წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა. პატრიარქის თქმით, თანამედროვე ახალგაზრდობა გართობაზე ფიქრობს. არის ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც ფიქრობს ქვეყანაზე, მაგრამ გზა ვერ გაუკვლევია. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდობა ღამის ბარებსა და გართობაზე არ უნდა ფიქრობდეს, რადგან ღამის ბარები მათ სულს კლავს და ახალგაზრდობა ამას უნდა ერიდოს.
რა ხდება ღამის კლუბებში? რა შემთხვევაში გაგყვლეფენ? რას აკეთებენ სამართალდამცავები?
„ალიას" ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კავშირის" თავმჯდომარე გია ბურჯანაძე ესაუბრა:
- ბატონო გია, პატრიარქი ქადაგებაში ღამის კლუბებს ტყუილად არ ახსენებდა. რა ხდება ამ კლუბებში?
- თბილისში აღრიცხული გვაქვს 86 ღამის კლუბი, არის კლუბები, რომლებიც ძირითადად საშუალო ასაკის ხალხისთვისაა განკუთვნილი. დაახლოებით 4 კლუბში არასრულწლოვნები შედიოდნენ, პლეხანოვზე იყო დისლოცირებული და ახლაც მუშაობენ. იყო სასტუმროს ტიპის კლუბები, რომლებსაც სასტუმროს პროფილი ჰქონდათ იმიტომ, რომ ზაფხულში უცხოელები შედიან ხშირად და პრობლემები, რომლებიც აქედან მოდიოდა და ჩვენ ამის შესახებ გავაჟღერებთ, ძირითადად მენიუსთან იყო დაკავშირებული.
- რას გულისხმობთ?
- თუ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ორ პერსონაზე გადასახდელი თანხა საშუალოდ 80 ლარი უნდა იყოს, იგივე მენიუ შეიძლება უცხოელისთვის ძალიან ძვირი დააფასონ. ანალოგიური მენიუ 300 ლარამდე ჯდებოდა. გიამბობთ, რა მოხდა რუსთაველზე გვირაბში არსებულ ღამის კლუბში. შევიდნენ ინდოელი სტუდენტები, რომლებიც აქ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობენ. ორი შამპანური აიღეს და გაგიკვირდებათ, 5 820 ლარი გადაიხადეს. ჩეკიც მაქვს და შემიძლია, წარმოგიდგინოთ.
- შეატყობინეთ ეს ვინმეს?
- დიახ, შსს-ს მთაწმინდის განყოფილებას შევატყობინეთ, მოვითხოვეთ, დამდგარიყო დაცვის თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ამ სტუდენტებზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა მათი მხრიდან. სტუდენტები გადავიყვანეთ სამხარაულის ექსპერტიზაზე და დადასტურდა, რომ ეს ბავშვები იყვნენ ნაცემები და ამის შემდეგ, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, განმცხადებლებმა გამოიტანეს განცხადება და უარი თქვეს საქმის გაგრძელებაზე. როგორც გაირკვა, მათზე ზეწოლები ხორციელდებოდა. დაკითხვის მომენტში მეც ვესწრებოდი საუბარს, რაიონის გამომძიებელს ბარის მეპატრონემ წარმოუდგინა სამი სახის მენიუ. წარმოგიდგენიათ? ბარის ხელმძღვანელის განმარტებით, ერთი მენიუ იყო ქართველებისთვის, მეორე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის და მესამე - უცხოელებისთვის. აღვშფოთდი ამაზე და მან სავსებით დამაჯერებელი არგუმენტი გვითხრა, მე მაპატრონე ვარ და მინდა, სამ მენიუს დავბეჭდავ და მინდა, ხუთსო. სადაც არ უნდა წავიდეთ, სად გინახავთ ორი მენიუ? კანონმდებლობაში არის ხარვეზიო. მე ვიცი კიდევ ასეთი ფაქტი, რომ 81 ათასი ლარი გადაიხადა რუსეთის მოქალაქემ ამავე ბარში. როცა ამ ფაქტით დავინტერესდი, მითხრეს, რა ვქნათ, იხდიანო, პრეტენზიები არ აქვთო და... შამპანურის თვითღირებულება 12 ლარი და 50 თეთრია, და იქ ამაში 5 ათასი ლარი გადაახდევინეს. ეს ადამიანი აფიქსირებს ამას ქვითრებით, იხდის გადასახადს იმის ხარჯზე, რომ პირდაპირ ძარცვავდა უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს. „შარდენიდან" დამიკავშიდნენ, რომ მსგვსი რამ მათთანაც ხდება თურმე, სუფრასთან რომ მოდის სტუმარი, შამპანურის ბოთლი დგას მაგიდაზე. ღმერთი გაუწყრება მას, ვინც ამ შამპანურს გახსნის.
- რატომ, რა არის აქ სახიფათო?
- ეს ერთი ბოლი შამპანური 6 ათს ლარად ყოფილა შეფასებული. შეიძლება, არ იცოდეს და შეზარხოშებული ადამიანი ამას ხსნის, უწევს ამის გადახდა. ეს ყველაფერი ავნებს ტურიზმს. რა სტუმარი უნდა მოიზიდოს საქართველომ, როცა ამდენი ფაქტია ძარცვის. ეს სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს იმიჯს, როცა ერთხელ ჩამოსული უცხოელი ამას მოყვება თავის ქვეყნაში. თუ მე ფხიზელ მდგომარეობაში წარმომიდგენ ერთ მენიუს და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფს - მეორეს, მერე პასპორტს წამართმევ და მეტყვი, წადი ახლა, ფული მომიტანე, თორემ გცემო, რა თქმა უნდა, ეს კანონდარღვევაა და რეაგირებაა საჭირო.
- ჩვენი ახალგაზრდების ღამის კლუბებში სიარულზე რას იტყვით, რაზეც პატრიარქმა იქადაგა, რა კატეგორიაა ეს ახალგაზრდები?
- მათთვის მუშაობს ჩვეულებრივი ტარიფი, მაგრამ არის ადგილები, მაგალითად, თავისუფლებაზე, სადაც ჩვეულებრივად იხდი, რაც არის მითითებული და თუ დაგინახეს უცხოელთან ერთად, ხუთმაგის გადახდა მოგიწევთ. იყო ასეთი შემთხვევა, 2-მა პერსონამ ჩიხირთმა, სალათა, ჩახოხბილი მოითხოვა და 70 ლარი ჯდებოდა, როცა დაინახეს, რომ უცხოელები ახლდნენ, 300 ლარამდე გადაახდევინეს. კი, გადაიხადეს, მაგრამ მისულა მერე ეს ადამიანი და უკითხავს, კი მაგრამ, გუშინ რაც ვჭამე, იმავეში ამდენი რატომ გადამახდევინეთ დღესო. თუ არ მოგწონთ, ნუ შემოხვალთო, - უპასუხეს. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, არის კლუბები სადაც შედიან არასრუწლოვნები, მათ კიდევ ცალკე პრობლემები აქვთ და ქვემოთ გიამბობთ. სტუმრებისთვის კლუბები კიდევ ასეთ რამეს აკეთებენ. მაგალითად, შედიან კლუბში, მოეწონება ქალი, ჯდება ამ ქალთან ერთად ტაქსში და ყველაფერი ხდება სასტუმროში. პატრიარქი ტყუილად არაფერს ამბობს, მას ჰყავს ისეთი ინფორმაციების მიმწოდებელი, რომ ძალიან გონივრულად საუბრობს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. მოკლედ, სექსმუშაკ გოგონებს აქვთ სამედიცინო პრეპარატი, რომელსაც ასმევენ ადამიანს, რომელმაც ის წაიყვანა. ადამიანს ესმის, უყურებს, გრძნობს ყველაფერს, მაგრამ პარალიზებულია, ვერ ინძრევა. ღამის კლუბში ის ტოვებს გარკვეულ თანხას ზეპირი გარიგების ფორმით, დაახლოებით 150 ლარს, მერე შეუძლია ამ მეძავს, კლიენტი გაიყვანოს და სასტუმროში წაიყვანოს. თუკი ეს მეძავი ხედავს, რომ ამ კლიენტს გარკვეული თანხა აქვს, ასმევს შამპანურს, რომელშიც უყრის ამ პრეპარატს, პარალიზებას უკეთებს, ართმევს პასპორტს და ა.შ. 2-3 დღე ეს სექსმუშაკი არ გამოჩნდება იმ დაწესებულებაში და როცა ეს ადამიანი მიდის იქ, სიმართლე რომ გაარკვიოს, დაწესებულების დაცვა და თანამშრომლები აწარმოებენ გამოკითხვას, რამდენი ფული მოჰპარა იმ ქალმა. ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მერე წილში ჩაუსხდნენ. ამასთანავე, იღებენ დაპირებას ამ ადამიანისგან, რომ ხელს არ ახლებს ამ მეძავს და ამის შემდეგ ჰპირდებიან მას პასპორტის მიცემას. მეძავმა გარკვეული თანხა უნდა გადაუხადოს დაცვის თანამშრომელსაც, რომ დაიცვას ის. ეს მოტყუებული ადამიანი კი ყველაფერზე ყაბულსაა, ოღონდ პასპორტი დაუბრუნონ. არავის არ აწყობს ამის გახმაურება და ხმას არ იღებენ. მე გესაუბრეთ გოგონების თაობაზე, როცა ფულს შოულობენ ღამის კლუბებში, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ქალები არა, მოხდა არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებაც.
- კი მაგრამ, სამართალდამცველები ასეთ ადგილებს არ აკონტროლებენ?
- 254-ე მუხლით ისჯება ქმედება, რაც პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემას გულისხმობს. თუ ამ ჭრილში ხდება რაიმე დანაშაულის ფოკუსირება, ატარებს პოლიცია შესაბამის ღონისძიებას, მაგრამ სხვა მხრივ კანონმდებლობა დაუხვეწავია. გააქტიურდა ამ მიმართულებით ჩინური მასაჟის კლუბები, კანონმდებლობა ერთი კუთხით არის მხოლოდ გააქტიურებული, ჩრდილში ექცევა სხვა მნიშნელოვანი მხარეები. მაგალითად ის, რომ ახალგაზრდებისთვის დიდი პრობლემაა ის, რომ ისინი ეწაფებიან ფსიქოტროპულ პრეპარატებს. მათზე დამოკიდებულები ხდებიან, შესთავაზებენ და შესვამენ მასზე. იყო ერთი ქალბატონი, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ ნარკოტიკებისგან შეიძლება ადამიანის განკურნება, ფსიქოტრუპულებისგან კი ვერ განიკურნება ახალგაზრდა. ამ ქალბატონის შვილის მკურნალობა 70 ათასი დაჯდა, თავის ერთადერთ შვილს ყველაფერი გაუკეთა, მაგრამ მას მაინც აქვს მიდრეკილება, სადაც ნახავს ტაბლეტს, დედას ეშინია, კიდევ გადაყლაპავს. მიხარია, რომ ჩვენმა პატრიარქმა ამაზე გააკეთა განცხადება და იქნებ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ქვეყანა, როგორი საფრთხის წინაშე ვდგავართ.
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია"