reportiori.ge - ყოფილი ხელისუფლების ახალი ავანტიურა ზურაბ ჟვანიას საქმის გარშემო (?!)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 10:19
პრეს-დაიჯესტი
ყოფილი ხელისუფლების ახალი ავანტიურა ზურაბ ჟვანიას საქმის გარშემო (?!)
ავტორი:
28 იანვარი, 2015. 17:14


ამ სტატიაში შეიტყობთ, რამდენად „კეთილები" ყოფილან ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრები და როგორი „კეთილი" განზრახვით ცდილობდნენ შემთხვევის ადგილიდან უხერხულობის გამომწვევი ნიშნების კვალის გაქრობას. ეს „ნიშანი" კი, არც მეტი, არც ნაკლები, რაულ უსუპოვის ცხედარი ყოფილა... ასეთი შეფასებების შინაარსს ავითარებს კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას დაცვის მხარე...


ჩვენ კი რესპონდენტებისა და ცოტა ანალიზის დახმარებით ქრონოლოგიურად მივყვეთ და თემა სხვადასხვა ჭრილში გავიაროთ, დასკვნის გაკეთება კი მკითხველს მივანდოთ - იყვნენ თუ არა ნამდვილად „კეთილები" ჟვანიას დაცვის წევრები.


სკანდალური აღიარება თუ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მცდელობა?


ჩვენი დღევანდელი მსჯელობის თემა გარდაცვლილი პრემიერის დაცვის უფროსის კობა ხარშილაძის ჩვენება იქნება, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესზე მისცა (სხვათაშორის, ამ ჩვენების შესახებ „პრაიმტაიმმა" წინასწარ დააანონსა. - მ.ნ.). გთავაზობთ ციტატას მისი ნაამბობიდან: „მე ვიყავი სახლში. დამირეკა მიხეილ ძაძამიამ და მითხრა, რომ ზურა იყო უგონო მდგომარეობაში. გავემართე შემთხვევის ადგილზე, თუმცა გზაზე მანქანა გამიფუჭდა. ამის შემდეგ ბინიდან მოშორებით მომაკითხა ძაძამიამ და შემთხვევის ადგილზე მიმიყვანა. როდესაც მივედი, ფანჯრიდან დავინახე, რომ ბატონი პრემიერი უგონოდ გამოიყურებოდა. ვერ გავაღეთ კარი, შემდეგ ავძვერი გისოსებზე და ძაძამიას დახმარებით მოვაგლიჯე ეს გისოსები და შევედი ბინაში... უსუპოვი პრემიერისგან მოშორებით ეგდო, იყო არაორდინარული სიტუაცია და ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, მოვიფიქრე შემდეგი გეგმა: რაულ უსუპოვის ცხედარი მე და ძაძამიამ გავიტანეთ ბინიდან და ჩავდეთ მანქანაში. როდესაც მანქანაში ჩავსხედით, შემდეგ მივხვდი, რომ ეს იყო აბსურდული გეგმა და ცხედარი ისევ უკან შევიტანეთ. დავაწვინეთ იმავე ადგილზე და იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იყო. ფეხსაცმელი, სავარაუდოდ, ამ გატანის დროს გასძვრა და სავარაუდოდ, შარვალიც ამ დროს დაესვარა... ამ ყველაფრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და პირველი ნაბიჯი, რაც განვახორციელე, იყო გიორგი ბარამიძესთან დარეკვა და ამბის შეტყობინება. შემდეგ კი დავურეკე პრეზიდენტს..."


სანამ ჯერ გამოძიებას, ახლა კი სასამართლოს მისცემდა ამ ჩვენებას კობა ხარშილაძე (გამოძიებაში მან ჩვენება ერთი წლის წინათ, მარტში მისცა. - მ.ნ.), იმავე სცენას უამბობდა „პრაიმტაიმს" პეტრე მამრაძე. უბრალოდ განსხვავება ის იყო, რომ, მამრაძის მონათხრობის მიხედვით, საბურთალოს ქუჩაზე არსებული სურათის შესახებ სააკაშვილს შეატყობინეს, მან კი აღელვებულმა გასცა ბრძანება, რომ მეორე ცხედარი იქაურობისთვის მოეშორებინათ, თუნდაც მტკვარში გადაეგდოთ... თუმცა მალევე გაირკვა, რომ ის ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე იყო და მხოლოდ ამის შემდეგ მოუხდათ ცხედრის უკან დაბრუნება...


თუ ამ ორ ნაამბობს, ერთი და იმავე კონტექსტით, ერთმანეთს შევურწყავთ, მხოლოდ სააკაშვილის ფიგურა დარჩება ზედმეტი... ამან კი შესაძლოა, დაბადოს აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა - ხომ არ აფარებს ხელს ამ აღიარებით ხარშილაძე ყოფილ პრეზიდენტს და „დანაშაულს" სრულად საკუთარ თავზე იღებს? სულ სხვა საქმეა, რამდენად შეიძლება ეს აღიარება ახალი დანაშაულის კონტურებს კვეთდეს. ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ და მეტიც, ჩვენ ერთად აღმოვაჩენთ, რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს დაცვის მხარეს ამ სკანდალურ აღიარებაზე.


მანამდე კი ვნახოთ, რამდენად იზიარებენ დაზარალებული ოჯახები ხარშილაძის მიერ სასამართლოსთვის ნაამბობ ვერსიას.



„ტყუილია ყველაფერი, ჩვენ არ გვჯერა"

 

ასეით პასუხი გაგვცა რაულ უსუპოვის მამამ, როდესაც „პრაიმტაიმმა" მას კობა ხარშილაძის ჩვენებასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა...


იაშარ უსუპოვი:

 

- ხარშილაძის საუბარი თავიდან ბოლომდე არის მოგონილი, ტყუილია. მან ეს ყველაფერი თავის გამართლების მიზნით მოიგონა.

 

- თუმცა ხარშილაძე არ იყო პირველი, ვინც ეს ვერსია განავითარა. მანამდე თითქმის იმავეს ამბობდა პეტრე მამრაძეც...

 

- მაშინ ყველაფერი სცოდნია პეტრე მამრაძეს...

 

- თუ ეს სიმართლე არ არის, რა გამოდის, პეტრე მამრაძის ვერსია მოეწონა ხარშილაძეს და გაიმეორა?

 

- მამრაძემ არაფერი იცის. ხან ერთს იცავს, ხან - მეორეს.


- ხარშილაძემაც იგივე თქვა...

 

- მან შეალამაზა. ტყუილია ყველაფერი. ჩვენ არ გვჯერა ამის. კობა ხარშილაძე არის პირველი დამნაშავე და პირველი მოღალატე ზურაბ ჟვანიასი. მაგის ჩვენების არ გვჯერა...


- მაშინ რატომ ჰქონდა დასვრილი ტანსაცმელი თქვენს ვაჟს?

 

- ამაზე გამოძიება გასცემს პასუხს.


- ხომ არ ფიქრობთ, რომ ძალიან გაჭიანურდა ამ პასუხის მოლოდინი?

 

- ჩვენ მაინც ველოდებით მის საბოლოო დასკვნას.


- იმედი ისევ გაქვთ?

 

- ახლაც გვაქვს იმედი. ველოდებით. ვნახოთ.



რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებს, მისმა ძმამ, გოგლა ჟვანიამ ჩვენთან ინტერვიუში, ნებსით თუ უნებლიეთ, აქამდე დახურული და დაუდასტურებელი ინფორმაცია გასცა: კულუარულად იყო ცნობილი მხოლოდ, რომ პრემიერის ცხედრიდან აღებული ნიმუშები ექსპერტიზაზე საზღვარგარეთ გაიგზავნა. ამის შესახებ ვარაუდები გამოითქმებოდა მხოლოდ და ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებდა. გოგლა ჟვანიამ კი ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ საქმის გამოძიებაში უცხოელები ჩაერთვნენ. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:


- ხარშილაძე რას ლაპარაკობს, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია. ეს გამოყოფილი საქმეა და კონკრეტულად მის პასუხისმგებლობას ეხება, რამდენად ჯეროვნად შეასრულა მან და კიდევ დანარჩენმა ორმა სამსახურებრივი მოვალეობა, რაც შეეხება ძირითად საქმეს, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს. ხარშილაძის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ხარშილაძე არის მატყუარა. მე დღეს, ერთი მხრივ, ხელისუფლებას წარმოვადგენ, მეორე მხრივ კი - სუბიექტური ვარ. ამიტომაც, როცა სერიოზული საგამოძიებო მოქმედებები მიდის, არ მინდა, პიროვნული შეფასებები ვაკეთო ამ ადამიანებზე. საბოლოო სიტყვას იტყვის სასამართლო. ჯერ გამოძიება უნდა დასრულდეს.


- ამბობთ, რომ საქმის ძირითად ნაწილზე, თუ რა მოხდა რეალურად 2005 წლის 3 თებერვალს, ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს... ამ საქმის ფარგლებში უნდა ველოდოთ ახალ ბრალდებულებს?

 

- რა თქმა უნდა. როცა გამოძიება დასრულდება, ვის რა პასუხისგმებლობა დაეკისრება, ამას დღე მიმდინარე სასამართლო პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს.

 

- თქვენი გათვლებით, საქმის გამოძიება 2014 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. ყოველ შემთხვევაში, ამას დაბეჯითებით ამბობდით ჩვენთან ბოლო ინტერვიუში...


- სამწუხაროდ, ეს პროცესი გაჯანჯლდა. ამ საქმეში ჩაერთვნენ უცხოელები. ამან მოითხოვა დამატებითი დრო, ამის გამო ეს პროცესი გაჭიანურდა.


- ახლა როდისთვის გაქვთ საქმის გახსნის მოლოდინი?


- თარიღებს აღარ დავასახელებ...


- თქვენი აზრით, დამკვეთებზე გავა გამოძიება?


- რა თქმა უნდა. ამას მოწმობს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, რაც ამ საქმეშია. ვინც რა უნდა ილაპარაკოს და სცადოს, თავი იმართლოს, ყველას პასუხისმგებლობა დადგება, რადგან არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც ნებისმიერი ისეთი პიროვნების ნათქვამს გადაწონის, როგორიც ხარშილაძე და სხვები არიან...


- გავა გამოძიება სააკაშვილზე?

 

- ასეთი განცხადებისგან თავს შევიკავებ.



რად ფასობს „კეთილი საქმე"

 

თუ ობიექტურობის პრინციპს გავყვებით, ცხადია, მკითხველს ხარშილაძისა და ძაძამიას პოზიციაც უნდა შევთავაზოთ. შესაბამისად, გთავაზობთ ინტერვიუებს მათ ადვოკატებთანაც.


ბექა ბასილაია, კობა ხარშილაძის ადვოკატი:


- თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე არაორდინარული სიტუაცია დახვდა. რას გულისხმობდა?

 

- ამას ვერ დავაკონკრეტებ. კონტექსტიდან გამომდინარე, ისედაც გასაგები უნდა იყოს. მეტ კონკრეტიზაციას ვერ მოვახდენ, ვინაიდან დელიკატური საკითხია.

 

- საეჭვოა,რომ დაცვის წევრს ცხედრის შემთხვევის ადგილიდანგაყვანის საკითხი თვითონ, ერთპიროვნულად, ზემდგომთან შეუთანხმებლად მიეღო...

 

- როდესაც მორალური საკითხი დგება და ადამიანები არიან გარდაცვლილნი, ამ დროს შეიძლება ადამიანი მოიქცეს ისე, როგორც ხარშილაძე მოიქცა. ეს იყო ცალსახად კეთილშობილური აქტი იმ ადამიანის მხრიდან, რომელაც დღეს ლაფში სვრიან.


- ბარამიძეს ამ ყველაფრის მერე დაურეკა ხარშილაძემ?


- ათი წელი გავიდა მას შემეგ და რთული სათქმელია, რა ქმედება რას უსწრებდა. ეს ყველაფერი ხდებოდა 10-15 წუთის ფარგლებში. პრინციპში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს...


- როგორ არ აქვს? ამ შემთხვევაში ბარამიძის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგებოდა...

 

- არავინ იყო საქმის კურსში ხარშილაძისა და ძაძამიას ამ გადაწყვეტილების შესახებ...

 

- როდესაც ასეთ აღიარებას აკეთებს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, ეს შეიძლება გახდეს ახალი ბრალდების საფუძველი?

 

- არა. მათ მტკიცებულება არ გაუნადგურებიათ... პროკურატურა საგულდაგულოდ მალავს იმ ფაქტებს, სადაც ასახულია რაულ უსუპოვისა და ზურაბ ჟვანიას იმდღევანდელი შეხვედრის ყველა დეტალი. დღეს კი მიდის მსჯელობა იმაზე, უსუპოვის გვამის გატანა და შემოტანა ხომ არ არის დანაშაულიო... რატომ მალავს პროკურატურა „ეფბიაი"-ს დასკვნას? იმიტომ,რომ რაღაც დელიკატური საკითხები არ გახმაურდეს, ხომ? ანალოგიურად, ამ დელიკატური საკითხების გაუხმაურებლობის გამო მოუვიდათ აზრად უსუპოვის გვამის გატანა და შემოტანა.

 

- შემთხვევის ადგილიდან ცხედრის გაქრობის მცდელობა ჰქონდათ. ეს არ არის დანაშაული?

 

- იმ დროისთვის შემთხვევის ადგილზე არავითარი საპროცესო მოქმედება არ იყო ჩატარებული. ანუ ამ ადგილის საპროცესო გამაგრება, როგორც შემთხვევის ადგილის, არ მომხდარა, მტკიცებულებაც არ განადგურებულა და, ფაქტობრივად, სურათიც არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, ამ ქმედების რაიმე სამართლებრივი შეფასება წარმოადგენს სამართლებრივ აბსურდს.


ამ ბოლო კითხვას სულ სხვანაირად პასუხობს მიხეილ ძაძამიას ადვოკატი გელა ქენქაძე. ის აცხადებს, რომ ეს შემთხვევა ვერ გახდება ახალი ბრალდების საფუძველი, ვინაიდან ხანდაზმულობის ვადა გასულია...


სწორედ ამ თემას განვავითარებთ შემდგომ ქვეთავში და შესაძლოა, ერთადაც აღმოვაჩინოთ ის ჩანაფიქრი, რაც იქნებ წინასწარ ჰქონდა გათვლილი გუნდს, რომელსაც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმე ხელისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდა...



გაშიფრული ჩანაფიქრი?!


ლოგიკურია, თუ ვიტყვით, რომ, რასაც კობა ხარშილაძე ჰყვება, შესაძლოა, თავისთავად დაკვალიფიცირდეს, როგორც მართლმსაჯულების განხორციელების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ტყუილს სულაც არ ამბობს ძაძამიას ადვოკატი, როდესაც უნებლიეთ, ალბათ, შიფრავს ჩანაფიქრს, რომ ამ ქმედებას ხანდაზმულობის ვადა გასული აქვს. ცნობისთვის, ასეთი სახის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა 5 წელი აქვს მხოლოდ. შემთხვევიდან კი უკვე 10 წელია გასული. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ვადა პირს მხოლოდ აღიარების შემთხვევაში ეხება. კობა ხარშილაძემ კი ეს აღიარა...


ცხადია, ვინმეს სხვა კითხვაც გაუჩნდება - 10 წელია გასული იმ დანაშაულიდანაც, რასაც პროკურატურა დაცვის ორივე წევრსა და ერთ ექსპერტს ბრალდების სახით უყენებს - სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება... რატომ არ მოქმედებს ხანდაზმულობის ვადა ამ შემთხვევაში?


პასუხი მარტივია, ეს ვადა ნაციონალური ხელისუფლების დროს სამსახურებრივ დანაშაულებზე 15 წლამდე გაიზარდა.


შესაბამისად, თუ კობა ხარშილაძე დაასახელებდა პირს, ვისი დავალებით მოახდინა გვამის გატანა შემთხვევის ადგილიდან, იმ პირის მიმართ, ცხადია, სამსახურებრივი პასუხისმგებლობა დადგებოდა და თუ ეს იქნებოდა მიხეილ სააკაშვილი, მის ნუსხაში კიდევ ერთი ასეთი ბრალდება ჩაიწერებოდა... ამიტომ გამოსავალი მარტივი იყო - პირი სხვისი დასჯადი დანაშაულის დაფარის მიზნით აღიარებს დანაშაულს, რომელზეც მისთვის ხანდაზმულობის ვადა გასულია. ამდენად, ამ აღიარებისთვის პასუხი არავის მოეთხოვება, რაღა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ამ ჩვენებას შეფასებას მისცემს...


ამ დეტალში შეიძლება ამოვიკითხოთ სულ სხვა მიზნებიც და ამისთვის მივყვეთ ქრონოლოგიას.


ეს ჩვენება ხარშილაძემ გასული წლის მარტში ბრალდებულის სტატუსით უკვე მისცა. რამდენიმე დღის წინ კი გაიმეორა მოწმის სტატუსით ჩაჩუას პროცესზე. თუ ამას სასამართლო შეფასებას მისცემს, ეს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ჟვანიას ძირითად საქმეს.


უფრო გასაგები რომ გახდეს მკითხველისთვის, პირობითად გავშლით სურათს: თუ გამოძიება ავითარებს ვერსიას, რომ მკვლელობა მოხდა სხვაგან და ცხედრები საბურთალოს ქუჩაზე მიიტანეს, ეს ვერსია სრულად შეიძლება ამოყირავდეს იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო იმსჯელებს ხარშილაძის ნაამბობზე, შეაფასებს მას და განაჩენშიც ასახავს. ვინაიდან განაჩენი არის დადგენილი ფაქტი, რომელიც შესწავლას აღარ საჭიროებს...


თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ აღიარებას  გამოძიებამ ერთი წლის წინათ შეფასება არ მისცა და ხარშილაძეს ბრალი არ შეუვსო, შესაძლებელია, ვივარაუდოთ სწორედ ის, რომ გამოძიება სულ სხვა მიმართულებით მუშაობს და არა საბურთალოს ქუჩის ინციდენტზე...


პროკურატურას ამჯერად, პირიქით, დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმისთვის, რომ სასამართლომ, რომელიც ჯერ კიდევ ნაციონალების კონტროლქეშ მოიაზრება საზოგადოებაში, ხარშილაძის ჩვენებას შეფასება არ მისცეს და ამით „მთავარი" საქმე გადაარჩინოს.

 

მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016