ჩვენი ძვირფასი კოლეგა და მეგობარი - ულამაზესი თეა ასათიანი, რომელიც უკურნებელმა და შეუბრალებელმა სენმა სულ ცოტა ხნის წინათ ხელიდან გამოგვტაცა, „ასავალ-დასავალში" წლების განმავლობაში ქმნიდა გულისმომკვლელ წერილებს საერთო სათაურით - „რატომ მომკალი, მიხეილ?"
ეს გახლდათ ჟურნალისტის მიერ მაღალი გემოვნებით შეთხზული იმ ადამიანების მონოლოგები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმმა სიცოცხლეს გამოასალმა და სიკვდილეთის გზას გაუყენა...
დიახ, ცხონებული თეა ასათიანის მხატვრულ-პუბლიცისტური ოსტატობის წყალობით, სიცოცხლეშივე აძაღლებულ და მიცვალებულ მიხეილ სააკაშვილს მკვდრები ელაპარაკებოდნენ და ამ ყველაფერს ჰქონდა საოცარი ემოციური დატვირთვა, რამაც თავისი ნაყოფი გამოიღო და ადამიანების გვამებზე მდგარი ნაცისტური ხელისუფლება 2012 წლის 1 ოქტომბერს ბეჭებზე დასცა.
ბატონი იური ვაზაგაშვილის საშინელმა აღსასრულმა რედაქციაში ყველას ერთად გაგვახსენა ჩვენი ძვირფასი და ულამაზესი თეა ასათიანის მიერ შექმნილი რუბრიკა - „რატომ მომკალი, მიხეილ?"
საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ ეყო ნება, ძალა და გამბედაობა, სამშობლოს დამაქცევარი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან საღ-სალამათი არ გაეშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი კიდევ ბევრს მოკლავს და მოინელებს.
ოთარაანთ ქვრივი შვილის საფლავს დააკვდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავს დააკლა!
იმ ავბედით დღეს, 2015 წლის 20 იანვარს, იური ვაზაგაშვილი თავისი ვაჟის საფლავისკენ ყვავილებით ხელში მიდიოდა და კაცმა არ იცის, რას ორჭოფობდა და რა კითხვები აწუხებდა ცხონებულს.
იქნებ ის შეხვედრა უღრღნიდა გულს,რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იური ვაზაგაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გაიმართა. მიიღო კი მან ბიძინა ივანიშვილისგან იმის მყარი გარანტია, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელები უმოკლეს ვადაში მიეცემოდნენ პასუხისგებაში და კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებოდნენ?
იქნებ იური ვაზაგაშვილი იმაზეც ფიქრობდა, რომ ასეთ ძაღლუმადურ სიცოცხლეს, ამდენ უსამართლობასა და აბუჩად აგდებას, როცა შვილის მკვლელები „იმედისა" და „რუსთავი 2"-ის ეთერში „ექსპერტების" სტატუსით წარუდგინეს საზოგადოებას, სჯობდა, თავისი ზურასა და ზვიადის ძვლებს ჩახუტებოდა და ყველაფერი დაემთავრებინა.
ნებისმიერი ლოგიკით, ნაძირალა, რომელსაც ყველაზე მეტად ხელს აძლევდა იური ვაზაგაშვილის სიკვდილი, მიხეილ სააკაშვილია!
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოწმის ჩვენება, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში სულ ახლახან გამოჩნდა, სკანდალური იქნება და 2006 წლის 2 მაისს ჩოგბურთის კორტებთან მოწყობილი სასაკლაოს ერთადერთ ავტორად სწორედ მიხეილ სააკაშვილი დასახელდება!
„რატომ მომკალი, მიხეილ?" - კითხულობს იური ვაზაგაშვილი, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ დაიცვა და სააკაშვილს საშუალება მისცა, თითოეული ჩვენგანისთვის სულში კიდევ ერთხელ ჩაეფურთხებინა!
***
დიახ, ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი გეკითხები, რატომ მომკალი, მიხეილ? მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილის მკვლელების დასჯას ვითხოვდი? რა გრჯიდა ჩემს მოსაკლავად... 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ რამდენმა წყალმა ჩაიარა, რამდენჯერ ხმის ჩახლეჩამდე ვიყვირე და რამდენჯერ მუშტისოდენა ცრემლები ვღვარე, მაგრამ ვინ შეისმინა ჩემი ვედრება? გეგონა, ეს ხელისუფლება ჩემი შვილის მკვლელებს ვირის აბანოში შეყრიდა და იმიტომ ამაფეთქე, შე არაკაცო და ნაძირალა? განა არ იცოდი, რომ საქართველოში შინაურ მღვდელს შენდობა არც არასოდეს ჰქონია და არც ექნება?! ვის ანაღვლებს ჩვენი მკვდარი შვილები, როცა ხელისუფალთა ნახევარს ცოლები ორსულად ჰყავს, ხოლო ნახევარი იმის ფიქრში ათენ-აღამებს, რომელ ყაჩაღს შეუამხანაგდეს და ვისი ბიზნესი დაითრიოს?!
როგორც ნაძირალა დიმიტრი ჯაში - ილია ჭავჭავაძის მოურავი - აძვრა ილიას მკვლელობის დღეს საგურამოს სასახლის ეზოში მხრებგაშლილ უზარმაზარ კაკალზე და სმენად გაკრეფილი წიწამურთან თოფის გავარდნის ხმას ელოდა, ალბათ, ზუსტად ისე იყო რომელიღაც შენი სექტანტი ჩასაფრებული, მიხეილ, რომელმაც დისტანციური მართვის პულტს ხელი დააჭირა და ნაღმი ააფეთქა...
სააკაშვილო, მე არა ვარ ილია ჭავჭავაძე, მაგრამ შვილის სიყვარულისთვის გადაგებული მამა ვარ, რომელმაც სამართალი ვერ ვიპოვე!
ვიცი, ბოლო არ ვიქნები, მიხეილ, და ის შენი მკვლელები, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში დააწინაურა, კიდევ ბევრს გაისტუმრებენ.
ბედნიერი ვარ, ჩემი ტანჯვა-წამება რომ დამთავრდა და ჩემს უღლად ბიჭებთან - ზურასთან და ზვიადთან მივედი დაღლილი, ნატანჯი, დამაშვრალი და არაკაცურად მოკლული. ასეთი მკვლელობის მომზადება და ორგანიზება მხოლოდ შენს ავადმყოფურ გონებასა და ბოღმიან გულს თუ შეეძლო, მიხეილ!.. არ მეგულება ქართველი, განსაკუთრებით შვილმკვდარი მშობელი, ვინც ჩემს სახელსა და გვარს დაივიწყებს...
შეიძლება, ჩემს ბრძოლაში იყო შეცდომები, შესაძლოა, ბევრი უღირსი გავიხადე თანამესუფრედ და ბევრ ცრუქაქუნასაც გავუმართე ხელი, მაგრამ ჩემი დროშა ძირს არასოდეს დამიხრია, რადგან ჩემი დახვრეტილი შვილის სიმართლისთვის ვიბრძოდი!
მიხეილ, მე, შენ და ეს ხელისუფლება, რომელმაც ჩემი არაერთგზისი თხოვნის, გაფრთხილების, მოთხოვნისა თუ პროტესტის მიუხედავად, ჩემი შვილის მკვლელები არ დააპატიმრა და ციხეში არ გამოკეტა, ღმერთმა გაგვასამართლოს!
მივდივარ... მე, შენ და ჩემი დახვრეტილი შვილი ზურაბ ვაზაგაშვილი ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით, მიხეილ!
ეს არის ჩემი აღსარება
დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი"