„მართლა უკვე ნერვი აღარ მაქვს... შიგნით თუ ვინმეს რაღაცა გაგაჩნიათ ნამუსისმაგვარი, ხომ მოწოდებას მე გავაკეთებ და არა აქვს მნიშვნელობა, ქუთაისელები ჩამოვლენ აქ, ოზურგეთელები თუ... ერთი დღე, საათი დავთქვათ, გამოვიდეთ და სიმართლეს რომ მივცეთ ხმა მთელმა საქართველომ... მე ლოცვა-კურთხევას ვეცდები ავიღო, პატრიარქისგან იქნება თუ ვიღაცისგან იქნება, მაგრამ პატრიაქისგან მინდა ავიღო, ერთ დღეს, როდესაც დავთქვამ, გამოვიდეთ და ერთი რამდენი ვართ, ვნახოთ ბოლო-ბოლო რა, სიმართლის აღდგენისთვის დავდგეთ და სიმართლისთვის საქართველოში... ერთ დღეს გამოვიდეთ და უბრალოდ ვანახოთ რა ამათ, ამ „ოცნებასაც" რომელიც არარაობაა დღეს და იმასაც, ვისაც რაღაცის ჩალიჩი, კუდს რომ იქნევს, იმ კუდიანად დავაჭრათ ყველაფერი..."
ეს სიტყვები გია კორკოტაშვილს ეკუთვნის, რომელიც იური ვაზაგაშვილის დაღუპვის მერე „ობიექტივის" ეთერში თქვა. „ალია" მას კომენტარისთვის დაუკავშირდა, ჯერ ბატონი იური დაკრძალონ და მერე ვისაუბრებო.
,,ალია" გია კორკოტაშვილს დაუკავშირდა.
- ბატონო გია, ამბობთ, რომ მოწოდებას გააკეთებთ და ხალხს თავს მოუყრით, როდის აპირებთ?
- მოწოდება გაკეთებულია. 31 იანვარს უნდა შეგროვდეს ქართული საზოგადოება, ორგანიზებას უწევს დავით თარხან-მოურავი, შემოვიარეთ ქალაქი და კიდევ შემოვიაროთ. საზოგადოებას მოვუწოდებთ, სოლიდარულები ვიყოთ ამ წამოწყებისადმი, ეს ინიციატივა აიღო „ალიანსმა", ორგანიზაციული საკითხებია მოსაგვარებელი.
- ანუ ერთობლივი აქცია ტარდება და არა სხვადასხვა ჯგუფების მიერ?
- საქმე იმაშია, რომ აქ საზოგადოება ცალ-ცალკე არის აღშოთებული, ეს სიტუაცია მათზე უარყოფითად მოქმედებს, იმიტომ, რომ ხალხში შიშის მომენტი გაჩნდა, ნიჰილიზმში გადავარდა საზოგადოება, ვერ გაერკვნენ იმაში, დაიცავს თუ არა ეს ხელისუფლება მათ, ჰქონდეთ თუ არა რაიმის იმედი და იმისათვის, რომ არც შიში იყოს, ადამიანებმა თავისი ძალა იგრძნონ, მე ვფიქრობ და მოვუწოდებ ხალხს. ყველას დაველაპარაკე, ვუთხარი, რომ ახლა გაბუტვის დრო არ არის, საზოგადოების დიდი ნაწილი უნდა მოგროვდეს, ვინც ქალაქში არიან.
- რაიონებიდან არ ელოდებით ხალხს?
- შესაძლოა, რაიონიდანაც ჩამოვიდნენ, მაგრამ ძირითადად თბილისში მყოფ საზოგადოებას ველოდებით, რადგან რაიონიდან ჩამოსვლა ცოტა რთული საკითხია. თუ ვერ გაუკეთეს ორგანიზება ამ ჩამოსვლებს, შეიძლება, ეს საკითხი გართულდეს. მომავლისთვის უფრო ორგანიზებული იქნება, მთავარია, რომ 31 იანვარს თითოეული ადამიანი გამოვიდეს და თქვას - „მე ვარ ქართველი"!
- ამბობთ, შიშმა დაისადგურა ქვეყანაშიო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი იური, მაგრამ უარესებიც მომხდარა, რატომ დაითრგუნა ხალხი, თქვენი აზრით?
- როცა ხედავს ადამიანი, რომ ვიღაცა, ვიღაცეების ჯგუფი, რომლებიც კრიმინალები არიან და ტერორისტულ აქტს ახორციელებენ, ხელისუფლება კი ხალხის დაცვას ვერ უზრუნველყოფს, ხალხი არის დაშინებული, მილიონ ცუდ რამეზე დაიწყებს ხალხი ფიქრს, რომ ის დაცული არ არის და თუ სიმართლეს იტყვის, შეიძლება, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ უჩნდებათ ფიქრი, რომ ხვალ „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ყოველ დღე აანონსებს, რომ უკრაინიდან თეთრ ცხენზე ამხედრებული სააკაშვილი დაბრუნდება, ნაციონალების მაღალჩინოსნები იმუქრებიან, დავბრუნდებით და მერე ნახეთ თქვენი დასჯაო, აშინებს ეს საზოგადოებას და ფიქრობს, რომ მათი ჩართულობა ნაკლები უნდა იყოს. არიან სხვადასხვა ტიპის ადამიანები. უნდა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ არაფერი არ ღირს, მაგრამ ხალხი უნდა მიხვდეს, რომ მხოლოდ ხელისუფლება არ აკეთებს ყველაფერს ხალხის თანადგომის გარეშე. თითოეული ჩვენგანი არის საქართველო და ეს ლოზუნგი იქნება ყველასთვის.
- არსებობს შიშიც იმისა, რომ „ნაციონალები" იხეირებენ არეულობით და ისარგებლებენ ხალხის ემოციებით. ამისგან თავის დაცვა როგორ შეიძლება, რას აპირებთ?
- ჩვენ პირიქით, აპრიორში ვამბობთ, რომ დავუდგებით გვერდით ხელისუფლებას და პოლიტიკური მინდვრიდან გავაძევებთ „ნაციონალებს". ხელისუფლებას უნდა წავუყენოთ ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ ძირითად ორგანოებში, სხვადასხვა უწყებებში საკვანძო ადგილებზე არ უნდა იყვნენ ძველი „ნაციონალები".
- ვის უყენებთ ულტიმატუმს კონკრეტულად?
- ჩვენ ვეუბნებით ხელისუფლებას, რომ მათთან ერთად გვინდა სამართლიანობის აღდგენა, მივცემთ ამისთვის დროს და თუ ვერ დავინახავთ რეალურ ნაბიჯებს, მერე უკვე ულტიმატუმს წავუყენებთ. მილიონი რამე მოჰყვება ამას, შეიძლება რამდენიმე საკითხი დაისვას. ვიღაც კოსმოსიდან ჩამოსულს ხომ არ დავაბრალებთ ყველაფერს, ვინც არის პოლიტიკაში, ვინც უნდა საზღვრავდეს ყველაფერს და აკონტროლებდეს, იმათთან გვაქვს ჩვენ საქმე. რახან ვერ სრულდება, კითხვები მათი მიმართულებით უნდა დაისვას, აბა, ერთმანეთს ხომ არ დავუსვამთ კითხვებს?
- რამდენ ადამიანს ელოდებით?
- პირველ რიგში საზოგადოებას გამოვაღვიძებთ და ვაჩვენებთ, რომ არ ვართ ის ხალხი, საპარლამენტო სიებში მოხვედრაზე ჩალიჩს რომ დავიწყებთ ან მთავრობაში მოსვლა რომ გვინდა. თითოეულმა ადამიანმა უნდა თქვას, რომ ის არის საქართველო. საქართველოდ უნდა იგრძნოს მათ თავი და არ უნდა დაავალოს თეთრ ცხენზე ამხედრებულ ადამიანს ყველაფერი, რომლისგანაც ხურჯინით ფულებს ელოდება. ყველა ადამიანმა თავისი წვლილი საქართველოსთვის უნდა გაითვალისწინოს და გაანალიზოს.
- რეგიონებში ხომ არ იქნება პარალელური აქციები?
- შეიძლება, ეს ფიზიკურად ვერ მოესწროს, არის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც ჯერ გათვლის პროცესშია, მაგრამ ჯერ ჩვენ, ვინც აქ ვართ, ის უნდა შევიკრიბოთ. ელემენტარულად ვიტყვით, რომ „ოცნება" კი არ არის საქართველო, ან სხვა პარტია, ჩვენ თითო კაცად ვატარებთ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე.
- ვადამდელი არჩევნების მოწოდებებსაც ხომ არ გააჟღერებთ?
- მოდით, ამაზე წინასწარ ნუ ვილაპარაკებთ, რადგან ისეთი ტემპებით დაიწყო მთავრობამ მოქმედება, რომ შეიძლება, საჭიროც არ გახდეს. ჩვენ ჯიბრში არ ვუდგავართ ხელისუფლებას, არც მათ ვარცხნილობებს ვაპროტესტებთ, ჩვენთვის მთავარია, რას აკეთებენ ქვეყნისთვის. აქამდე რომ არაფერს აკეთებდნენ, იმიტომ არის ქვეყანაში აღშფოთება. ჩვენ არ გვაქვს იდე-ფიქსი, რომ მაინცდამაინც ვაკრიტიკოთ ესენი, რომ არ არის გამოძიებული საქმეები, ამიტომ გვაქვს საყოველთაო აღშფოთება. ჩვენ გვინდა, ჰარმონიაში ვიცხოვროთ ხელისუფლებასთან ერთად და მან უნდა დააყენოს საკითხი ტერორის არარსებობის შესახებ, ვიღაცა ძველი გადმონაშთი და სისხლისმსმელი არ უნდა იყოს საკვანძო ადგილებში, თუ ამას უზრუნველყოფენ, ვიქნებით მათ გვერდით, თუ არა და, ვაძლევთ მიმართულებებს სამინისტროების მიხედვით, ვინ სად მუშაობს. თუ ამ ყველაფრის იგნორირებას გააკეთებენ, მაშინ ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება.
- და რა გზას მიმართავთ?
- სხვა გზას მივმართავთ.
- პერმანენტული იქნება ეს აქციები თუ გამოვალთ და დავიშლებით?
- ეს იქნება აქცია, სადაც გამოვალთ, ერთმანეთს დავენახებით, რომ ცოცხლები ვართ, ჯანმრთელები ვართ, არ გვეშინია არავისი, არც ტერორისტული აქტების, მომავალ აქციამდე დავსვამთ საკითხებს, რომელიც უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ. თუ არ შეასრულა, ან არ შესრულდა, მაშინ ჩვენ მოთხოვნებზე გადავალთ.
- სად იქნება აქცია?
- რუსთაველის ძეგლთან ჩატარდება, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.
- იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე ძალიან წუხდა იმაზე, რომ არცერთი დეპუტატი, ვისაც ის ეხმარებოდა თავის დროზე, ახლა არც კი ესაუბრებოდნენ. ბევრი ამ ადამიანთაგანი არც კი გამოჩენილა გარდაცვლილის დასაფლავებაზე. რას ეტყოდით ამ ადამიანებს?
- მე რა ვუთხრა, ღმერთის წინაშე ყველა პასუხს აგებს. საგაზეთოდ და საინტერვიუოდ არაფერს ვიტყვი, რასაც ვფიქრობ, პირადად შევხვდები მათ და სათქმელს ვეტყვი.
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია"