reportiori.ge - რატომ არ იყვნენ იური ვაზაგაშვილის გასვენებაში გუბაზ სანიკიძე, ზვიად ძიძიგური, ბიძინა გუჯაბიძე, მანანა კობახიძე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 10:14
პრეს-დაიჯესტი
რატომ არ იყვნენ იური ვაზაგაშვილის გასვენებაში გუბაზ სანიკიძე, ზვიად ძიძიგური, ბიძინა გუჯაბიძე, მანანა კობახიძე...
ავტორი:
30 იანვარი, 2015. 11:53



25 იანვარს იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის მშობლიური სოფლის, ყარაფილას სასაფლაოზე დაკრძალეს. ამ დღემდე საზოგადოებაში არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა, რომ ვაზაგაშვილის დაკრძალვა საპროტესტო აქციად გადაიქცეოდა, ხალხი კასპიდან თბილისში დაიძვრებოდა და „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე ლიდერთა დასჯის მოთხოვნით, მასშტაბური აქციები დაიწყებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა. „ქრონიკას“ აცნობეს, რომ ეს განზრახვა საზოგადოების იმ აქტიური წევრებისგან მოდიოდა, ვინც იური ვაზაგაშვილთან ერთად, ამავე მოთხოვნით, ანალოგიური პროცესის დაწყებას აპირებდა. ამ საქმეს ცხონებული იური ედგა სათავეში. აქციების გამართვაზე კი ამ ხალხმა ხელი აიღო და ეს უშუალოდ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თხოვნით გააკეთეს. ღარიბაშვილი მათ შეჰპირდა, რომ იური და ზურაბ ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის და სხვათა მკვლელები სასტიკად დასიჯებიან და ამის პირობას მე გაძლევთ, ახლა კი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციების აგორების დრო არ არის და თავი შეიკვეთო. ეს ხალხიც დასთანხმდა პრემიერის წინადადებას. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორთა შორის ეს გარიგება რომ შედგა, ამის შესახებ კიდევ ერთი, უტყუარი მტკიცებულება მაქვს, მაგრამ მისი გამჟღავნებისგან ქვეყნის ინტერესებიდან გამომინარე, თავს შევიკავებ. ვნახოთ, რეალურად დაიწყება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი თუ ესეც ფუჭი დაპირება აღმოჩნდება.

 

იური ვაზაგაშვილის უკანასკნელ პანაშვიდზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მრავალი ხალხი ჩამოვიდა, მათ შორის ისეთებიც, ვინც ამ კაცს საერთოდ არ იცნობდა, მაგრამ მისმა არაადამიანურმა სიკვდილმა სახლში ვერ გააჩერა და ოჯახისთვის სამძიმრის სათქმელად შორი გზა გამოიარეს, ხარჯიც გასწიეს და როგორც მოყვასს შეეფერება, ისე მოიქცნენ. ამ ფონზე უფრო აღმაშფოთებელია, რომ იური ვაზაგაშვილი უკანასკნელ გზაზე არ გააცილეს მისმა ყოფილმა თანამებრძოლებმა. 3 კვირის წინ ჩემთან ინტერვიუში იური ვაზაგაშვილმა გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ ის ხალხი, ვინც მისი და სხვისი შვილების სისხლით ხელისუფლებაში მოვიდა, ახლოს არ იკარებდა. კონკრეტულ გვარებსაც ასახელებდა – მანანა კობახიძეს, გუბაზ სანიკიძეს, ბიძინა გუჯაბიძეს, ზვიად ძიძიგურს... ეს დღევანდელი დეპუტატები იური ვაზაგაშვილის ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, წლების მანძილზე ვაზაგაშვილის საზოგადოებრივ კლუბ „ჯაზუში“ გეგმავდნენ „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ აქციებსა და სხვა საპროტესტო მოქმედებებს. „ჯერ ჩემთან მოდიოდნენ, „ჯაზუში“ ვგეგმავდით ყველაფერს და მერე მიტინგებზე მიდიოდნენ. მპირდებოდნენ, რომ ჩემი ზურას მკვლელებს დასჯიდნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, მაგრამ დღეს ახლოს არ მეკარებიან, რამდენიმე კაცის გარდა, ყველამ მიმივიწყა და ზურასა და უდანაშაულოდ დახოცილი სხვა ბიჭების საქმეები საერთოდ აღარ აინტერესებთ“, – აცხადებდა „ქრონიკასთან“ იური ვაზაგაშვილი. შესაძლოა, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, ის პოლიტიკოსები იყვნენ იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე სამებაში, მაგრამ ყარაფილაში, ოჯახში არც ერთი პანაშვიდზე არ მივიდა და არც უკანასკნელ გზაზე არ გააცილა ცხონებული. იური ვაზაგაშვილის მეზობლები აცხადებენ, რომ გუბაზ სანიკიძემ, ზვიად ძიძიგურმა, ბიძინა გუჯაბიძემ, მანანა კობახიძემ და სხვებმა იმიტომ აარიდეს დაკრძალვაზე მისვლას თავი, რომ იური ვაზაგაშვილის მეუღლის, ოჯახის წევრების საყვედურები არ მოესმინათ და საქვეყნოდ არ გაპამპულავებულიყვნენ. არადა, იურის მეუღლე ტირილში ხშირად ამბობდა, რომ მისი მეუღლე ყველაზე კრიტიკულ მომენტში მიატოვეს იმ მეგობრებმა, რომელთა დახმარებაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა და ეს ხალხი რომ გვერდით დასდგომოდა, იური დღეს ცოცხალი იქნებოდაო. იური ვაზაგაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ პოლიტიკოსთა ერთმა ნაწილმა გამოიყენა იური, როცა ფული არ ჰქონდათ, ყოველდღე იურისთან იყვნენ. იმასაც ამბობენ, რომ ბევრ მათგანს უშურველად აფინანსებდა, რამდენიმე დღევანდელ პარლამენტარს შვილების ძვირადღირებულ სკოლაში სწავლის ფულს უხდიდა, ერთ მანქანაც კი უყიდა, ერთი პარტიის ლიდერს პარტიის ოფისის ქირას 2 წელი უხდიდა, მეორეს კი, არასამთავრობო ორგანზაციის ლიდერს, ვიდრე ფეხზე დადგებოდა, ასევე საკმაო ხანს უხდიდა ოფისისა და ბინის ქირას, აფინანსებდა ქუჩის აქციებს და როცა ამ ხალხმა ფული იშოვა, რცა იური აღარ დასჭირდათ, მერე მიატოვეს და ემალებოდნენ კიდეც. არადა, როცა მათ აფინანსებდა იური, მკვდარსა და ცოცხალს იფიცებდნენ, რომ ხელისუფლეაში მოსვლისთანავე, პირველს, რასაც გააკეთებდნენ, ზურა ვაზაგაშვილისა და მასავით უბრალოდ დახოცილი ბიჭების მკვლელებს დასჯიდნენ.

 

ნუკრი ქანთარიას არ ემდუროდა იური ვაზაგაშვილი, ეგ კაცი არ მემალება, გვერდით მიდგასო. სწორედ ამას ვფიქრობდი, როცა ვაზაგაშვილების ეზოში ნუკრი ქანთარია შევნიშნე.

 

– ბატონო ნუკრი, სად არიან გუბაზ სანიკიძე, მანანა კობახიძე, ზვიად ძიძიგური, ბიძინა გუჯაბიძე და სხვები, რომლებიც მართლაც ზურაბ ვაზაგაშვილისა და სხვა ბიჭების სისხლით მოვიდნენ ხელისუფლებაში?

 

– ვერ გეტყვით, სად არიან. შესაძლოა, სადმე საპარლამენტო დელეგაცია გაემგზავრა და იქ არიან.

 

– ვისაც იური ვაზაგაშვლი ემდუროდა, ყველამ ერთად როგორ მოიყარა თავი იმ დელეგაციაში?

 

– არ ვიცი, ვინ რატომ არ მოვიდა. ის ვიცი, რომ მე აქ უნდა ვიყო და აქ ვარ... იმედი მაქვს, რომ იურის, მისი შვილისა და სხვა მსხვერპლთა მკვლელები სასტიკად დაისჯებიან.

 

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაკრძალვამდე 1 საათით ადრე მოვიდა, იური ვაზაგაშვილის ცხედარი სასაფლაომდე მიაცილა და დაკრძალვის ცერემონიასაც დაესწრო. ასევე მოიქცნენ ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, სოზარ სუბარი, პაატა ზაქარეიშვილი და ჭიკაიძის დრებითი შემცვლელი ვახტანგ გომელაური. ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენამდე ხალხი ლაპარაკობდა, რომ პრემიერი დაკრძალვაზე არ ჩამოვიდოდა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყარაფილაში, იური ვაზაგაშვილის დაკრძალვისას კიდევ ერთი ტერაქტი მოხდებოდა. თუმცა, ღარიბაშვილი ყარაფილაში ჩამოვიდა, 2 საათიც დაჰყო იქ.

 

თემურ შაშიაშვილს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იური ვაზაგაშვილი „ნაცმოძრაობის“ მოკლულია. „ნაციონალები“ მართლა ისე გათავხედდნენ, შეიძლება მალე სახლებშიც შემოგვიცვივდნენ და ვინც მათ მოწინააღმდეგეებად მიაჩნიათ, ყველას ერთიანად გაგვისწორონ ანგარიში. თუ ხელისუფლებამ ხელი არ გამოიღო, ეს მართლა ტერორისტული ორგანიზაცია ყველას დედას გვიტირებს და პატრონი და მომკითხავი არავინ იქნება. „პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ამ საქმეს გამოიძიებდა და მერე წავიდოდა. ასე უნდა მოქცეულიყო ალექსანდრე ჭიკაიძე, ჯერ არ უნდა გადამდგარიყო, საქმე უნდა გაეხსნა და მერე უნდა წასულიყო. ასე უნდა მოიქცეს გიორგი ბადაშვილი, გახსნას იური ვაზაგაშვილის მკვლელობა და დატოვოს პოსტი. ეს არ იყო ბოლო წვეთი ხალხის მოთმინების ფიალაში, ბოლო წვეთი როდის იყო, აღარ მახსოვს და ეს ფიალა დიდი ხანია აივსო, ხელისუფლებამ თუ ვერ ან არ გახსნა ეს საქმე, ძალიან ცუდად შემოუტრიალდება. „ნაციონალები“ სახლებში ვერ შემოგვიცვივდებიან, მაგის არ მეშინია, მაგათ თავხედობას მალე დაესმება წერტილი, მაგათ მოსვამენ თავის ადგილას. ეს არის უნიათო ხელისუფლება, რომელმაც არ გამოიძია ზურა ვაზაგაშვილის საქმე და მის მკვლელებს საშუალება მისცა, მამა შვილის საფლავზე აეფეთქებინათ. ასე ხდება, როცა ქუჩაში პოლიტიკოსებად ჩამოყალიბებული ხალხი მოდის ხელისუფლებაში და არ იციან, რა და როგორ აკეთონ“, – მითხრა თემურ შაშიაშვილმა.

 

ყარაფილაში ეჭვი არავის ეპარება, რომ იური ვაზაგაშვილი მისი შვილის მკვლელებმა ააფეთქეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამ საქმეში ადგილობრივიც არის გარეული, კონკრეტულად ვერავის ასახელებენ, ჯერ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებითაც არავინ დაუკავებიათ, მაგრამ ეს ტერაქტი ისე დეტალურად იყო შესრულებული, გარედან ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა, ვიღაც კასპელი იქნებოდა ჩარეული და გამოჩნდება, ვინ იყოო.

 

იური ვაზაგაშვილის ცხედარს სუდარა ჰქონდა გადაფარებული, თუმცა, სახე უჩანდა. სახეზე „ლიმონკის“ 4 ნამსხვრევი მოხვედრია, 1 ნიკაპზე, 2 სახეზე, ერთი დიდი და ერთი პატარა ნაჭრილობევი ეტყობოდა, მაგრამ სასიკვდილო არც ერთი მათგანი არ უნდა ყოფილიყო. მეოთხე, ყველაზე დიდი ჭრილობა კი მარჯვენა საფეთქელზე ჰქონდა, დაახლოებით 10-სანტიმეტრიანი ნაიარევი, ეტყობა, საფეთქელი გადახსნილი ჰქონდა. შესაძლოა, ეს იყო სასიკვდილო ჭრილობა.

 

იური ვაზაგაშვილი ყარაფილას სასაფლაოზე დაკრძალეს შვილების გვერდით. დიახ, შვილების! 1982 წელს იური ვაზაგაშვილს 1 წლის ვაჟი ზვიადი ავადმყოფობის გამო დაღუპვია და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ მისმა იქ მყოფმა პოლიტიკომა მეგობრებმა, რომელთაც ერთი წლის ბავშვის სურათი დაინახეს თუ არა ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან და როცა დარწმუნდნენ, ის იურის შვილი იყო, ხელები გაშალეს გაოცებისგან და ყველა ერთხმად იძახდა, – ღმერთო, რამდენს უძლებდა ეს ცხონებული, ნამდვილი ქვა და რკინა იყოო.

 

ხალხი იმედოვნებს, რომ იური ვაზაგაშვილი არათუ ბოლო მსხვერპლი იქნება ტერორისტი „ნაციონალებისა“, მისი სიკვდილი დასაბამი გახდება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისა.

 

ლევან ჯავახიშვილი

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016