ამ დღეებში – და ეს არცაა გასაკვირი – მთელი ქართული მედია სავსეა იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული მასალებით. ამაზე წერს და ლაპარაკობს ყველა, ვისაც კი არ ეზარება და ვინც ოდნავ მაინც ინტერესდება მიმდინარე პოლიტიკით. ეგ ბუნებრივიცაა. იური ვაზაგაშვილი სიცოცხლეშივე – განგების ნებითა, მისი ბედის გამზიარებელ რამდენიმე ყველასთვის ცნობილ ადამიანთან ერთად, – „ნაცების“ რეჟიმის მიერ შებღალული სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, სიკვდილის შემდეგ კი – იმედია, დროებით მაინც – ამ ბრძოლის აშკარა უშედეგობის სიმბოლო უფრო გახდა. გამოძიება მიმდინარეობს, დაპირებები გაცემულია და ეს მხოლოდ აძლიერებს საზოგადოებაში იმის განცდას, რომ იური ვაზაგაშვილის სიკვდილში ბრალი კონკრეტულ მკვლელზე არანაკლებ, სამთავრობო უწყებათა თავხედურ და დაუსჯელ საბოტაჟს მიუძღვის. ხელისუფლების ლამის უკვე ყელში ამოსულმა და საარაკო უმოქმედობამ (რამაც ისედაც უამრავი თავსატკივარი გაუჩინა მის ძველ მომხრეებსა თუ ქომაგებს) დღეს იმდენად თვითპაროდიული და იმპოტენტური ხასიათი მიიღო, რომ უკვე სასაცილოც გახდა და დასაცინიც.
დღეს ყველა მეტნაკლებად ობიექტური დამკვირვებლისთვის ნათელი ხდება, რომ სახელისუფლებო ძალის თანდათანობითი დეგრადირება (და ამ დეგრადირებით გამოწვეული პასიურობა) დაემუქრა არა მხოლოდ მმართველ კოალიციას, არა მხოლოდ იმ აბსტრაქტული სამართლიანობის კონკრეტულად დაცვასა და აღდგენას (ანუ ერთ-ერთ უმთავრეს შეპირებას, რამაც მოიყვანა „ოცნება“ ხელისუფლებაში), არამედ საზოგადოებრივი და პოლიტიკური სტაბილურობის საფუძვლებს საქართველოში – ზოგადად და მთლიანად. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ მშვიდობითა და კეთილდღეობით არც ადრე განებივრებულმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა დღეს კიდევ უფრო მიტოვებულებად, დაუცველებად და, რაც მთავარია, მოტყუებულებად შეიგრძნეს თავი – ეს კი, უახლოეს მომავალში, საზოგადოებრივ ცნობიერებაში კარდინალური ფსიქოლოგიური ცვლილებების მომასწავებელია. თითქმის აღარავის აკმაყოფილებს ყველაზე მაღალი სამთავრობო კულუარებიდან მჟონავი ტყუილები, ნახევრადსიმართლე, ძილისპირული ნანინა, ცალკეული მაღალჩინოსნების საჩვენებელი გადადგომები და სხვა მსგავსი დამამშვიდებელი აბები. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მძაფრდება, ინფლაცია მატულობს, ცხოვრება ძვირდება, მძიმდება და, როგორც ჩანს, ხალხის მოთმინების ფიალა უკვე თითქმის პირთამდეა აღვსილი – ცოტაც და უკმაყოფილებამ შეიძლება ისე იხეთქოს, რომ ჯერ ქუჩაში გადმოიღვაროს და მერე წაგვლეკოს კიდეც. გვქონია წარსულში ამის პრეცედენტები და მერე ვინ უწყის – რომელი გმირთაგმირი ან დემაგოგი წაუძღვება ამ ნიაღვარს წინ, ვინ ჩაუდგება ახალ (თუ კარგად დავიწყებულ ძველ) დინებას სათავეში... და ყველაზე ცუდი მთელ ამ ორომტრიალში ისაა, რომ ამ უმოქმედობის (რითიც არ უნდა აიხსნებოდეს იგი – ქვეყნის შიდა პროცესებში ამერიკის საელჩოს ჩარევიდან დემოკრატიის უზენაესი პრინციპებისადმი დეკლარირებულ პატივისცემამდე) შედეგად თანდათანობით ხდება ამ ხელოვნურ, „კოჰაბიტაციურ“ კოლბაში ძალად გამოყვანილი ვითომ-ოპოზიციის – ნეოფაშისტური „ნაცმოძრაობის“ – რეანიმაცია და რეაბილიტაცია, რაც შესაბამისად ზრდის თანმდევი პოლიტიკური რევანშის საშიშროებას საქართველოში. ანუ დღეს, ჩვენს თვალწინ და ჩვენი თანდასწრებით, ხდება ის, რაც ჯერ კიდევ შარშან პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო, ხოლო 2012 წლის არჩევნებზე „ოცნების“ ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ – საერთოდ უმძიმესი და ფანტასტიკური კოშმარის სახით თუ მოელანდებოდა ნორმალურ კაცს.
რატომ ხდება ასე? მართლაც, ხომ შეიძლებოდა, ბოლო წლებში სხვაგვარი პოლიტიკა გატარებულიყო ამ ქვეყანაში? რატომ არ გატარდა? მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთია ჩვენი ბედი, ასე ვთქვათ, ჩვენი ბუდისტური კარმა? მაგრამ ჩვენივე პოლიტიკური ტრადიცია და ფილოსოფია გვიკრძალავს მივყვეთ ასეთ უიმედობასა და ფატალიზმს. მართალია, ჰეგელს ოდესღაც კი უთქვამს მოხდენილად, რომ „რაც გონივრულია ის არის ნამდვილი და რაც ნამდვილია ის გონივრულია“-ო, მაგრამ დიდ გერმანელ ფილოსოფოსს ჩვენთვის არც ანალიზი აუკრძალავს და არც ისტორიის ალტერნატიული ვარიანტების განხილვა – მით უმეტეს, რთული სიტუაციიდან გამოსავლის ძიებისას. და, სხვათაშორის, არც მეორე დიდ გერმანელ ფილოსოფოსს – ნიცშეს – დაუბარებია ჩვენთვის, რომ კულუარული მმართველობა გახლავთ მართვის ყველაზე ეფექტიანი და დინამიკური მოდელი დედამიწაზე.
დღეს უამრავი ადამიანი წერს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე და იმ გავლენაზე რაც ამ აღმაშფოთებელმა ტერაქტმა ( ბოლო–ბოლო, მამა შვილს ზედ საფლავზე დააკლეს, თან, როგორც ჩანს, მისი თითოეული ნაბიჯი გათვლილი ჰქონდათ) შესაძლოა მოახდინოს საქართველოში არსებულ ვითარებაზე. სავარაუდოდ, ამ თემაზე უახლოეს მომავალში კიდევ მეტს დაწერენ და ამიტომ – რათა ზოგად განხილვას მოცულობითი სახე მიეცეს – ვეცდები ამ სამწუხარო ფაქტს ოდნავ სხვა რაკურსით დავაკვირდე.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობა – რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს – საზოგადოების მიერ დღესაც ერთ ცალკეულ და კერძო ტრაგიკულ შემთხვევად აღიქმებოდა, მართლაც ერთეული შემთხვევა რომ ყოფილიყო. მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანების სიცოცხლიდან მოულოდნელად გამქრალთა საპატიო მარტიროლოგში უკვე კარგა ხანია ჩაეწერნენ გურამ შარაძე და ირინა ენუქიძე, სანდრო გირგვლიანი და ზურაბ ვაზაგაშვილი, ბუტა რობაქიძე და ეროსი კიწმარიშვილი, ნუგზარ საჯაია და ზვიად გამსახურდია, გიორგი სანაია და ზურაბ ჟვანია... აღარ მინდა ამ სიის გაგრძელება, მეშინია ვინმე გამომრჩეს. ამ სიაში შედიან აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნებები – თავ-თავისი პოლიტიკური ანამნეზით, ბიოგრაფიით, უნარებით, ნიჭით, შეცდომებით, თანამდებობებით, როლით საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მეტიც, სავარაუდოდ, არც ერთი მათგანი ფრთიანი ანგელოზი არ ყოფილა – ოღონდ სიცოცხლის უფლება ყველა მათგანს ჰქონდა. რაც მათ ამ სიაში აერთიანებთ – ესაა სიცოცხლიდან წასვლის დრამატულ გარემოებათა გაურკვევლობა და ხანგრძლივი, წეს-ჩვეულებაში გადასული საინფორმაციო ნისლი ამ გარემოებათა გარშემო. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მრავალწლიანი „გამოძიებებისა“, მსგავსი საქმეებიდან არც ერთი (თითქმის) დღემდე არაა მიყვანილი გამჭვირვალების იმ დონემდე, რომ მსხვერპლთა ჭირისუფლებმაც და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამაც აღიქვან დამდგარი იურიდიული შედეგები როგორც ობიექტური სინამდვილე. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა – თანახმად დიალექტიკის კანონებისა – რაოდენობრივი თვისობრივში გადადის და გვაგრძნობინებს, რომ საქმე არა გამონაკლისებთან ან უბედურ შემთხვევებთან, არამედ სისტემურ პრობლემასთან გვქონია. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, სხვადასხვა მხრიდან, სულ უფრო თამამად და ხშირად რომ ისმის სავსებით ლეგიტიმური შეკითხვა: ეს რა დალახვრული სისტემა, რა მონსტრი შევქმენით მაინცდამაინც ქართველებმა ისეთი, რომ მისი მთავარი და უპირველესი ფუნქცია არა სანუკვარი ჭეშმარიტების დადგენა, არამედ მისი ბურუსით მოცვა და მტვერში ამოგანგვლა ყოფილა. აბა შემთხვევითობას როგორ მივაწერო, რომ ამდენი წლის განმავლობაში არც ერთი ოდნავ მაინც მნიშვნელოვანი და საჯარო ინტერესების ფოკუსში მოხვედრილი სისხლის სამართლის საქმე ლოგიკურ დასასრულამდე – ანუ ისეთი შედეგის დადებამდე, რომლის განსაჯაროება არავის პროვოკაციული კითხვის სურვილს არ დაუტოვებდა, – მიყვანილი არაა! ისეთი შთაბეჭდილებაა, შერლოკ ჰოლმსი ინტერპოლის ხაზით საქართველოში დღეს რომ ჩამოეყვანათ, რამდენიმე საათში დარწმუნდებოდა საკუთარ უმწეობაში და პირველსავე რეისით გაფრინდებოდა არა უკან, ლონდონში ბეიკერ სტრიტზე, არამედ უფრო შორს – რომელიღაც ძველ თაროზე შემოდებულ და იქ დახავსებულ მივიწყებულ მრავალტომეულში – ოღონდ ესენი მეტი არ დამანახაო. კენედის ”საუკუნის მკვლელობა“ რომაა, იმის გამოძიებაც კი უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვიდრე ზემომოყვანილ ჩამონათვალში შესული დანაშაულებები. მაინც რამდენი დაგვიგროვებია ეს „ეროვნული“ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებშიც სიმართლის, სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის ერთდროულად სუბიექტებადაც და ობიექტებადაც,ოფიციალური სამართალდამცავი სტრუქტურების ნაცვლად ,ისევ საცოდავ მსხვერპლთა ოჯახის წევრები გვევლინება .
მსგავს თემებზე უდარდელი და არაოფიციალური საუბრებისას, ჩვენივე თანამემამულეთაგან ხშირად მსმენია ქართული სინამდვილის ამგვარი შეფასება: „მაფია“, „მაფიოზური სახელმწიფო“, „მაფიოზური წარმონაქმნი“, „მაფიოზური სტრუქტურები“ და ა.შ. ენაკვიმატი კაცი გულღია საუბრისას რას არ იტყვის და მოიგონებს, მაგრამ მაინც არ მგონია ეს მთლად ზუსტი შეფასება იყოს ჩვენი მყოობადისა. რომელი მაფია? რის „კოზა ნოსტრა“? ნამდვილი მაფია სიცილიაზე ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში შეიქმნა და მას მერე თავისი „ომერტებით“, მატეო ფალკონეს მაგვარი ტიპების გაღმერთკაცებითა და შურისძიების უმკაცრესი კოდექსით, დღემდე აზანზარებს იტალიასაც და ამერიკასაც. ისიცაა ცნობილი, რომ თვით „კოზა ნოსტრაც“ სინამდვილეში ამერიკაში ექსპორტირებული იმავე კოდექსის ორგანული ნაწილი და აშშ-ში ცნობილი „მშრალი კანონის“ უძლურებით შობილი პირველადი მაფიის ფილიალი იყო. მსგავსი ორგანიზაციის რაღაც შორეულ ქართულ ანალოგად მხოლოდ „მხედრიონი“ თუ შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ აბა სად ”მხედრიონი” და სად საუცხოოდ ორგანიზებული ეკონომიკურ-ბანდიტური კლანები ცივილიზებულ დასავლეთში ტრადიციული „დონ კორლეონეების“ თამადობით? „მხედრიონი“ კი... დანგრეულ ქვეყანაში სამოქალაქო ცხოვრების მოშლისას, საქმის გარეშე დარჩენილმა ახალგაზრდა ბიჭებმა პატრიოტული გულის კარნახით იომეს წასაგებად განწირულ ომში. ბევრი მათგანი მიწაში ჩაწვა, კიდევ მეტი ნარკოტიკებს გადაყვა, ნაწილმა კი შეისისხლხორცა ძალადობისა და „ბესპრედელის“ უწესო გაკვეთილები, ვინაიდან და რადგან თანადროულ ქართულ გარემოში სხვას ვერაფერს ხედავდა უსინდისობისა და ძარცვა-გლეჯის გარდა; იმის გარდა, რომ როდესაც მას და მის ამხანაგებს ხელში ავტომატი ეკავათ, სხვები დუბაიში დაფრინავდნენ საკუთარი ბიზნესის ასაწყობად... „მაფია“ არა ის კიდევ! უბრალოდ, ვინც გადარჩა და ახალ წესრიგს მოერგო, იმათ ხელყუმბარებიც და რუსული სამხედრო ბაზებიდან გამოტანილი „კალაშნიკოვებიც“ ბლომად დარჩათ მომარაგებული. ნაომარ, დამარცხებულ, დამცირებულ, მშიერ და გაყინულ ქვეყანაში მათ ხარკი დაადეს თბილისში ამომავალ ნებისმიერ ახალ საწარმოო კვამლს – აი ამ რეკეტის სიმბოლოდ იქცა ომისშემდგომი „მხედრიონი“ თავის საძმოებითურთ, მაგრამ „მაფია“ რა შუაშია? მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და ზოგი ყოფილი მხედრიონელი – გადარჩენილთაგან – მეტნაკლებად რესპექტაბელურ ბიზნესმენად თუ ბანკირად მოგვევლინა. ამის შესახებ ყველასთვისაა ცნობილი, მაგრამ ნეტავ ბევრ არამხედრიონელს თუ მოეკითხა 90-ანებში მოპოვებული „პირველი მილიონი“ თუ სხვა ცოდვები?
ასე რომ, ჩვენთან ყოველთვის ოდნავ სხვაგვარად იყო საქმე. ათწლეულების განმავლობაში ქართულ მიწა-წყალზე ცოტა სხვა ტიპის კლანურობამ მოიკიდა ფეხი – უფრო ფსევდო-ქურდულ გაგებაზე და სისხლით ნათესაობაზე დამყნობილმა, ვიდრე რაღაც შუასაუკუნოებრივ შურისძიებით კოდექსებზე აგებულმა. ყოველივე ეს უფრო ღრმა სოციოლოგიური კვლევის საგანი შეიძლება გახდეს, მაგრამ თუ მაინცდამაინც – იტალიასთან ერთი პარალელის გავლება იქნებოდა უპრიანი: როგორც იქ, ჩვენშიაც კლანურობა ყოველთვის პარტიულ-პოლიტიკურ კუთვნილებაზე მაღლა იდგა და დგას. მაგრამ თუ იტალია დიდი ევროპული ქვეყანაა და მანდ „პიროვნების კულტი“ მუსოლინის შედგომ ეპოქაში ისე ვეღარ აყვავდა (ბერლუსკონის ფენომენი მხოლოდ მკრთალ ასლად თუ შეიძლება ჩაითვალოს), საქართველოში „აღიარებული დონ კორლეონეს“ როლი, საბჭოთა პერიოდშიც და მას მერეც, აუცილებლად ქვეყნის პირველ პირს უნდა ეთამაშა. კეთილი საბჭოთა (და ასევე პოსტსაბჭოთა) ტრადიციის მიხედვით, მთელი სამართალდამცავები და ძალოვნები – ფორმალურად მაინც – ყოველთვის სახელმწიფოს მეთაურის პირად დაქვემდებარებაში გადადიოდნენ, და არასოდეს ჰქონია დიდი მნიშვნელობა იმას, თუ რა ეწერა რაღაც კოდექსებში ან ამა თუ იმ კონსტიტუციაში. არც პირველი პირის პარტიულ კუთვნილებას ჰქონდა მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა (და თუ გამსახურდიამ თავის დროზე „ვერ იყოჩაღა“ – ამის მიზეზები არა მის პარტიულობაში თუ იდეოლოგიურ მისწრაფებებში უნდა ვეძიოთ, არამედ შექმნილ საერთაშორისო კონიუნქტურაში – და რამდენიმე წმინდა სუბიექტურ ფაქტორში კიდევ). ჰოდა, ის პირველი პირი ჯეროვნად თუ ვერ „დონკორლეონობდა“ და თავისიანებს ვერ იცავდა, მაშინ მის სავარძელს რაღაც მომენტში აუცილებლად შეუდგებოდა წყალი, რადგან საბოტაჟის ნაცადი ძრავა მის აღმასრულებელ და ვინ იცის ვის მიერ კონტროლირებად აპარატს მუდმივად დაქოქილი ჰქონდა და მის ჩართვას ერთი „გაზის პედალზე დაჭერა“ უნდოდა მხოლოდ. პირველი პირი მუდმივად იყო მშვიდობიანად შეცვლისა ან გადატრიალების მოლოდინში და მყარად თავს ვერასოდეს გრძნობდა, იცოდა რა, რომ გარშემორტყმულია მეგობრის ნიღაბში გამოწყობილი მტრებით – შიგნით თუ გარეთ, ხოლო ეს გაუხსნელი და დაუსჯელი მკვლელობები კი სადღაც იქ, დაბლა ხდებოდა და ვის ჰქონდა მათი თავი... დიახ, ამ მომაბეზრებელ და გაურკვეველ სისხლის სამართლის საქმეებსაც შეჰქონდა თავისი წვლილი ქვეყნის მოსალოდნელ დესტაბილიზაციაში, პარადოქსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ მათი გაუხსნელობა კი აზარალებდა პირველი პირის იმიჯს, მაგრამ ფეთქებადი საქმის ბოლომდე გახსნას და სიმართლის ბოლომდე გარკვევას იმ ბნელ დროში (და როდის არ იყო დრო ბნელი?) შესაძლოა უფრო დიდი დარტყმა მიეყენებინა ჯერ მისი აპარატისთვის და მერე, შესაბამისად, მისთვისაც – და არა მხოლოდ იმიჯის თვალსაზრისით. აქედან დასკვნა: საქმეები არ იხსნებოდა, რადგან პირველ პირებს არ გააჩნდათ საკმარისი პოლიტიკური ნება და ისინი ყოველთვის მეტად უფრთხილდებოდნენ საკუთარი აპარატის წევრთა კლანურ ინტერესებს, ვიდრე დაზარალებულთა ნათესავების რაღაც ვნებების დაკმაყოფილებას. ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია დღესაც წარმატებით გრძელდება. არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი...
ერთი სიტყვით, თანამედროვე ქართული საზოგადოება კარგა ხანია რაც ჩამოყალიბდა ერთგვარ მტაცებელ „რვაფეხად“, რომლის სიცოცხლისუნარიანობა ნაკლებადაა დაკავშირებული მაღალ იდეალებთან ან მისი ცხოველქმედების ფორმალურად დემოკრატიულ სტრუქტურირებასთან. საგნებს აქ თითქმის არასოდეს არქმევენ თავის ნამდვილ სახელს – რამეთუ ეს სახიფათოა. პრემიერი არ პრემიერობს, პრეზიდენტი არ პრეზიდენტობს, მინისტრი არ მინისტრობს, დეპუტატი არ დეპუტატობს, პარტია არ პარტიობს, მაგრამ... მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვარსებობთ და ვსუნთქავთ – ჯერჯერობით. კი, ამ ფონზე იბადება ელემენტარული კითხვა: რანაირადღა იმართება ეს „რვაფეხა“, ნუთუ ამდენი შეუძლია მის კულუარულ „ტვინს“? არა, არ შეუძლია, და ამიტომაც ვართ კარგად.
რასაკვირველია, ყოველივე ამას გააჩნია ღრმა ისტორიული ფესვებიც და თავისებური პარტიულ-პოლიტიკური საფუძვლიც. რეალური პოლიტიკური უალტერნატივობა ხომ საერთოდ აღმოცენებისთანავე სპობს საქართველოში თითქმის ყოველივე ნოვატორულს ან შემოქმედებითს, კვირტის დონეზე კლავს და სპობს უამრავ ჯანსაღ ინიციატივას. ამის მიზეზი ბევრია, მაგრამ მხოლოდ ერთზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. თავად განსაჯეთ: ფაშისტური „ნაცმოძრაობა“ იქეთ იყოს და ქვეყანა სადაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე 400 000 კომუნისტი ირიცხებოდა (ანუ სრულწლოვანთა შორის ყოველი მეხუთე-მეექვსე და მათი უმრავლესობა დღესაც ცოცხალია), უცებ, რამდენიმე თვის განმავლობაში, დარჩა მმართველი კომპარტიის გარეშე. მალე ეს პარტია აიკრძალა, ანუ სახელმწიფო ლევიათანის, ამ ყოვლისშემძლე „სპრუტის“ ერთმა ნაციონალისტურ ვნებას აყოლილმა და ავყია ფეხმა აკრძალა თავისი მეზობელი ფეხი... ეს მივიწყებული სცენაც დღემდე გაგრძელებული ხანგრძლივი და აბსურდისტული წარმოდგენის საწყისი ნაწილია. კარიერისტებისა და თვალთმაქცების მეტი რა იყო ”იმ” კომპარტიაში, მაგრამ მისი ბირთვი და ძირითადი ნაწილიც მაინც ჩვეულებრივი და, თქვენ წარმოიდგინეთ, სრულიად ნორმალური ადამიანებისგან შედგებოდა, რომლებიც უცბად, ერთი დარტყმით, აღმოჩნდნენ მეორეხარისხოვანი ადამიანების მდგომარეობაში, თან თავ-თავისი ოჯახებით... და მერე ვის წინაშე და ვისი ძალისხმევით? ავანტიურისტებისა და თაღლითების – დრომ ამის ბევრი საბუთი მოგვცა. ამის შედეგი კი მაშინ გახდა აკრძალული კომუნისტებისა და მათი მომხრეების სრული სტრესი და ფრუსტრაცია. მერე უკვე პიროვნული განცდები იწყება – სად და რანაირად სცადეს ამ ადამიანებმა თავის გატანა და თავშესაფრის პოვნა, რა კომპრომისებზე არ უწევდათ წასვლა: ვიღაცას გამოუვიდა, უმეტესობას – ვერა... მათი (და არა მარტო მათი, რამეთუ მას მერე საქართველოში აღმოცენდნენ და დაფრთიანდნენ სხვა, თითქმის უფუნქციო და „დაკარგული“ თაობებიც) ცხოვრებისეული ინტერესების გამომხატველი მემარცხენე ძალა კი საქართველოში დღემდე ვერ ჩამოყალიბდა. იყო მცდელობა სოციალისტური პარტიის ჩამოყალიბებისა, მაგრამ ამ საქმიდან რეალური არაფერი გამოვიდა. მერე გამოჩნდა ლეიბორისტული, რომელმაც სწრაფად მოიპოვა საკმაო პოპულარობა, მაგრამ შემდგომ, მიზეზთა გამო დაამუხრუჭა, დამარცხდა საკონკურენტო ბრძოლაში. ისე, კაცმა რომ სთქვას, ნაკლებად მესმის: რატომ არ გადაარქმევს შალვა ნათელაშვილი თავის პარტიას და მას კომუნისტურს არ უწოდებს? სტალინის ძეგლის თემის გაცოცხლება, და მარტო გორში ასეთი პარტია აკრიფავს მეტ ხმას, ვიდრე დღეს ლეიბორისტული მთლიანად საქართველოში... ამ საკითხის გარჩევა შორს წაგვიყვანს და ჩვენი თემის ფარგლებში რომ დავრჩეთ, იმასღა აღვნიშნავ, რომ პარტიულ და სოციალურ დეზინტეგრაციასა და ქვეყანაში უთანასწორობის გამეფებას ბუნებრივად მოყვა პოლიტიკური დეზინტეგრაციაც – ძალოვანმა და სამართლებრივმა სტრუქტურებმა ჯერ სათანადო სტიმული დაკარგეს და მხოლოდ ამის მერე, უკვე 90-იანებში, დაიწყეს უკუგდებული სისტემის კანონიერ მემკვიდრეებად ჩამოყალიბება. სხვათაშორის ისიც გამოჩნდა, რომ ეროვნულ-ნაციონალისტური ლოზუნგებით გატაცება ძველ სკოლაგამოვლილ და ნაკომუნისტარ ძალოვნებს ახალი ბურჟუაზიისა და დემოკრატიის დამცველებად გარდასახვაში მაინცდამაინც ვერ დაეხმარა – იქნებ, საბედნიეროდაც.... აი ამ პოლიტიკურმა მიზეზებმა – სოციალურმა დეზინტეგრაციამ, პოლიტიკური ველის გაწმენდამ და მემარცხენეობის ისტორიულმა მარცხმა – რაღაც მომენტში პირდაპირ შეუწყვეს ხელი სააკაშვილის ხელისუფლებაში დამკვიდრებას, ხოლო ირიბად და პარალელურად იმ კლანობრივ-ნეპოტიური სისტემის შექმნას, რომელიც მეოთხედი საუკუნის მანძილზე სხვადასხვა ფორმით – ედუარდიდან მიშამდე და ნინოდან ბიძინამდე – ვითარდებოდა აქ და ამ განვითარების შედეგად ღრმა სტაგნაციაში შეიყვანა საქართველო, სისხლი გამოსწოვა მას, თვალნათელი და ცხადი მაგალითების მეშვეობით შთააგონა მზარდ თაობებს რომ აქ სხვანაირად არ შეიძლება, არ გამოვა, ვერ გაძლებ და აქ წარმატებას მართალი პრინციპებისა და მაღალი იდეალების მიყოლით ვერავინ მიაღწევს – სისტემა ასეთს ჩაქოლავს. აქ პირველ რიგში ძლიერი, ფულიანი პატრონი უნდა გყავდეს, ხოლო პოლიტიკური მკვლელობების გახსნა ასეთ საზოგადოებაში პრიორიტეტი ვერ იქნება.
შესაძლოა, მავანმა იფიქროს, რომ ყოველივე ზემოთქმულს ბევრი არაფერი აქვს საერთო გაუხსნელ მკვლელობათა ხსენებულ სერიასთან. აქვს, ბატონებო, როგორ არა აქვს! აქვს – რადგან ჩვენი „რვაფეხა“ თავისით არასოდეს მოინდომებს სიმართლესა და სამართალს, ვერ იგუებს მათ. სხვა შემთხვებაში ის თანდათანობით დაკარგავს თავის საცეცებსაც, ტვინსაც, კუჭსაც და მოკვდება, თვითმკვლელობა კი მის გეგმებში არ შედის. „რვაფეხა“ კომპლექსური პრობლემა გახლავთ, ხოლო მისი საცეცეცის რაოდენობა და სიმძლავრე – ცვალებადი სიდიდე... და ნუ დაგვავიწყდება, მისი მთავარი ორგანო კუჭია, ტვინი – დამხმარე ორგანოა, ხოლო საკრალური მიზანი – სტომაქის ამოვსებაა.
ჰოდა, ეს ჩვენი „სპრუტიც“ იგრძელებს სიცოცხლეს როგორც შეუძლია და სჩვევია – სხვათა სიკვდილის, გაუბედურებისა და ცრემლების ხარჯზე. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, როგორმე და შესაძლებლობის ფარგლებში მაინც ვაკონტროლოთ მისი საცეცების სიგრძე და რაოდენობა. ყოველ შემთხვევაში, იმ საზოგადოებრივი წყობის პირობებში, რომელშიც ამჟამად გვიწევს ცხოვრება.
რაც შეეხება კონკრეტულად იური ვაზაგაშვილის საზარელ მკვლელობას, რომელმაც ქვეყანა მორიგი არეულობის დაწყების ხიფათის პირისპირ დააყენა, – ამ დრამის ფინალს, იმედია, ყველანი მალე ვიხილავთ. „საოცნებო“ მთავრობას ხალხის ნდობის დაბრუნების ლამის უკანასკნელი შანსი ეძლევა და, სავარაუდოდ, ის ეცდება გამოიყენოს ეს შანსი. ისე მოსჩანს, რომ ამ საქმის უსწრაფესად გახსნით დაინტერესებულია როგორც შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი, ისე უზენაესი სასამართლოს მომავალი (და დღესდღეობით უცნობი) თავმჯდომარე. გარდა ამისა, ეს საქმე ერთგვარ პრაგმატულ ტესტადაც გამოდგება. საქართველოს ჭეშმარიტი პირველი პირის რეალურ დამოკიდებულებას მიმდინარე პოლიტიკური პროცესისადმი ამითაც შევიტყობთ. ისტორიის მსვლელობა კი დღეს ისეა დაჩქარებული, რომ არა მგონია დიდხანს მოგვიწიოს ლოდინმა.