reportiori.ge - "საქართველოს რესპუბლიკა": დამნაშავის დაჭერამდე თუ მომჩივანს მოვსპობთ ადრე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:33
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
"საქართველოს რესპუბლიკა": დამნაშავის დაჭერამდე თუ მომჩივანს მოვსპობთ ადრე...
ავტორი:
28 იანვარი, 2015. 14:20



დოდო აბაშიძის მიერ კომედიურ მიუზიკლში განსახიერებული პოლიცმეისტერის ეს ფრაზა თუ შეეფერება იმ ტრაგედიას, რომელიც 20 იავარს დატრიალდა: მოკლული შვილის საფლავს „მომჩივანი" მამაც ზედ დააკლეს!


თუმცაღა, იური ვაზაგაშვილის 8-წლიან ბრძოლას სამართლის ძიებისათვის, ბანალური მომჩივანობა უწოდო, როგორც მინიმუმ, უხერხული მგონია და ამიტომაც ჩავსვი ზემოთ ეს სიტყვა წინწკლებში.


ისევე, როგორც ირინე ენუქიძეს მხოლოდ საკუთარი შვილი არასოდეს უხსენებია და სანდროსთან ერთად ბუტა რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის მკვლელების დასჯისათვისაც იღვწოდა, ასევე იური ვაზაგაშვილიც ჩვენი შვილების სიცოცხლის გადასარჩენადაც ითხოვდა საკუთარი შვილის მკვლელების დასჯას;


ისევე, როგორც სანდრო  გირგვლიანის დედა, დედაშვილობის სამაგალითოდ აღსრულების გამო იქცა ზოგადად XXI საუკუნის ქართველი დედის სიმბოლოდ, ასევე, მამაშვილობის ბოლომდე აღსრულების გამო იური ვაზაგაშვილი გახდა ქართველი მამის, მამაშვილობის სიმბოლო;


დედაშვილობა და მამაშვილობა, აქედან ზოგადად ოჯახი, ის ფენომენია, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქმება კავკასიაში და მით უმეტეს საქართველოში...


ჰოდა, დედაც და მამაც საკუთარი შვილების საფლავებს ზედ დააკლეს!


დიახ, არ შემშლია - იური ვაზაგაშვილის მუხანათურმა მკვლელობამ თითქმის 100 %-ით დამარწმუნა იმ მოარული ხმების ნამდვილობაში, რომ ნაცების ფაშისტური რეჟიმის სპეცსამსახურებმა ირინე ენუქიძე საკუთარი შვილის საფლავზე მოწამლეს!


თუმცა, ჩემი რწმენის პროცენტული შემადგენელი უადგილო ლირიკაა, რადგანაც მკაცრი რეალობა იმაშია, რომ გირგვლიანებისა და ვაზაგაშვილების ოჯახები პრაქტიკულად ამოწყვიტეს!..


გახსოვთ, ამასწინათ რა ერთხმად აღნავლდნენ საქართველოში „მოღვაწე" ამერიკის შნირები- შარლები ვართო (რის შესახებაც ჩემს წინა სტატიაში ვისაუბრეთ)?! დღეს, მე ვიტყოდი, დასავლეთის ნეოლიბერალურ მეხუთე კოლონას საქართველოში ე.წ. არასამთავრობოებს შნირების სახით, ასევე ერთხმად ჩაუწყვეტიათ ხმა - არავინ იძახის იური ვარ, ვაზაგაშვილიო...


კინოფილმიდან ფრაზა შევარჩიე წინამდებარე წერილის სათაურად და კიდევ ერთი ფილმი გამახსენა ამ შემზარავმა ტერაქტმა:


ეს რამ მოაფიქრებინაო?


ამოიგმინა საკუთარი შვილის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილმა დათა თუთაშხიამ და იქვე საკუთარი აზრი ამეკვიატა:


მოფიქრებით, რა არის ისეთი სიბინძურე, რომ სატანის მიმდევრები ვერ მოიფიქრებენ და არ იკადრებენ, მაგრამ, ეს როგორ გაგვიბედეს ქართველ საზოგადოებას?


თანაც, ცინიზმი ნახეთ რა - ყველაფერი ადამიანურ ინსტინქტებზე, გრძნობებზე გათვალეს ამ არაადამიანმა მხეცებმა:


იმავე სასაფლაოზე, სადაც შენი შვილია დაკრძალული, სხვის დაკრძალვაზე მისული რომელი მამა არ მოინახულებს საკუთარი შვილის საფლავს?


ზემოთ, ქართველი საზოგადოება-მეთქი და ზედმეტი ხომ არ მომივიდა? - საერთოდ ვართ საზოგადოება და თანაც ქართველი?


9 წლის მანძილზე ასობით მკვლელობა, კაცების გაუპატიურება ციხეებში და მერე რა?..


(აღარაფერს ვამბობ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დროს ათიათასობით ბიზნესმენების დაწიოკებასა თუ წართმევაზე).


ვენდეტა იტალიური მაფიის მოგონილია, მაგრამ ზოგადად კავკასიელებს და კონკრეტულად ქართველებს, იტალიელებზე ბევრად ადრე, ქართული ვენდეტა, სისხლის აღების ტრადიცია გვქონდა.


ყველა ნორმალურ ადამიანს შურისძიების გრძნობა დაბადებიდან რომ აქვს, ეს სრულიად ბუნებრივი და გასაგებია!


იტალიური თუ ქართული ვენედეტა, შურისძიებასთან ერთად ის პრევენციული ინსტრუმენტიც იყო, რომლის შიშითაც კაცისკვლას ასე იოლად, როგორც დღეს, ვერვინ ბედავდა!


ეს ადრე, იმ „ბნელ დროს" ხდებოდა. ჩვენს „ნათელ დღევანდელობაში" თანამედროვე სახელმწიფოს როლი კი სწორედ იმაშია, რომ კანონის ფარგლებში აღასრულოს მავანი შეურაცხყოფილის თუ შვილმკვდარი მამის შურისძიების ბუნებრივი სურვილი.


აი, ეს არის სამართლიანობა და ამას ითხოვდა და, სამწუხაროდ, დღესაც უშედეგოდ ითხოვს ქართველი ხალხი მეოცნებე ხელისუფლებისგან!


მაგრამ, როდესაც ამის მაგივრად დაზარალებული, შეურაცხყოფილი მოქალაქე ხედავს, რომ სახელმწიფო არათუ დამსახურებულად სჯის დამნაშავეს, არამედ პირიქით, ხელს აფარებს და სამსახურში აწინაურებს კიდეც მკვლელებს, ასეთ დროს, რომ ვინმემ თავად აღასრულოს სამართალი, გაემტყუნება?


რაღა შორს წავიდეთ, იმის მაგივრად, რომ სვანეთის ამომგდები ნაძირალა გია ბარამიძე ციხეში იჯდეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის სავარძელში ზის, ხოლო სვანეთის დამცველი მამულიშვილი ემზარ კვიციანი ციხეშია!


თავად განსაჯეთ და თუ გნებავთ განსაჯეთ იმისთვის, ვისაც არ მოგეწონებათ, რასაც ახლა ვიტყვი...


ქართველთა კავკასიური მენტალიტეტიდან და ნაცების კრიმინალური ბანდის მიერ ჩადენილი სასტიკი, ცინიკური დანაშაულობებიდან გამომდინარე, უბრალოდ საკვირველია, რომ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, ვინმეს პირადად მიეზღო სამაგიერო მისი თუ მისი ახლობლების წამების, მკვლელობის, გაუპატიურებისთვის, თორემ XXI საუკუნეში ქართული ვენდეტის ტრადიციის აღდგენისკენ არავის მოვუწოდებ, მაგრამ...


მეც შვილმკვდარი მამა, უკურნებელ სენს ვენდეტას ვერ ჩავუტარებ, მაგრამ ჩემი დამაქცევარი ვინმე ხორციელი ყოფილიყო, თავად გავუსწორებდი ანგარიშს. მით უმეტეს იმ შემთხვევაშ, თუ კანონით სამართალს ვერ ვიპოვიდი!


ამ „პოეტური" გადახვევისთვის ვისაც გნებავთ, განსაჯეთ და ვისაც გნებავთ, განმსაჯეთ როგორც იტყვიან - აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს...


ახლა კი ჩვენი წერილის მკაცრ პროზას დავუბრუნდეთ...


იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობის გამო, სრულიად საქართველოა შოკირებული, მაგრამ მოდით, ყველაფერზე თავიდან და გამოწვლილვით: როგორ მივედით აქამდე?


2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით სიტყვა „კოჰაბიტაციის" არათუ შინაარსი, არსებობაც კი, „ქართული ოცნება" გაურიგდა ნაცბანდას და 40% საპარლამენტო მანდატები დაუმტკიცა, როდესაც ერთნიშნა რიცხვს არ სცილდებოდა ნაცების რეალური შედეგი!


ამის გამო მივიღეთ ქვეყნის, მე ვიტყოდი, ქართველობის ამომგდები კოჰაბიტაცია, რომელიც არის ჩვენი ყველა საშინაო თუ საგარეო უბედურებების სათავე!


„ქართულ ოცნებას" (წაიკითხე, ბიძინა ივანიშვილს) მაშინვე გამოუჩნდნენ დამცველები ე.წ. შემოქმედებით ინტელიგენციაში: ვაცალოთ, „ბიძინამ იცის", აბა, „რა ვქნა?" და ა.შ. რაც დღემდე გრძელდებოდა უკვე ღარიბაშვილის (წაიკითხე, ისევ ივანიშვილი) მიმართ.


„გრძელდებოდა", ანუ ვნახოთ, იური ვაზაგაშვილის შემდეგაც ასე იქნება თუ, როგორც ბატონმა რეზო ამაშუკელმა თქვა ვიდეომიმართვაში, მართლაც ბოლო წვეთი აღმოჩნდება და არა მხოლოდ ბატონი რეზოსთვის?


რა თქმა უნდა, განვლილ პერიოდში ეკონომიკურ სასწაულს არავინ ელოდა და ამიტომ ახლა იმ რამე-რუმეებს შეგახსენებთ, რომელთაც ფინანსები კი არა, მხოლოდ ხელისუფლების კეთილი ნება, გნებავთ, უბრალოდ, ქართველობის განცდა სჭირდებოდა!


მაგალითად, რა გახდა ასეთი, რომ ამ ხნის მანძილზე ვერ მოხერხდა ნაცების მიერ ქალაქიდან გაპანღურებული დიდი დავით აღმაშენებლის მონუმენტის თავის ადგილზე დაბრუნება და იმ სამარცხვინო ველოსიპედის აღება!


(აღარაფერს ვიტყვი რიყის სიმახინჯე „ტრუბების", საპატრიარქოს, ანჩისხატის, სიონის შეურაცხმყოფელი ოლვეის-ულტრა ხიდის თუ კაზინოს შესახებ)


მაგრამ, ისევ ვაცალოთ, ვაცალოთ და...


ბიძინა ივანიშვილმა დიდი ჭაბუას ორმოცზე უკადრებელი იკადრა და ახლა, ვისაც არ ეზარება, დაუსჯელად განაქიქებს ქართულ დედაეკლესიას და შეურაცხყოფს მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს!


კვლავ ვაცალოთ, ვაცალოთ და ბიძინა ივანიშყილი „პორაჟენცულად" გადადგა და ღარიბაშვილის მეთაურობით „კარგი" და „ძალიან კარგი" მინისტრებისა და კიდევ უფრო „უკეთესი" პარლამენტის ამარა დატოვა ქვეყანა!


ანუ, ხელისუფალთა ამარა, რომელთაც პირველი ის გააკეთეს, რომ პრემია სახელფასო დანამატად მონათლეს და ნაცებივით (და უკვე მათთან ერთად) ისქელებენ ჯიბეებსა და კისრებს.


ნახეთ, რა ქართული მიხვრა-მოხვრა აქვს, როგორ დაუჩოქა პატრიარქსო და ა.შ. ხშირად მსმენია უკვე ღარიბაშვილის მეხოტბეთაგან.


ახლა, ღარიბაშვილს ვაცალეთ და ქართული მიხვრა-მოხვრის მქონემ, პატრიარქის მორჩილმა, მის წინაშე ეპატაჟურად დაჩოქილმა პრემიერმა:


ჩვენი პატრიარქი ბრძენია, მაგარმ ჩვენ მაინც ჩვენ ჭკუაზე ვიმოქმედებთო და მომავალში საქართველოში ერთსექსიანი ქორწინებების გარანტირებულად დამკანონებელი ე.წ. ანტიდისკრიმინაციული აქტი ზარ-ზეიმით მიიღეს!


და ბოლოს, საყდრისის უნიკალური, 5-ათასწლიანი ოქროსმომპოვებელი მაღაროს ვანდალური აფეთქება, რაც „ქართული მიხვრა-მოხვრის" ღარიბაშვილის მიერ ამ ძეგლის მიმართ პრემიერის აუწონავ განცხადებას მოჰყვა!


„ქართული ოცნების" მთავარი დაპირების - სამართლიანობის ვერ თუ არ დამყარებასთან ერთად, ხელისუფლების მიერ ჩადენილი მსგავსი ჰუმანიტარული დანაშაულობები რომ არა, ქართველი კაცი უკეთესი მომავლის იმედით უდრტვინველად აიტანდა უკიდურეს სოციალურ-ეკონომიკურ უსამართლობას, გაჭირვებას.


მაგრამ, ვიმეორებ, როდესაც ხელისუფლება იმასაც არ აკეთებს, რასაც დიდი ფინანსური ინექციები არ სჭირდება, ვერ (წაიკითხე, არ) იძიებს ისეთ გახმაურებულ საქმეებს, როგორებიც გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის მკვლელობები, ბარამიძის მიერ აფრასიძეების ოჯახის ვერტმფრენებიდან დაბომბვაა და სხვა მრავალი, რომ იტყვიან, სისხლი ყელში ამოვიდა და სხვა სოციალური უსამართლობებიც უფრო მძაფრად აღიქმება.


ამ ფონზე იური ვაზაგაშვილის ცინიზმით, სისასტიკით მკვლელობა, მართლაც ბოლო წვეთი უნდა აღმოჩნდეს ქართველი საზოგადოებისთვის, რადგანაც ამ აფეთქების, ტერაქტის მთავარი მიზანი, ჩემის აზრით, არა მხოლოდ იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია, არამედ საზოგადოების დაშინებაც იყო.


ანუ, 1 ოქტომბრის შემდეგ იმ ერთადერთი რეალური მონაპოვრის ნიველირება, რასაც საზოგადოებაში შიშის სინდრომის გაქრობა ჰქვია!


ახლა ყველა ამ ტერაქტის სასწრაფო გამოძიებას და დამნაშავეთა დაპატიმრებას ითხოვს, რაც არა მგონია, მოხდეს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დანაშაულს ტერაქტის კი არა, რაც უდავოა, „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის" ბანალური კვალიფიკაცია მისცეს და უკვე ეს ფაქტი მეტყველებს ბევრ რამეზე.


ეს საქმე, რომ სწრაფად არ გაიხსნება (გაიხსნება კი საერთოდ?), ამაზე ის ტექსტიც მეტყველებს, რომლითაც შს მინისტრი გადადგა (წაიკითხე, გადააყენეს):


რადგან ცხელ კვალზე ვერ მოხერხდა საქმის გახსნაო...


აქედან, ჭიკაიძის და სხვა ორის გადადგომა (წაიკითხე, გადაყენება), „ერთი ბარტყი გადმომიგდეს" უფრო ჰგავს, ვიდრე „ინტელექტუალი" მინისტრის რეალურ პასუხისმგებლობას, რასაც, რომ იტყვიან, არავინ ჭამს!


ჩემი აზრით, გამოძიებაზე უფრო ის არის მნიშვნელოვანი, რომ ცხონებული იური ვაზაგაშვილის „ეს განწირული სულისკვეთება", უშედეგოდ არ დარჩეს...


ახლა ხშირად სვამენ კითხვას - თუ ვის აწყობდა იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია.


რაზეც მეტ-ნაკლებად ლეგიტიმურ ვერსიებთან ერთად, ერთი აბსურდული ვერსიაც განიხილება - ეს ყველაფერი, თურმე, რუსეთის ინტერესებში ყოფილა?!


პირველად ეს სიბრძნე ქოცების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა გააჟღერა. რასაც სიამოვნებით აჰყვნენ აშკარა თუ ზვიად ქორიძის მსგავსი ფარული ნაცები.


ამ უკანასკნელმა ტელეკომპანია „თრიალეთის" თოქშოუში კოჰაბიტაცია ისე წარმოგვიდგინა, როგორც ლამის ზეციდან მოვლენილი წყალობა, ხოლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა (რასაც საქართველოს პატრიოტთა ალიანსი აპირებს 31 იანვრისთვის დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე), რუსეთის ინტერესების პირდაპირ გატარებად მონათლა!


ამ, რბილად რომ ვთქვათ, აშკარა დემაგოგიაზე, თქვენი მონა-მორჩილისგან, რომელიც იმ თოქშოუში ვმონაწილეობდი, საკადრისი პასუხი მიიღო ბატონმა ზვიადმაც და გადაცემის მონაწილე სხვა ნეოლიბერალმა ხლისტებმაც:


იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია, ნაცების და მხოლოდ ნაცების ინტერესებშია!!!


სანამდე ეს ჭირი შინ მთავარ ოპოზიციად ითვლება, ხოლო მათი პრეზიდენტყოფილი ევროპა-ამერიკას შორის დაწანწალებს და იქიდან მაოხრებელი გზირის სტატუსით მტრობს საქართველოს, მანამდე მოსვენება არ გვიწერია!


ამიტომ, იური ვაზაგაშვილის სიკვდილმა, ერთიანად უნდა დაამთავროს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობად წოდებული, ფაშისტური ნეოლიბერალური პარტიის ბოგინი საქართველოში და მათი უნამუსო პრეზიდენტყოფილი სააკაშვილიც ბორკილდადებული უნდა შევასახლოთ მისსავე აშენებულ გლდანის ციხეში!


სწორედ ეს იქნება ტერაქტის გამოძიებაც და იური ვაზაგაშვილის სულის ცხონებაც!

 

 

 

დავით მხეიძე

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"



 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016