22 იანვარს „ალიას" კარგად ინფორმირებული წყარო დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილზე იგეგმება თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით. თავდასხმის მომზადება დავალებული აქვს მკვლელობებში გამოცდილ პროფესიონალთა ჯგუფს. როგორც წყარო ამბობს, მანამდე დაგეგმილია აფეთქებები სხვადასხვა ობიექტებზე, რამაც უნდა გამოიწვიოს არეულობა ქვეყანაში, დაიწყოს სხვადასხვა ძალისმიერი აქციები და მოსახლეობაში გაჩნდეს შიშისა თუ დაუცველობის სინდრომი:
„ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო იური ვაზაგაშვილის აფეთქება. 2014 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში, როდესაც სააკაშვილი იმყოფებოდა უკრაინაში, კიევის მახლობლად მან გამართა შეხვედრა რამდენიმე პიროვნებასთან, მათ შორის ერთ-ერთი იყო ჩასული საზღვარგარეთიდან. ამ შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა „ნაცმოძრაობის" თანმხლებ მებრძოლ ფრთას განუცხადა, რომ მალე მოეღება ბოლო საქართველოში ბიძინა ივანიშვილის პარპაშს. ამისთვის გამოყენებული იქნება ყველა საშუალება, მათ შორის ძალისმიერიცო. ამის შემდეგ, სააკაშვილმა უკვე ტელევიზიით, „რუსთავი 2"-ის ეთერში გამოსვლის დროს მუქარის ტონით ისაუბრა, რომ ის მალე დაბრუნდება საქართველოში".
აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ „ქრონიკის" 19-25 იანვრის ნომერი, სადაც სწორედ ამ თემაზე ვწერდით. კერძოდ, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შექმნა ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების მოქმედებათა განხორციელების შტაბი. „ნაციონალებს" კიევში აქვთ დაქირავებული უზარმაზარი ოფისი და „ქრონიკის" წყარო იმაზეც გვიყვებოდა, რა თემების განხილვა მიმდინარეობდა ბოლო პერიოდში. დღეს სააკაშვილის ძალიან დიდი ტკივილია უზენაესი სასამართლოდ თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის წასვლა თანამდებობიდან და ახლა ცდილობს, თავისთვის სასურველი კანდიდატურები შეუცუროს ხელისუფლებას შენიღბული ფორმით. თუმცა, როგორც „ალიას" ინკოგნიტო წყარო უმტკიცებს, მთავარი თემა მაინც ბიძინა ივანიშვილის მოშორებაა.
აქ დაკონკრეტებას საჭიროებს რამდენიმე დეტალი: ვინ იყვნენ ჩასულები მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინაში დეკემბრის შუა რიცხვებში? როგორც კულუარებში ამბობენ, უნგრეთიდან ჩავიდა ზურაბ ადეიშვილი, ხოლო საქართველოდან - საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ბარამიძე, რომელსაც მოულოდნელი თავდასხმების „სკოლა" გლდანის ეკლესიასთან და სვანეთში, აფრასიძეების ოჯახის ჩახოცვაში აქვს გავლილი. ბარამიძე უკრაინაში 16-17 დეკემბერს იმყოფებოდა და ტელევიზიით ისიც ვნახეთ, როგორ „მარიაჟობდა" ის ფრონტის წინა ხაზზე და როგორ შეხვდა ქართველ მოხალისეებს. სხვათა შორის, „ალიას" ინკოგნიტო წყარო იმასაც ეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ თავდასხმაში სწორედ უკრაინაში მებრძოლ, იმ მოხალისეებს გამოიყენებენ, რომლებიც „ნაციონალების" რეჟიმის დროს სხვადასხვა სპეცსამსახურებში მსახურობდნენ.
მიხეილ სააკაშვილს რომ არჩევნებიც და დემოკრატიაც ფეხებზე ჰკიდია, ეს ჩვენ ჯერ კიდევ 2003 წლის ნოემბერში ვნახეთ, მაგრამ ის არანაკლებ უბედურებას ამზადებდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, როცა ის მზად იყო, საკუთარი ხელით დაეხვრიტა ბიძინა ივანიშვილი, ანუ მის თავში ეს აზრი კარგა ხანია მომწიფებულია. მაშინ მისი ლიკვიდაცია ბაჩო ახალაიას „სასტავის" მიერ, თავდაცვის სამინისტროდან იგეგმებოდა. მაშინ ვწერდით, რომ სპეცრაზმმა "შუშის სასახლეში" ივანიშვილის დაცვის წევრები განაიარაღა, „გლოკის" ტიპის პირადი იარაღი ჩამოართვეს თავად ბიძინა ივანიშვილსაც. სცენარის მიხედვით, შეიარაღებულ თავდამსხმელებს უნდა აეტეხათ სროლა და ამ სროლისას უნდა მოეხდინათ ივანიშვილის ლიკვიდაცია. მაგრამ „სპეცოპერაცია" ამერიკის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ჩაშალა, ეს ადამიანი ივანიშვილთან მივიდა, სახლში დაუჯდა და ლამის არჩევნების ჩამთავრებამდე აღარ მოსცილებია.
გაიხსენეთ, მაშინ ბატონ ბიძინას ჰქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ბანდა მის ლიკვიდაციას აპირებდა და ამიტომაც იყენებდა მიტინგების დროს ტყვიაგაუმტარ მინას. იმ პერიოდში ბევრმა ეს ზედმეტ სიფრთხილედ ჩათვალა, მაგრამ, როგორც ახლა ამბობენ, ნამდვილად არსებობდა სარწმუნო ინფორმაცია და მტკიცებულებები. ამჯერადაც, ყველაფერზე თვალი რომ დავხუჭოთ, მტკიცებულებად მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიც კმარა, ის საქართველოში დაბრუნებას 2015 წლის ბოლომდე აპირებს. რა თქმა უნდა, ის ვერ დაბრუნდება, თუ ბიძინა ივანიშვილს ან არ მოკლავენ, ან კიდევ ქვეყნიდან არ გააძევებენ. „ნაციონალების" სამზადისზე კიდევ ერთი ფაქტი მიანიშნებს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისის ყველა რაიონში მათ ახალი ოფისები გახსნეს, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც უკვე გითხარით, „საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების მოქმედებათა განხორციელების შტაბის" გეგმის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციამდე მოხდება სხვადასხვა ობიექტების აფეთქება და მოსახლეობაში მასობრივი ფსიქოზის გამოწვევა. იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ ეს საქმე სანახევროდ გაკეთებულია, ჯერ ერთი, ამ ტერაქტის მომწყობებმა უკვე ხმამაღლა გვითხრეს, ფეხებზე გვკიდიხართო და მეორეც - მოსახლეობაში უკვე გაჩნდა უიმედობისა და დაუცველობის განცდა. თუმცა ვაზაგაშვილს მაინც ინდივიდუალური ტრაგედია „გაუჩალიჩეს" და ხალხში მაინც არ არის განცდა, რომ ხვალ შეიძლება თითოეული ჩვენგანი ააფეთქონ ან მეტროში, ან ჩვეულებრივ ტრანსპორტში, ან ბენზინგასამართ სადგურზე, ან კიდევ რესტორანში.
კიდევ ერთი საკითხი - ვინ იცავს დღეს ბიძინა ივანიშვილს, კერძო დაცვა თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური? როგორც უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ამბობს „ალიასთან" საუბარში, ბიძინა ივანიშვილს, როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, კანონმდებლობის მიხედვით შეუნარჩუნდა სახელმწიფო დაცვა:
- გეკითხებით, როგორც ამ საქმის პროფესიონალს, ამ დროს ტერორისტები უფრო რომელ სქემას ამჯობინებენ, ანუ როგორ შეიძლება შეეცადონ ივანიშვილის ლიკვიდაციას?
- აშკარაა, ჩვენ უკვე საქმე გვაქვს სახელმწიფო გადატრიალებასთან. მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ამ დროს მთავარ ფიგურამდე შეიძლება მოიშორონ ის ადამიანი, ვინც ყველაზე დაახლოებულია მასთან და ვინც უფრო ყველაზე მეტად იცავს. მაგალითად, როცა ჩილეში სალვადორ ალიენდე ჩამოაგდეს, სანამ გადატრიალება დაიწყებოდა, მოიშორეს სახმელეთო ჯარების სარდალი.
- ანუ შეიძლება, რომ ძირითად სამიზნემდე რამდენიმე მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი მოიშორონ?
- რა თქმა უნდა... სააკაშვილი რომ გასამხედროებულ ფორმირებებს აყალიბებს და დღევანდელი ხელისუფლების დამხობას აპირებს, ამაზე უკვე დიდი ხანია ვყვირი. ეს ახლა აღარ ფარავს თავის ავ ზრახვებს, თორემ შეიარაღებული ფორმირებები საქართველოში იქმნება 2012 წლის არჩევნების შემდეგ. ამის პარალელურად მიდიოდა ფარული მოსმენები კერძო სტრუქტურებიდანაც კი. სააკაშვილს აქვს ე.წ. შავი სია, უკვე წინასწარ იცის, მოსვლის შემთხვევაში ვინ უნდა დასაჯოს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ მიდიოდა იური ვაზაგაშვილის ფარული მოსმენა და ტერორისტებმა ყველაფერი ზეპირად იცოდნენ. მე ძალიან მიკვირს, რომ ძალოვნებმა არ აღძრეს საქმე ტერორიზმის მუხლით. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს დასაწყისია? თუ გამოძიება ტერორიზმის მუხლით წავიდოდა, მაშინ სულ სხვანაირი სცენარი განვითარდებოდა. რატომღაც არავინ არ აქცევს ყურადღებას ერთ ფაქტს, სანამ ვაზაგაშვილს ააფეთქებდნენ, რამდენიმეჯერ განხორციელდა კიბერშეტევები სხვადასხვა საიტებზე და მათ შორის, სააგენტო „სამოქალაქო პრესის" საიტზეც, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ. ეს იყო ვირტუალური პოლიტიკური ტერორის დასაწყისი. არ არის გამორიცხული თავდასხმა ივანიშვილის კორტეჟზე, როგორც შევარდნაძეს მოუწყვეს. დაუკვირდით, თითქმის ყოველდღე სადღაც ფეთქდება მანქანა, ბოლო დროს რატომღაც მოუხშირეს ბათუმში. ერთი, ორი, სამი და ყური უკვე ეჩვევა. ეს ნელ-ნელა იწვევს ხალხის გაღიზიანებასა და სიტუაციის გამძაფრებას.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად საიმედოა დღეს სახელმწიფო დაცვა და თუნდაც კერძო დაცვა, რა ხვრელები შეიძლება არსებობდეს?
- მე ვფიქრობ, დღევანდელი სახელმწიფო დაცვის სამსახური საიმედოა, კარგად არის ფორმირებული. რაც შეეხება ხვრელებს, ვურჩევ ბიძინა ივანიშვილს, მიიწვიოს სპეციალისტები, თუ თანახმა იქნება, მეც შევხვდები და დეტალურად ავუხსნი, რა უნდა მოიმოქმედოს. ასე ღიად ყველაფერი ვერ ითქმება და ყველაფერი ვერ გაიშიფრება. ამან შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს მდგომარეობა.
არის თუ არა ამჟამად ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გაძლიერებული დაცვა? ამ საკითხზე დეტალურად ვერავინ გვპასუხობს. როგორც ბიძინა ივანიშვილის კარზე დაახლოებული ერთ-ერთი დეპუტატი გვეუბნება, მას მსგავსი არაფერი შეუნიშნავს. რა უნდა გააკეთოს თავად ბიძინა ივანიშვილმა უახლოეს მომავალში?
შაბათს, 24 იანვარს იური ვაზაგაშვილს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. შეიძლება ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდეს სურვილი, რომ სამძიმარზე მივიდეს, მაგრამ თავი უნდა შეიკავოს. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ამ დროს დამნაშავეები ყოველთვის მსხვერპლის გარშემო ტრიალებენ.
კვირას, 25 იანვარს, ვაზაგაშვილს დაკრძალავენ თავის სოფელში, ყარაფილაში, ივანიშვილი არც იქ უნდა ჩავიდეს. რაც მთავარია, ამ ტრაგედიის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურები უნდა გაიწმინდოს ძველი, „ნაციონალი" კადრებისგან, რომლებიც ბოლო დროს საეჭვოდ დაწინაურდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე. სასწრაფო წესით უნდა გაიხსნას გახმაურებული საქმეები და დაისაჯონ დამნაშავეები, რომლებიც ასევე თანამდებობებს ინარჩუნებენ ძალოვან სტრუქტურებში.
ყურადღებაა გასამახვილებელი უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან აეროპორტში, ტრანსპორტში, მეტროში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ასევე, ბენზინგასამართ და გაზგასამართ სადგურებზე. თუ აუცილებელი არ არის, დროებით უნდა მოვერიდოთ ბავშვების გამოყვანას მსგავსი ობიექტების სიახლოვეს. იმედია, საქართველოს ხელისუფლება დროულად გამოავლენს დამნაშავეებს და კრიმინალების პარპაშს საბოლოოდ დაუსვამს წერტილს.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"