საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის ანალიტიკური სამსახურისა და თბილისის მერიის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებმა ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობის თემაზე პრეზენტაცია გამართეს და სატრანსპორტო პრობლემების აღმოფხვრის შესახებ პროექტები წარადგინეს. ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, ქართველი პროგრამისტების მიერ შემუშავდა სპეციალური ელექტრონული სისტემა, რომელიც მაღალტექნოლოგიური ცენტრის მისიისა და ძირითადი ფუნქციების ეფექტიანი შესრულების გარანტიაა.
„ალიას" საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე ესაუბრა:
- 112-ის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სპეციალური ტური დაგეგმა იმ დეპუტატებისთვის, ვისაც არ უნახავს ის ცენტრი, საიდანაც იმართება დედაქალაქის მოძრაობის ორგანიზაციის სფერო. ამ სამსახურის ეკრანზე გამოტანილია დედაქალაქის ქუჩები და შესაძლებელია, თავისუფლად მოხდეს დაკვირვება, რა მდგომარეობაა შუქნიშნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება „ჭკვიან შუქნიშანს", თქვენც ხვდებით, რომ ესაა ტექნიკური სლენგი და ესაა შუქნიშანი, რომელსაც შეუძლია, გარკვეულ დიაპაზონში და ავტომატურ რეჟიმში შეცვალოს შუქნიშნის პარამეტრები. საუბარია იმაზე, რამდენი წამი უნდა ენთოს წითელი ან მწვანე ფერები, ამ დროს ძველი თაობის შუქნიშნებს ეს ფუნქცია არ ჰქონდათ. ახალი თაობის შუქნიშნებს უყენია სპეციალური მთვლელები, მრიცხველები, რომელიც აკვირდება, რომელი მიმართულებით რა ნაკადები მოძრაობს და ამის მიხედვით ის შემდგომ თავად გადართავს ამ ფერების ხანგრძლივობის მაჩვენებელს. ესაა და ეს.
- ეს გადართვა კი მოხდება გარკვეული სპეციალური სენსორების მიხედვით, თუ როგორ?
- კი, ცხადია, სენსორი იღებს ინფორმაციას და ავტომატურ რეჟიმში მოხდება მერე ამ შუქნიშნის გადაწყობა.
- ითქვა და ეს ახალი ჭკვიანი ხელსაწყო მართლა ჩვენი პროგრამისტების გაკეთებულია?
- არა, ეს უცხოური შუქნიშნებია, ეს პროგრამა არის ამ საშუქნიშნე მეურნეობის მართვის დიდი გამოცდილების მქონე მექსიკური კომპანიის „სემეკსის" ინოვაცია, რომელმაც შარშანწინ გაიმარჯვა თბილისში გამართულ ტენდერში და მის მიერაა შექმნილი პროგრამა „სოფტი" და ის ახორციელებს ამის ოპერირებას.
- აქამდე ჩვენ ხომ გვქონია მსგავსი შუქნიშანი?
- არა, ადრე იმართებოდა შუქნიშანი ხელით, ე.წ. კონტროლიორის მეშვეობით და შარშან თბილისის საკრებულომ 2 მილიონ 200 ათასი ლარი მიზნობრივად დაუმტკიცა ამ სამსახურს დაახლოებით 71 ასეთი გზაჯვარედინის აღჭურვისთვის. მოგეხსენებათ, გზაჯვარედინზე ერთი ცალი შუქნიშანი არ დგას, აქ ყოველი მიმართულებით დგას გვერდიდან, ზემოდან - ზოგან 8 შუქნიშანია, ზოგან 10, ანუ თითო ასეთი გზაჯვარედინის მოწყობა ახალი შუქნიშნებით ჯდება 60-70 ათასი ლარი, და მომავალ წელს კი გითხარით, 2 მილიონზე მეტია დაგეგმილი მხოლოდ ამ შუქნიშნების დამატებისთვის. იდეალურ შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, რომ ქალაქი თავიდან ბოლომდე აღიჭურვოს, მაგრამ ახლა იქ იქნეbა, სადაც განსაკუთრებით ინტენსივობაა მომატებული მანქანების, ის შუქნიშნები უნდა შეიცვალოს ახალი ჭკვიანი შუქნიშნებით და გარდა ამისა, ამ პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მას შეუძლია ცალკეული მიმართულებით, მაგალითად, ვაჟა-ფშაველაზე რომ შემოუხვევთ, ერთგვარი მწვანე დერეფანი შექმნას და, თუკი თქვენ საშუალო რეკომენდებული სიჩქარით ივლით, ხვდები ე.წ. მწვანე ტალღაზე და ასე მიდიხარ მწვანე დერეფანში.
ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი, რაზეც კამათი მაქვს, ისაა, რომ ამ შუქნიშნებს, რაც აქამდე გვაქვს ქალაქში, ამ ახალი „ჭკვიანი შუქნიშნების" მონტაჟის შემდეგ გამოურთეს ყვითელი შუქი. ეს დეტალებია, მაგრამ მძღოლები დამეთანხმებიან, რომ, როცა შუქნიშანთან დგახარ და ელოდები მწვანეს ანთებას, ყვითელი კი გაუწყდება, რომ რამდენიმე წამში აინთებოდა მწვანე ნათურა, შენ ემზადებოდი დასაძვრელად. თბილისში ამჟამად, ფაქტია, რომ წითლიდან პირდაპირ ინთება მწვანე. და თუ გავითვალისწინებთ, რომ თვალმოუცილებლად შუქნიშნის ყურება ძალიან რთულია...
- და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგჯერ ეს შუქნიშანი ძალიან მაღლაა და წეროსავით უნდა წაიგრძელო კისერი...
- კი, მაგასაც თუ გავითვალისწინებთ, და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბევრი ავტომანქანა ავტომატური გადაცემის კოლოფითაა, რომლის დაძვრასაც გარკვეული დრო სჭირდება და, თუ დავუმატებთ იმას, რომ ბევრი ახალბედა მძღოლია და კვალიფიკაცია არ აქვს მძღოლობის, ამის ჯამი გვაძლევს იმას, რომ ამ შემთხვევაში მინიმუმ 3-4 წამი სჭირდება წინა მანქანების დაძვრას, ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუკი შუქნიშანზე მწვანე სულ 20 წამი ანთია, გამოდის, რომ მხოლოდ 4-5 ავტომობილი ასწრებს გავლას და წარმოიშობა საცობი, ამიტომ ვამბობ, რომ მალე გაიფიცებიან „ჭკვიანი შუქნიშნები" და იტყვიან, რომ დაგვიბრუნეთ ყვითელი შუქიო.
- და რით ამართლებს ტრანსპორტის სამსახური ყვითელი შუქის გამორთვას?
- იმით, რომ პოლონეთსა და ვენაშია ასეო. ჩემი აზრით, ამ ქვეყნებთან თბილისის შედარება არაადეკვატურია და ყვითელი შუქი უნდა დავიბრუნოთ თბილისში.
- და ამ ახალ შუქნიშანს არ აქვს მინუსი, მართლა ასეთი არაჩვეულებრივია?
- ეს არის ინოვაციური რამ, რად უნდა ამას ლაპარაკი, მაგრამ მასზე იმაზე მეტი იმედი არ უნდა დავამყაროთ, რაც სინამდვილეშია, ბოლოს და ბოლოს, შუქნიშანია! და მარტო შუქნიშანი რომ დედაქალაქში საცობებს ვერ განტვირთავს, ეს ცხადზე უცხადესია. ცალკე აღებულ სამსახურებს, რომლებიც საგზაო მოძრაობასთან არის შეხებაში, გარკვეული გამოცდილება დაუგროვდათ, მაგრამ მათ აკლიათ მთავარზე მთავარი: ერთმანეთთან სწრაფი და კოორდინირებული მუშაობა, ამ დროს ესაა ერთ-ერთი მთავარი. მაგალითად, საცობის წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გაუმართავი შუქნიშანი, ასევე ცუდ ადგილზე დახაზული პარკირების ადგილი, ან ახდილი ჭა, ან ურბანული პრობლემა, მაგალითად, სასტუმრო „აჭარის" წინ არსებული მოედნის გაყიდვა.
- ან ნაგვის უზარმაზარი მანქანების პიკის დროს მოძრაობა შუა ქალაქში;
- კი და იგივე სადისტრიბუციო მანქანების, კერძო ტაქსების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ან კერძო ავტომობილების უპასუხისმგებლო მძღოლების მოქმედება, ყველაფერი ეს მოქმედებს საცობზე... ისე, ნაწილი ამ ახალი შუქნიშნებისა უკვე დამონტაჟებულია და ამ წელს დაგეგმილია კიდევ რამდენიმე კვანძის გადაიარაღება, ხომ ხვდებით, ცალის კი არა, გზაჯვარედინის მოწყობაზეა ლაპარაკი.
- და დღეს რა ადგილას დგას ეს „ჭკვიანი შუქნიშნები"? მნიშვნელოვანი ადგილები შეიძლება გვითხრათ?
- ამჟამად ქსელში 81 შუქნიშანია ჩართული. მარტში მათ რიცხვს - 40, ხოლო წლის ბოლოსთვის 35 „ჭკვიანი შუქნიშანი" დაემატება. მაგალითად, წერეთლის გამზირზე უკვე დამონტაჟებულია ერთ-ერთი ასეთი შუქნიშანი, მაგრამ, თუ მანქანას შუა გამზირზე გავაჩერებთ, ჭკვიანი კი არა, სულ სუპერჭკვიანი შუქნიშანი რომ იყოს, მანქანები მაინც გაჭედილები იქნებიან, მაგრამ სადაც ადამიანის ფაქტორი მინიმუმამდე დადის და წინა პლანზე გამოდის ავტომატური მართვა, რა თქმა უნდა, კარგია! და, რად უნდა ამას ლაპარაკი, რომ, თუ მას უყენია სპეციალური სენსორები, მთვლელები, რაც მოძრაობის ინტენსივობის დათვლის, ეს ძალიან კარგია და თუკი საცობების წარმოშობის მიზეზებში საშუქნიშნე მეურნეობას მივაკუთვნებთ 30 %-ს, ამდენივეთი შეიძლება მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მაგრამ სრულად ვერ გაუმჯობესდება სიტუაცია, მაგრამ, ვიმეორებ, თუ არ გაუმჯობესდა საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის მენეჯმენტი, არაფერი გვეშველება.
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ალია"