რამდენიმე დღის წინ უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, რეჟიმის მიზეზით შვილმკვდარი მშობლებისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის ინიციატივით მთავრობას მიმართა. ის „ალიასთან" ამბობდა: „ხელისუფლებას იმ ადამიანების ბედისადმი უნდა გავამახვილებინოთ ყურადღება, რომლებიც იმავე რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელსაც ბატონი იურა მიეკუთვნებოდა. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია, რომელთა შვილებიც დახვრიტეს ქუჩაში სააკაშვილის რეჟიმის დროს და დღეს, როგორც ჩანს, მათზეც მიმდინარეობს ნადირობა. ამიტომ ვაცხადებ, რომ არსებობს სამართლებრივი გარემოებები საამისოდ, სახელმწიფომ უზრუნველყოს დაცვის სპეციალური ღონისძიებები, იმ პირთა მიმართ, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფს. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია, ამ ადამიანებზე იზრუნოს".
რას ფიქრობს სოსო რობაქიძე პირადი დაცვის დანიშვნაზე? როგორც მან „ალიას" განუცხადა: არ ვიცი, რას გადაწყვეტენ, სანამ დაძაბული სიტუაციაა და არ გაიხსნება იური ვაზაგაშვილის საქმე, საჭიროა დაცვა. დროებით, სანამ მოწმეები არსებობენო.
რას ფიქრობენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ლორთქიფანიძის ინიციატივაზე? „ალიას" ამ კითხვაზე სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა თამარ ხერგიანმა განუცხადა, დასაცავი პირების ნუსხა განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. თქვენთვის საინტერესო პირების დაცვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არ ახორციელებსო.
ამის მერე „ალია" მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა. მანანა თოქმაჯიშვილის თქმით: „მთავრობა განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირთა სიას, რომლებიც დასაცავთა ნუსხაში შედიან. მოწმის დაცვის პროცესს რაც შეეხება, აქ უკვე, დასაცავმა პირმა თვითონ უნდა მიმართოს პროკურატურას. პროკურატურა განიხილავს ამ განცხადებას და მხოლოდ ამის საფუძველზე ხდება დანიშვნა. პრემიერ-მინისტრი, ასე, თავის ნება-სურვილზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო დაცვის მინიჭებაზე. უნდა შევიდეს განცხადება დასაცავი პირის მიერ პროკურატურაში, პროკურატურა განიხილავს მას და მერე გახდება ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნას პროკურატურა. ეს პროცედურაა გასავლელი. ანუ დასაცავი პირი უნდა იყოს თანახმა და მან უნდა მოითხოვოს დაცვა".
მიმართავს თუ არა პროკურატურას დაცვის დანიშვნის მოთხოვნით? ამ კითხვით კვლავ სოსო რობაქიძეს დავუკავშირდით. „არ ვარ მზად ახლა იმისთვის, რომ 100%-იანი პასუხი გითხრათ. ისე კი, გეტყვით, მე უფალმა უნდა დამიცვას, გარდა ამისა, მე ვერავინ ვერ დამიცავს. უფლის იმედი მაქვს ყოველთვის. გადავხედავ პროცესებს და მერე გადავწყვეტ, როგორც მოითხოვს საერთო საქმე, ისე გავაკეთებ".
აქვე ერთი საკითხიც: სოსო რობაქიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარის, ეკა ბესელიას მისამართითაც გააკეთა განცხადება: „საპარლამენტო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მოვისმინე ბესელიას გამოსვლა, რომელსაც პატივს ვცემ, მაგრამ მან დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც თქვა, რომ ყველა საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია არ შეიქმნება. მივმართავ ქალბატონ ეკას, ვაზაგაშვილის სიკვდილი არ არის ყველა საქმე, რომელიც შვილის საფლავზე ააფეთქეს. სირცხვილია ასეთი ტერმინოლოგიით საუბარი!"
„ალია" ეკა ბესელიას ბრიუსელში დაუკავშირდა, დავინტერესდით, რას უპასუხებდა ის სოსო რობაქიძის განცხადებას: „მე არასდროს არ მითქვამს, რომ ბატონ იური ვაზაგაშვილის საქმეზე არ უნდა შეიქმნას კომისია. „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა მკითხა 2012 წლის შემდეგ მომხდარ მკვლელობაზე, ახსენა რაფალიანცი და ა.შ. და არა იური ვაზაგაშვილი, რაზეც ვუთხარი, რომ გამოძიება რომელ საქმეებზეც მიმდინარეობს, მოვითხოვოთ ინფორმაცია და განვახორციელოთ საპარლამენტო კონტროლი-მეთქი. ვიმეორებ, მე არ მიგულისხმია ვაზაგაშვილის საქმე. ასე რომ, ვფიქრობ, გაუგებრობაა. ჩემი დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ ცნობილია და ეს იცის ბატონმა სოსომაც", - გვითხრა ბესელიამ.
დიანა ლიპარტელიანი
გაზეთი „ალია"