იური ვაზაგაშვილის მკვლელობამ 2006 წელს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიება დააჩქარა. როგორც ვაზაგაშვილების ადვოკატები ვარაუდობენ, საქმე 2-3 კვირაში გაიხსნება და კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცემიან, თუმცა კვლავაც უპასუხოდ რჩება კითხვა: ვინ აფერხებდა ამ დრომდე გამოძიებას და როგორ ჟონავდა ინფორმაცია პროკურატურიდან? თავად ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მისი შვილის მკვლელებს ჭიკაიძე მფარველობდა. მიუხედავად იმისა, რომ ჭიკაიძემ ბრალდებები კატეგორიულად უარყო, მან მორალური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და თანამდებობა დატოვა, პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ იური ვაზაგაშვილს შეგნებულად აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას.
ასეა თუ ისე, ვაზაგაშვილების საქმეს შს მინისტრი შეეწირა, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია. მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს პროკურატურაშიც ელოდებიან. ამ მოსაზრებას ამყარებს ვაზაგაშვილების ადვოკატების განცხადებაც იმის შესახებ, რომ საგამოძიებო უწყებიდან ინფორმაციები ჟონავდა.
გაგი მოსიაშვილი, ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი:
- ნამდვილად მოხდა ინფორმაციის გაჟონვა. ამ თემაზე ბატონ იურის ჰქონდა საუბარი და, საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში გამოძიებას აწარმოებენ ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ 2006 წლის სპეცოპერაციასთან, ან მის გამოძიებასთან. ამის შემდეგ ინფორმაციის გადინებას ადგილი აღარ ჰქონია.
- ეს იყო იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შესაძლოა, ჭეშმარიტების დადგენას ხელი შეშლოდა?
- როცა გაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ინფორმაცია ჟონავდეს, შესაბამისად, უნდობლობის ხარისხი მატულობს. ეს არ იყო განსაკუთრებული ინფორმაცია, თუმცა გვაძლევდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია გასულიყო გამოძიებიდან. პროკურატურაში და, ზოგადად, ძალოვან უწყებებში საკმაოდ ბევრნი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წინა წლებში უშუალოდ იღებდნენ უკანონო გადაწყვეტილებებს. მათ ჰყავთ თავიანთი სანაცნობო, რომლებსაც ხელეწიფებათ ინფორმაციების გატანა უწყებიდან.
მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურიდან ინფორმაციის გაჟონვას გამორიცხავს.
„პროკურატურიდან რომ რაღაც ინფორმაცია გასულიყო, გაცილებით მეტი ინფორმაცია გამჟღავნდებოდა, რადგან საქმეში არ არის ერთ მოწმეზე საუბარი, გაცილებით მეტ მოწმეზე და მეტ მტკიცებულებაზეა საუბარი. გამოვრიცხავ, რომ პროურატურიდან რაიმე ინფორმაციაა გასული", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
ვაზაგაშვილის საქმე არ ყოფილა ერთადერთი, სადაც პროურატურის მიმართ მსგავსი ბრალდებები გაჟღერდა. თითქმის ყველა გახმაურებულ საქმეზე გაჩნდა ეჭვი, რომ საგამოძიებო უწყებებში ამ საქმეებს ვიღაც შეგნებულად აფერხებდა. იქნება ეს ბუტა რობაქიძის, თუ ზურაბ ჟვანიას საქმეები. სწორედ ამის გამო, თავის დროზე იური ვაზაგაშვილი მთავარი პროკურორის იმდროინდელი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ საქმის აღძვრასაც კი ითხოვდა.
„ვთხოვდი, მარტო ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი, განზრახ მკვლელობით მიდიხართ თუ არა-მეთქი. მე ვითხოვე, ნაცვლიშვილისა და კბილაშვილის პასუხისგებაში მიცემა და იცით, რატომ? როცა წინ ედოთ, თითქმის, გამოძიებული საქმე, არ გამოიძიეს. პროკურატურაში იყო დაინტერესებული პიროვნება, რომელიც ხელს უშლიდა ამ გახმაურებული საქმეების გამოძიებებს. მინდა გითხრათ, რომ ყველანაირად მტკიცდება, რომ ეს კვალი მიდის ლაშა ნაცვლიშვილისკენ... ნაცვლიშვილი უშუალოდ მფარველობდა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ლევან გვაზავას, რომლის უშუალო ხელმოწერით მოხდა სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანა. ლაშა ნაცვლიშვილის წარსულს რომ გადავხედოთ, სულ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან იყო ჩახუტებული. ის უშუალოდ მეგობრობს იმ ხალხთან, ვინც ამ მკვლელობებით, ქონების წართმევითა და ბიზნესმენების ტერორით იყვნენ დაკავებულები. მისი საძმაკაცოა ეს ხალხი... მეტსაც გეტყვით, მინისტრის მოადგილე ლევან გვაზავა, რომელიც ძალიან ბევრ ბინძურ საქმეებშია გასვრილი, დღემდე ვინმეს უხსენებია? ის ნაცვლიშვილის უახლოესი მეგობარია და ყოველ საღამოს რესტორნებში ქეიფობდნენ ერთად და ალბათ, გაიგებდით, კიდევ რა ბინძურ საქმიანობას ეწევიან ერთად. ნაცვლიშვილი მფარველობდა მათ. დიახ, ბატონო, ჩემი შვილის მკვლელებს მფარველობდა ლაშა ნაცვლიშვილი. საქმეებსაც მფარველობდა ლაშა ნაცვლიშვილი. ყველა ძველ კადრს უშუალოდ ის მფარველობდა. როგორ შეიძლება შაქრო ზაალიშვილი, თენგიზ ხარებავა და სხვები მუშაობდნენ პროკურატურაში?!" - აცხადებდა იური ვაზაგაშვილი პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში.
პროკურატურაში მასშტაბური საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ იურისტებიც. ადვოკატი მამუკა ნოზაძე „პრაიმტაიმს" იმ პროკურორების ნაწილს უსახელებს, რომლებიც თავის დროზე „ადეიშვილის უკანონო დავალებებს ასრულებდნენ და ამჟამადაც საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს".
მამუკა ნოზაძე, ადვოკატი:
- პროკურატურაში 80 პროცენტი ძველი კადრია, რომლებიც ადეიშვილისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან. ბუნებრივია, ეს ადამიანები კავშირში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან", ამ პარტიის კონკრეტულ წარმომადგენლებთან და, ბუნებრივია, მათ აწვდიან ინფორმაციებს სხვადასხვა საქმის გამოძიების შესახებ. „ნაციონალურ მოძრაობას" ამ ადამიანების მიმართ აქვს გარკვეული მაკომპრომეტირებელი მასალები, ამიტომ ისინი იძულებულნი არიან, სხვადასხვა სახის ინფორმაციები მიაწოდონ.
- შეგიძლიათ, კონკრეტული გვარები დაასახელოთ?
- მაგალითისთვის კმარა თუნდაც ის პროკურორი, რომელიც ვაზაგაშვილის საქმეში ფიგურირებს და რომლის მიმართაც თავად იური ვაზაგაშვილს ჰქონდა პრეტენზია. ეს არის თენგიზ ხარებავა, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის ფალსიფიცირებაში. უდანაშაულო ახალგაზრდა ყაჩაღური დაჯგუფების წევრად გამოიყვანა. დღეს ხარებავა კვლავ თანამდებობაზეა და რა გასაკვირია, რომ მის ინტერესებში არ შედის კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიება. შემიძლია, დავასახელო შიდა ქართლის საოლქო პროკურორი ბაკურ აბულაძე, რომელიც„ ნაციონალური მოძრაობის" დროს გურჯანის რაიონული პროკურატურის ერთ-ერთი რიგითი პროკურორი იყო. ის გამოდიოდა ჟურნალისტ სოფო ნიკოლაიშვილის გახმაურებულ საქმეზე და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე წარუდგინეს მკვლელობის მუხლი ამ გოგონას. ადამიანი, რომელიც გიორგი ჩივიაშვილს ემორჩილებოდა და უსიტყვოდ ასრულებდა მის დავალებებს, დღეს დააწინაურეს და შიდა ქართლის საოლქო პროკურორად გაამწესეს. ყველამ კარგად იცის, როგორ წინაურდებიან ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი არაფერ შუაშია. კიდევ უამრავი გვარის დასახელება შეიძლება, თუნდაც თამარ აღლემაშვილი მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი. ის ვანო მერაბიშვილის ნათესავი და „ნაცმოძრაობის" აქტივისტია. თანამდებობაზეც ამ ნიშნით დანიშნეს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ რჩებიან თანამდებობებზე წინა ხელისუფლების ყოფილი რეკეტიორები. ადამიანები, რომლებიც საპროცესო გარიგებებს შანტაჟისა და დასჯის საფუძველზე აფორმებდნენ, განსაკუთრებით ბიზნესმენებთან და მეწარმეებთან. ადამიანებს აიძულებდნენ საჩივრების გამოტანას, არჩადენილი დანაშაულის აღიარებას.
- ანუ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები აუცილებელია?
- პროკურატურაში საკადრო ცვლილებები მოხდა. ოღონდ ერთი რაიონიდან გადაიყვანეს მეორეში, ან მოხდა დაწინაურება იმ პროკურორების, რომელთა მიმართაც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ ყოფილა, ამიტომაც დროა, ხელისუფლება დაფიქრდეს ამ საკითხზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ისევ მათ შემოუტრიალდებათ. როგორ შეიძლება, თანამდებობაზე რჩებოდეს ვალერი იოსავა, გიორგი გვარაკაძე, რომლებიც ქონების წართმევის საქმეებში გამოირჩეოდნენ. სამწუხაროდ, არც კბილაშვილისა და არც მისი შემცვლელების პერიოდში არავის უფიქრია ამ პრობლემის მოგვარებაზე.
- საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანები აფერხებენ თუნდაც გამხმაურებული საქმეების გამოძიებას, ცოტა მიამიტური მიდგომა ხომ არ არის?
- არანაირად. ეს ადამიანები, ცხადია, ხელს უშლიან გახმაურებული საქმეების გამოძიებას. უკვე მესამე წელია, რაც ეს ხელისუფლებაა მართვის სათავეში. მაშინ გეკითხებით - რა უდგას წინ ამ საქმეების ბოლომდე მიყვანას? ეს ხდება იმიტომ, რომ თითს თითზე არ აკარებენ. ჰაერშია გამოკიდებული უამრავი საქმე, იქნება ეს გურამ შარაძის მკვლელობა, ვაზაგაშვილი თუ სხვ. მათი პასუხი, რომ გამოძიება მიმდინარეობს, უკვე ძალიან სასაცილოდ ჟღერს. საზოგადოებას უნდა უთხრან - ან ვერ იძიებენ საქმეებს, ან მისცენ კონკრეტული პირები პასუხისგებაში. თუ ხელისუფლებას დარჩა საღი აზროვნების უნარი, ის პროკურორები, რომლებიც უკანონო ქმედებებში იყვნენ შემჩნეულნი, თანამდებობებიდან უნდა გაათავისუფლოს. სხვა შემთხვევაში ისევ მათ შემოუტრიალდებათ. არჩევნები მოდის და საზოგადოება უკვე სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს.
- და ქვეყანაში არსებობს რესურსი, რომ ერთბაშად ამდენი პროკურორის ჩანაცვლება მოხდეს?
- ეს რესურსი ნამდვილად არსებობს. ძალიან ბევრი კვალიფიციური და პატიოსანი იურისტი გვყავს, რომელთა გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ პატიოსანი და პრინციპული ადამიანი თანამდებობაზე არ სჭირდებათ, რადგან ასეთი ადამიანი ყურმოჭრილი მონა ვერ იქნება.
მირიან ბოქოლიშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი"