში მთავარი მოწმე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის "დელტას" ყოფილი ასმეთაური გია ღვალაძე იყო. მოგვიანებით მან შეცვალა ჩვენება, მაგრამ თავის დროზე შსს-ს ვიდეომასალაში ის ამბოხების ორგანიზების დეტალებზე საუბრობს. ეს მეომარი კაცი როგორღა აიძულეს, რომ ეს ყველაფერი ელაპარაკა?



- თავის დროზე გია ღვალაძე ძალიან კარგი სამხედრო იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ რამდენჯერმე ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, რაც ტვინთანაც იყო დაკავშირებული, თავის ქალა ახადეს. რომ დაელაპარაკოთ, შეიძლება კიდეც მიხვდეთ, რომ მისი საქმე მთლად რიგზე ვერ არის. თავის დროზე სამედიცინო ექსპერტი რომ ჩაერთოთ ამ საქმეში, მას შეურაცხადადაც კი ჩათვლიდა. ღვალაძე სასამართლო პროცესებზე ტიროდა და ყოველ წამს სხვადასხვა ჩვენებას იძლეოდა, მერე ბოდიშს გვიხდიდა. ბოლო პერიოდში თქვა სრული სიმართლე, როცა გაათავისუფლეს....შსს-ს ერთი აგენტი ჰყავდა, ღვალაძის ბავშვის ნათლია, გვარად ხომასურიძე, რომლის სახლშიც კეთდებოდა ჩანაწერები... შეიძლება, თავად გია ფანტაზიორობდა რაღაცას, შესაძლოა, ის უბრალოდ, თავის სურვილს ახმოვანებდა. გია ერთ-ერთი უძლიერესი დანაყოფის ასმეთაური იყო და ბოლოს სრულიად უყურადღებოდ მიატოვეს.


- მაგრამ იმ ჩანაწერში ამბობს, რომ ამბოხებულებს იარაღი უნდა დარიგებოდათ, ასევე ფული, 50-50 ათასი დოლარი.



- ალბათ, ამით ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ჯერ კიდევ რაღაც შეეძლო და საჭირო კაცი იყო. გია ჩანაწერში ამბობდა, ჯერჯერობით, ეს ფული არა მაქვს, ვერ დაგირიგებთ, მაგრამ მექნებაო. სხვათა შორის, მას სასამართლო პროცესზე ჰკითხეს, ფული საიდან უნდა გქონოდა, ვისგან უნდა მიგეღოო და გიამ თქვა, უნდა ავსულიყავი კავკასიონზე, სადაც რუსების თვითმფრინავი მოფრინდებოდა და ფულს ჩამოყრიდაო. კინაღამ დავწყდით სიცილით. ასე ხარხარში გაგვატარებინეს ის 8-9 თვე სასამართლო პროცესებზე. ამ საქმეში არსებულ ჩვენებებს რომ გადახედოთ, შეიძლება ანეკდოტებადაც კი მოგეჩვენოთ.


- მაგრამ თქვენს წინააღმდეგ ჩვენებები სხვა სამხედროებსაც ხომ აქვთ მიცემული?



- როგორც იცით, ამ საქმეზე 40 სამხედრო დააკავეს, ერთი კი მოკლეს. შემოდიოდა პროკურორი ღამის საათებში და ყველას სათითაოდ ეუბნებოდა: 2 წელს ან 4 წელს მოგცემთ, თუ დანაშაულს აღიარებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ათწლიანი და უფრო მეტი სასჯელი გემუქრებათო... შოკის მომგვრელი იყო, როცა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა გამომიცხადეს, მეტს უბრალოდ ვერ მომისჯიდნენ, თორემ კი შემიკრიბა პროკურორმა სასჯელის შეკრებითობის პრინციპით უფრო მეტიც. მთავარი კი ის არის, რომ არსებობს ჩვენი ჩაცხრილვის, შემდეგ კი ჩემი წამების სკანდალური ვიდეოფირები. თუკი ყოფილმა ხელისუფლებამ მათი განადგურება ვერ მოასწრო, აუცილებლად გასაჯაროვდება. გასულ კვირას ყველამ იხილა, რომ მთელი ნაცელიტა ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას, რაც ნორმალურ ქვეყანაში სირცხვილიც კი არის. სპეცოპერაცია უნდა ჩაეტარებინა სპეცდანაყოფს, რა ესაქმებოდათ გიგი უგულავას, ადეიშვილს ან გივი თარგამაძეს? იგივე ნაცელიტა ესწრებოდა ჩვენს ჩაცხრილვასაც.


5 მაისს ხომ გამოაცხადა ვანომ, რომ გვამები სჭირდებოდა და ამისთვის პრემიას აწესებდა, ამის შემდეგ 15 დღე გვეძებდნენ...



5 მაისს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამბოხებულები ძალოვნებს ჩაჰბარდნენ, მათ ლიდერებზე კი (კობა ოთანაძე, გია კრიალაშვილი და ლევან ამირიძე) ძებნა  გამოცხადდა. მუხროვანის მთელი ტერიტორია ოპერატიულად, ვერტმფრენებით კონტროლდებოდა. სპეცრაზმელებით გადაჭედილი იყო იქაურობა. ჩვენ ბიჭები გავაფრთხილეთ, რომ პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ და იარაღისთვის ხელი არ ეხლოთ. მივხვდით, გადარჩენის ერთადერთი გზა მიმალვა იყო.



ყველა ბილიკი ზეპირად ვიცოდით. ამიტომაც მოვახერხეთ და მუხროვანის ტყიდან მამკოდის ტყეში გადავედით, იქ ვიმალებოდით.


პერიოდულად მაღაზიაში გამოვდიოდით და საჭმელს ვყიდულობდით. იარაღი არ გვქონია. მესიჯებს ვწერდით ჩვენს ერთ ახლობელს, ვითხოვდით მანქანა მოსულიყო და გავეყვანეთ - ქალაქის დატოვება გვინდოდა. სწორედ ამ მესიჯებით გაგვშიფრეს. არ ვიცოდით, ამ დონეზე თუ იყო კონტროლი, ორი კვირა ტყეში ნამყოფებს ტვინიც გადაღლილი გვქონდა... მიკროავტობუსი მოვიდა, სამივე ავედით. მანქანა შუაში გადატიხრული იყო. მიზეზი რომ ვიკითხეთ, მძღოლმა გვითხრა, - ხახვი და პროდუქტი დამაქვს სავაჭროდ და უკან ტომრები ყრიაო. დავუჯერეთ. რეალურად კი ის ძალოვანების შემოგზავნილი აღმოჩნდა. გადატიხრულში თურმე სამი სპეცრაზმელი იჯდა.


5 წუთი ვიარეთ, მერე პატრულმა გადაგვიკეტა გზა. ამ დროს მანქანაში მყოფმა სპეცრაზმელებმა ტყვიები დაგვიშინეს. არ მახსოვს, რამდენი გასროლა იყო. თუმცა ვფიქრობ, გია პირველივე ტყვიით დაიღუპა. მე და ლევანი მძიმედ დავიჭერით. მერე გადმოგვყარეს მიკროავტობუსიდან და შეგვდგნენ წიხლებით, უკვე გარდაცვლილ გიასაც ურტყამდნენ.



ერთი-ორჯერ სულელურად ვცადე წამოდგომა. აფხაზეთის, ავღანეთის, ერაყის ომები გამომივლია და ვერაფრით დავიჯერე, თუ ასე არაფრისთვის ქართველები გამიმეტებდნენ. წამოვიწიე და ამით გამწარებულებმა ხელ-ფეხი დამიცხრილეს (მაჯებზე ნატყვიარს მიჩვენებს). ამ დროს გონება ჯერ კიდევ არ მქონდა დაკარგული, ბუნდოვნად მახსოვს, რომ

სამასამდე კაცი იყო, სპეცრაზმელები და მთელი ნაცელიტა, მათ შორის ბოკერია, უგულავა, თარგამაძე. ლაპარაკი, ყვირილი, ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული და სიტყვებს ვერ ვარჩევდი. ამ ყველაფერს ვიდეოკამერებით იღებდნენ,... შემდეგ საკონტროლო გასროლაც გააკეთეს. მე დამიმიზნეს გულში,მაგრამ ნასროლი ტყვია მიზანს ორი სანტიმეტრით ასცდა. ამასაც ნატყვიარი ადასტურებს. ასე რომ, "ნაციონალებმა" სასიკვდილოდ გამიმეტეს, მაგრამ ექიმებმა გადამარჩინეს. ეს მართლაც სასწაული იყო. შემდეგ უკვე კონტრდაზვერვის თანამშრომლები და შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომლები სასურველი აღიარების მისაღებად შემოდიოდნენ ციხეში და მაწამებდნენ. ამასაც ვიდეოკამერებით იღებდნენ. მაჩვენებდნენ ფურცელს, რომელზეც ე.წ. აღიარება იყო დაწერილი, მეუბნებოდნენ, რომ უნდა წამეკითხა, რასაც მერე ტელევიზიით გაუშვებდნენ. მემუქრებოდნენ, თუ აღიარებით ჩვენებას არ მოგვცემ, მოგკლავთო.


კონტრდაზვერვის ერთ-ერთი თანამშრომელი მომიახლოვდა და ჭრილობის გახსნა დაიწყო - მაკრატლით ჯერ ერთი ძაფი გადაჭრა, მერე მეორე და სისხლი წამსკდა. მითხრა, სისხლი მუცლის ღრუში ჩაგეღვრება და მოკვდები, ჩვენ კი არაფერი დაგვბრალდებაო. სხვათა შორის, ეს ადამიანები დღესაც მუშაობენ თანამდებობებზე.


პროკურატურა თუ დაინტერესდება, შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. პოსტებიდან უნდა გათავისუფლდნენ ის პირები, ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ: კონტრდაზვერვის გამომძიებლები, კუდ-ის თანამშრომლები. პასუხი უნდა აგონ ვანო მერაბიშვილმა, დათა ახალაიამ, ერეკლე კოდუამ, გიგი უგულავამ, გივი თარგამაძემ, გიგა ბოკერიამ. ჩვენს საქმეზე რომ აღარაფერი ვთქვა, მათ ისედაც ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი, ხალხი ჰყავთ დახოცილი, რომლებიც დღეს უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.


- ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ მან თქვენი კი არა, გრუ-ს წარმომადგენლების გვამები მოითხოვა, რომლებიც, მისი ინფორმაციით, "ამბოხებულებს" ლიკვიდირებული ჰყავდათ.



- მგონი, ვანო შეიშალა. ამისთანა სისულელე თქვა და მერე ვნახე, რომ დარბაზში იტირა. მგონი, შემეცოდა კიდეც. ჩვენს საქმეში გრუ-ს წარმომადგენლებზე არსად არაფერი ეწერა. თავის დროზე ასეთი არაფერი თქმულა. თუ ვინმე მოვკალით, ცხედრები სად წავიღეთ? თუ არც არავინ მოგვიკლავს "კვალის დაფარვის მიზნით" (როგორც ამბობენ) და მით უმეტეს, გრუ-დან მრჩევლები არ გვყოლია, მაშინ საიდან მიაწოდა კონტრდაზვერვამ ასეთი მცდარი ინფორმაცია ვანოს, რაზე დაყრდნობით? საინტერესოა, იმ ხალხიდან, ვისაც ვანომ გვამების მიტანა უბრძანა, ვინ და როდის მიიღო პრემია?


ჩემი ინფორმაციით, სოდ-ის სპეცრაზმის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი 12 ათასი ლარით დააჯილდოეს ჩვენი ჩაცხრილვის სპეცოპერაციისთვის, დაჯილდოვდა კუდ-ის სპეცრაზმის უფროსი ტარიელ შერვაშიძე, რომელიც გორში დღეს განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში სპეცრაზმის უფროსია.


- ვიდეოკამერების წინ ვანო მერაბიშვილმა რატომ გასცა ეს ბრძანება, ამით ხომ საკუთარ თავზე კომპრომატი შექმნა?



- ჯერ ერთი, ეგონა, რომ კიდევ 20-30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში და მეორე - ყოფილ ხელისუფლებას მოსწონდა საკუთარი საქციელი და ასეთ ვიდეოფირებს შემდეგ სიამოვნებით უყურებდნენ. უფრო მეტსაც გეტყვით, ვიცი, რომ ერთმანეთის ცოლებზეც კი ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ფირები. ავადმყოფური ფსიქიკის ხალხი იყო.


- ასეა თუ ისე, თქვენ თვლით, რომ ხელისუფლებამ ძალაუფლების გახანგრძლივების მიზნით საგანგებოდ დადგმულ სპექტაკლში გამოგიყენათ?



- რა თქმა უნდა. მან ჩვენი დასჯით ყველას აჩვენა, რომ ყოველგვარ პროტესტს სისხლში ჩაახშობდა.


- თქვენთვის ეს არ იყო პირველი შემთხვევა, შევარდნაძის დროსაც იყო ე. წ. მუხროვანის ამბოხი, სადაც ასევე თქვენი გვარი ფიგურირებდა. ისიც თქვენგან მტრის ხატს ქმნიდა და ხელისუფლების გასახანგრძლივებლად გიყენებდათ? უკაცრავად, მაგრამ ჭკუა ვერ ისწავლეთ?



- შევარდნაძეს არ უთქვამს, რომ ეს ამბოხება იყო. იმხანად ეკონომიკური სიდუხჭირისა და უკიდურესი სოციალური მდგომარეობის გამო გამოვხატავდით პროტესტს. ის სიტუაცია 2009 წლის ე.წ. ამბოხებისგან ძალიან განსხვავებული იყო.



ლია კრიალაშვილი, გია კრიალაშვილის და: "არსებობს ჩანაწერი, სადაც შს სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი ჰყვება, რომ ვანო მერაბიშვილმა ჩემი ძმის მკვლელობის შემდეგ გასცა დაპირებული 12-12-ათასიანი პრემიები. მივმართავ ერთ-ერთ მათგანს, ხარაზიშვილს, რომელმაც ბიჭები ჩაცხრილა:


სად გაიზარდეთ ისე, რომ ოჯახში ასეთი სისხლიანი ფულის შეტანა შეგიძლიათ?!"


ბაკურ ბაკურაძე, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" წევრი: "ვინმე საღად მოაზროვნეს სჯერა, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრები გვამების მიტანას არ უკვეთდნენ?! ჩემი ინფორმაციით, ის ფირიც არსებობს, როცა 26 მაისის შემდეგ (ყოფილი ხელისუფლების ლიდერების ერთ-ერთ შეხვედრაზე) გიგი უგულავა გაჰკიოდა: "რა ვქნათ ახლა, ტრუპები რომ ავიკიდეთ, სად შევიტენოთო?!" ჩემამდე მაშინ თვით სახელისუფლებო წრიდან მოვიდა ეს ინფორმაცია. სხვათა შორის, 26 მაისის მოვლენების დროს მერაბიშვილისავე დიდი სურვილი იყო, რომ მესამე კაცი, პოლიციელი უნდა მომკვდარიყო. ამის შემდეგ უფრო დამაჯერებლად შეძლებდნენ საზოგადოების ფარსითა და ტყუილებით გაბრუებას. მაშინაც ანალოგიური ბრძანება გაიცა და სწორედ ამას შეეწირა ის პოლიციელი.



იმედია, ამასთან დაკავშირებითაც დაიდება მასალები".




(წყარო: კვირისპალიტრა, ეკა ასათიანი)

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016